გაზეთ “ბათუმელების” 34-ე ( 406-ე) ნომერში ჟურნალისტ ნანა კვაჭაძის სტატია ” ეროტიკული პოეზიის უცნობი ავტორი” დაიბეჭდა. სტატიას პატარა ინტერვიუც ახლავს, სადაც ტიციან ტაბიძის მიერ ვალერიან გაფრინდაშვილისადმი გამოგზავნილ იმ ორ წერილზე ვსაუბრობ, რომელიც მთელ ამ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ყურადსაღებია. თუ რატომ, ამას ქვემოთ გაიგებთ.
1916 – 1917 წლებში ტიციანი ვალერიანს, მოსკოვიდან ორ წერილს უგზავნის, სადაც თავისი მოსკოვური ცხოვრების შესახებ ყვება.
“ძვირფასო ჭიჭიკო!
მიიღე ჩემი სალამი შენდა პაოლოს გადასაცემადაც. როგორც იქნა მივედი მოსკოვში, მაგრამ უბედურებაა ნამდვილი, რა ვქნა არ ვიცი… მე მგონია შენც გაგიჩნდებოდა ეხლა ახალი ხლაფორთი. მოსკოვიდან პირველ სიცივეს ანთებს ალით ელენე დარიანი, რომელიც რაღაც ბედით აქ მოხვდა. ხშირად გიგონებთ შენ და პაოლოს. წავიკითხეთ ერთად უკანასკნელი ლექსები……შენი ტიტე ტაბიძე” (28 სექტემბერი, 1916 წ.)
ამ წერილიდან ირკვევა, რომ ტიციანმა იცის, ვინაა ელენე დარიანი, ის ელენეზე და პაოლოზე, როგორც სხვადასხვა ადამანებზე, ისე საუბრობს. თუმცა, ელენე დარიანის პიროვნების იდენტიფიკაციის პირდაპირ საშუალებას არ იძლევა.
მეორე წერილი 1917 წლით თარიღდება. ( 2 იანვარი)
“ძვირფასო ჭიჭიკო!
გვიანად გილოცავ უკვე წასულს დღესასწაულებს. ამნაირი მოწყენა და სიცივე არასდროს არ მიგვრძნია მოსკოვში, როგორც ეხლა, ამ წლის დასასრული ჩემთვის ერთი გაუთავებელი კოშმარია. როგორც გამწარებული მშიერი მგელი, ისე ვიკბინები გარშემო. მეგობრები არ მყოლია, მაგრამ თანდათან მაინც მიდიან… იქნებ გზა იქეთ ქონდეთ… რეტიანივით ვზივარ ფილიპინოვის კაფეში და მაგონდება ”რაიმსი” და ”სამოთხე”. ( კაფეები ქუთაისში). ამ ცვედნობას თქვენ აძლევდით სიცოცხლეს. არ ვიცი ეს რითი გათავდება, მე ბევრის მეშინია, თუ დავეშვი, შემდეგ ვერაფერი გამაჩერებს. თქვენ, როგორც გეტყობათ კიდევ გამოგყვათ ქართული მზე და ლოთობაში კენტავრობთ პოეზიაში … მე ძალიან მაინტერესებს ” ყანწები”, თუმცა პაოლოს სუფრის ბოლოში მოუკიდივარ, თუ ინტერესი არა, წელთა დამსახურება მაინც წინააღმდეგი უნდა ყოფილიყო ამის. რასაკვირველია, ეს წვრილმანია, მაგრამ ეხლა ისე ცუდად ვგრძნობ თავს, რომ ამასაც აქვს მნიშვნელობა. ამის გარდა აქ აბურთავებენ ერთ ჭორს, ვითომ პაოლო უნდა უმოყვრდებოდეს ერთ სკვითელ ქალს, რომელსაც შორიდან ჩვენც ვიცნობთ, რამდენად მართალია ესამბავი და თუ ჭორია, რისგან გავრცელდა?.. მე იმისთანა კაცმა გადმომცა, რომ არ შეიძლებოდა არ ცოდნოდა, რატომ უნდა გავიგო მე უკანასკნელმა?
