მოდი, ყველა ერთად იმ ქუჩაზე წავიდეთ, სადაც სინათლე მხოლოდ მბჟუტავი ლამპის საცოდაობაა, სადაც წითელი ისევ უყვართ, ფრაკებიც აცვიათ და დღევანდელი კვერცხი ხვალინდელ ქათამს ურჩევნიათ.

ასე ვფიქრობდი და რაკი ვიცოდი, არავინ გამომყვებოდა, არც არავისთვის შემითავაზებია. მარტო წავედი.

ის ლოთიც ვნახე, ბოთლით ხელში რომ დადის და იგინება, საიდანღაც ბრჭყვიალა ტრანსექსუალებიც გამოცვივდნენ ვარდისფერი ფეხსაცმელებით.

ვულგარული, სქელი, წითელპომადიანი ქალები ქონიან და ულვაშებიან კაცებთან ერთად სეირნობდნენ. არა, ამას სეირნობა არ ჰქვია, სეირნობისას კაცები ქალებს ძუძუებში ხელებს არ უწყობენ. არც ქალები არიან უზომოდ მთვრალები, არ ყვირიან და შემაწუხებლად ხმამაღლა არ საუბრობენ, უფრო სწორად, კივილამდე არ არიან აჟიტირებულები, როგორც ჩანს, ამ კაცების ჯიბის სისქე იმაზე გაცილებით მასშტაბურია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს…

მოკლედ, მოვიხიბლე.

და იქვე ბარში შევედი.

ღრიანცელი! ნამდვილი, ჭეშმარიტი, პროვინციული ღრიანცელი გადამთვრალი კაცებით, კეკლუცი ქალებით და გიტარით.

ეს ქალები კარგი საქმისთვის არ იქნებიან მოსულები-მეთქი, გავიფიქრე, ჩამოვჯექი, სიგარეტს გავუკიდე და  ოფიციანტის მოლოდინში ბიჩოკამდეც ჩავედი.

მივხვდი, აქ თვითმომსახურებაა.

ერთი ჭიქა ვისკი ბარიდან ავიღე და ის ის  იყო, ჩემს ადგილას უნდა დავმჯდარიყავი, რომ ვიღაცამ დამიძახა – ჰეი!

მივიხედე.  ვიღაც გადამთვრალი თვალის გასწორებას ცდილობდა, რომ მიეხვედრებინა, ვისთვის უნდა შემეხედა.

მაგრამ ჯერ ბარზე არაფერი მითქვამს:

ესაა ხის ..

ხო, ხისაა ყველაფერი. ჭერიც, რომელზეც ხახვები ჰკიდია, კედლები, რომლებზეც ალაგ-ალაგ მრგვალი შავი წრეებია – დაკიდებული ლამპებისგან…

მაგიდები და სკამები, რომლებიც კუნძებია, მარტივად.

მაგრამ ეს ყველაფერი ისე ბრწყინავს, ძნელია, თავი რუსეთის რომელიმე მართლმმადდიდებლურ ეკლესიაში არ გეგონოს. ოღონდ, ამ შემთხვევაში, ‘დამნაშავე’ ცხიმია.

იგივე ხდება ამ ადამიანის სხეულზეც და სულშიც, რამდენადაც ამოვიცანი.

ამასობაში მომიახლოვდა.

ფეხსაცმელს შევხედე – ყავისფერი, ქუსლიანი, თასმის ‘ბაბოჩკები’ ვერ დავინახე, ალბათ წინდებში აქვს ჩატანებული. შავი შარვალი და შავ-თეთრი ნაქსოვი ზედა – ყელიანი. მოკლედ, კისრის ქვემოთ ჩახედვა ავკრძალე და რაკი ზემოთ უარესი დამხვდა, მასზე მთვრალი სახე მე მივიღე.

მოვიდა და ჩამპროშნა კაცურ-ბასიაკურად. აი, ჯიგრულად და მამაპაპურად.

Fუუ – ავიმრიზე.

-რევოლუცია მოდის?!

