ქალები ყოველთვის ცოტა ჩრდილში რომ არიან, ეს ყველამ იცის. თურმე ამჟამად განსაკუთრბეით ( იუწყება ერთ-ერთი შემაშფოთებელი სტატისტიკა)

ცხადია, ეს ასე არ უნდა იყოს და დღეს მორიგ ქალბატონს წარმოგიდგენთ.

ჩემი საყვარელი მარო მაყაშვილი.

პირველი ქართველი გმირი ქალი.

მაშინ კომპიუტერი და ინტერნეტი რომ ყოფილიყო, ბლოგერი იქნებოდა. რაკი არ იყო, დღიურებს წერდა. ამ დღიურებით დღეს ახალი ბლოგი იწერება. დიდი ხანია ამაზე ვფიქობ. ვინმე თუ მომეხმარება, კარგი იქნება. თუ იდეებსაც შემომაშველებთ – მთლად გადასარევი. ვინმეს საკუთარი მოსაზრების გამოქვეყნება თუ მოუნდება, არც ამაზე დაგზარდებით. მოკლედ, თქვენი გამოხმაურების იმედი მაქვს.

მარო მაყაშვილის დღიური

მანამდე კი ცოტა რამ მაროს შესახებ:

“1921 წლის თებერვალი იდგა. ათასნაირი ჯურის მტერთან ყოველი მხრივ ნაბრძოლი, დაფლეთილი და გაძარცული საქართველო თავგანწირვით იცავდა დამოუკიდებლობას. ბოლო დარტყმა წინ იყო – დედაქალაქს ბარბაროსული წითელი არმია უახლოვდებოდა. საქართველო ფეხზე დადგა. უნივერსიტეტის რექტორმა ივანე ჯავახიშვილმა მთელი სასიცოცხლო ძალები მოიკრიბა, რომ სტუდენტებისთვის ეთქვა – ახლა სწავლის დრო აღარ არის, სამშობლო უნდა დავიცვათო… სულ რამდენიმე თვის წინ ომებში ჩახოცილი მამების შვილებმა საბრძოლო რაზმებში დაიწყეს ჩაწერა.

ფრონტზე წავიდა 19 წლის მარო მაყაშვილიც – კოტე მაყაშვილის დედოფალივით გაზრდილი ასული, ლამაზი, სათნო და ჭკვიანი. თებერვლის თოვლსა და ტალახში, სისხლსა და სიკვდილში ნირი არ შესცვლია – ცრემლით აცილებდა სულთმობრძავ მეგობრებს. ცოცხლებს ჭრილობებიდან ტყვიებს უღებდა და უხვევდა… მერე ტყვია თავადაც მოხვდა – კეფა შეუნგრია… ქაშვეთში გადმოასვენეს და ნატყვიარი რომ დაეფარათ, ლამაზი თავი თეთრი ხილაბანდით შეუკრეს. ის უკვე აღარ იყო პატარა ქართველი ქალი, გმირად იქცა და მთელი საქართველო დასტიროდა… პანაშვიდს საქართველოს პატრიარქი აღუსრულებდა… მერე იქვე, პირდაპირ სამხედრო ტაძარში გადაასვენეს და კოჯორში დახოცილი იუნკრების გვერდით დაკრძალეს.

დრომ კი ტაძარიც გააქრო და საფლავებიც…

სახელის გაქრობაც უნდოდათ. ”

მარო მაყაშვილის დღიური ორი რვეულისგან შედგება. მასში იმდენი საინტერესო მომენტია, თან იმდენად საინტრესოდ დაწერილი, პლუს – აქტუალური… კარგია, რაც მეტს ეცოდინება. გარდა მისი ცხოვრებისა, დღიურში იმ დროის უმარავ გმირს შეხვდებით. მაგალიტად პაოლო იაშვილს. ეს პატარა ჩანაწერი ალბათ იმაზე გაცილებით მეტს ამბობს პაოლოს შესახებ, რაც აქამდე წაგვიკითხავს და გაგვიგონია:

