Where are you mother fucking inspiration???
ყველა ბლოგს ჰყავს მკითხველი. ყველა მკითხველს – ფავორიტი ბლოგერი. მე, როგორც მკითხველს, 3 ფავორიტი ბლოგი მაქვს. მათ შორისაა Spieler-ის ბლოგი Carpe Diem, Baby… , ბლოგის ავტორი ცოტა ზარმაცია. იქნებ კარგიცაა, ახალი პოსტის გამოჩენა ბავშვივით მიხარია ხოლმე. დღეს კოტე, იგივე შპილერი ჩემი სტუმარია. მისი ბლოგის მკითხველისთვის უკვე ცნობილი ისტორიის მორიგი სერიით.
მაშ, ასე
Where are you mother fucking inspiration???
ის კი არ ჩანდა, რაც უნდა გასაკვირი იყოს. არც უცნაური ხმები ჩემს ზურგს უკნიდან, არც ყურში ჩაჩურჩულებები, არც თავისით აკრეფილი ასოები გახსნილი ვორდის დოკუმენტში… მოკლედ არანაირი წინანდელი მისტიკა. მხოლოდ მე და ჩემს მონიტორზე ურცხვად წამოშხლართული თეთრი ფურცელი, რომელსაც ბოლო ნახევარი საათია თვალს არ ვაშორებ შთაგონების მოლოდინში (ლიოლ). (ძველი ხუმრობა მახსენდება: „ვარჩენ ბუასილს დაჟინებული მზერით“.)
არადა, გესტპოსტი მაქვს დასაწერი ზურასთვის.
„მგონი შიზოფრენიისგან განვიკურნე“… – ვფიქრობ და არ ვიცი, უნდა გამიხარდეს თუ მეწყინოს. ეჰ, რა კარგი იყო „ბელაია გარიაჩკასთან“ მიახლოებული მდგომარეობა. ხელზე მიჩვეული ძაღლივით აკიდებული მუზა. სადაც გინდა, როცა გინდა და რა ფორმითაც გინდა (და მაინც, ეს ის არ არის, რაც თქვენ, გგონიათ, ძვირფასო საზოგადოებავ). მოხეთქილი ფრაზები, რომლებიც პირდაპირ გთხოვენ, გახსნა რომელიმე ტექსტური რედაქტორი და აკრიფო. ისინიც ისვენებენ და შენც ამ დროს. მანამდე გიტრიალებენ სანამ არ ამოანთხევ.
„სად ხარ, ე?“ – თვალს ვავლებ ბნელ ოთახს იმ იმედით, რომ ვინმე პასუხს გამცემს. ამაოდ…
სიჩუმეა ისევ… მეზობლის ჩამტვრეულ ფანჯრებზე აფარებული პარკებიც კი არ შრიალებენ, მიუხედავად ძლიერი ქარისა. ჩემი კომპიუტერის ქულერი, რომელსაც შეუძლია დღე და ღამე გაუჩერებლად და დაუღალავათ იღმუვლოს, გერასიმესავით სდუმს.
სიგარეტს ვუკიდებ და ღრმა ნაფაზს ვურტყამ… (მომიტევეთ ყველამ, ვისაც ახალი დანებებული გაქვთ მოწევაზე თავი და ამ ფრაზის წაკითხვისას ენის ირგვლივ მომდგარ ნერწყვთან ბრძოლა გიწევთ). ასე მგონია ვენებში მიდის კვამლი, ისე მევსება სხეული სასიამოვნო ჟრუანტელით.
- ფილტვების კიბო!
- ვერ მოითმინე, ხო? – მეცინება
- ვერა. – ხითხითებს. - ცდუნებას ვერ გავუძელი. ისე გემრიელად ეწევი, ლამის დავსველდე…
- დამალობანას თამაშს გირჩევნია, წერაში მომეხმარო.
- გადაგყვები თან… – ცხვირს იბზუებს და საქმიანი სახით ათვალიერებს ჩემს ოთახში ახალგაკრულ რუკებს. – რად გინდა ესენი? მოგზაურობას აპირებ?
- ვირტუალურად… – მივუგდე და ისევ გახსნილ ვორდის დოკუმენტს მივუბრუნდი.
რამდენიმე აბზაცი ავკრიფე… გადავიკითხე… Ctrl+A -> Ctrl+X… რაღაც დაწყება მიჭირს.
კლავიატურა გავწიე… ეტყობა ზედმეტად მჟავე სახე მაქვს.
- კაი, ხო… დაგეხმარები. ნუ ჩამოუშვი ცხვირ-პირი. გიკარნახო? – მომხედა როგორც იქნა.
- მიკარნახო რა, „დიქტანტს“ ვწერ?
- რომ იცოდე, ჩემი ნაკარნახევის ჩაწერას დიდი ნიჭი სჭირდება, - „საკუთარი უხეირო ფრაზების არ ჩამატების ნიჭი“. – მგონი, დამცინის. – ისე კოპირაითი არ მეკუთვნის შენს ნაწერებზე?
- შემოსავლის ოცი პროცენტი გაწყობს?
- არა. – მკაცრ ტონს ურევს ხმაში. – ოცი რა მათხოვარი ვარ თუ შენი მენეჯერი?
- მათხოვარი.
- მე მათხოვარი ვარ და შენ უფლისწული? – თითქმის ხარხარებს…
- არა, მეც მათხოვარი ვარ…
ძველი სიგარეტი ისე ჩაიწვა, ნახევარიც ვერ მოვწიე. ახალს ვიწყებ…
- ნუ მაბოლებ, შენ გახარებას.
- მომიტევეთ, მემ.
- მუსიკა ჩართე და მოგეტევება. – ხელის მსუბუქი მოძრაობით ჯვარი გადამსახა.
- რას ინებებთ?
- შენს გემოვნებას ვენდობი… ერთადერთი მუსიკაში.
- ჰმ… მხოლოდ?
- ერთმნიშვნელოვნად.
- ქალები?
- რა ბანალურობაა, ღმერთო ჩემო?! შენ ის არ ხარ, ახლახანს ცოლს რომ გაეყარე?
- გახლავართ… – თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ. ახლა იმ ბავშვს ვგავარ, ორს პლიუს ორზე რომ იძახის ხუთიაო. თითებზე დაანგარიშების შემდეგ კი დარცხვენილი უყურებს მაღლა აწეულ ნეკს.
