Where are you mother fucking inspiration???

Uncategorized

ყველა ბლოგს ჰყავს მკითხველი. ყველა მკითხველს – ფავორიტი ბლოგერი. მე, როგორც მკითხველს, 3 ფავორიტი ბლოგი მაქვს. მათ შორისაა Spieler-ის ბლოგი Carpe Diem, Baby… , ბლოგის ავტორი ცოტა ზარმაცია. იქნებ კარგიცაა, ახალი პოსტის გამოჩენა ბავშვივით მიხარია ხოლმე. დღეს კოტე, იგივე შპილერი ჩემი სტუმარია. მისი ბლოგის მკითხველისთვის უკვე ცნობილი ისტორიის მორიგი სერიით.

მაშ, ასე

Where are you mother fucking inspiration???

ის კი არ ჩანდა, რაც უნდა გასაკვირი იყოს. არც უცნაური ხმები ჩემს ზურგს უკნიდან, არც ყურში ჩაჩურჩულებები, არც თავისით აკრეფილი ასოები გახსნილი ვორდის დოკუმენტში… მოკლედ არანაირი წინანდელი მისტიკა. მხოლოდ მე და ჩემს მონიტორზე ურცხვად წამოშხლართული თეთრი ფურცელი, რომელსაც ბოლო ნახევარი საათია თვალს არ ვაშორებ შთაგონების მოლოდინში (ლიოლ). (ძველი ხუმრობა მახსენდება: „ვარჩენ ბუასილს დაჟინებული მზერით“.)

არადა, გესტპოსტი მაქვს დასაწერი ზურასთვის.

„მგონი შიზოფრენიისგან განვიკურნე“…  – ვფიქრობ და არ ვიცი, უნდა გამიხარდეს თუ მეწყინოს. ეჰ, რა კარგი იყო „ბელაია გარიაჩკასთან“ მიახლოებული მდგომარეობა.  ხელზე მიჩვეული ძაღლივით აკიდებული მუზა. სადაც გინდა, როცა გინდა და რა ფორმითაც გინდა (და მაინც, ეს ის არ არის, რაც თქვენ, გგონიათ, ძვირფასო საზოგადოებავ). მოხეთქილი ფრაზები, რომლებიც პირდაპირ გთხოვენ, გახსნა რომელიმე ტექსტური რედაქტორი და აკრიფო. ისინიც ისვენებენ და შენც ამ დროს. მანამდე გიტრიალებენ სანამ არ ამოანთხევ.

„სად ხარ, ე?“ – თვალს ვავლებ ბნელ ოთახს იმ იმედით, რომ ვინმე პასუხს გამცემს. ამაოდ…

სიჩუმეა ისევ… მეზობლის ჩამტვრეულ ფანჯრებზე აფარებული პარკებიც კი არ შრიალებენ, მიუხედავად ძლიერი ქარისა. ჩემი კომპიუტერის ქულერი, რომელსაც შეუძლია დღე და ღამე გაუჩერებლად და დაუღალავათ იღმუვლოს, გერასიმესავით სდუმს.

სიგარეტს ვუკიდებ და ღრმა ნაფაზს ვურტყამ… (მომიტევეთ ყველამ, ვისაც ახალი დანებებული გაქვთ მოწევაზე თავი და ამ ფრაზის წაკითხვისას ენის ირგვლივ მომდგარ ნერწყვთან ბრძოლა გიწევთ).  ასე მგონია ვენებში მიდის კვამლი, ისე მევსება სხეული სასიამოვნო ჟრუანტელით.

–         ფილტვების კიბო!

–         ვერ მოითმინე, ხო? – მეცინება

–         ვერა. – ხითხითებს. –  ცდუნებას ვერ გავუძელი. ისე გემრიელად ეწევი, ლამის დავსველდე…

–         დამალობანას თამაშს გირჩევნია, წერაში მომეხმარო.

–         გადაგყვები თან… – ცხვირს იბზუებს და საქმიანი სახით ათვალიერებს ჩემს ოთახში ახალგაკრულ რუკებს. – რად გინდა ესენი? მოგზაურობას აპირებ?

–         ვირტუალურად… – მივუგდე და ისევ გახსნილ ვორდის დოკუმენტს მივუბრუნდი.

რამდენიმე აბზაცი ავკრიფე… გადავიკითხე… Ctrl+A -> Ctrl+X… რაღაც დაწყება მიჭირს.

