ექვსი წლის რომ ვიყავი, ერთ წიგნში, რომელშიც უღრან ტყეებზე იყო ლაპარაკი და რომელსაც „ნამდვილი ამბები“ ერქვა, ერთ შესანიშნავ ნახატს წავაწყდი: მახრჩობელა გველი რომელიღაც ნადირს ყლაპავდა.
წიგნში ეწერა, მახრჩობელა გველები თავიანთ მსხვერპლს მთლიანად, დაუღეჭავად ყლაპავენ. ამის შემდეგ მათ განძრევის თავიც კი არა აქვთ და ექვსი თვე სძინავთ, რომ საჭმელი მოინელონო. გველები ჯუნგლებში ცხოვრობენ და გვარიან საფრთხეს წარმოადგენენ.
მე ძალიან ბევრს ვფიქრობდი ჯუნგლების ხიფათით აღსავსე ცხოვრებაზე და ფერადი ფანქრით სურათი დავხატე. ეს იყო პეპლის მოტეხილი ფრთა. რაკი ფურცელი დიდი იყო, ფრთა კი რამდენიმე მილიმეტრზე მეტი ვერაფრით იქნებოდა, გარშემო გავაფერადე და ჩემი შედევრი მშობლებს წარვუდგინე. გულისფანცქალით ველოდი, როდის შემაქებდნენ, მაგრამ არა. თვალებში არ შემიხედავს, თორემ, დარწმუნებული ვარ, დედაჩემს გუგები გაუფართოვდებოდა. პეპელა ვერ დაინახა. საერთოდ, როგორც წესი, ვერავინ ხედავს იმას, რაც მინდა, რომ დაინახონ. ამას შეგუებული ვარ. მგონი დედაჩემს ჰგონია, რომ არ მიყვარს, არადა ასე არაა. ისე, რომც მოსწონებოდა, მაინც არაფერს მეტყოდა. უბრალოდ, შეიძლება, ტელეფონისკენ გაქცეულიყო და ყვირილი დაეწყო. უცნაური ქალია.
ჩემი ნახატი წამოვიღე და ოთახში დავბრუნდი. ფანქრები ავიღე და პეპლების ხატვა განვაგრძე. ფურცლები რომ დამიმთავრდა, კედლებზე გადავედი, სადამდეც შევწვდი, მოვხატე, შემდეგ იატაკს მივადექი. მე ვხატავდი, დედაჩემი – ყვიროდა.
ეს ნამდვილი ჯუნგლები იყო, ნამდვილი, ველური ჯუნგლები, სადაც უამრავ ყვითელ პეპელას მოეყარა თავი. დედაჩემის აზრით, ოთახი მოვჯღაბნე. რატომღაც ვერ ხედავს, პეპლები როგორ დაფრინავენ. ვერც იმ ნახატს ამჩნევს, სადაც მოტეხილი ფრთა ხატია. მე კი პეპლები მინდა, ისინი ჩუმები და ლამაზები არიან. იცი, ზოგჯერ ვფიქრობ, რომ თვითმფრინავი იმან გამოიგონა, ვისაც პეპლები არ უყვარდა. მე თვითმფრინავები არ მიყვარს. საშინელ ხმას გამოსცემენ. დედას რომ ვკითხე, ცასთან ასე ახლოს რატომ ვცხოვრობთ-მეთქი, არაფერი მიპასუხა. მგონი კარგად არ ესმის.
დიდებმა მირჩიეს, პეპლების ხატვაზე ხელი ამეღო და მეტი გულისყურით მოვკიდებოდი ხელოვნებას, ისტორიას, არითმეტიკას და გრამატიკას. რატომღაც ფიქრობდნენ, რომ გენიალური შესაძლებლობების ვიყავი, რაკი სულ ერთი ციცქნას ანბანის და რიცხვების დაზეპირება შემეძლო. დედა სულ იმას ამბობს, თვლა ლაპარაკზე ადრე დაიწყოო. ამიტომ იყო, რომ ექვსი წლის ასაკში უარი ვთქვი მხატვრის ბრწყინვალე კარიერაზე. ჩემი ნახატების უგულებელყოფამ გული გამიტეხა. მათ ხომ არაფრის გაგება არ შეუძლიათ სხვების დაუხმარებლად. ბავშვისთვის კი ძალიან მომქანცველია ყოველთვის წინასწარ აუხსნას მათ ყველაფერი.