არაფერს ამბობს, ეტყობა, ჩათვალა, რომ აღარ ღირს ამაზე ხუმრობა. ეს თემა დიდი ხანია გავცვითეთ. მეც ხმისაუმოუღებლად ვრთავ წინასწარ მომზადებულ ფლეილისთს, რომელსაც შემთხვევით არ ჰქვია „მუზა“.
- კარგია…
- მუსიკა?
- არა ჩაი, რომელსაც ალბათ ახლა დაასხამ. აშკარაა, ძალიან გჭირდება ხილის მსუბუქი არომატით ცოტა შებრუება.
- „ჩემს გულში იჯექი-თქო“, რომ გითხრა, უაზრობაა იქნება ხო?
- კი და ზედმეტად რომანტიული ჩვენი წარმოსახვითი ურთიერთობისთვის.
- გეთანხმები.
ცხელი წყალი და დაყენებული ვაშლის ჩაი სულ მზად მაქვს, 5 წუთში უკვე ჩემს ოთახს სითბო და უნაზესი სურნელი ავსებს.
- მადლობა, ეფენდი. – სუფთა თურქული კილოთი მეუბნება და თლილ შუშის ჭიქას მართმევს.
- You’re Welcome.
- არა, ცდები, ეს არ არის ინგლისური „ჩაიპიწიე“. ეს აზიაა, ეს ის პატარა თურქული საჩაიეა, შენ რომ გიყვარდა სიარული. არ გახსოვს?
- ფეხი აიღეთ ჩემი მაზოლებიდან, გეთაყვა. – მოგონებები ამიშალა მისმა ბოლო სიტყვებმა.
- ჰმ… ის გოგო ალბათ მეც შემიყვარდებოდა. მაშინ, რვა წლის წინ… პირველად ვინანე, რომ ლესბი არ ვარ. – ეშმაკურად იცინის და თითქოს არც გაუგია ჩემი თხოვნა, აგრძელებს: – წინ გეჯდა, გიყვებოდა თავის ბავშვობის ისტორიას. უყურებდი და გრძნობდი, როგორ გითბებოდა სული, როგორ გევსებოდა თვალები ცრემლით (შენ ხომ ყოველთვის გევსება თვალები ცრემლით, როცა საყვარელ ადამიანს უყურებ). ისიც ვიცი, რატომ ვერ ელევი დღემდე ვაშლის ჩაის. მას გახსენებს და იმიტომ, მაშ! – დაამთავრა მონოლოგი და ცხელი სითხე მოსვა.
- მორჩით წარმოდგენას „ერთი მსახიობის თეატრო“?
- თითქმის. ფინალი არ გაინტერესებს? –
„ძირს გაბნეული ვერცხლი,
აცრემლებული ქალი…
გაბრაზებული ცეცხლის
ლექსებს ედებათ ალი…“
- გეყო…
- მოკლედ, გაგყიდეს თხასავით. – იცინის.
მიხვდა, რომ ცოტა გადააჭარბა. გამიღიმა, გვერდით მომიჯდა და ყურში ჩამჩურჩულა:
- но все же… прорвемся.
- „куда там прориваться?!“ – ვციტირებ გომელაურს.
- Дальше…
არ ვეკამათები, ისეთი ჯიუტია, ვირს შეშურდება მისი. ახალი ღერი… ჩაი მოვსვი, იმ კონდიციაშია, მე რომ მიყვარს, თითქმის თბილი. ცხელს ვერ ვსვამ. ვგრძნობ, როგორ მართმევს თავს მოგონებები, თავიდან სასიამოვნო, მერე თანდათან მძიმე… თვალებს ვხუჭავ… თითქოს ჩილიმის ტუჩს ვგრძნობ… და არამარტო ჩილიმის.
- აბა, რას ვწერთ, რაღაც ხასიათზე მოვედი. – მაფხიზლებს მისი ხმა.
- ჰა? – ვცდილობ გამოვერკვე.
- რას ვწერთ-მეთქი?
- აჰ, გესტპოსტს ზურას ბლოგისთვის.
- ზურა.. ზურა… – იხსენებს – ექიმი, მეწარმე, ლიდერი? – თავს ვუქნევ. – საინტერესო იქნება. ცენზურა გვეხება?
- თუ ძალიან არ გავუტევთ არა. მთლად ენას ნუ ავიმყრალებთ, მაინც სხვის ოთახში გინება არ შეიძლება. თუ მაინცდამაინც დაბალ ხმაზე. ზურა კორექტულად წერს, ჩვენგან განსხვავებით.
- გასაგებია. ისა… თავს აქაც იკლავ?
- არა, უკვე წინა პოსტში მოვიკალი. – ხელები გავშალე გაფრენის ნიშნად.
- ერთი შენ არ გვჭამდე ამ სუიციდური განწყობით რა…
- სიტუაციამ მოითხოვა.
- ბულში… – არ დაასრულა - მოგვიტევე, ზურა! – ოთახში გაიარ-გამოიარა. – „დღე პირველი“? დროა, მგონი, დავამთავროთ დაწყებული საქმე, ბოლოჯერ გავისეირნოთ რიო ჰერმოსოში. (საუბარია სამნაწილიანი ციკლის ბოლო, დამასრულებელ თავზე).
- Oh, Yes. – ხელებს ვიფშვნეტ და კლავიატურას „საჩეხად“ ვამზადებ.
- მაშინ დავიწყოთ… – თვალები დახუჭა და ცოტა ხნის ფიქრის მერე კარნახს შეუდგა:
„იყო და არა იყო რა…“
——————————————–
და ბოლოს…
ის ტირის…
- მე დავეშვები მიწაზე, გპირდები – ვიღიმები. სიგარეტს ვუკიდებ, ავდივარ აივნის შუაგულში მდგარ ხის სკამზე და მეცხრე სართულიდან ხელებგაშლილი ვეშვები რძისფერ, უნაზეს ნისლის ტალღებში.
„Farewell, My lovely Soulless Invisible Bitch!“ – აუცილებლად ამოვძახებ “ფსკერზე დაშვებამდე“.
ის კი ალბათ თვალცრემლიანი გახედავს ბურუსში გახვეულ, მასავით უხილავ ქალაქს, უხილავი ჯიბიდან უხილავ ბლოკნოტს ამოიღებს და შიგნით უხილავი კალმით ერთ უხილავ „+“-ს ჩაწერს.
