“…ფრთიანი სანდლები, უჩინმაჩინის ქუდი, ხმალი და ფარი გააყოლეს პერსევსს ათენამ და ჰერმესმა გორგონა მედუზას დასამარცხებლად. პერსევსმა ჭკუა იხმარა, ფარში უყურებდა მის ანარეკლს და ფრთხილად მიუახლოვდა. თავი ისე მოჰკვეთა, თვალებში არც ერთხელ შეუხედავს. მისი ნეშთიდან ორი არსება – ჯადოსნური ცხენი პეგასი და ქრიაზორი დაიბადნენ. მედუზა ხომ პოსეიდონისგან იყო ორსულად…”
1956 წლის ზაფხულის არდადეგებს ჯო წიგნების კითხვაში ატარებდა. ვერაფრით ამოეხსნა ამოცანა, როგორ შეეძლო მედუზა გორგონას ადამიანების გაქვავება. რა იმალებოდა მისტიკური არსების მიღმა. “მხოლოდ ერთი შეხედვით იცვლება მთელი ცხოვრება, ერთი წამი წყვეტს ყველაფერს… რა არის ამ ქალის თვალებში ისეთი, ყველაზე გულად გმირებსაც რომ ატყვევებს? რას ხედავენ ისინი? რა იცვლება ასე უცებ? ეს შეკითხვები მოსვენებას არ აძლევდა. მერე საკითხს ჩაუღრმავდა… ნეტავ მის ცხოვრებაში თუ ყოფილა ასეთი შემთხვევა? ამის შესახებ მას არ ეცოდინებოდა – პერსევსის გარდა ხომ არავინ იცოდა იმ წამიერი ცვლილების შედეგი… ამას სიცოცხლის ბოლოს აცნობიერებ, თუ ეს მომენტი მაშინვე არ დგება. პრინციპში, არც პერსევსმა იცოდა…
– ეს ალბათ პირველი წიგნია, რომელიც წავიკითხე. დავიჯერო, სულელურმა ზღაპრებმა შეცვალა ჩემი ცხოვრება? ალბათ ასეა. წიგნები ხომ მისი ცხოვრება იყო. უკვე 17 წლისაა და სამი რამ იცის ცხოვრებაში: უყვარს წიგნები და პიანინო და – დასავლეთის სანაპიროები იზიდავს, ჰიუსტონიდან მოშორებით… ტეხასის სამხრეთ უნივერსიტეტში სწავლობს – გატაცებით უკრავს პიანინოზე. დანარჩენ დროს თავის ოთახში ატარებს. კითხულობს წიგნებს გმირებზე, თავდადებულებზე, გამოჩენილ ან უცნობ მაგრამ საინტერესო ადამიანებზე. ყველას ერთი აერთიანებს – თავისუფლება. ყველა თავის უფალი იყო, მის ნებას არაფერი ეწინააღმდეგებოდა. ხელს არც კანის ფერი, მუსიკალური გემოვნება ან ხასიათის თავისებურება უშლიდა.
ჯოს თავი უცნაურ ადამიანად არ ეჩვენებოდა, უბრალოდ, მეტ თავისუფლებაზე ოცნებობდა. მეზობელს შენატროდა, მასაც ჯო ერქვა, ტოლები იყვნენ, ერთი შეხედვით ძალიან ჰგავდნენ ერთმანეთს, მაგრამ მეორე ჯო ნამდვილად თავისუფალი იყო. თანატოლებში თავისი ადგილი ჰქონდა, მშობლების მომაბეზრებელ მზუნველობასაც დასძვრენოდა, მოსაწევსაც აგემოვნებდა და გოგონებთან ერთადაც დადიოდა საცეკვაო დარბაზებში. შინ გვიან, ხან უგონოდ მთვრალი ბრუნდებოდა. ჩვენი მთავარი გმირი ამაზე მხოლოდ ოცნებობდა. მშობლებისთვის რამის თქმას აზრი არ ჰქონდა, მაინც არ გაუშვებდნენ. ისევ წიგნებში ამოკითხული ფრაზებით ან პიანინოსთან გაფრენილი ფიქრებით უნდა დაკმაყოფილიყო. თუმცა, სინამდვილეში, არც უნდოდა. მეზობელი ჯო მისთვის თავისუფლების სიმბოლო გახდა, მაგრამ ვინ იყო თვითონ? ეს ჯერ არ იცოდა.
