სიკვდილი არის ენერგია, რომლითაც გადალახავ ზღურბლს.
გადადიხარ ყოფიერების ერთი ფორმიდან, ერთი საფეხურიდან მეორეზე.
სიკვდილი არის ენერგია, რომელიც ცვლის და აყალიბებს ადამიანის ბუნებას და ქმნის ზღვარს “მე”-ს და “არა მე”-ს შორის.
გველი, რომელიც თავის კუდს კბენს
ანუ სიკვდილი და დაბადება, გახლეჩა და ლტოლვა. . .
სიკვდილის საიდუმლო შეჭიდულია დაბადების საიდუმლოსთან, ანუ ამ ქვეყნიდან გაქრობა ისეთივე საიდუმლოა, როგორც გაჩენა. სქესის “გახლეჩა” ანუ განცალკევება (რაც ორპოლარულ სქესს – ქალს და მამაკაცს წარმოშობს) ისეთივე საიდუმლოებაა, როგორც სქესთა ურთიერთ ლტოლვა. ერთი შეხედვით ურთიერთგამომრიცხავი მოვლენები: გაქრობა-გაჩენა, განცალკევება-ლტოლვა, სინამდვილეში ერთი მედლის ორი მხარეა და ერთმანეთს განაპირობებს.
რა ხდება, როცა “გველი კბენს თავის კუდს?”, როცა ერთი სიცოცხლის სასიკვდილო აგონია “ეხება” და იწყებს მეორე სიცოცხლეს? თითქმის ყველა მისტერიაში სიტყვა “სიკვდილი” დაბადებას ნიშნავს, ხოლო “დაბადება” – სიკვდილს. “სიკვდილი” არის ყოფიერების ერთი საფეხურიდან მეორე საფეხურზე გადსვლა, ახალი დაბადება. “დაბადება” კი ახალი მეტამორფოზი, ახალი სიცოცხლის და გარდაუვალი სიკვდილის დასაწყისი.
რა კვდება და რა იბადება?
თესლი ღვივდება და ღვივად “გადაიქცევა”. ღვივიდან ვითარდება ფესვები, ღერო და ბოლოს მთელი ხე.
- თესლის გაღვივება თესლის “სიკვდილია”, რომელსაც ღვივის “დაბადება” მოყვება.
- ღვივიდან ფესვების და ღეროს წარმოქმნა “ღვივის” სიკვდილია, რასაც სრულფასოვანი მცენარის ჩამოყალიბება – “დაბადება” მოსდევს. კვდება სიცოცხლის ერთი ფორმა და იბადება მეორე.
- იმისათვის, რომ წარმოიქმნას ღვივი, თესლი უნდა “მოკვდეს”-“დამთავრდეს”. თესლი ხის არც ერთ ნაწილში აღარ არის, მაგრამ ის არის “ხეში”, ისევე, როგორც “ხე იყო” თესლში.
- ორივე – თესლიც და ხეც ერთმანეთშია, მხოლოდ თესლში იყო “გამოუვლენელი ხე”, ხოლო ხეში არის “გამოვლენილი თესლი”.
- თესლი ხის “მიზეზია”, ხე თესლის “შედეგი”.
ამრიგად, მიზეზიც და შედეგიც ერთიდაიგივეა, უბრალოდ მიზეზი (თესლი) “გამოუვლენელია”, ხოლო შედეგი (ხე) “გამოვლენილი”.
გველი, რომელიც კბენს თავის კუდს არის მიზეზის და შედეგის “ერთობის” სიმბოლო. ეს არის დასაწყისი და დასასრული, სიკვდილი და დაბადება, ალფა და ომეგა. ეს ყოველივე ერთი და იგივეა, განსხვავება არის გამოვლინების ხარისხში.
გველის თავსა და კუდს ყოფს ტანი. ეს არის გზა მიზეზიდან შედეგამდე, გზა თესლიდან ხემდე. “თავი”, “ტანი” და “კუდი” სიცოცხლის სხვადასხვა ფორმები, ყოფიერების სხვადასხვა საფეხურებია.
მიზანი . . .?
სიცოცხლის ის ფორმა, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ, რომელშიც ჩვენ “ვიმყოფებით”, მოკლებულია რაიმე მიზანს. იგი თავისთავადი, მიზეზ-შედეგობრივად განპირობებული და “თავისუფლად აუცილებელია”. შეუძლებელია სიცოცხლის ახსნა სიცოცხლიდან გამომდინარე. “სიცოცხლეში”, არც განსაცდელი და არც სიხარული, არც უბედურება და არც ბედნიერება, არც დასაწყისი და არც დასასრული არავითარი აზრის მატარებელი არ არის. ამიტომაც კითხვაზე “რა არის სიცოცხლის აზრი?” პასუხი არ არის და არც შეიძლება იყოს. სიცოხცლე “ემსახურება” მხოლოდ სიცოხლეს.
ამრიგად, ჩვენი სიცოცხლე შემდგომი, სხვა სიცოცხლის სამზადისია ან მას არავითარი აზრი და მიზანი, გარდა “სიცოცხლის პროცესისა” არ აქვს. თუ კი ჩვენი სისცოცხლე სიცოცხლის ერთჯერადი გამოვლინებაა და სხვა არაფერი, მისგან რაიმეს მოთხოვნა, რაიმეს შენება და შექმნა სრულიად ფუჭი და აზრს მოკლებულია. მით უმეტეს, რომ სამყაროს გადმოსახედიდან ადამიანის სისცოხლე ძალიან ხანმოკლე, ილუზორული და ეფემერულია. ასეთია თითქმის ყველა რელიგიის კონცეფცია. თუ ჩვენ – კაცობრიობა ვართ მხოლოდ თესლი და ჩანასახი, ჩვენს სიცოცხლეს არავითარი მიზანი გარდა ნაყოფად ქცევისა ანუ “სიკვდილისა” და “ახალი დაბადებისა” არ აქვს. მაგრამ ეს “დაბადება, რომელიც ჩვენთვის უცნობი ყოფიერების ახალი საფეხურია, არ ხდება შემთხვევით და მექანიკურად. ახალი “დაბადება” არ არის მხოლოდ თესლის ინფორმაციული რაობის შედეგი. იგი “თესლის” ნებაზე, სურვილებზე და მცდელობებზეა დამოკიდებული.
გაგრძელება იქნება
მადლობა დეა ყოლბაიას, რომ არსებობს.. : )