ნახვების რაოდენობა :247ბებია, თამბაქო, პირის ღრუ და დაკარგული 50 ლარი
თამბაქო რომ მავნებელია და ყველაფერს ანადგურებს, ახალი ამბავი არაა. 1950 წლიდან დღემდე 62 მილიონზე მეტი მწეველი დაიღუპა.
ალბათ ბევრს გინახავთ ამოშავებული ფილტვების შემზარავი ფოტოებიც, მაგრამ ყველაფერი მაშინ რთულდება, თუ წნევიანი ბებია გყავს, რომელსაც სიგარეტი სასიკვდილო იარაღად მიაჩნია.
ხოდა ასე, თელავში ვარ, ბებიასთან და, რა თქმა უნდა, ‘ცხოვრებაში სიგარეტს არ გავკარებივარ’
დილით ოთახში შემომივარდა, 50 ლარიანით, შენ შეგიგროვეო. ჯიბეში ჩაგიდებ, უარობა არ დაიწყოო. კი მეძინა, მაგრამ უცებ გავიაზრე, ამას რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა – ჯიბეში სიგარეტი, შესაბამისად წნევა, სასწრაფოები, დედაჩემის ისტერიკა და ამბავი.
მეთქი, ბებო, დამკარგავ! წამოვხტი და ისე ვიუარე, ქალი გაოგნდა, ასე დაჟინებით უარი არაფერზე მითქვამს : )) ბევრი რომ არ გავაგრძელო, ორლარიანმა ლაქი სთრაიქმა 50 ლარი დამაკარგვინა.
მაგრამ არაუშავს, უნდა გავუძლო : ))
ახლა ვზივარ და ვიხსენებ ყველა იმ “პრივილეგიას’, რაც სიგარეტს გააჩნია.
აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ თითქმის არ ვურთიერთობ არამწეველებთან და ნათესავებთან. ვერ ვიტან, მორალს რომ მიკითხავენ ან მის უარყოფით მხარეებზე რომ მესაუბრებიან, მეც მშვენივრად ვიცი ყველაფერი.
ისიც ვიცი, რა კოშმარია, მითინგზე, კონფერენციაზე რომ ხარ რამდენიმე საათი და სიგარეტის მეტზე არაფერზე ფიქრობ.
არც ის დამავიწყდება, სტამბულის აეროპორტში როგორ გამაფსიხეს, როცა მწეველების კაფე გააუქმეს.
ახლა ერთ კარგ კბილის პასტას ვტესტავ. R.O.C.S. COFFEE AND TOBACCO , სპეციალურად მწეველებისთვის.
სანამ კბილის პასტაზე დავიწყებდე, ჯერ ის გავიხსენოთ, თამბაქო რა გავლენას ახდენს უშუალოდ პირის ღრუზე.
თამბაქოს კვამლი მოქმედებს არამხოლოდ ფილტვებზე, არამდედ, პირველ რიგში, პირის ღრუზე. ხშირად, ეს საკითხი მეორეხარიხსოვანია, რაც ყურადღების მოდუნების და რიგი დაავადებების გართულების მიზეზი ხდება.
ვრცლად»
პლანეტა X, შუმერები, მაიას კალენდარი და 2012 – მითები, ლეგენდები და სინამდვილე (?)
პლანეტა ნიბირუ და 2012 წლის ყბადაღებული აღსასრული. ალბათ არ დარჩენილა გამოცემა, ამაზე რომ არ ესაუბრა, ადამიანი – რომ არ ეფიქრა.
მე ცოტა ნელა ვმოძრაობ. “ეს სისულელე” გონებისგასატოკებლად არ ჩამითვლია, მაგრამ გუშინ იმდენ საინტერესო ინფორმაციას წავაწყდი, ცოტა დამაფიქრა. მინდა, თქვენც გაგიზიაროთ.
ამ პოსტიდან გაიგებთ, ნიბირუ თუ მოვა, რატომ არაფერი გვემუქრება :D
1840 წელს ნეპტუნის აღმოჩენა ურანის მოძრაობის ტრაექტორიის ანომალიიდან გამომდინარე დადგინდა. პლუტონი იყო აღმოჩენილი ნეპტუნის მოძრაოობის ტრაექტორიის ანომალიით 1930 წელს. ამავე პრინციპით, 1978 წელს, ასტონომებმა Tobert Harington-მა და Tom Van Flandern-მა ივარაუდეს, რომ ამ სამი პლანეტის ორბიტებზე მოქმედებს კიდევ ერთი პლანეტა, რომელიც ცნობილი არ არის. 1982 წელს ნასამ დაუშვა ამ პლანეტის არსებობის შესაძლებლობა. 1983 წელს გაუშვეს IRAS- ინფრაწითელი ასტრონომოული თანამგზავრი, რომელმაც კოსმოსში დიდი უცნობი ობიექტი დააფიქსირა. მეცნიერებმა მათემატიკური მოდელებით ივარაუდეს, რომ პლანეტა X 3-4 -ჯერ უფრო დიდი უნდა იყოს დედამიწაზე.

შუმერები
შუმერები შუამდინარეთში, ქვედა მესოპოტამიაში, თანამედროვე ერაყის სამხრეთ ნაწილში ცხოვრობდნენ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე IV ათასწლეულის ბოლოს და III –ს დასაწყიში. მათი ლეგენდები გვეუბნება, რომ ისინი ზღვის მეორე მხრიდან მოდიოდნენ. შუმერების ენას კავშირი არ აქვს ენების სხვა ოჯახებთან. მათი არსებობის საკითხი ჰიპოთეზა იყო 1877 წლამდე, მაშინ ბაღდათში საფრანგეთის საკონსულოს თანამშრომელმა პატარა სკულპტურა აღმოაჩინა, რომელიც უცნობ სტილში იყო შესრულებული. არქეოლოგებმა მუშაობა დაიწყეს და უამრავი, იმ პერიოდისთვის უძველესი, ასირიის და ბაბილონის კულტურამდელი ნივთები აღმოაჩინეს.