ამრიგად, იძულებული გავხდი, სხვა პროფესია ამერჩია. გადავწყვიტე, ორი კურდღელი ერთად დამეჭირა და, პროფესიის დაუფლებასთან ერთად, ჩემი შიშებიც დამეძლია. ერთი სიტყვით, მფრინავის ხელობა შევისწავლე! თითქმის მთელ დედამიწას შემოვუფრინე და, უნდა ვთქვა, რომ გეოგრაფია ამ საქმეში ძალიან გამომადგა. თვალის ერთი გადავლებით შემეძლო გამერჩია ჩინეთი არიზონასაგან. ეს კი ძალიან სასარგებლოა, თუ ღამით მხარი გექცა და გეზი დაკარგე. და აი, ამაზონს მივადექი. პირდაპირ ჯუნგლებში დავეშვი. არე-მარეს გაოცებული ვათვალიერებდი. სიმართლე გითხრათ, თან მომწონდა, თან – არა. მზის სხივები შემაწუხებლად არ ანათებდა, ამან ცოტა დამამშვიდა. მაგრამ კარგად ვერ გავერკვიე, სად რა იწყებოდა და სრულდებოდა. ის ის იყო, დაბანაკება გადავწყვიტე, რომ უეცრად ჯოჯოხეთური ტკივილი ვიგრძენი:
– გამარჯობა, აქ რამ მოგიყვანა? – მომესმა. ვიღაცამ ისევ მხარზე დამარტყა. ასე ბიძაჩემმა იცოდა ხოლმე. გელაპარალებოდი და ვერ მოგახედეო. არადა, ალბათ ფიქრებში იყო გართული. შემდეგ დამცხებდა და რომ გეკითხა, მხოლოდ შეგეხეო, გიპასუხებდა. უკვე მივეჩვიე, თუმცა სტუმრის თუ მასპინძლის გაცნობა მაინც არ მესიამოვნა.
– გამარჯობა, აქ რამ მოგიყვანა? – გავუმეორე. პასუხი ვერ მივიღე და განვაგრძე: – როცა ამერიკაში შუადღეა, საფრანგეთში მზე უკვე ჩადის. და თუ შესძლებ ერთ წუთში ჩახვიდე საფრანგეთში, მოუსწრებ მზის ჩასვლას, მაგრამ, სამწუხაროდ, საფრანგეთი ძალიან შორსაა. ჩემს პატარა პლანეტაზე, საკმარისი იყო რამდენიმე ნაბიჯზე გადაგედგა სკამი და, როცა მოისურვებდი, მაშინ დაგენახა დაისი… ერთ დღეს ორმოცდასამჯერ ვუცქირე მზის ჩასვლას! ახლაც უნდა მივასწრო, წამოხვალ?
– მე სიარული არ შემიძლია. ყვავილები არ დადიან. შენ გირჩევნია, ეს ტოტები მომაშორო, თორემ ვერავინ მხედავს!
– მაგრამ ნადირებმა რომ…
– თუ პეპლების გაცნობა გსურს, ორი ან სამი მუხლუხოს ატანაც უნდა შესძლო. პეპლები ხომ ძალიან ლამაზები არიან. მათ გარდა სხვა ვინღა მომაკითხავს? შენ ხომ შორს იქნები. მეც ხომ მაქვს ბრჭყალები. – და მან თავისი ოთხი ეკალი დამანახა -. რაც გავიზარდე, არავის მოვუნახულებივარ. შენც, მოხვედი თუ არა, მზისკენ გარბიხარ. თუ მიდიხარ, წადი, ნუღა აყოვნებ!
არ უნდოდა, მისი ცრემლები დამენახა. ძალიან ამაყი იყო. შემეცოდა, თუმცა, დარწმუნებული ვარ, იფიქრა, უგულოაო. სულ ასე ფიქრობენ ხოლმე. ჰგონიათ, რომ ემოციები არ გამაჩნია, მაგრამ ჩემთვის მზის ჩასვლის ყურება გაცილებით მნიშვნელოვანია. გავიქეცი… იქვე ფერდობს ავუყევი და რამდენიმე წუთში კენწეროში მოვექეცი. მართლაც ლამაზი იყო. ჯუნგლებიდან მზე სხვანაირად მოჩანდა. დაღამდა. წასასვლელი არსად მქონდა და არც მინდოდა. დღეიდან აქ უნდა მეცხოვრა.