თქვენ წერილებს მხოლოდ მპირდებოდით, რათ არ მიგონებთ, თუნდა მაშინ, როცა ლოთაობთ, ჩემი მშიერი და ხარბი სული ხომ თქვენთანაა… გალაკტიონის საღამომ როგორ ჩაიარა. ”მეგობრებში ” (სალიტერატურო და პოლიტიკური გაზეთი, გამოდიოდა 1916 – 1917 წლებში) წავიკითხე რეცენზია, თითქო ძალიან საინტერესოა, მაგრამ გიტარის რომანსებს იმის გარდა, რომ პროვინციის სუნი უდის, ისედაც მიუღებელია, მე მგონია. ჟურნალები ძალიან ვრცელდებიან, ეს ”ლეილა”( სამხატვრო – სალიტერატურო ჟურნალი 1916 – 1924 წლებში) და ”საფირონი”. ”ლეილაში” გრიშაშვილმა თითქო გადამიხადა სამაგიერო ჩემი ,,ყანწების” პირველ წერილისთვის. მაგრამ ღმერთია მოწმე, რომ მე გულწრფელი ვიყავი და ამასთან სიყვარულით ყოველთვის მეტს ვლაპარაკობ, ვინემ ობიეკტურ ღირებულებას შეუძლია მაჩვენოს. ყოველ შემთხვევაში ჩემზე გადარება პირველი არ არი, მე მხოლოდ ის მაშინებს, ეს მეგობრობაც არ გადაედვას. ჭიჭიკო, მაპატიე ეს უსტილობა, მაგრამ ცუდათ ვარ, ცუდათ. ეჭვები ისე მჭამენ, როგორც როლინას ჭიები, ცუდ ხასიათს ვიბედებ საახალწლოდ, შეიძლება ეს საბედისწეროც იყოს. დავდივარ ხშირად ბალმონტთან, ამას ჩემთვის არ აქვს უკვე შთაგონბის და აღტაცების ნიშნები, როგორც პირვლად. ორში ერთია, ან მივეჩვიე, ან ცუდად ვარ. თუმცა კ. ბალმონტი ძალიან საინტერესოა ხანდისხან…
შენი ვერხჰარნის სონეის პირველი რვა პწკარი დიდებულია, ერთ ალაგას გადადის ტირილში галлюцинат бездомный. პირვლი ტერცინაც კარგია, უკანასკნელი ნაკლები. ასეთი იყო პირველი შთაბეჭდილება. ველი ”ყ” და ”ლეილას” ლექსებს… მაინტერესებს ძალიან ე . დარიანის ” მე და კატა” და პაოლოს ”ფარშევენგები ქალაქში”…. საახალწლოდ თუ იქნა რამე ჩვენზე, ვიცი წინდაწინ, ჩემზე არ იქნება ხელსაყრელი, წინათგრძნობით ვგრძნობ. გიგზავნი ერთ ჩემ საკუთარ სონეტს ”ფატმანს”. პირველი, რომ შემოვიღო ტრადიციათ წერილში ლექსის ჩადება, მეორე რადგან ეს პირველი სონეტია, შენც მითხარი შენი აზრი, თუ გამიპირდები მე მინდა წიგნში შევიტანო რამდენიმე სონეტი…
დავწერე ერთი ტყუპი სონეტი (близнецы). არ ვიცი, როგორ მოგეწონება ეს იდეა. ვაშენებ სამ კარავს, როგორც ფერისცვალების მოციქული შენთვის, პაოლოსა და გრიგოლისთვის. წიგნი უნდა დავამზადი იმ ზაფხულისთვის. იქ ელენე დარიანიც შევა, გალაკტიონი და ალიც( ალექსანდრე არსენიშვილი, მთარგმნელი – კრიტიკოსი, ცისფერყანწელი). ჩემი ”ქალდეას ქალაქების” კედლები თანდათან შენდებიან. ვდგევარ მექამულ ქარბუქში და მიდიან: ჟონგლერები, მისტაგოგები, დედოფლები, ძველი ოსტატები და წარმოიდგინე კონვკვიტადორიც…
მოსკოვში იანვრის სიცივეებია. პუშკინის ძეგლი სდგას, როგორც კამანდორი, ასე შეადარა ერთმა მოსკოველმა ფუტურისტმა კარალევიჩმა, რომელმაც დასწერა სინტერესო წიგნი სათაურით მაინც ”Студенты столицы”. ბევრია სურათების გამოფენა, თუ დაგაინტერესებს, რეპროდუქციებს მაინც გამოგიგზავნი. მაქს ვოლაშინმა გამოაფინა სურათებად ”სონეტების გვირგვინი” ძალიან საინტერესოა, ყოველი სტრიქონი სურათია. ”Монастыри в предвверий пустыни”,” медных солнц гудящие закаты”. აგრეთვე სურათი ალტმნის ,,ანნა ახმატოვა”…
მალე გამოვა ალმანახი, სადაც ვალერი ბრიუსოვი აგრძელებს პუშკინის ,,Египетские ночи” – ებს, თუ დაგაინტერესებს, გამოგიგზავნით.