ასევე იპოვეს შუმერული ‘ბეჭდები ‘- ქვის ცილინდრები, ზედაპირზე სარკისებური გამოსახულებებით. მათზე ასახული იყო სცენა, ეკიპაჟი როგორ რთავს აპარატს და მიჰყავს ხომალდი მთების ზემოთ. ასახულია ფრენის ტრაექტორია X პლანეტიდან დედამიწამდე, რომელიც გადის იუპიტერსა და მარს შორის. აქვეა ინფორმაციაც, როგორ უნდა მოახდინო ორიენტირება დედამიწისკენ ფრენის დროს ვარსკვლავების მიხედვით.
100 წლის განმავლობაში პლანეტა მარდუკი დედამიწასთან ახლოს იყო და მიმოსვლაც ხშირად ხდებოდა. გილგამეშის ეპოსში ნახსენებია ქალაქი ბალბეკი, თანამედროვე ლიბანის ტერიტორიაზე მდებარეობს. უძველესი ქალაქის ნანგრევები დღემდეა შემორჩენილი. ქალაქი ნაშნებია უზარმაზარი ლოდებით, რომელიც კარგადაა დამუშავებული და ამ შენობების დანიშნულება უცნობია. ლეგენდის მიხედით კი ანუნაკები სწორედ აქ ცხოვრობდნენ.

ანუნაკი
(შუმერულად – “ის, ვინც დედამიწაზე ციდან მოვიდა”)
ეს ვერსია მშვენიერ ზღაპარს ჰგავს. თეორია მოგვითხრობს მაღალგანვითარებულ არსებებზე (უცხოპლანეტელებზე), რომლებიც დედამიწაზე სხვა პლანეტიდან მოვიდნენ და დიდი ცოდნა გადასცეს შუმერებს და მაიას ტომებს. ამ ცოდნის პროდუქტად მოიაზრება პირამიდები, ნასკას ხაზები(როგორც კოსმიური ხომალდების დაფრენის ორიენტირი) და ა.შ.
ისინი დედამიწაზე ყოველ 3657 წელში ერთხელ მეთორმეტე პლანეტიდან ჩამოდიოდნენ, რომელიც ამ დროისთვის დედამიწას უახლოვდებოდა. ამ პლანეტას შუმერებმა ნიბირუ უწოდეს.
ამბობენ, რომ ისინი სასარგებლო წიაღისეულს, კონკრეტულად კი ოქროს საძიებლად იყვნენ დედამიწაზე. ნიბირუ თითქმის ჩამქრალი ვარსკვლავია, სადაც სითბო და სინათლე ძალიან მცირე რაოდენობითაა. ოქრო მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ფოტოზე ნიბირუელების თავის ქალაა წარმოდგენილი.

ცნობილმა ამერიკელმა მკვლევარმა, შუმეროლოგმა Zecharia Sitchin-მა გაშიფრა შუმერების ერთ-ერთი ფილა, სადაც გამოსახული იყო ოპერაცია. მისი აზრით, იქ აღწერილია გენური მოდიფიკაციის ის შემთხვევა, რომელმაც დედამიწის მოსახლეობის განვითარებაზე შემდგომში დიდი გავლენა მოახდინა. ნიბირუელებმა ადამიანთა გენები “გააკეთილშობილეს”, მას შრომისუნარიანობა შესძინეს, სიცოცხლის ხანგრძლივობა კი შეუმცირეს. ეს, რა თქმა უნდა, საკამათო თემაა, მაგრამ იგივეს გვიამბობს მაიას ტომების ჩანაწერებიც, კიდევ ერთი უძველესი ცივილიზაცია.
მექსიკის ტერიტორიაზე მდებარე ქალაქი პალენქე. ქალაქის მშვენებაა უძველესი სასახლე და ტაძარი. მექსიკელმა არქეოლოგმა დოქტორ ალბერტო რუს ლულიერმა, 1952 წელს ტაძარში საიდუმლო ჩასასვლელი აღმოაჩინა, რომელმაც მეცნიერი ბარელიეფებით შემკულ ოთახამდე მიიყვანა სადაც მესოამერიკულ ტერიტორიაზე ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოების უდიდესი სენსაცია დაფიქსირდა. ოთახში, სავარაუდოდ, მოთავსებული იყო კინიჩ კან ბალამის მამის პაკალის 20 ტონიანი სარკოფაგი. სენსაციური კი ის 5 ტონა სიმძიმის ქვა იყო,
რომელიც საკროფაგს ეფარა. დააკვირდით სურათს:
ფოტოზე ბევრი ხედავს დაახლოებით იგივე სიუჟეტს – საფრენ აპარატს, რომელსაც ვიღაც მართავს, თუნდაც პალენქე. ოფიციალური დასკვნა კი გაცილებით არაფრისმთქმელია.
ჰააბის ანუ „მიწიერი კალენდრის“ ციკლი შედგენს 52 X 365 ანუ 18 980 დღეს, ხოლო ცოლკინიც ანუ „ღმერთების კალენდარი“ ასევე 18 980 დღეს მოიცავს – 73 X 260. აქედან გამომდინარე ღმერთების 73 წელი იგივეა რაც მაიას 52 წელი.
ქიმიკოს-მეტალურგი, დოქტორი კისლინგი, დრეზდენის კოდექსის შესწავლის შემდეგ, მეტად საინტერესო დასკვნამდე მივიდა. როგორც მაიას ცივილიზაციის ჩანაწერები გვამცნობენ, ყოველ 52 წელიწადში ათჯერ, ცაში ღმერთები ჩანდნენ და ყოველი ციკლის გასვლის შემდეგ ინდიელები მათ გამოჩენას ელოდებოდნენ. თუ ღმერთები ყოველ 52 წელიწადში ათჯერ ჩნდებოდნენ, მათი დანახვა, სავარაუდოდ ყოველ 5,2 წელიწადში ერთხელ შეიძლებოდა. კისლინგი დაინტერესდა ამ ფაქტით და ივარაუდა, რომ ინდიელები კომეტის ან რაიმე სხვა ციური სხეულის გამოჩენას ელოდნენ და სხვადასხვა პლანეტების მოძრაობის მარშრუტის შესწავლისას შემდეგ დასკვნამდე მივიდა, რომ: მერკური მზის გარშემო ბრუნვას 88 დღე (ანუ 0,24 დედამიწაზე გასული წელიწადი) უნდება, ვენერა – 225 დღე (0,62 წელიწადი), დედამიწა 365 დღე (1 წელიწადი), მარსი 687 დღე (1,88 წელიწადი) ხოლო იუპიტერი 4329 დღე (11,86 წელიწადი). გაიხსენეთ ასტეროიდების სარტყელი და ის დიდი მანძილი, რომელიც იუპიტერსა და მარსს შორის მდებარეობს. ერთ დროს ეს ასტეროიდები პლანეტის ნაწილი იყო, რომელიც აფეთქების შედეგად განადგურდა და მცირე ნაწილებად დაიშალა. გამოთვლის შედეგად დადგინდა, რომ პლანეტა X, რომელიც ერთ დროს ასტეროიდების სარტყლის ადგილას მდებარეობდა, მზის გარშემო შემობრუნებას 1898 დღე, ანუ 5,2 წელიწადი მოანდომებდა.