საუბრის დაწყების მეტისმეტად უცნაური ფორმა შეარჩია. არა, ეს კაცი, ყველა სიკეთესთან ერთად,  იდიოტია, სხვა აზრი თავში აღარ მომდის. ჩემს ვისკის დასწვდა. გავცოფდი, მაგრამ ხმა არ ამოვიღე, შარი არ მინდა.

-ძალიან კმაყოფილი სახე გაქვს, გული მერევა. როგორ შეიძლება, შენი ასაკის ადამიანი, ასეთი კმაყოფილი სახით დადიოდეს. სად არის პროტესტი, სად არის კრიტიკა, აზროვნება. თქვენში არაფერია მოსაწონი, არაფერი ისეთი, რითაც თქვენი შემდეგი თაობა იამაყებდა, რასაც მიჰბაძავდა. გული მერევა, გული მერევა, რომ გიყურებ. საიდან გაქვთ ამდენი სიჩლუნგე! როგორ შეგიძლიათ ამ ყველაფერს ხედავდეთ და მაინც ასეთი ბრიყვული სახე გქონდეთ!  სად არის ბუნებრივი გადარჩევა? რად მინდა მეცნიერების მიღწევები, ევოლუციას თუ შეაჩერებს და თქვენნაირები აღარ დაიხოცებიან, უფრო მეტიც – გამრავლდებიან. შენს ადგილას თავს აქამდე მოვიკლავდი. რა აზრი აქვს შენს სიცოცხლეს, დაიბადო, გაიზარდო, გამრავლდე, მერე რეპროდუქციული ნაგავი გახდე, დაჭკნე და მოკვდე? ეგ არის შენი მისია? კი, ეგ არის. რა გინდათ ამ ცხოვრებისგან? არაფერიც არ გინდათ. მხოლოდ შორს მიმავალი გეგმები და ოცნებები. აქაც შემოხვედი და ამრეზით მიყურებ. ტფუი

გავოგნდი!

-დედამიწა ყველას დაიტევს. თავი ძალიან ჭკვიანად რომ მოგაქვს, რაც ევოლუციაზე თქვი, ეგ დისკრიმინაციული არაა?  ნორმალური გგონია? ყველაფერი ამორალური თავისუფალს არ ნიშნავს. და საერთოდაც, სულაც არ ვფიქრობ, რომ რეპროდუცქიული ნაგავი ვარ, ნუ, ვიქნები.

– თითქოს არც ისე სულელი ხარ, მაგრამ მორალი რა სახსენებელი იყო. მორალი ადამიანმა სხვის მოსატყუებლად მოიგონა, სინამდვილეში არ არსებობს, ის მხოლოდ სხვების აზროვნებაშია. ის სხვა კი არც ერთ ადამიანში არაა. ევოლუცია ჩიხში თვითონ შევიდა, როცა ადამიანის შეგნებას იმის დაშვების უფლება მისცა, რომ მონოგამია მორალურია.

– რა, არა?

– არა. გენებს არჩევანის საშუალება აღარ აქვს. საერთოდ, ხვდები რაზეც გელაპარაკები? დღეს ისეთი დებილები ხართ, მიკვირს, თვალების დახამხამება როგორ ისწავლეთ. გენეტიკა საოცარია. მისი დამსახურებაა, ასეთი რომ ხარ. სქესი რომ გაქვს, თმა, თმის ფერი, კანი, კანის ფერი და ისიც, გამრავლება რომ შენი უმთავრესი მისია გგონია.

– არ მგონია, რა შემჭამე. იქნებ ცოლის მოყვანას სულაც არ ვაპირებ.

– ამას გენეტიკას ვეღარ დავაბრალებთ. ცოლი რა შუაშია. ეს გავატაროთ. ბავშვი არ გინდა? პედარასტი ხარ?

– პედარასტი მამაშენია. ასეც რომ იყოს, ეგეც გენების ბრალია? მაგაზე მაინც ნუ გექნება პრეტენზია, ეგ, როგორც ვიცი, არჩევითი არაა.