8 საათზე სახლში დავაპირეთ წასვლა. არ გვიშვებდნენ, მაგრამ მაინც წავედით. მე-6 კლასი და დანარჩენი წინ წავიდნენ. ვაჟები, მე, სუნანა და მედია ერთად გამოვედით. აი, აქ იყო, რაც იყო. სახლამდინ არ მომიკუმია პირი, გიჟივით ვიცონოდით. სასწავლებლიდან რომ გამოვედით, პაულომ მოტეხა ერთი დიდი ტოტი ხისა, შუა ქუჩაში დადგა და ყვირილი დაიწყო, გაიღვიძე, მინისტრო ევგენი გეგეჭკორო! გეგეჭკორი იქვე სდგას (ცხოვრობს). ქუჩაში ვინც კი არ შეხვდებოდა ხელს ართმევდა, ქუდს უხდიდა და ჰკოცნიდა კიდეც. ერთი “ტაჩკა” დაინახამ შიგ ჩაჯდა და ყვირის მცხეთაში მივდივარო, იმ დღეს კურთხევა იყო კათალიკოსის ლეონიდის. იქიდან ჩამოაბრძანეს, ისე ვხმაურობდით, რომ ყველა ფანჯარაში იყურებოდა ღამის საცვლებში. პაულო და კოპალი ქუდს უხდიდნენ და კოცნას უგზავნიდნენ. პირველნი სირცხვილისგან იმალებოდნენ. შეგვხვდა ერთი დროგი ჭარხლით. პაულომ მისცა მედროგეს 5 მანეთი და 4 დიდი ჭარხალი ამოაცალა და გადმოგვიგდო, ერთი საჩაიეში შეიტანა და უთხრა, სადილისთვის ჭარხლის სუფი გამიკეთეთო. მეორე მუშას ჩაუჩხირა პირში. ორი ვირი მოდიოდა, ზედ შეაჯდა და გარეკა. ტრამვაი გაივლიდა დ თავს უკრავდნენ ყვირილით: “Здравствуй душечка. Оля, Маруся, Таня!..” კოპალი და ერთი ავიატორი ციციშვილი აჰყვა. როცა სახაზინო თეატრს მიუახლოვდით მუსიკის ხმა მოგვესმა. დავინახეთ ქართული ჯარი ქართული დროშით მიმავალი მცხეთაში. კოპალმა და პაულომ ორი უშველებელი თაიგული იები გვიყიდეს. მე და სუსანას ყველაზე დიდები მოგვცეს. დავდექით შუა გზაში და ჯარი რომ მოგვიახლოვდა, ყველას დაურიგეთ პატარ-პატარა თაიგულები და მერე თავზე ვაშას ძახილით გადავაყარეთ. ჯარი შედგა და ქართული სიმღერა დასძახეს. პაულომ ექსპრომტები უთხრა. მერე ჯარს უკან მარშით გავყევით. ხალხი გვიყურებდა და უკან მოგვდევდა ცქერით. ყველა ფანჯრებიდან გვიცქერდნენ. 9 საათი იყო. ხალხი ძალიან ბევრი იყო. დავეწიეთ დანარჩენ მოწაფეებს დაყველა ერთდ წავედით. პაულომ, ციციშვილმა და კოპალმა დაინახეს ერთი მზარეული, რომელიც ფანჯარაში იდგა. რკინის ღობე ჰქონდა გაკეთებული. როგორც ნადირის, ისე ბრაზება დაიწყეს, თითს აჩვენებდნენ. ეღრიჭებოდნენ. იმანაც ვეღარ მოითმინა და წყალი შეასხა. ერთი თათრის დუქანში შევიდა პაულო, აიღო დიდი ვაშლი და მთელ ქუჩაში მიყვირის, მარო, მაყაშვილის ქალო, ვაშლი, ვაშლი დაიჭირეო და გადმომიგდო. მე ძლივს დავიჭირე. მერე აიღო რაღაცა და მეუბნება, რა მაქვსო თქვენთვის, რაო! მე მივედი და ხახვი ჩამიდო ხელში.”

როგორ ცხვოვრობდა, რას აკეთებდა, რა უყვარდა, რა ურთოერთობა ჰქონდა სახელოვან მშობლებთან… ეს ყველაფერი დღეიდან მარო მაყაშვილის ბლოგზე 🙂

შეუერთდი მაროს გვერდს ფეისბუქზე: მარო

Post a Comment

Your email address will not be published.