მექსიკური ორგაზმი

კულინარია

მექსიკური სიცხე, ვნება, სობრერო და გაზაფხული.

დღეს ახალი კერძია მენიუში – მექსიკური ორგაზმი.

მაშ ასე, ვიწყებთ:

ინგრედიენტები: კარტოფილი, დაფნის ფოთოლი (რომელიც მაღაზიაში მამა გაბრიელის ხატიდან ჩამომიწიწკნეს), ცხარე წიწაკა, პომიდორი, კიტრი და ნიორი.

თავდაპირველად თხლად დავჭრით პომიდვრებს და ჩავაფენთ ფატაში. მასზე გავშლით დაჭრილ კარტოფილებს, მთელ-მთელ წიწაკებს, ნივრებს და დაჭრილ კიტრს. ზემოდან გადავაფარებთ დაფნის ფოთლებს.

პომიდორი, ცხარე წიწაკა და ნიორი  კარტოფილს გასაგიჟებელ გემოს აძლევს, აი, ისეთს, მექსიკურ ტემპერამენტიან ზაფხულს რომ შეეფერება.  კიტრი კი შემწვარიც  გრილია. ცივი არ იგულისხმება, რაღაცნაირია… თითქოს წყალს ჭამ, სუნსაც არ კარგავს. კიტრის სუნი გაზაფხულს მაგონებს. სიგრილე კი მექსიკაშიც კარგია.

ხო, მართლა, კიტრი ცოტა უნდა, კარტოფილის ნაწილი კი კანიანად უნდა დაიჭრას. მოაყარეთ სუნელებიც – წითელი წიწაკა და უცხოსუნელი.

კარგად რომ ჩაიბრაწება, გადმოდგით და დიდი მოგზაურობისთვის მოემზადეთ –  წინ სომბრერო, კოცონი უდაბნოში, გრილი ნიავი და მექსიკური ორგაზმი გელოდებათ.

პ.ს. სამწუხაროდ, ახალ მობილურს ვტესტავდი და ამ მათხოვრობა ფოტოს მეტი ვერ გადავიღე.

მაგრამ

არის ხალხი, ვინც დიეტაზეა ან, უბრალოდ, შემწვარ-მოხრაკულებს ერიდება.

გული არ დაგწყდეთ:

ბოსტნეულის სომბრერო

რატომ სომბრერო? ისევ მექსიკაში ვართ, ისევ ცხარე საკვებს ვამზადებთ და მირთმევისას გონებას ისევ ვკარგავთ.

ინგრედიენტები:

ბულგარული წიწაკა, ბადრიჯანი, პომიდორი, კარტოფილი, ბრინჯი, სტაფილო, კიტრი, ოხრახუში, ცხარე წიწაკა, სვანური მარილი, უცხოსუნელი, ზაფრანა, დაფქვილი წითელი წიწაკა.

ახლა რა ხდება…

ყველაფერი იგივე, ოღონდ მოხარშული.

ვიღებთ კარტოფილს(ამას წინასწარ მოვხარშავთ), ბულგარულ წიწაკას, ბადრიჯანს და პომიდორს. გამოვაცლით შიგნეულობას. ნუ შეგეცოდებათ, ეგეც დაგვჭირდება.

ცალკე ვამზადებთ გულსაც. ჩავხეხავთ რამდენიმე პომიდორს, ჩავამატებთ ბრინჯს, კარტოფილოს, ხახვს, ნიორს, კიტრს, ოხრახუშს, წიწაკას, სტაფილოს, ავურევთ ერთმანეთში, დავამატებთ ზემოთხსენებულ სუნელებს და ამოვტენით წინასწარგამოშიგნულ ბადრიჯანს, ბულგარულ წიწაკას, კარტოფილს და პომიდორს.

ქვაბში ჩავასხამთ ძალიან ცოტა წყალს და თხლადდაჭრილ პომიდვრებს ჩავფენთ, შემდეგ კი გამოტენილ სომბრეროებს ჩავალაგებთ. ვადვდგამთ ძალიან დაბალ ცეცხლზე და ბრინჯები რომ მოიხარშება, ე.ი. მზადაა.

ნარჩენ პროდუქტებს – პომიდვრის, ბადრიჯნის, კარტიფილის, წიწაკის შიგნეულობას და სხვა დანარჩენს კი ტაფაში ვყრით და შემწვარ აჯაფსანდალს ვამზადებთ.

ძალიან ბევრი ვჭამე 🙁

Post a Comment

Your email address will not be published.