გესთ პოსტის დაწერა ძნელი სულაც არ ყოფილა. მერე რა, რომ სხვის ბლოგზე, სხვის სივრცეში იჭრები. თუ გიშვებს – უნდა შეხვიდე. ხოდა, როცა ზურამ, პირადად ჩემთვის ერთ-ერთმა ყველაზე სასურველმა (“სემიჩკასავით წასაკითხმა”) ბლოგერმა სტუმრის სტატუსით მომიწვია, გადავწყვიტე, როგორც მასპინძლით კმაყოფილ სტუმარს შეეფერებოდა, ძალიანაც გავხსნილიყავი.
პირადი დაკვირვებიდან და მეორე დღის კომენტარებიდან გამომდინარე ვხვდები, რომ სიმთვრალეში ყველაზე მეტად შევიგრძნობ, რას ნიშნავს, როცა ცხოვრებას ერთ დიდ დაუგეგმავ ჯემ-სეიშენად აქცევ და მოქმედებებისა თუ აზრების თანმიმდევრობა სრული იმპროვიზაციის შედეგია.
ერთი ასეთი ჯემ-სეიშენი ორიოდე დღის წინაც გავმართე. სიმართლე გითხრათ, წერის პროცესი ძალიან ბუნდოვნად მახსოვს. ისღა ვიფიქრე, რომ მეორე დღეს არ დამავიწყდეს რა ჩავიწერეთქო. არანაირი რომანტიზმი ან “საყვარელი სიმბოლურობები”, შორს ჩემგან, უბრალოდ მართლა მტკვრის მოაჯირზე ვიჯექი და ვწერდი. რომელიღაცა მომუმენტი ქუჩისგან მყოფდა და გაბუღულ ქალაქში აყროლებულ ბუნებასთან პირისპირ დარჩენილის ინტიმს ქმნიდა. ეს კი წერისთვის იდეალური გარემო იყო. ხოდა, აი თურმე რა დამიწერია.
(ნაწერს განზრახ ვიწყებ “ბუნების აღწერით”, პასაჟით, რომელიც ყველაზე მეტად მაღიზიანებს ხოლმე ნებისმიერი ტექსტის კითხვისას, თუ რათქმაუნდა ეს ტექსტი ბუნებრივ კატასტროფას არ ეხება. ტექსტს ვაკოპირებ უცვლელად)
***
“გაზაფხულის ამ მშვენიერ ღამეს ცხოვრებაში მეორედ მტკვართან ჩავფიქრდი. ღამე თბილია, მე – ემოციური. ვცდილობ სექსუალური ენერგიის სუბლიმაციას სხვაგან… ვუყურებ ამ აყროლებლ მტკვარს და ჯასტინ ბიბერზე მეფიქრება. როგორი იქნება ათი ან ოცი წლის შემდეგ? ოცდაათი ან ორმოცი წლის ასაკში ბიბერს აღარ ვენდომები, განსხვავებით ეხლანდელისგან, როცა ჯერ კიდევ ვუნდივარ.
ვფიქრობ ჩემს იდენტობებზე, ვშლი ფურცელს და აღმოვაჩენ, რომ გვერდი, რომელზეც ჩემს იდენტობებზე (ან მის არარსებობაზე) მინდა ვწერო, მთლიანად ცარიელია, უჯრების გარეშე. ცრუმორწმუნე რომ ვიყო, ვიფიქრებდი სასწაულიათქო, მაგრამ ვისთვის სამწუხაროდ, საქმე გაცილებით მარტივი და არასაკრალურია – გამყიდველმა ფუჭი წიგნაკი შემომატენა. ეგეც შენი Queer თეორიაო მომიგო.
ვფიქრობ რა ვქნა. არა, ხომ მჯერა, რომ ადამიანი ტაბულა რაზად იბადება და მთელი ამ იდენტობების გადაწერა ზემოდან, ხელოვნურად ხდება, მაგრამ ეხლა მე თვითონ ამ სუფთა ფურცელს როგორ გადავაწერო რაღაცეები? საერთოდაც, იმაზე ფიქრში, შემევსო თუ არა ეს გვერდი, გამოვიდა რომ მაინც შეივსო, რადგან ტვინის გარდა მარჯვენა ხელითაც ვფიქრობთ ხოლმე ადამიანები. იმედი გაუცრუვდება ვისაც ვეტყვი, რომ ამ მარჯვენაში ყლის მაგივრად ამჟამად კალამი მიჭირავს? გაუცრუვდეთ… “გაუცრუვდეთ” – აჰა, ესეც ბოლო სიტყვა, რომელიც ამ გვერდზე ჩავატიე.
ხოდა ასე, ძალიან კი არ მინდოდა, მაგრამ შემომევსო ცარიელი ფურცელი, დავაფრქვიე ზედ მარჯვენა ხელით ნამუშევარი და აღარ ვიცი რა ვქნა. წიგნაკის თვალიერებას ვიწყებ იმ იმედით, რომ სადმე კიდევ შემხვდება “ბრაკი” გვერდი. გამყიდველმა აქაც მიჯიგრა. უჯრებიანი და ხაზებიანი, ანუ როგორც ხალხში იტყვიან, ჯანსაღი ფურცლების გვერდიგვერდ “ბრაკებიც” ოხრად იყო. ხოდა ეხლა ამოვხევ ამ ჩემს “ზემოდან” გადაწერილ-გადმოწერილ ფურცელს და ცარიელების იმედადღა დავრჩები, რომელზეც აღარასდროს გადავაწერ რამეს და არც სხვას გადავაწერინებ. არადა ხომ ვიცი, ის სხვა მაინც გადამიწერს ზედ რამეს. ხოდა წეროს და იკითხოს. მე კიდევ ვიპოვი ცარიელ ფურცლებს”