სისასტიკე, გონიერება, სიმდიდრე, დიდება, ფანტაზია და სიკვდილით ტკბობა!

თვითმკვლელობა სიკვდილი

ჩემი Blog Description ამ პოსტს ზუსტად შეესაბამება.
ახლა რა ხდება..
აქ ბებიაჩემის შესახებ უნდა გესაუბრობთ – ქალი ლეგენდა, ქალი მაფიოზი, ქალი  სილამაზე და ქალი კროვა..
კროვას ეძახდნენ, ულამაზესი ქალი იყო და ყველას სისხლს სწოვდა..

80 წლის ისე გახდა, ერთ ადგილას მხოლოდ მაშინ ჩერდებოდა, როცა ეძინა, ეგეც  იშვიათად, ძილში დროს არ ხარჯავდა.
საღამოს სახლში რომ არ ბრუნდებოდა, ვარკვევდით, რომ უკრაინაში იყო, ბულგარეთში ან სადმე სხვაგან..

ამ ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ გაზეთს ვკითულობდი, იქ ეწერა, ბებიაჩემმა 40 კაცი ცხენით როგორ გადაიყვანა ალაზანზე თუ იორზე და ამ ხალხს მაშინდელი საბჭოეთი რომ დასცინოდა..
(მაშინ ალბათ სასაცილო იყო)
და ასეთი აქტიური ქალი 80 წლის ასაკში ლოგინად ჩავარდა.
ისევ თანამდებობის პირი იყო, ბუზს არ იფრენდა, მაგრამ 80 წლისას ერთი ძვლის ერთი ფრაგმენტი მეხუთედ რომ მოგტყდება, ადვილად აღარ შეგიხორცდება, ხომ?
ხოდა ვეღარ ადგა და მალევე დამიბარა და წერილი მომცა.
დღემდე სინდისი მქენჯნის, თუ რატომ, ბოლოს გაიგებთ 🙁

“რატომ მეჩვენება, რომ დრო ერთ ადგილზეა გაყინული? ნელა მიზოზინობს ლოდინის  მტკბილი წუთები, ვის ველოდები? ალბათ სიკვდილს, რომელიც ასე ძალუმ მენატრება. მოგონებების მონისლულ სიზმრებში დამატარებენ ფიქრები. ნაღველმა უარესად დამრია ხელი, რომელიც თანდათან სულში ჩამეღვარა. ვიცი, ყველას თავისი ხვედრი ელოდება, ყოველ ჩვენგანს თავისი თავისი ბილიკი აქვს გასავლელი, რომელიც სხვებიგან აცალკევებს. ყველას თავის ჭერქვეშ სძინავს, ყოველ სულდგმულს  დროულად შეურჩევია თავისი ადგილი საიდანაც უყურებს დაღამებას და გათენებას. მე კი ტირილი ავირჩიე, ტირილით ვიძინებ და ტირილით ვიღვიძებ.
დიდი მანძილი გავიარე – 80 წელი. მანძილს გალევ, მაგრამ დროს მაინც არაფერი შველის. მან მხოლოდ მე დამღალა, დამრალა ისე, რომ შორს გადაკიდებული სიხარულის დასაბრუნებლად ფიქრიც კი აღარ შემიძლიან, უძრაობა თურმე იოლად ვერ იტანს წლებსა და დღეებსაც.
სიცოცხლე კარუსელზე ტრიალია, დედამიწა მარად მოძრავი კარუსელია, ჩვენც მასთან ერთად ვტრიალებთ და არ ვიცით რომელ გარშემოვლაზე დაგვანარცხებს ძირს. მე ერთი იმათგანი ვარ, რომელიც უკვე თავბრუდახვეული, ფიქრებში გართული დამანარცხა და მიმაჯაჭვა ლოგინს. როგორ თვალსა და ხელს შუა დამიპატარავდა სიცოცხლის აზრი. გარეთა ჰაერი რომ ვისუნთქო, ესეც კი სანატრელი და სახვეწარი მაქვს.
საოცარია, მარტო კაცს აბეზარი მწერებივით რატომ ეხვევიან ათასნაირი ფიქრები, რითი გრძნობენ, რომ იქ მყუდრო საბუდარს იპოვნიან. ისღა დამრჩენია, იმით ვინუგეშო თავი, რომ  სიკვდილის სამფლობელოში თვითმკვლელობით წავიდე, თორემ უფალს არ ვემეტები.
ჩემ საყვარელ ზურიკოს და მიშიკოს: თქვენ თუ მიხვდებით ჩემ მწუხარებას და გულში მაინც შეგეცოდებით, თორემ დანარჩენებს…

