მამაკაცი ოდნავ ჭუჭყიანი კუდით

by Agasfer on January 7, 2012

in 50 ქალი,50 წიგნი,ლიტერატურა

მამაკაცი ოდნავ ჭუჭყიანი კუდით… ასე ახასიათებს ჩემი საყვარელი მწერალი თავისი ახალი რომანის ერთ-ერთ გმირს, უბედურების ნიშნით დაბადებულ ალმასას, რომელიც არასდროს არავის არაფერში სჭირდებოდა. ამ ნიშნის შესახებ მისი პირველი სახელი ან წოდება, ანაც მისი მამის ან პატრონის ტიტული თუ ოცნება მიგვანიშნებს – გრაფი, ან ლორდი. ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ ალმასამ ვიღაცის და ვიღაცების იმედები ვერ გაამართლა და ახლა ერთ გაუბედურებულ ქალაქში ცხოვრობს, რომლის აივნებიც ლპება, კედლები იფშვნება, მისი სახლის ღობე კი გარღვეულია, რაც საშუალებას აძლევს, სადაც უნდა და როცა უნდა,  წავიდეს, გაისეირნოს, გული გადააყოლოს. დეგენერატების, ანუ ნაციონალისტების შეფასებით, ისტორიულ უბნებში დახეტიალობს, ჩემი აზრით კი ჩამომპალი სახლების ეზოებს სტუმრობს. ასეა თუ ისე, ალმასა ძაღლია, ბევრისთვის ალბათ ყველაზე მოწესრიგებული, დამჯდარი და ბრძენი, ზრდილობიანი, დელიკატური, მშვიდი და გულჩათხრობილი. ჩემთვის კი, უბრალოდ, გულისრევამდე მოწასყენი და ერთფეროვანი, რომლის ჭუჭყიანი კუდიც კი ვერ იწვევს ვერავითარ ინტერესს, ალბათ ჩემი ფანტაზიაც მკვდარია და ვერ ვფიქრობ, ასეთ მოწესრიგებულ არსებას, კუდი ჭუჭყიანი რატომ უნდა ჰქონდეს. არც მისი წარსულიგამოცდილების შესახებ და არც ზემოთხსენებული საიდუმლო სეირნობების შავ-ბნელ მხარეებზე მაფიქრდება რამე საინტერესო. სინამდვილეში კი რომანი ორი ადამიანის სიყვარულზეა, რომლებიც გვარწმუნებენ, რომ დააგვიანეს. არა, ჩვენ კი არა, ერთმანეთს არწმუნებენ და საწინააღმდეგოში დარწმუნდნენ თუ არა, უცნობია. სავარაუდოდ კი. ალბათ მართამ ბილეთი აიღო და ნიკოს სხვა ქვეყანაში გაჰყვა, ხალხმა კი  სინამდვილე თქვა – დაიხოცნენო. ან კი ვის ეყვარებოდა ერთი ცოფიანი ქალი, რომელიც თავისი ძაღლის გამო, მზად იყო, ისე დაეწყევლე, მესამე პირი სიცილისგან ადგილზე გახრწნილიყო. ადამიანები არ ტყუიან. ისინი იმ სიმართლეს ამბობენ, რომელიც ძალიან უნდათ, რომ ჰქონდეთ. ან ვინც უმიზნოა, ობიექტურ რეალობას აბრუნებს და ჭეშმარიტების მეორე პოლუსს გვიჩვენებს.

ასეთი არსებები არიან შუშანიკის შვილებიც. შუშანიკი იმ ქალაქის მკვიდრია, სადაც ალმასა, ნიკო და მართა ცხოვრობენ. მისი შვილები კი სულები არიან, ის არარსებული რეალობები, რომლებიც ძალიან გვინდა, ან პირიქით. ნიკო და მართაც მათი შვილები არიან. ისინი დავითის და თამარის სიყვარულის შექმნისთვის იბრძვიან და მიზნის მიღწევისთანავე უჩინარდებიან. უჩინარდებიან მათთვის და იმ გარემოსთვის, თორემ მათი ისტორია ალბათ სადღაც სხვაგან გრძელდება. ვინ იცის…

აი, ალმასა კი დარჩა. სულ ვფიქრობ, მართას ( მისი პატრონის ) გაუჩინარების შემდეგ, მისი ბედი როგორ გადაწყდებოდა და ერთი იაპონური კვლევა მახსენდება. პატარა გადახვევას გავაკეთებ, იქნებ ალმასას ბედნისწერა ამოვიკითხოთ.

მოგეხსენებათ, იაპონელების დამოკიდებულება ბრინჯის მიმართ.. რაღა ჩვენი ყბადაღებული ვაზი და რაღა მათი ბრინჯის პლანტაციები. ერთხელ, ჭკვიანმა ადამიანებმა, ანუ, რიგითმა იაპონელებმა, ბრინჯის სამი თესლი აიღეს და სამ სხვადასხვა ჭურჭელში დათესეს. სამივეს პრაქტიკულად ერთნაირ პირობებში იზრდებოდა. პრაქტიკულად იმიტომ, რომ რაღაც განსხვავება მაინც არსებობდა. ეს განსხვავება გარშემომყოფთა დამოკიდებულება იყო. პირველ მათგანთან ყოველდღიურად მიდიოდნენ და კომპლიმენტებით ამკობდნენ, გამოხატავდნენ უდიდეს ბედნიერებას მისი არსებობის გამო და არწმუნდებდნენ, რომ ამაზე დიდი სიხარული ადამიანთა მოდგმას არ გააჩნდა. მეორე ბრინჯს სხვა ბედი ეწია, მას სულ აგინებდნენ და წყევლიდნენ, მასაც და მის გამჩენსაც. ეუბნებოდნენ, რომ არავის სჭირდებოდა და მისი არსებობით მხოლოდ პრობლემები ექმნებოდა გარესამყაროს. აი, მესამეს კი ყურადღებას არავინ აქცევდა. აბა, თუ მიხვდებით, რა შედეგები მიიღეს?