– ხუთას ერთი მილიონ ექვსას ოცდაორი ათას შვიდას ოცდათერთმეტი… მორჩა. თენდება. ისე, იცი? წინაზე რომ დავთვალე, ცხრაას თექვსმეტი მილიონ ოთხას ოცდასამი ვარსკვლავი გამოვიდა. მგონი ღამეები შემცირდა. დღე ხომ თითქმის აღარ არსებობს. როგორ ფიქრობ, დაისამდე რამდენი პეპლის ნახვას მოვასწრებთ?
თქვენ ალბათ არ იცით, რომ მე და ყვავილი დიდი მეგობრები გავხდით. ყოველ დილით წყალს ვსვამთ და პეპლების თვლას ვიწყებთ. შუა დღისას სადილს მივირთმევთ, სამხრის დროს კი ლამპის ანთება გვიწევს… შემდეგ ვარსკვლავების თვლა იწყება… ბოლო დროს ყველაფერი შეიცვალა. პლანეტის სრულ შემობრუნებას ახლა მხოლოდ ერთი წუთი სჭირდება. ყოველ წუთს ვანთებ და ვაქრობ ფარანს. თუმცა, რამდენიმე პეპლის დანახვას და ათასამდე ვასკვლავის დათვლას მაინც ვასწრებ. აი, წყლის დასალევად კი დრო აღარ მრჩება. ღამ-ღამობით ცას რომ ვუყურებ, თითქოს ყველა ვარსკვლავი ჭრიალა გორგოლაჭიან ჭად იქცევა ხოლმე, სასმელ წყალს მაწვდიან.. აი, ახლაც მეტირება. ფეხზე ადგომა აღარ შემიძლია. ჩემი ყვავილი… მე უნდა ვიზრუნო მასზე! იგი ხომ ისეთი სუსტი და ისეთი გულუბრყვილოა. ოთხი საცოდავი ეკლის გარდა არაფერი აქვს, რომ თავი დაიცვას… მე კი განძრევაც აღარ შემიძლია…
გეცნობათ? კი, ნამდვილად ” მოდელირებული პატარა უფლისწულია”. თავხედობაში ნუ ჩამომართმევთ, უბრალოდ, რამდენიმე დეტალი გამოვყავი და გადავაკეთე. რატომ? აბა, კარგად დააკვირდით. რა გავიგეთ ამ ისტორიებიდან? უფლისწულის მხედველობა, ერთი შეხედვით, უცნაურია – ხედავს და ამჩნევს ისეთ დეტალებს, რომლებიც სხვებისთვის შეუძლებელია ან პირიქით. შეხების მიმართ ზემგრძნობიარეა. აქვს გასაოცარი ინტელექტუალური შესაძლებლობები სამ სფეროში – მატემატიკა, ხელოვნება და მეხსიერება. იმახსოვრებს ფაქტებს და ადგილმდებარეობას. პლუს – ემოციებთან დაკავშირებული სირთულეები. რუტინა! – მისი ცვლილება შიშს ჰგვრის. (ფარანი, ვარსკვლავები, დაისი ), ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ არ ან ვერ ესმის. არ აქვს თვალით კონტაქტი. აქვს ექოლალიური მეტყველება – იმეორებს სხვების ან თავის ნათქვამს. ზემგრძნობიარეა ხმაურის მიმართ. თითქოს ვერ იგებს სხვების გრძნობებს/შეგრძნებებს…
ჩემი აზრით, პატარა უფლისწული თავის სამყაროში ჩვენ გვერდით ცხოვრობდა. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ეკზიუპერმა მაგალითისთვის აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვი აიღო. ))
ისე, ვისაც ბავშვობა გაგახსენდათ, შეგახსენებეთ, რომ პროექტი “50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ“, გრძელდება. ხმის მიცემა აი, ამ ლინკიდან შეგიძლიათ. 🙂