უუ ლა ლა ლა… თბილისში ჯაზ-სერიები დასრულდა. ბოლო კონცერტი 22 მარტს, ივენთ ჰოლში ჩატარდა. აკი მოგახსენეთ, დვეინ დოპსი ყველანაირი გემოვნების მქონდე მსმენელის გულს მოიგებს-მეთქი. არ ვცდებოდი და თანაც როგორ არ ვცდებოდი! კარგი, სხვებზე არ ვისაუბრებ. მე ასეთი სიამოვნება არასდროს, არც ერთ კონცერტზე მიმიღია! ნებისმიერი სიტყვა ან წინადადება, რომელიც ჩემს იმდროინდელ ემოციებს აღწერდა, ალბათ ძალიან პათეტიკურად მოგეჩვენებათ, მაგრამ კონცერტის დასრულებამ გული პირველად დამწყვიტა. დიახ, ხმაური, განსაკუთრებით მუსიკა, ჰა-ჰა 2 საათი და უკვე მაგიჟებს, როგორც წესი.
გარდა იმისა, რომ ბენდი იყო არაჩვეულებრივი, ივენთის მთავარი პლუსი სწორედ ივენთ ჰოლი იყო. ჯაზს, ბლუზს… დიდი დარბაზი არ უხდება. ასე გაცილებით გულწრფელია მუსიკოსიც, აუდიტორიაც და მეც =)) გააჩნია შემსრულებელსაც, დვეინ დიპსი, ისევე როგორც მისი ბენდის თითოეული წევრი, იმდენად უშუალო და დარბაზზე ორიენტირებული იყო, რომ ძალიან მალევე რაღაც არაჩვეულებრივი ატმოსფერო შეიქმნა, ინტიმურიც. კომპლექსები ყველამ მოიხსნა. ჩემს წინ ასაკოვანი წყვილი ვალსის ილეთებით და მომღიმარი სახეებით ისე ცეკვავდა, თითქოს მათ გარდა დარბაზში არავინ ყოფილიყო. მსმენელები სცენაზეც ავიდნენ, მუსიკოსებთან ერთად იმღერეს და იცეკვეს. ვინც არ ავიდა, შემსრულებლები ეახლნენ – მაგიდებთან და მაგიდებზე უმღერეს. სურპრიზებს სურპიზები მოჰყვა – ივენთ ჰოლის იატაკზე ‘ცეცხლოვანი’ შოუც წარმოგვიდგინეს და, ჩვენთან ერთად, ხელიხელჩაკიდებულებმა დარბაზის გარშემოც ირბინეს. რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, მეც კი ვიცეკვე.
პრაქტიკულად დარწმუნებული ვარ, 22 მარტის საღამოს, თბილისის ივენთ ჰოლი არც ერთ გულდაწყვეტილ ადამიანს დაუტოვებია. კარგი ბენდი, კარგი მუსიკა, კარგი სმენელი – მეტი არც არაფერია საჭირო.