გარეთ წვიმს და წვიმს გულშიც
მაწვიმს
მიშო და ზურა, წაიკითხეთ და შეინახეთ საფლავზე წასაკითხად, იქნებ თქვენი ოჯახის წევრებსაც გული გაუთბოს.
17/VII 2007 კვლავ წვიმს
გარეთ ხმაურია, ყველაფერი გესმის, ყველაფერს ოთახში ხედავ, მაგრამ ყველაფრისაგან გამოთიშული გაქვს, ცხოვრება შენს გვერდით ისე მიედინება, თითქოს შენ არ არსებობდე, არაფერი გეხებოდეს, ნერვები დაჭიმული გაქვს – დაძაბული. განა სიგიჟე არ არის საღსალამათი ადამიანი იწვე ან იჯდე და კედლებს შეჰყურებდე, ხან მთელი დღეები ისე გადის, ცხვირსაც არავინ შემოჰყოფს, მაშინ კი მართლა თვითმკვლელობაზე ფიქრი მეძალება. გულს ის მიკლავს, რომ წარსულსა და დღევანდელ ჩემს ცხოვრებას შორის ძალიან დიდი უფსკრულია, საკუთარი თავი მძულს – მაინც სასიამოვნო მოგონებები სადღა გაქრა?
ციხეში გამოკეტილ პატიმრებსაც კი აქვთ განვლილის გახსენების სიკეთე, მე კი უკვე მომბეზრდა, მეზიზღება ჩემი კარგი წარსულიც კი, რომელიც ასე უზღვავად მქონდა. ახლა თვალთმაქიც გავხდი. იოსებას ვერაფერს ვეუბნები, ხანდახან ტირილის დროს შემომისწრებს ხოლმე და მიბრაზდება. არ მინდა ვაწყენინო, მივლის, მეცოდება, ჭამის შემდეგ თეფშიც კ არ მოუცურებია მაგიდაზე, ახლა ჭურჭელსაც რეცხავს, გვის ოთახს, იცვამს დასაუთოვებელ შარვლებს, მაგრამ ვერაფერს მეუბნება, გრძნობს, რომ ცეცხლში ჩავარდნილი ფოთოლივით ვცახცახებ ყოველ მის იძლებით მოძრაობაზე.
ოთახის კედლებს გარეთ სამყარო წყაროსავით ჩუხჩუხებს, ოთახში კი სამარისებული სიჩუმეა, ამიტომ მეჩვენება, რომ დრო ერთ ადგილზეა გაყინული. ახლა იმაზე ფიქრი მაწუხებს ჩემიანებს რომ ვაწუხებ და მძიმე ტვირთად ვაწევარ, მაგრამ სიცოცხლე მარადიული ბრძოლაა, ბრძოლა ტანჯვისა და ულმობლობის წინააღმდეგ. მაგრამ მე ხომ უმიზნო ნივთად ვარ გადაქცეული. მხოლოდ შრომა ანიჭებს ადამიანს ბედნიერებას, მეკი ფეხზე წამოდგომის ოვსილაც აღარ მაქვს. გალია მიკრძალავს თვითმკვლელობაზე ფიქრს, მეც ვიცი, რომ თვითმკვლელობა სულიერი სიმდაბლის, დაცემის, უიმედობის, სიდუხჭირის და, რაც მთავარია, საკუთარი დანაშაულის შეცნობის შედეგია, მე კი არავითარი დანაშაული არ ჩამიდენია. ცემი დაბადებაა დანაშაული, ეს კი ჩემი ბრალი არ არის.