ელი არ ჩამოსულა განჯიდან, პაოლოს სიჩუმე იმ წერილზე ჩვენ რომ გამოვუგზავნეთ ღორობაა და უსინდისობა.
მარიჯანი ვინ ეშმაკია ან განჯას რად წერს? იქნებ გაიგო, მე მაინტერესებს ძალიან. ( თქვენც თუ გაინტერესებთ, აქ დააკლიკეთ )
ჭიჭიკო, ჭიჭიკო.
მათხოვარივით გთხოვ, ღვინით დასოლებული ღია წერილები მაინც გამომიგზავნოთ.
ვკვდები, ვიყინები სკვითების ქვეყანაში, ვიმარხები თოვლით მარტო, უმეგობრო, შემაბით პოეზიის ეტლში მეც.
ადღეგრძელეთ და მოიგონეთ…P.S. ნიკო ლორთქიფანიძეს მალე გამოვუგზავნი ანდრეი ბელის “Серебряный голуб” – ს. ძველი გამოცემა არ არი, პაშუკანისი ამ დღეებში უშვებს.
P.S. ”ცისფერ ყანწებზე” მკლავენ, გამომიგზავნეთ რამდენიმე ეგზემპლიარი ”საზოგადოების წევრობისა”.
P.S. ”ყანწებზე” ბევრს ლაპარაკობენ და ნერვიულად ელიან.ტივიან ტაბიძე”
ერთი შეხედვით, მეორე წერილი უფრო არაფრისმთქმელია, მაგრამ ეს ორი წერილი და ელენე ბაქრაძის ბიოგრაფია ერთმანეთს საინტერესოდ უკავშირდება. გავიხსენოთ: “…ელი არ ჩამოსულა განჯიდან, პაოლოს სიჩუმე იმ წერილზე ჩვენ რომ გამოვუგზავნეთ ღორობაა და უსინდისობა… ”
ელენე ბაქრაძის ბიოგრაფიიდან ვიცით, რომ 1907 -1916 წლები სწორედ განჯაში გაატარა, 1916-17 წლები კი – რუსეთში. თამამად შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ტიციან ტაბიძის მიერ ნახსენები ელენე დარიანი, სწორედ ელენე ბაქრაძეა!
წერილები საქართველოს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმშია დაცული.
და მაინც შეგახსენებთ, რომ პროექტში “50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, საამ ცოცხალი ხარ” ელენე დარიანის პოეზია ბევრ ხმას თუ მოაგროვებს და მისი ლექსებიც ციკლი ცალკე გამოცემად გამოვა, ეს იქნება პირველი პრეცედენტი ( გასული საუკუნის დასაწყისის შემდეგ), როცა დარიანული ლექსები ელენე დარიანის და არა პაოლო იაშვილის ხელმოწერით გამოქვეყნდება. ხმის მიცემა ამ ლინკიდან შეგიძლიათ.