სავარაუდოდ, სწორედ პლანეტა X იყო „ღმერთების“ პლანეტა, საიდანაც ერთ დროს დედამიწას ესტუმრნენ. მაიას კულტურაში
შემთხვევითობას ადგილი არასოდეს ჰქონია და ნაკლებად სავარაუდოა, რომ 52წლიანი ციკლი უბრალო დამთხვევის შედეგია.
გადმოთვლის შედეგად დადგინდა – მაიას კალენდარი წყდება 2012 წლის 22 დეკემბერს და მოსალოდნელია დიდი ცვლილება. მოსახლეობის ერთი ნაწილი ბუნებრივ კატასტროფას, ხოლო მეორე ნაწილი კი დედამიწაზე დაბადებულ ახალ რასას ელის. ასევე ვხვდებით ცნობებს მეორედ მოსვლის, სამყაროს განადგურების
შესახებ ანდაც მაიას ღმერთების დაბრუნების შესახებ. შესაძლოა ღმერთები ნამდვილად შეჰპირდნენ ინდიელებს დედამიწაზე დაბრუნებას, მაგრამ როდის?
საიდან ვიცით ის, რომ კალენდარი ნამდვილად 2012 წელს წყდება?
მაიას კულტურის შემსწავლელი მეცნიერება, პირობითად ტომფსონის თარიღზე ანუ ჩვ. წ. აღ. – მდე 3114 წლის 11 აგვისტოზე შეთანხმდა და ნულოვან პუნქტად აღიარა.
მაიას კალენდრის მიხედვით ეს პერიოდი სწორედ 2012 წლის 22 დეკემბერს უტოლდება. ანუ წყდება.
რა თქმა უნდა, შეიძლება ნულოვანი პუნქტის შესახებ დავის გაგრძელება და მტკიცება, რომ საწყისი თარიღი არასწორია, რომ არა ერთი მეტად მნიშვნელოვანი ფაქტი – როგორც გეოგრაფიის გაკვეთილიდან ვიცით, დედამიწა არ არის იდეალურად სიმრგვალის სხეული. ოდნავ დაბრტყელებული ფორმის გამო, როგორც ყველა მსგავსი სხეული, ჩვენი პლანეტაც არ ტრიალებს თანაბრად. წარმოიდგინეთ ღერძი, რომელიც ზუსტად პულუსებს შორის შეიძლება გაივლოს და რომელიც პოლარული ვარსკვლავისკენ იქნაბა მიმართული. ყოველი შემოტრიალების შემდეგ, ღერძი საწყის წერტილს თანდათან მოშორდება და მხოლოდ 25 800 წლის შემდეგ დაუბრუნდება იმავე ადგილს. ანუ ყოველ 25 800 წელიწადში ერთხელ, დედამიწა საწყის წერტილს უბრუნდება და გარკვეულ ახალ ფაზას იწყებს – ამ მოვლენას ეწოდება ასტრონომიული პრეცეზია. ის კი ზუსტად 2012 წლის 22 დეკემბერს იქნება! ამ დღეს დედამიწა
სრულიად ახალ ფაზაში შედის. შეიძლება ეს ყველაფერი მაიას ტომს სცოდნოდა?
იქნებ შეიძლებოდა. იქნებ არა. თუ ცდებიან, ხომ კარგი, თუ არა და..
მოვიდეს ნიბირუ. რამდენიმე ათასი წლის წინ თუ განვითარების ასეთ დონეზე იყვნენ, არც ახლა დაუშვებენ, რამე დაგვიშავდეს, ასე მქონია
ოქრო ხომ უნდათ? ჰოდა გვაქვს, თუ ავფეთქდებით, ამით არც მათ ეშველებათ
ნახვების რაოდენობა :444
ბაუნტი, ხაჭაპური და ყავა
დღეს ვამბობდი, დავკომპლექსდი და ჩემ შესახებ აღარაფერს ვწერ-მეთქი.
და აი, დავძლიე შფოთვები და დღევანდელი ემოციების შესახებ მინდა ჩამოვარაკრაკო.
ბათუმში ვარ, ქალაქში, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს (პარიზის მიმართ ჩემს ვერბალურ ლტოვლავს თუ არ ჩავთვლით). რატომ მიყვარს, ვერ გეტყვით, ალბათ იმიტომ, რომ უამრავი ტკბილი მოგონება მაკავშირებს.
მაგრამ..
დღეს დილიდან ჩემს მეგობრებთან ერთად სარფში წავედი. არასდროს, არასდროს მიგრძვნია თავი ასე ბედნიერად. თავი ბაუნტის რეკლამაში მეგონა. თქვენ წარმოიდგინეთ და მთელი დღე ზღვაში ვიყავი, მაშინ, როცა მაქსიმუმ 1 საათში უკვე ისტერიკა მეწყება. ისევ ვისკუპე კლდიდან, პოტენციური უშვილო გავხდი, დავიწვი, საშინლად უგემური ხაჭაპურიც დავაგემოვნე. ამ დროს ქოლგეითიდანაც დამირეკეს. შემატყობინეს, რომ 12 სექტემბრიდან სტომატოლოგიის დღეები იწყება. მე ისევ მთავარი სტომატოლოგი ვიქნები, მოძრავ კაბინეტში ვუმასპინძლებ თბილისის მოსახლეობას, უფასო კონსულტაციას გავუწევ და დავასაჩუქრებ. ეს ჩემი ოცნების სამსახურია. ეს ამბავი ლუდის გამყიდველიდან დაწყებული, შავი თევზით და პატარა მედუზათი დამთავრებული, ყველას მოვუყევი.
