“ეს იმდროინდელი ამბავია, როცა ვანი ზღვისპირა ქალაქი იყო; როცა კოლხეთის მიწაზე პირველმა ბერძენმა დაადგა ფეხი და მორიდებულად ითხოვა თავშესაფარი. ზღვამაც სწორედ იმ დღეს გაბედა და, ხანგრძლივი ყოყმანის შემდეგ, პირველი ნაბიჯი გადადგა უკან.
ვანელები ისე დაფრთხნენ, ისე დაიბნენ, მერე აღარც უცდიათ დაკარგულის ძებნა და დაბრუნება. მათი ღრმა რწმენით, ზღვამ ისინი რაღაც დიდი ცოდვის გამო მოატოვა, დიახ, მიატოვა, როგორც მარჩენალმა – ოჯახი, ქმარმა – ცოლი, რომლის ქარაფშუტობასა და გარე-გარე კურკურს აღარ დაადგა საშველი.
ზღვისგან მიტოვებული მიწა, ახალშობილის კანივით სველი და დაჭმუჭნილი, თანდათან გაიზარდა, გაფართოვდა და სამგლოვიარო არშიასავით გაუყვა მთელ სანაპიროს. მერე ვანსა და ზღვას შორის უზარმაზარი ჭაობი გაჩნდა, ურჩხულის ამონარწყევივით მწვანე, დაბუშტული და ლორწოიანი. ოდესღაც სახელგანთქმული, ქვეყანაში გამოსული ქალაქი, მივარდნილ, მიუვალ და მიყრუებულ ადგილად იქცა. წარსულს ჩაბარდა ის დრო, როცა ყველა ვანელის ფანჯრიდან მოჩანდა ზღვა, ყველა ვანელის ჭერქვეშ ისმოდა მისი გაბმული, გაუთავებელი ქშენა. არც ერთ ვანელს არ მოუვიდოდა აზრად, საკრკმელი მხოლოდ ზღვის საცქერლად გამოეღო. ანდა ძილი გაეტეხა და ლოგინში წამომჯდარს მისთვის ესმინა. ზღვა ყოველთვის ახლოს ეგულებოდა.”
დიახ, ეს ოთარ ჭილაძეა – “გზაზე ერთი კაცი მიდიოდა”. უფრო კონკრეტულად კი, პირველი ტომის პირველი აბზაცები. ეს წინადადებები წიგნის შინაარსზე უკვე გვესაუბრება. თუ კარგად დაუკვირდებით, ბევრ საინტერესოს აღმოაჩენთ. მე არ განვავრცობ. ყველა მკითხველი ინდივიდუალურია. ყველას თავისებურად ესმის და ყველა სხვადასხვანაირად კითხულობს.
მაგრამ ერთია – ეს ცოდვა თუ დანაშაული ან, იქნებ, (არ)დაფასება სამ ტომში იმდენად საინტერესოდაა გაშლილი, იმდენად, რომ დღეს “გზაზე ერთი კაცი მიდიოდა” ჩემი სამაგიდო წიგნი გახდა. მედეა, იაზონი, აიეტი, არგონავტები, ოქროს საწმისი – ალბათ ყველამ ვიცით და ბევრიც წაგვიკითხავს, მაგრამ, ოთარ ჭილაძისეული მონათრობი ჯერ თუ არ იცით, მშურს, იმიტომ, რომ თქვენ წინ უდიდესი სიამოვნება გელოდებათ. მახსოვს, პირველად რომ წავიკითხე, რამდენიმე კვირა იმ სამყაროში ვიყავი, მეტზე არაფერზე ვფიქრობდი. ეს იშვიათად ხდება.
ყველა მწერალს/პოეტს თავისი ხელწერა აქვს. ინდივიდუალური. მათ შორის, ოთარ ჭილაძესაც, თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ მისი პოეზიაც მომწონს, პირიქით, პირველად რომ წავიკითხე, თავზარი დამეცა. კარგს ვერაფერს დამაცდენინებთ. ჩავთვალოთ, რომ ეს ჩემი აღქმის პრობლემაა.
აი, ხსენებული წიგნი კი იმდენად თავისებურადაა დაწერილი, რაღაცნაირად, საინტერესოდ – არც ერთი წამით მოდუნების საშუალებას არ გაძლევს. ისტორიაც შეცვლილია – სიუჟეტი ბევრად უფრო საინტერესოდ ვითარდება. უფრო “ფენტეზის” ჟანრშია, თან ზედმეტი “ხავერდოვნების” გარეშე. გმირები – მითიურები, ადამიანური სისუსტეებით. შეუძლებელია, თითოეული მათგანი არ შეგიყვარდეს.
“…იმ დღესაც დიდხანს იჭყუმპალავეს ზღვაში გოგონებმა. მერე მედეა ცხელ სილაზე განმარტოებით მიწვა და ჩამავალ მზეს მიაჩერდა. შავ-წითელა ღრუბლები ბოლქვა-ბოლქვა გროვდებოდნენ დასალიერზე. მედეა ისე მოეთენთა წყალსა და მზეს, განძრევაც ეზარებოდა, თუმცა იცოდა, წასვლის დრო რომ იყო. სილა ნელა ცივდებოდა და მედეას ტანზე ეკალს აყრიდა, მაგრამ მაინც არ დგებოდა, თითქოს ნაბრძანები ჰქონდა, ასე წოლილიყო და დაეცადა. რისთვის უნდა დაეცადა, არ იცოდა, მაგრამ გრძნობდა, რაღაც უნდა მომხდარიყო, რაღაც, რაც მის ბუნებას კიდეც აკრთობდა და კიდეც აინტერესებდა…”
მოხდა კიდეც…
თუ რა მოხდა, ამას კითხვისას გაიგებთ. ამ კვირაში ჟურნალ “გზასთან” ერთად, პირველი ტომი, სამ ლარად შეგიძლიათ შეიძინოთ.