ასე გავიდა 23 წელი…
მეზობელი ჯო მუშაობს, ბევრი გარჯა არ სჭირდება კარგი ანაზღაურების მისაღებად. შესანიშნავი ხელფასი კი სამუშაო საათების შემდეგ ნების თავისუფლების პრივილეგიებით ტკბობისთვის სწორედ რომ შესანიშნავია. ყველაფერი აქვს, რაზეც მთავარი გმირს შეეძლო ეოცნება ბავშვობაში. თითქოს ყველაფერი კარგადაა, მაგრამ ჯო ვერ ისვენებს. სამსახურშია. ვერ მუშაობს. რაღაც აკლია.. რა? ეს ჯერ არ იცის. არც არასდროს სცოდნია იმ დროიდან მოყოლებული, ჯერ კიდევ მუსიკოსი ჯო მის ბედს რომ შენატროდა – ბავშვობაში.
წამოდგა, სამუშაო მაგიდა მიალაგა და კაბინეტიდან გავიდა… რა დროს მუშაობაა, გარეთ ამერიკაა… 80-იანი წლები იწყება – პოპულარული ამერიკა! ქუჩაში მუსიკაა. მუსიკალური შარვლები, სათვალე, ვარცხნილობა. ხალხი მღერის – ხმისამოუღებლად, მღერიან მათი ფეხსაცლემები, ჯინსები, მაისურები… ისინი ელვისებია, მიკ ჯაგერები, ზეპელინები, ფლოიდები, ქვინები, ჯექსონები…
როგორ უყვარს ეს ყველაფერი… რამდენჯერ შეუგრძვნია, მაგრამ არ ჰყოფნის. სეირნობაში შემოაღამდა. ის იყო შინ წასვლა დააპირა, რომ კლუბ “პეგასთან” საინტერესო პლაკატი შენიშნა:
THE CRUSADERS – STREET LIFE
სახელმა ზუსტად უპასუხა მის განწყობას…
შევიდა და ჯადოსნური I still hang around neither lost nor found …Hear the lonely sound of music in the night…
ტექსტი სულში ეღვრებოდა… ეს სულის სიმღერა იყო! ოთხი ადამიანის უზარმაზარი ორკესტრი. სიმღერა, რომელიც გაბედნიერებს, რომელიც ფრთებს გახსამს, გონებას გირევს, თავს გაკარგვინებს, გზრდის, გართრთოლებს და აღგაფრთოვანებს. იდგა შესასვლელში და… ეს ის იყო. მან იცოდა რატომ შეშდებოდნენ გმირები, ისიც იცოდა, ამ კლუბს პეგასი რატომ ერქვა. მან ყველაფერი იცოდა. სცენაზე The Crusaders იდგა, თანამედროვე ამერიკის თანამედროვე მოდა, ჯაზის თანამედროვე იმიჯი და მარკა, როგორც ამერიკული მუსიკა, მუსიკა თავისუფლების და სიყვარულის, ყველაზე ვნებით სექსუალური.
სცენაზე ჯო იყო, Joe Samlpe, მუსიკოსი. მას ბენდი The Crusaders დაეფუძნებინა, რომელიც ახალი ალბომით დიდების მწვერვალებს იპყრობდა.
ყველაფერი ასე მარტივად დასრულდებოდა, ჯოს სცენიდან მეზობელი რომ არ დაენახა. ეს ის მზერა იყო, რომელმაც მედუზას საიდუმლო გაამჟღავნა.
მეცნიერების ვარაუდით, გმირები მის თვალში საკუთარ თავს ხედავდნენ. საკუთარი ჭეშმარიტი სახის დანახვა ხშირად შემზარავია. ჯომ კი მეზობელს შეხედა და თავისი თავი დაინახა..
სინამდვილეში მეორე ჯო არც არასდროს არსებულა. ის ოცნება იყო, ოცნება სახელად თავისუფლება და ამ ოცნების მთავარი შემოქმედი თავად იყო. ეს იყო ორი პიროვნების ერთი ცხოვრება, ბრძოლა თავის უფლებაზე თავისუფლებისთვის, ბრძოლა ოცნებისთვის…
ჯაზი თავისუფლებაა. მას ჯო სემპლი მეგობრებთან ერთად ქმნიდა. ეს ოცნება – თავისუფლებით
28 ოქტომბეს საქართველოს ჯაზის ფესტივალზე ეწვევა.