ვინა თქვა, რომ ცხოვრება წუთისოფელია? ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც მე ვარ, წუთები საათებზე გრძელია. ვებრძვი ტანჯვას და უიმედობას, თავი როგორ მოვიკლა, უაზრო ნივთი ვარ, ნივთს კი თავის მოკვლა არ შეუძლია. ყოველ სამუშაო დღეს ველოდები ვენერას, იმ აჯამს, კარებს რომ შემოხსნის და საჭმელს შემომიტანს. აზროვნებაც არ შეუძლია, რომ ესაუბრო მაინც.”
ხოდა ასე, ერთხელ დამირეკა და აუცილებლად მოდიო.
მივედი. ეს წერილი მომცა, შენ გარდა ვერავინ გაუგებს აქ რა წერია, საფლავზე წაიკითხე, რომ მოვკვდებიო.
არასერიოზულად აღვიქვი, ვერ წარმოვიდგენი, როგორ შეიძლებოდა ბებიაჩემი მომკვდარიყო. სანამ სახლში მივიდოდი, თვალი გადავავლე და მერე დავმალე. არ მინდოდა მამიდაჩემს ან მამაჩემს ენახა, გული დასწყდებოდათ, აქ ჩანს, რომ ბებია მათზე ნაწყენი იყო.
წერილის არსებობა სულ გადამავიწყდა..
ძალიან მალე მამაჩემი მირეკავს, ბებიამ გონება დაკარგა, ჩამოდიო. ჩათვლები მქონდა, უნივერსიტეტში გავიქეცი, მაგრამ არ გამათავისუფლეს. იმ საღამოს თვალი გაახილა და მამაო მომიყვანეთო (ურწმუმო ქალი იყო, ამ წერილამდე ცოტა ხნით ადრე მოინათლა, რომ ბავშვი მოენათლა). გონება ისევ დაკარგა. მამაო მოვიდა და აზიარა. გონს მოვიდა, ყველას დაჰკივლა, რა ჭირისუფლბივით შემომისხედით, გაიწიეთ, ჩემი სერიალი იწყებაო. სერიალს უყურა, მერე მე მიკითხა, ჩემი ოქრობიჭი სადააო, დაიძინა და აღარ გაუღვიძია.
მალევე პაპაჩემი გახდა ცუდად. ჩემს თავს ვერ ვპატიობდი, ბებიაჩემის გვერდით რომ არ ვიყავი. პაპაჩემს სამი ღამე ვუთენებდი საავადმყოფოში. იშემიური ინსულტი ჰქონდა. მხოლოდ მარჯვენა ხელს ამოძრავენდა, ვერ მეტყველებდა. მესამე დღეს ლოგინზე, თავის გვერდით ხელს ატყაპუნებდა და რაღაცას გვეუბნებოდა. ბოლოს თქვა, ნადიაო, აქ არის, გვერდით მიზისო, მიგვანიშნა და გაღიმებული გარდაიცვალა.
მე კი ეს წერილი ახლახან ვიპოვე და ვერ მომინელებია. 🙁 როგორ ვუყვარდი ბებიაჩემს და მისი ავადმყოფობიდან გარდაცვალებამდე სულ რამდენჯერმე ვნახე :(((
ვინც ეს პოსტი წაიკითხეთ და მანდვე, ახლოს გყავთ ბებია ან ბაბუა, ადექით, მიდით და ლოყაზე აკოცეთ. ეს მათ არასდროს დაავიწყდებათ, თქვენ კი, თუ დაგეზარებათ, ოდესმე აუცილებლად ინანებთ!

Post a Comment

Your email address will not be published.