ფინიკია / IV საუკუნე
ილიოპოლისი იმ დროის ფინიკიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქალაქი იყო. მის მაცხოვრებლებში კი სიმდიდრითა და ოჯახიშვილობით სახელი დიოსკორეს ჰქონდა განთქმული. ყველასათვის სასურველი სასიძო მალევე დაოჯახდა და ქალიშვილი შეეძინა. იდილია მეუღლის მოულოდნელმა გარდაცვალებამ დაარღვია.
ქალიშვილის აღზრდა მარტომ დაიწყო. ბარბარე გაიზარდა და ზღაპრული პრინცესასავით დამშვენდა. გაზულუქებულმა დიოსკორემ ჩათვალა, რომ ღარიბები და სხვა მდაბიოები მის ხილვას არ იმსახურებდნენ და მაღალ კოშკში გამოკეტა.
წლები ისე გადიოდა, ბარბარეს ადამიანებთან კონტაქტი არ ჰქონდა, მაგრამ როცა მისი გათხოვების დრო მოვიდა, სასტიკი უარი განაცხადა. დიოსკორემ გადაწყვიტა, მეტი თავისიფლება მიენიჭებინა, იქნებ გათხოვების სურვილი თავად გასჩენოდა, მაგრამ ბარბარემ ქრისტიანი ქალწულები გაიცნო, მალევე მოინათლა, ღმერთს ქალწულობის აღთქმა თავადაც დაუდო და მამას განუცხადა:
არა გიცნობიესა მამაო, რამეთუ არად სახმარ არს ჩემდა სოფელი ესე
მამა განრისხდა… ის ის იყო მისთვის თავი უნდა მოეკვეთა, რომ ბარბარე გაიქცა და ქალაქგარეთ, გამოქვაბულში დაიმალა. დიოსკორე და მისი დამქაშები დიდხანს დაეძებდნენ, ბოლოს იმ მთას მიაგნეს, სადაც ბარბარე იმალებოდა, თმებით ჩამოათრიეს, კეისარ მაქსიმიანეს მიჰგვარეს, აუხსნეს, რომ ბარბარე ქრისტიანებმა გადაიბირეს და იმსახურებდა, სიკვდილით დასჯილიყო. ახალგაზრდა მანდილოსნის სილამაზით მოხიბლული მაქსიმინიანე მის დაყოლიებას ცდილობდა, მაგრამ რაკი ვერაფერი გააწყო, გაროზგვა ბრძანა. სასტიკად წამების შემდეგ კი საკუთარმა მამამ
“დასცა მახვილი და წარკვეთა წმიდა ბარბარეს პატიოსანი თავი. იმავე წამს დაატყდა მას საშინელი ცეცხლი ციდან და ერთიანად დასწვა, ამოვარდა ფიცხელი ქარი და გაფანტა ფერფლი”
ციტატა – orthodoxy.ge
საქართველო
ამ დროის საქართველოში კი ზამთრის მზის ბუნიობის დღეობის აღნიშვნა მრავალსაუკუნოვან ისტორიას ითვლის. ეს არის ზეიმი, დიდი დღესასწაული, როცა ყველა ღვთაება ბარბალეს ეთაყვანება. ბარბალე ნაყოფიერების ქალღმერთია. ახალი წლის დადგომასთან ერთად, ქართული მოსახლეობა ხაჭაპურებს, ლობიანებს, რძის ფაფას და ა.შ. შესაწირად ამზადებს. ყველაფერი მრგვალი უნდა იყოს. მრგვალი იმიტომ, რომ ნაყოფიერების სიმბოლოა. აქედან მოდის სიტყვა ბორბალიც. ბარბალობის განუყოფელი და უმნიშვნელოვანესი დეტალი იყო მეკვლეობაც.
მაგრამ საქართველოში ქრისტიანობამ გავრცელება დაიწყო და ბარბალობა, როგორც წარმართული დღესასწაული, ბარბარობამ ჩაანაცვლა. ისტორიები შეერწყა და ფინიკიელმა ბარბარემ რამდენიმესაუკუნოვანი ბარბალობის ტრადიცია მიიერთა. ხაჭაპური და სხვა არასამარხვო პროდუქტებით დამზადებული ცომეული დღესასწაულს გამოაკლდა. დარჩა მხოლოდ ლობიანი, რომელიც დიოსკორეს ქალწულ ბარბარესთან არავითარ კავშირში არაა, მაგრამ 17 დეკემბერს კი სამუდამოდ დაუკავშირდა.
ამიტომ გვაქვს ორი ბედობაც..
ეს ძველი, ბარბალობისდროინდელი მეკვლეობის ინსტიტუტის ნარჩენია.
ასე მოგვპარა ბარბარემ საახალწლო ხაჭაპურები.