კლავიატურა გავწიე… ეტყობა ზედმეტად მჟავე სახე მაქვს.

–         კაი, ხო… დაგეხმარები. ნუ ჩამოუშვი ცხვირ-პირი. გიკარნახო? – მომხედა როგორც იქნა.

–         მიკარნახო რა, „დიქტანტს“ ვწერ?

–         რომ იცოდე, ჩემი ნაკარნახევის ჩაწერას დიდი ნიჭი სჭირდება, –  „საკუთარი უხეირო ფრაზების არ ჩამატების ნიჭი“.  – მგონი, დამცინის. – ისე კოპირაითი არ მეკუთვნის შენს ნაწერებზე?

–         შემოსავლის ოცი პროცენტი გაწყობს?

–         არა. – მკაცრ ტონს ურევს ხმაში. – ოცი რა მათხოვარი ვარ თუ შენი მენეჯერი?

–         მათხოვარი.

–         მე მათხოვარი ვარ და შენ უფლისწული? – თითქმის ხარხარებს…

–         არა, მეც მათხოვარი ვარ…

ძველი სიგარეტი ისე ჩაიწვა, ნახევარიც ვერ მოვწიე. ახალს ვიწყებ…

–         ნუ მაბოლებ, შენ გახარებას.

–         მომიტევეთ, მემ.

–         მუსიკა ჩართე და მოგეტევება. – ხელის მსუბუქი მოძრაობით ჯვარი გადამსახა.

–         რას ინებებთ?

–         შენს გემოვნებას ვენდობი… ერთადერთი მუსიკაში.

–         ჰმ… მხოლოდ?

–         ერთმნიშვნელოვნად.

–         ქალები?

–         რა ბანალურობაა, ღმერთო ჩემო?! შენ ის არ ხარ, ახლახანს ცოლს რომ გაეყარე?

–         გახლავართ… – თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ. ახლა იმ ბავშვს ვგავარ,  ორს პლიუს ორზე რომ იძახის ხუთიაო. თითებზე დაანგარიშების შემდეგ კი დარცხვენილი უყურებს მაღლა აწეულ  ნეკს.

არაფერს ამბობს, ეტყობა, ჩათვალა, რომ აღარ ღირს ამაზე ხუმრობა. ეს თემა დიდი ხანია გავცვითეთ. მეც ხმისაუმოუღებლად ვრთავ წინასწარ მომზადებულ ფლეილისთს, რომელსაც შემთხვევით არ ჰქვია „მუზა“.

–         კარგია…

–         მუსიკა?

–         არა ჩაი, რომელსაც ალბათ ახლა დაასხამ. აშკარაა, ძალიან გჭირდება  ხილის მსუბუქი არომატით ცოტა შებრუება.

–         „ჩემს გულში იჯექი-თქო“, რომ გითხრა, უაზრობაა იქნება ხო?

–         კი და ზედმეტად რომანტიული ჩვენი წარმოსახვითი ურთიერთობისთვის.

–         გეთანხმები.

ცხელი წყალი და დაყენებული ვაშლის ჩაი სულ მზად მაქვს, 5 წუთში უკვე ჩემს ოთახს სითბო და უნაზესი სურნელი ავსებს.

–         მადლობა, ეფენდი. – სუფთა თურქული კილოთი მეუბნება და თლილ შუშის ჭიქას მართმევს.

–         You’re Welcome.

–         არა, ცდები, ეს არ არის ინგლისური „ჩაიპიწიე“. ეს აზიაა, ეს ის პატარა თურქული საჩაიეა, შენ რომ გიყვარდა სიარული. არ გახსოვს?

–         ფეხი აიღეთ ჩემი მაზოლებიდან, გეთაყვა. – მოგონებები ამიშალა მისმა ბოლო სიტყვებმა.

–         ჰმ… ის გოგო ალბათ მეც შემიყვარდებოდა. მაშინ, რვა წლის წინ…  პირველად ვინანე, რომ ლესბი არ ვარ.  – ეშმაკურად იცინის და თითქოს არც გაუგია ჩემი თხოვნა, აგრძელებს: – წინ გეჯდა, გიყვებოდა თავის ბავშვობის ისტორიას. უყურებდი და გრძნობდი, როგორ გითბებოდა სული, როგორ გევსებოდა თვალები ცრემლით (შენ ხომ ყოველთვის გევსება თვალები ცრემლით, როცა საყვარელ ადამიანს უყურებ). ისიც ვიცი, რატომ ვერ ელევი დღემდე ვაშლის ჩაის. მას გახსენებს და იმიტომ, მაშ! – დაამთავრა მონოლოგი და ცხელი სითხე მოსვა.

