ბალახზე ვიჯექი
ოქტომბერში…
ღამით
ხეზე მიყუდებული.
ეგზოტიკა მწვავდა და მანგოს სუნი მცემდა – ამქვეყნად ყველაზე გრადუსიანი…
იმ წუთას, ბალახზე, დამკვირვებელი ვიყავი… შავიზღვისპირეთში, შუადღის თაკარა მზეზე… პლაჟზე…
თეთრშორტებიანი ნეფე შავკანიან პატარძალს თმებიდან ბრინჯს აშორებდა და ლურჯიალქნებიან გემს უჩვენებდა, რომელიც მათი დროებითი ბინა უნდა გამხდარიყო. იქვე თეთრანაფორიანი მღვდელი ტრიალებდა და წყვილის ნათესავებს ულოცავდა. ყვავილები, ცქრიალა ღვინო, ბანანები და ჩათეთრებული მაყრიონი ულამაზეს სანახაობას ქმნიდა.
მაგრამ, მოულოდნელად… გაქრა ცქრიალა ღვინოც და თეთრი შორტებიც. ისევ ბალახზე დავბრუნდი… ბილიკზე, რომელიც არც ისე შორი მთიდან ჩამოდიოდა, ვიღაც დავინახე… აშკარად ვერ მამჩნევდა…
ვიილა იყო. არაჯადოსნური გაგებით – ფერია, უფრო ხორციელით – ადამიანი. თუმცა, არც ისე სტანდარტული.
ეს მთა ისეთი გაგებით, როგორიც მხოლოდ მე შემიძლია, ნამდვილად ჯადოსნურია, რელიგიურ-მითიური დატვირთვით, გარშემო ბურუსი აქვს, რომელსაც წითელი ღვინის გემო აქვს. ეს ბურუსი ამ არსებას გარს ეხვია, ოღონდ მთელ სხეულზე არა – მხოლოდ წელს ზემოთ. ხსენებული სარტყელი რომ მთლად ნორმალური არაა, მიხვდით, ალბათ, მაგრამ, ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ის წარსულიდან მოდის. კი. ბურუსი მოდის წარსულიდან. იმ წარსულს თავისი აურა აქვს, ენერგეტიკული ველი, რომელიც თავის გენეტიკურ ინფორმაციას ატარებს, თუმცა გენეტიკური სულაც არაა, ერთხელ გაჩნდა, არც ისე შემთხვევით და არც ისე ცუდად, მშვენიერი ტკბილი მოგონება დაირქვა და მხოლოდ აწმყოში შეძლო მომწიფებულიყო, დამტკბარიყო და ვაშლის ფორმაც კი მიეღო. ანუ, გემრიელი ვაშლი მივიღეთ – ღვინის გემოთი, მაგრამ, უფრო ზუსტი სურათი რომ დაგიხატოთ, დავაზუსტებ – ეგ გემო მისი მატერიიდან კი არა, სუნიდან შეიგრძნობოდა. ტკბილი იყო, მაგრამ, ვინაიდან ღვინისგემოიანი სუნი ჰქონდა ბურუსს, რომლისგანაც ის შედგებოდა, კბეჩდი სიტკბოს, შეიგრძნობდი ღვინოს და უტკბესი და უსაზღვროდ მათრობელა საცდურიც სახეზეა.
უცებ ისიც აღმოვაჩინე, რომ არც ბალახი იყო ბალახი, რომელზეც ვიჯექი და არც ის ხე იყო ხე, რომელსაც ვეყურებოდი. არა, ბალახი კი იყო, მაგრამ ციტოპლაზმის ნაცვლად – სეროტონინით. ბალახს შიშველ ხელისგულებს ვუსვამდი და ვიღებდი მისგან იმ ყველაფერს, რაც შეიძლებოდა მიმეღო. შეიძლებოდა – ეს ფიზიოლოგიური თვალსაზრისით, თორემ სხვა ყველანაირი გაგებით, ალბათ – არა. აი, ის ხე კი, ზურგს უკან რომ იდგა… ეგზორფინს დავარქმევდი, რომ არსებობდეს. დღესაც ასე დგას, ჩასაფრებულივით.
ყველა ჩვენგანს წაუკითხავს ზღაპრული, განუმეორებელი, გამოუცდელისთვის – ფანტასტიკური შინაარსის ნაწარმოებები. და თუ მართლაც ფანტასტიკურად მიგაჩნდათ, შესაბამისად, მწერლების თუ პოეტების აუხდენელ, არარსებული ოცნებების გამოხატულებად თუ მიიღებდით, მაგრამ, პირადად მე, ასე აღარ მგონია. ჩემმა დომინანტმა მემაც პატივმოყვარეობა დაიკმაყოფილა და ჩათვალა, რომ იმ ბედნიერ გამონაკლისებში გადაინაცვლა, რომლებმაც იციან, რომ ხელოვანთა ისტორიები შელამაზებული, არაამქვეყნიური და მოკვდავებისთვის მიუწვდომელი კი არა, უბრალოდ, იშვიათი, მაგრამ მიწიერია.
ესაა, როგორც ჩემი შვილი იტყოდა, ყველაფერი მამაჩემის შესახებ…
და ამ ამბით ჩემს ახალ ბლოგს გახსნილად ვაცხადებ