ცოტას გადავუხვევ და ერთ საიდუმლოს გაგანდობთ. ამ ცოტა ხნის წინ რაღაც აპლიკაციას ვავსებდი. სასურველი სამსახურის დახასიათებას ითხოვდნენ. ვიფიქრე, ჯანდაცვის მინისტრობა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრეზიდენტობა თუ რომელი სამომავლო გეგმა ჩავწერო-მეთქი. მერე გულახდილობა მეტაკა და დიდი შემართებით აღვწერე პატარა მაღაზია, სადაც მხოლოდ პირის ღღუს ჰიგიენური მოვლის საშუელებები იყიდება, მე კი ერთდაერთი კონსულტანტი ვარ. ეს მაღაზია რატომღაც პეკინის და ბულაჩაურის კუთხეში, ისი-პარის თუ რაღაც მსგავსი რომაა, მანდ წარმომიდგენია. გეგმები იქით იყოს და ისევ ბათუმს დავუბრუნდეთ.
საღამოს ნანას მესიჯი მომივიდა, ყველასთვის საყვარელი ბათუმელი ჟურნალისტის. ნახევარ საათში მე, ნანა, დათო და ნესტანი ბათუმის კინოთეატრის მახლობლად ერთ ძალიან საყვარელ კაფეში ვისხედით. ეს საღამო ალბათ არასდროს დამავიწყდება. ძალიან მიყვარს საინტერესო ადამიანებთან საუბარი.
ყურებამდე გაღრეჯილი და ნასიამოვნები ისევ ჩემს მეგობრებს შევუერთდი და მხიარულება მათთან გავაგრძელე.
არ ვიცი ამდენი დადებითი მოვლენის შემდეგ რა ხდება ხოლმე.. მე ჩემეული ბალანსის თეორია მაქვს. სავარაუდოდ შინაური ტარაკნებიდან რომელიმე, გასიებული და მწვანე დეგენერატი ღამე პირში ჩამიძვრება, თუმცა ეს უკვე სხვა დღე იქნება, სხვა ამბებით.

სიკვდილი, როგორც ცალმხრივი გადასვლა. ნაწილი II – როცა სიკვდილი მოკლეს..
პირველი ნაწილი
მარადიული სიცოცხლე – დაბადებამდე და სიკვდილის მიღმა . . .
“მარადიული სიცოცხლე” მოიაზრება, როგორც:
- “დაბადება-სიკვდილის” უსასრულო მონაცვლეობა (თესლი, ღვივი, ხე და ა. შ.);
- “სიკვდილ-სიცოცხლის” მონაცვლეობის ციკლიდან გამოსვლა და “მარადიულ აწმყოში” გადასვლა (დაბადება-სიცოცხლე-სიკვდილი-სასუფეველი).
ეს ორი პოზიცია, ერთი შეხედვით, ურთიერთგამომრიცხავი ფენომენია. პირველი, ერთი და იმავე დასასრულის მქონე მოვლენების (სიკვდილი-სიცოცხლე) უცვლელი მონაცვლეობაა, მაშინ, როცა მეორე ამ ციკლურობიდან გამოსვლაა. თითქოს არაფერია მათ შორის საერთო… უფრო მეტიც, ისინი ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან, მაგრამ სინამდვილეში ეს ორი ფენომენი ერთი მედლის ორი მხარეა და ამ მედალს მარადისობა ჰქვია. ორივე პროცესი მარადიულია. ორივე მარადისობას ნიშნავს. ორივე მარადიული სიცოცხლის ვარიანტებია.
ამრიგად, ჩვენს წინაშეა დაბადების იდეის ორი ვარიანტი:
1) “დაბადება” მიწიერი გაგებით, რომელიც სიცოხლის (სახეობა, მოდგმა და ა.შ.) გაგრძელებას ემახურება და
2) “დაბადება” სულიერი გაგებით, რომელიც განახლებას, გარდასახვას, ყოფიერების ახალ საფეხურზე გადასვლას გულისხმობს. ეს უკანასკნელი იმდენად უცხო და ჩვენი გონებისთვის მიუწვდომელი ფენომენია, რომ ჩვენ წარმოდგენაც კი გვიჭირს იმის, თუ რა მოყვება ამ გარდასახვას. . . ანუ რა ხდება სიკვდილის შემდეგ.
სიკვდილი და სული . . .
ეტრუსკები თვლიდნენ, რომ ადამიანს აქვს სამი სული ანუ სული არის “სამწილოვანი”: 
“პირველი სულის” ადგილსამყოფელია ღვიძლი. . . და ემოციებსა და გრძნობებს განაგებს.
“პირველი სული” სიკვდილის შემდეგ მიწისქვეშეთში იღუპება ანუ ერწყმის შემქმნელ პირველმატერიას—”ეწირება ღმერთებს”. . .
“მეორე სული” მოთავსებულია თავის ტვინში . . .
“მეორე სული” პიროვნულ სულად მოიაზრება. იგი ადამიანის ინტელექტუალურ-ფსიქოლოგიური და ფიზიკური (პორტრეტული) მსგავსების მატარებელია და ეტრუსკთა სამარხებში მიცვალებულთა ურნებზე გამოისახებოდა.
“მესამე სული” გულში და აორტაში “ცხოვრობს”. . .
“მესამე სული” არის ზეპიროვნული სული ანუ მოდგმისეული სული და მთელ მოდგმასა და კოსმოსთან არის დაკავშირებული. ეს უკვდავი სულია. იგი ფსიქოპომპს ანუ სულის გადამყვანს – დემონ ლაზა მლაკუჩს ჯვრით ხელში “სასუფეველში” გადაჰყავდა.
სიკვდილის, როგორც კულტურული ფენომენის გააზრების შედეგად, მეტად საინტერესო დასკვნამდე მივდივართ:
- რაც უფრო მაღალი სულიერი კულტურის მატარებელია საზოგადოება, მით უფრო ”ლამაზი”, “მშვიდი”, “საინტერესო” და “დიდებული” სახე აქვს სიკვდილს. მაგალითად, ძველ ქართულ, წარმართულ ტრადიციაში სიკვდილი ოქროსთმიანი, ულამაზესი ყმაწვილის სახით არის წარმოდგენილი.