–         მორჩით წარმოდგენას „ერთი მსახიობის თეატრო“?

–         თითქმის. ფინალი არ გაინტერესებს? –

„ძირს გაბნეული ვერცხლი,

აცრემლებული ქალი…

გაბრაზებული ცეცხლის

ლექსებს ედებათ ალი…“

–         გეყო…

–         მოკლედ, გაგყიდეს თხასავით. – იცინის.

მიხვდა, რომ ცოტა გადააჭარბა. გამიღიმა, გვერდით მომიჯდა და ყურში ჩამჩურჩულა:

–         но все же… прорвемся.

–         „куда там прориваться?!“ – ვციტირებ გომელაურს.

–         Дальше…

არ ვეკამათები, ისეთი ჯიუტია, ვირს შეშურდება მისი. ახალი ღერი… ჩაი მოვსვი, იმ კონდიციაშია, მე რომ მიყვარს, თითქმის თბილი. ცხელს ვერ ვსვამ. ვგრძნობ, როგორ მართმევს თავს მოგონებები, თავიდან სასიამოვნო, მერე თანდათან მძიმე… თვალებს ვხუჭავ… თითქოს ჩილიმის ტუჩს ვგრძნობ… და არამარტო ჩილიმის.

–         აბა, რას ვწერთ, რაღაც ხასიათზე მოვედი. – მაფხიზლებს მისი ხმა.

–         ჰა? – ვცდილობ გამოვერკვე.

–         რას ვწერთ-მეთქი?

–         აჰ, გესტპოსტს ზურას ბლოგისთვის.

–         ზურა.. ზურა… – იხსენებს – ექიმი, მეწარმე, ლიდერი? – თავს ვუქნევ. – საინტერესო იქნება.  ცენზურა გვეხება?

–         თუ ძალიან არ გავუტევთ არა. მთლად ენას ნუ ავიმყრალებთ, მაინც სხვის ოთახში გინება არ შეიძლება. თუ მაინცდამაინც დაბალ ხმაზე. ზურა კორექტულად წერს, ჩვენგან განსხვავებით.

–         გასაგებია. ისა… თავს აქაც იკლავ?

–         არა, უკვე წინა პოსტში მოვიკალი. – ხელები გავშალე გაფრენის ნიშნად.

–         ერთი შენ არ გვჭამდე ამ სუიციდური განწყობით რა…

–         სიტუაციამ მოითხოვა.

–         ბულში… – არ დაასრულა –  მოგვიტევე, ზურა! – ოთახში გაიარ-გამოიარა. – „დღე პირველი“? დროა, მგონი, დავამთავროთ დაწყებული საქმე, ბოლოჯერ გავისეირნოთ რიო ჰერმოსოში.  (საუბარია სამნაწილიანი ციკლის ბოლო, დამასრულებელ თავზე).

–         Oh, Yes. – ხელებს ვიფშვნეტ და კლავიატურას „საჩეხად“ ვამზადებ.

–         მაშინ დავიწყოთ… – თვალები დახუჭა და ცოტა ხნის ფიქრის მერე კარნახს შეუდგა:

„იყო და არა იყო რა…“

——————————————–

და ბოლოს…

ის ტირის…

– მე დავეშვები მიწაზე, გპირდები – ვიღიმები. სიგარეტს ვუკიდებ, ავდივარ აივნის შუაგულში მდგარ ხის სკამზე და მეცხრე სართულიდან ხელებგაშლილი ვეშვები რძისფერ, უნაზეს ნისლის ტალღებში.

„Farewell, My lovely Soulless Invisible Bitch!“ – აუცილებლად ამოვძახებ “ფსკერზე დაშვებამდე“.

ის კი ალბათ თვალცრემლიანი გახედავს ბურუსში გახვეულ, მასავით უხილავ ქალაქს, უხილავი ჯიბიდან უხილავ ბლოკნოტს ამოიღებს და შიგნით უხილავი კალმით ერთ უხილავ „+“-ს ჩაწერს.

დღე მეორე – Invisible Bitch

Post a Comment

Your email address will not be published.