დიდი შავი თვალები და მუქი თმა… ქერა კულულები და მწვანე, ბრდღვიალა თვალები… ორი, აბსოლუტურად განსხვავებული ბავშვი, მაგრამ ბევრისთვის მაინც ტყუპები. იქნებ იმიტომ, რომ რ-ს ვერც ერთი ამბობს? ან უბრალოდ, მათ შორის, ასაკობრივი სხვაობა სულ რაღაც სამი თვეა? ან იქნებ იმიტომ, რომ სულ ერთნაირი ტანსაცმელი აცვიათ? მიზეზი ბევრი შეიძლება იყოს, სინამდვილეში, ეს ორი პატარა ბიჭი ერთმანეთის ნათესავია. ყოველი დილა ერთმანეთით იწყება, ღამე კი პაპა-ბებიის სახლში, ‘ზალაში’ სრულდება.
სიღნაღი. შორეული 90-იანები. კალიების შემოსევა. სანადიროდ წავიდნენ. მიზანი დიადია – ჩახოხბილი უნდა მოამზადონ, კალიის ჩახოხბილი! ოჯახის წევრებსაც დაანაყრებენ და ქალაქსაც იხსნიან გასაჭირისგან. საღამოს, მართლაც რომ, შთამბეჭდავი ნანადირევით დაბრუნდნენ, მაგრამ ფეხების დაბანას მაინც ვერ ასცდნენ. “ბარძაყები არ დამბანოთ! ბარძაყები არ დამბანოთ!” დღემდე სახალისო გასახსენებელია.
მათი ბავშვური იდილია არც მაშინ დარღვეულა, როცა სკოლაში მივიდნენ და ახალი მეგობრები შეიძინეს, მაგრამ ზაფხული მაინც განსაკუთრებული მოგონებებით იტვირთებოდა… 1995 წელი. ჯერიმ ლეკვები დაყარა.
– ხომ გეუბნებოდი, ბავშვი ტრაკიდან ჩნდება-მეთქი!
– რა დებილი ხარ, რა, ვერ დაინახე, რომ ძუძუებიდან გადმოძვრა?
– ბაბულა ბებიაა, უთხარი, რომ ძუძუებიდან არ ჩნდება, არ მიჯერებს!
ბაბულას ეღინება. ემჩნევა, არ იცის, რა უპასუხოს – კი, მკერდიდან ჩნდება. უკვე დიდი ბიჭები ხართ, ეს კი უნდა ოციდეთ!
შავთვალებიანი განაწყენებული დარჩა, ხასიათი წაუხდა. ამიტომ, ჯადოსნური სადილის მომზადება გადაწყვიტეს და მთელი სამეზობლო შემოიარეს, კრეფდნენ ყველაფერს, რასაც ნაყოფი უკვე ეთქმოდა – მკვახე კარალიოკიდან დაწყებული, მწვანე ქლიავით დამთავრებული. გარეცხეს, დაჭრეს, აურიეს, ტაფაში ჩაყარეს და ქურაზე შემოდგეს… შაქარიც მოაყარეს. ყოველ 2 წუთში სინჯავდნენ და ისეთ სახეს იღებდნენ, თითქოს ამქვეყნად ყველაზე დიდ საზიზღრობას კი არა, უგემრიელეს დელიკატესს შეექცეოდნენ.
საქმე მაშინ გართულდა, როცა დუეტს მესამე, კაწაწა წევრი შემოემატა – გოგო. არა, კი მეგობრობდნენ, მაგრამ რიგ საკითხებში, მაგალითად, ღამით ბებიასთან დარჩენის შემთხვევაში, თვლიდნენ, რომ ეს გოგოს საქმე არ იყო და კონფლიქტიც გარდაუვალი ხდებოდა. კაწაწა აწივლდებოდა, რომელიმე წაუთაქებდა და იწყებოდა დაკითხვების მთელი სერია. მტყუან – მართალი არ არსებობდა. ორივე უპირობოდ უნდა დასჯილიყო!
შემდეგ ლოგოპედთან დაიწყეს სიარული. არც ლოგოპედი დაფიქრებულა, ორივეს ერთი და იგივე პრობლემა რატომ უნდა ჰქონოდა. რატომღაც, შეთქმულების თეორია, თავიდანვე გამოირიცხა. სიმართლე ახლაც არავინ იცის, ფაქტი ისაა, რომ ე.წ. მეტყველების თერაპევტის მიერ “ენის წელვები” უშედეგო აღმოჩნდა, ცოტა ხნის შემდეგ, გამართულად საუბარი, ორივემ დაიყო. ორივემ ერთად!
შემდეგ პირველი შეყვარებული. ერთს ნათია შეუყვარდა:
– არ გახსოვს? ჯერ მე გითხარი, მიყვარს – მეთქი!
– მე უფრო ადრე გავიფიქრე და არ ვამბობდი!…
გგონიათ, იჩხუბეს? არა, ორივე საძინებელში, იატაკზე იყო წამორთხუმული და დისკუსია ასე გაგრძელდა:
– მაგარი ნაშაა, არა?
რა ჰქონდათ გასაყოფი…
შემდეგ უკვე ტრადიციულად… წლები გადიოდა. ისევ სკოლა. ერთს ქიმია უყვარდა, მეორეს – ფეხბურთი. ერთს, მეორეს გარდა, სხვა მეგობარი არ უნდოდა. მეორეს ბევრი მეგობრები ჰყავდა. მერე პირველიც დაუმეგობრდა ბავშვებს, რომლებთანაც მეორე არ მეგობრობდა… ზაფხულს უკვე სხვადასხვანაირად, სხვადასხვა ადგილას ატარებდნენ. არავინ იცის, როდის და სად, მაგრამ როდისღაც, ერთ მომენტში სხვა და სხვა მხარეს წავიდნენ.
დღეს, სამსახურში, მზე რომ გამოვიდა, ოთახი განათდა, სხივს ვალი გავაყოლე და ფანჯრაში გავიხედე. დარაჯი ეზოს ალაგებდა, სამშენებლო მასალებს ეზიდებოდა. პაპაჩემი გამახსენდა.. “საყწობი” და “კოლმეურნეობა”. ჩვენ ორნი რომ დავყვბოდით ხოლმე.. ზაფხულში, ნავესში დაყრილ ხორბალზე დასეულ ბერურებს რომ დავდევდით… ეზოს ფერები ჩემს ბავშვობას ჰგავდა. გამახსენდა, ჩემი ბაღი, დამლაგებელი ელდინო და მისი ვირთხები, რომლებიც წინმდებარე შენობის სამტრედეში იმ ბავშვებს ჭამდნენ, ვინც შუა დღისას არ იძინებდნენ.
ეს ამბები 10-15-20 წლის წინანდელია. მას შემდეგ, ორი ბავშვის ისტორიაში, აღარაფერი ჩაწერილა.
This post is password protected. Enter the password to view any comments.