ამბობენ, ერთხელ ნადიმზე სიკვდილის სადღეგრძელო შესვეს და სთხოვეს: ერთხელ ისე გვეწვიე სიკვდილო, რომ დაგველაპარაკო, ღვინო შევსვათ თავი ისე მოგაწონოთ, რომ კაცის მოკვდინება გადაიფიქროო
. . . მოსაღამოვდა, მთვარის შუქმა არემარე გადაათეთრა . . . უცებ, თითქოს არსაიდან, ბილიკზე უცნობი გამოჩნდა, ნელ-ნელა მოუახლოვდა კოცონს . . .და ულამაზესმა მზეჭაბუკმა თავშესაფარი ითხოვა…
ჩამოჯდა კაცებთან ერთად . . . ღვინით სავსე ჭიქა მიაწოდეს. პური, ყველი და კეთილი გული… . . . ყველა მიხვდა ვინც იყო უცნობი სტუმარი. . .
“სიკვდილო, შესვი ჩვენთან ერთად . . . სადღეგრძელო შენთვის მოგვინდიაო… . . . ’
სიკვდილმა გაიღიმა და სიცოცხლის სადღეგრძელო შესვა. . . ამ დროს ერთ კაცს აზრმა გაუელვა. სიკვდილი ახლა, როგორც არასდროს, ხორციელი ადამიანივით უსუსური და დაუცველია. მე რომ სიკვდილი მოვკლა, დედამიწაზე ცოცხალი-სულიერი აღარ მოკვდება და მარადიული სიცოცხლე დამკვიდრდებაო. ამის გაფიქრება იყო, იშიშვლა ხანჯალი და მზეჭაბუკს გულში ჩასცა. სიკვდილი მიწაზე დაემხო. სიმწრისგან ცრემლი წასკდა და აღმოხდა: “ერთხელ მოვედი თქვენთან მშვიდობით და მაშინაც მომკალით” . . .
ეს ზღაპარი ლამაზად და ზუსტად მიგვანიშნებს ჩვენი წინაპრების დამოკიდებულებას სიკვდილის კულტისადმი. სიკვდილი სასტიკი და საშინელი არის არა იმიტომ, რომ სიკვდილია ასეთი. არამედ ადამიანმა აქცია იგი ასეთად. . .შემზარავი და საშინელი არის ადამიანის ცხოველურ ბუნებაში ჩადებული “მკვლელობის ინსტიქტი” და არა სიკვდილი, როგორც ასეთი.
ფოტოებზე ეტრუსკების საფლავებია.. ქანდაკებები იღიმიან. ეს შემთხვევითი ნამდვილად არაა.
- ეტრუსკების შემდეგ, ბერძნებმა სიკვდილის თემა სრულიად განსხვავებულ ჭრილში განავითარეს. ბერძნულ მითოლოგიაში სიკვდილის ღმერთი – აიდი გამოისახებოდა სამთავიანი ურჩხულის –ცერბერის თანხლებით. ეს არის მინიშნება სიკვდილის, როგორც “სასჯელის”, “ცოდვებზე პასუხისგების”, “სამაგიეროს გადახდის” იარაღზე.
- დროთა განმავლობაში ჩამოყალობდა სიკვდილისადმი მკაცრად და ცალსახად ნეგატიური, ხშირად პარანოიდული დამოკიდებულება. საბოლოო ჯამში დასავლურ კულტურაში სიკვდილის სიმბოლოდ მივიღეთ შავ ანაფორაში გახვეული ჩონჩხი, ცელით ხელში. . . (ამას კომენტარი აღარ სჭირდება) .
ამრიგად:
- დაბადებამდე იყო “სიკვდილი”. სიკვდილის შემდეგ არის “დაბადება”;
- მარადისობა არის: სიკდილ-სიცოცხლის უსასრულო მონაცვლეობა და სიკვდილ-სიცოცხლის ციკლიდან (წრებრუნვიდან) გამოსვლა და “მარადიულ აწმყოში” გადანაცვლება;
- სული სამწილოვანია. აქედან, “ღვიძლისმიერი სული” (- გრძნობები, ემოციები) და ნაწილობრივ “ტვინისმიერი სული” (– ინტელექტი, ხასიათი) ღმერთებს ეწირება, სამყაროში “განიფინება” და “ქრება”. ანუ პიროვნული სული “მოკვდავია”. ”გულისმიერი სული” (ზეპიროვნული სული) – მარადიულია. ეს არის ის, რაც მარადიულად კვდება და იბადება….და საბოლოოდ “მარადიულ აწმყოს” ეზიარება;
- პიროვნული ანუ “მე”-ს უკვდავება არ არსებობს. “მე” ანუ პერსონა ყოველი ტრანსფორმაციის შემდეგ “იშლება” და თავიდან “იწერება”. პიროვნული განცდები, ემოციები, მოგონებები, გამოცდილება . . . ეს ყველაფერი წარმავალი და დროებითი მოვლენაა. თუმცა სწორედ ამ პროცესების შედეგად “იზრდება”, “ყალიბდება” და “ვითარდება” უკვდავი “ზეპიროვნული სული”. ამ უკანასკნელის ევოლუციის საბოლოო საფეხურია “წმინდანი” (და არა დიდი საზოგადო მოღვაწე და მსგავსი სოციალური დამსახურებების მქონე ადამიანი). სიწმინდის ნავსაყუდელი არის “მარადიული აწმყო”. დროისა და სივრცის მიღმა. განზომილება, რომლის წარმოდგენა ჩვენს ტვინს არ ძალუძს.
“ადგილი” სადაც არ არის “ჰო” და “არა”, არც სინათლე და არც წყვდიადი, არც დუმილი და არც ბგერა. . . არც ყოფნა და არც არ ყოფნა. . .
ადგილი, სადაც “არაფერიც” კი არ არის. . .
სადაც არის მხოლოდ ერთი – ღრმა ერთი – ღმერთი. . .
. . . რომელიც არის ყველგან და არსად კონკრეტულად….
თუ არის, რა თქმა უნდა…
ნახვების რაოდენობა :775სიკვდილი, როგორც ცალმხრივი გადასვლა
სიკვდილი არის ენერგია, რომლითაც გადალახავ ზღურბლს.
გადადიხარ ყოფიერების ერთი ფორმიდან, ერთი საფეხურიდან მეორეზე.