– ვინ იცის. ერთი იცოდე, სწორედ გენების სასიკეთო მუტაციის შედეგია ჩვენი (ჩემი, შენი არა) საგნობრივი აზროვნება, რამაც ცივილიზაციის განვითარებას დაუდო სათავე. ქრომოსომული, ფენოტიპური და ფსიქოლოგიური ძვრების შედეგი კი –  ქცევის მოდელის და ხასიათის ჩამოყალიბება. მაგრამ, ეს ყველაფერი სქესობრივადაა დიფერენცირებული. არა მხოლოდ ადამიანებში, ზოგადად – მცენარეებშიც, ცხოველებშიც. ყველაფერი სქესია, შემდეგ სექსი. ბედისწერის გჯერა? ან რას გეკითხები, თქვენ ყველას გჯერათ და იცი, მართლიც ხარ რომ გჯერა. ბედისწერა არსებობს, მაგრამ მას თვითონ ადამიანი ქმნის. ადამიანი თავის ბედს თავად წერს, ოღონდ ისევ და ისევ გენების დამსახურებით. ადამიანის ბედისწერა სხვა არაფერია, თუ არა მისი ხასიათი. ხასიათი კი მისი გენეტიკიდან მოდის, რომელიც ცვლილებებს გარემო პირობების შესაბამისად განიცდის, მაგრამ ძირეულად არასდროს იცვლება. ადამიანი რაც იბადება, ის ნაგავი კვდება. ხომ იცი, ღმერთმა ადამიანი თავის სახედ და ხატად შექმნა და გამოვიდა ის ასეთი საშინელიო, ერთმა ჭკვიანმა კაცმა თქვა. ღმერთი არა, მაგრამ ბედისწერა არსებობს, რომელიც სექსზე და სქესზეა დამოკიდებული. სქესი კი არასდროსაა მკაცრად პოლარული, ეს კარგად დაიმახსოვრე. საზღვარი სად გადის, ეს არავინ იცის, იმიტომ, რომ ის, უბრალოდ, არ არსებობს. აქამდე გოგონები რომ მოგწონდა მხოლოდ იმიტომ, რომ პედარასტი არ ხარ. და რომ არ ხარ, ამიტომ არასდროს გიფიქრია იმაზე, რომ შენივე სქესის წარმომადგენელი შეიძლება მოგეწონოს. გიფიქრია, ღმერთები ვინ არიან? პერადასტები! კი, ესაა სამყაროს ინტელექტი და მოდა. ისინი ქმნიან იდეალებს, რომლისკენაც  შემდეგ ყველა მიილტვის, მაგრამ ეს იდეალები ისეთივე ყალბია, როგორც მე ან შენ. სულ ეს იყო. ახლა გაიქეცი. რამდენად სულელი ხარ, ესეც შენი გადასაწყვეტია.

გაშტერებული ავდექი. თავში უამრავი აზრი მიტრიალებდა. თან ვბრაზობდი, ამ სულელმა როგორ დამაფიქრა-მეთქი. ბანცალ-ბანცალით, მომთვრალუნებული გამოვედი, ვაი და კიდევ ვინმე არ შემომხმიანებოდა. სუფთა ჰაერი მესიამოვნა, ქუჩას ჩავუყევი.

– ასანთი გექნება! – ვიღაც გამომელაპარაკა.

– არა! – ვუპასუხე. წამიერად უკან დავიხიე. შევჩერდი და გავუწოდე. უცნაური საქციელი იყო. არ ვიცი, რატომ მოვატყუე.

– შენს ასაკში აქ არ უნდა დადიოდე. არ გეშინია, რამე რომ დაგიშავო?

იმ მომენტში არ მიფიქრია, რა შეიძლებოდა დაეშავებინა. არც იმაზე მიფიქრია, სახლში რატომ მივყვებოდი. ფაქტია, რომ გავყევი.

(არც ისე უცნობი ავტორი)

Post a Comment

Your email address will not be published.