სიკვდილი არის ენერგია, რომელიც ცვლის და აყალიბებს ადამიანის ბუნებას და ქმნის ზღვარს “მე”-ს და “არა მე”-ს შორის.
გველი, რომელიც თავის კუდს კბენს
ანუ სიკვდილი და დაბადება, გახლეჩა და ლტოლვა. . .
სიკვდილის საიდუმლო შეჭიდულია დაბადების საიდუმლოსთან, ანუ ამ ქვეყნიდან გაქრობა ისეთივე საიდუმლოა, როგორც გაჩენა. სქესის “გახლეჩა” ანუ განცალკევება (რაც ორპოლარულ სქესს – ქალს და მამაკაცს წარმოშობს) ისეთივე საიდუმლოებაა, როგორც სქესთა ურთიერთ ლტოლვა. ერთი შეხედვით ურთიერთგამომრიცხავი მოვლენები: გაქრობა-გაჩენა, განცალკევება-ლტოლვა, სინამდვილეში ერთი მედლის ორი მხარეა და ერთმანეთს განაპირობებს.
რა ხდება, როცა “გველი კბენს თავის კუდს?”, როცა ერთი სიცოცხლის სასიკვდილო აგონია “ეხება” და იწყებს მეორე სიცოცხლეს? თითქმის ყველა მისტერიაში სიტყვა “სიკვდილი” დაბადებას ნიშნავს, ხოლო “დაბადება” – სიკვდილს. “სიკვდილი” არის ყოფიერების ერთი საფეხურიდან მეორე საფეხურზე გადსვლა, ახალი დაბადება. “დაბადება” კი ახალი მეტამორფოზი, ახალი სიცოცხლის და გარდაუვალი სიკვდილის დასაწყისი.
რა კვდება და რა იბადება?
თესლი ღვივდება და ღვივად “გადაიქცევა”. ღვივიდან ვითარდება ფესვები, ღერო და ბოლოს მთელი ხე.
- თესლის გაღვივება თესლის “სიკვდილია”, რომელსაც ღვივის “დაბადება” მოყვება.
- ღვივიდან ფესვების და ღეროს წარმოქმნა “ღვივის” სიკვდილია, რასაც სრულფასოვანი მცენარის ჩამოყალიბება – “დაბადება” მოსდევს. კვდება სიცოცხლის ერთი ფორმა და იბადება მეორე.
- იმისათვის, რომ წარმოიქმნას ღვივი, თესლი უნდა “მოკვდეს”-“დამთავრდეს”. თესლი ხის არც ერთ ნაწილში აღარ არის, მაგრამ ის არის “ხეში”, ისევე, როგორც “ხე იყო” თესლში.
- ორივე – თესლიც და ხეც ერთმანეთშია, მხოლოდ თესლში იყო “გამოუვლენელი ხე”, ხოლო ხეში არის “გამოვლენილი თესლი”.
- თესლი ხის “მიზეზია”, ხე თესლის “შედეგი”.
ამრიგად, მიზეზიც და შედეგიც ერთიდაიგივეა, უბრალოდ მიზეზი (თესლი) “გამოუვლენელია”, ხოლო შედეგი (ხე) “გამოვლენილი”.
გველი, რომელიც კბენს თავის კუდს არის მიზეზის და შედეგის “ერთობის” სიმბოლო. ეს არის დასაწყისი და დასასრული, სიკვდილი და დაბადება, ალფა და ომეგა. ეს ყოველივე ერთი და იგივეა, განსხვავება არის გამოვლინების ხარისხში.
გველის თავსა და კუდს ყოფს ტანი. ეს არის გზა მიზეზიდან შედეგამდე, გზა თესლიდან ხემდე. “თავი”, “ტანი” და “კუდი” სიცოცხლის სხვადასხვა ფორმები, ყოფიერების სხვადასხვა საფეხურებია.
მიზანი . . .?
სიცოცხლის ის ფორმა, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ, რომელშიც ჩვენ “ვიმყოფებით”, მოკლებულია რაიმე მიზანს. იგი თავისთავადი, მიზეზ-შედეგობრივად განპირობებული და “თავისუფლად აუცილებელია”. შეუძლებელია სიცოცხლის ახსნა სიცოცხლიდან გამომდინარე. “სიცოცხლეში”, არც განსაცდელი და არც სიხარული, არც უბედურება და არც ბედნიერება, არც დასაწყისი და არც დასასრული არავითარი აზრის მატარებელი არ არის. ამიტომაც კითხვაზე “რა არის სიცოცხლის აზრი?” პასუხი არ არის და არც შეიძლება იყოს. სიცოხცლე “ემსახურება” მხოლოდ სიცოხლეს.
ამრიგად, ჩვენი სიცოცხლე შემდგომი, სხვა სიცოცხლის სამზადისია ან მას არავითარი აზრი და მიზანი, გარდა “სიცოცხლის პროცესისა” არ აქვს. თუ კი ჩვენი სისცოცხლე სიცოცხლის ერთჯერადი გამოვლინებაა და სხვა არაფერი, მისგან რაიმეს მოთხოვნა, რაიმეს შენება და შექმნა სრულიად ფუჭი და აზრს მოკლებულია. მით უმეტეს, რომ სამყაროს გადმოსახედიდან ადამიანის სისცოხლე ძალიან ხანმოკლე, ილუზორული და ეფემერულია. ასეთია თითქმის ყველა რელიგიის კონცეფცია. თუ ჩვენ – კაცობრიობა ვართ მხოლოდ თესლი და ჩანასახი, ჩვენს სიცოცხლეს არავითარი მიზანი გარდა ნაყოფად ქცევისა ანუ “სიკვდილისა” და “ახალი დაბადებისა” არ აქვს. მაგრამ ეს “დაბადება, რომელიც ჩვენთვის უცნობი ყოფიერების ახალი საფეხურია, არ ხდება შემთხვევით და მექანიკურად. ახალი “დაბადება” არ არის მხოლოდ თესლის ინფორმაციული რაობის შედეგი. იგი “თესლის” ნებაზე, სურვილებზე და მცდელობებზეა დამოკიდებული.
გაგრძელება იქნება
მადლობა დეა ყოლბაიას, რომ არსებობს.. : )
ნახვების რაოდენობა :499