პირველი მშვენივრად აიზარდა, იმაზე პროდუქტიულიც აღმოჩნდა, ვიდრე ბუნებრივ პირობებშია, ბევრიც მოისხა და ხარისხიანიც. მეორემ უხეში ყლორტები გამოისხა, გახევებული და ძლიერი. სამაგიეროდ, უნაყოფო აღმოჩნდა. აი, მესამე კი დალპა.

ალმასაც ბედიც ამიტომ მაღელვებს. უკვე მეორედ დარჩა მარტო. ისევ უმიზნოდ, უაზროდ და უფუნქციოდ.

„ალმასა, აბა, თქვი „მიაუ“ – ეუბნებოდა მართა.  სწორი მიდგომის პირობებში, შეიძლება მართლაც ესწავლებინა, რომ გარღვეული ღობიდან გაძრომის შემთხვევაში, მეზობლის ეზოში მოთამაშე ველური ბავშვები არ დაეკბინა, თუმცა კატად ნამდვილად ვერ აქცევდა. ალმასა არც  სამტრედიის სკოლა – პანსიონოს შემდეგ იკნავლებდა. სიყვარულს ვერავის ასწავლი, ეს ისედაც იცის. უბრალოდ, გარემო უნდა შეუქმნა, რომ გამოამჟღავნოს. და აი, აქ არის ჩემი სუბიექტური მამაძაღლობაც. მე კატები ყოველთვის მეტად მიყვარდა. ანუ, ისევ დამოკიდებულებებში დავბრუნდით.  ამიტომ, ყველამ ერთად ვწეროთ ანა კორძაია-სამადაშვილის მშვიდობის ბიბლია და ვიყოთ სუბიექტურები, გადავწყვიტოთ ჩვენ რა გვინდა და რა არა! მე ანა კორძაია-სამადაშვილის “შუშანიკის შვილები” აი, აქ მინდა. ანა ჩემი შუშანიკია!

ხმის მისაცემად ამ ბმულს დააკლიკეთ.

ანა სიაში, “50 ქალი, რომელსაც უნდა იცნობდე”,  მეცხრე ადგილს იკავებს : ))

{ 11 comments… read them below or add one }

აგათა January 7, 2012 at 10:43 pm

მესამე პირი სიცილისგან ადგილზე გახრწნილიყო ლოლ :დ :დ

ცოტათი მისტიური პოსტი იყო ))
მომეწონა <3

Reply

Agasfer January 7, 2012 at 10:53 pm

სულ ვამბობდი, ქართული ლიტერატურა ოთარ ჭილაძესთან ერთად მოკვდა-მეთქი, მაგრამ როგორ ვცდებოდი, თურმე )

Reply

აგათა January 8, 2012 at 1:36 pm

ჰოდა ძალიან კარგი თუ ცდებოდი ))
მე ეგრე არ ვფიქრობ რომ ჭილაძესთან ერთად მოკვდა, მაგრამ არც მთლად ნორმალურ მდგომარეობაში :\

Reply

როდე January 7, 2012 at 11:20 pm

მეც მომეწონა თავის დროზე ეს წიგნი.
ჰოდა, იაპონურ კვლევას რაც შეეხება – სწორედ ამიტომ 2012.

Reply

Agasfer January 7, 2012 at 11:24 pm

ჰო, მახსოვს შენი პოსტი :) 2012-ის ამბავს ვერ მივხვდი :შ

Reply

როდე January 8, 2012 at 2:22 pm

ანუ “დამოკიდებულება” და მოლოდინი აუცილებლად აისახება კოსმოსზე.

Reply

Agasfer January 18, 2012 at 9:43 pm

შეიძლება. არ ვიცი, ვერ შეგეკამათები ))

Reply

prodigycow January 18, 2012 at 6:56 pm

ზურა, რა გინდა თქვა, რომ ქართული ლიტერატურა 2009 წლამდე ჯერ კიდევ ცოცხალი იყო? :დ
ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ აუცილებლად ვიყიდი ამ წიგნს.
ისე, კარგ რომანს რომ წაიკითხავ, ხომ გსიამოვნებს. მაგრამ კარგ რომანს რომ კითხულობ და თან ეს კარგი რომანი თანამედროვე ქართულ ლიტერატურას მიეკუთვნება, ორმაგად გსიამოვნებს კაცს. ალბათ რელევანტურობის ბაზარია ან რამე ეგეთი.

Reply

Agasfer January 18, 2012 at 9:43 pm

არა, უბრალოდ, ბოლო ჭილაძე იყო, :დ ერთადერთი :დ

დანარცენში გეთანხმები 100 % ))

Reply

Precelsus January 26, 2012 at 9:08 pm

“სულ ვამბობდი, ქართული ლიტერატურა ოთარ ჭილაძესთან ერთად მოკვდა-მეთქი, მაგრამ როგორ ვცდებოდი, თურმე”

კი ცდებოდი, ოღონდ ეს ის არ არის რაც შენ გგონია :D

ქართული ლიტერატურა მოკვდა სადღაც მე-20 საუკუნის დასაწყისში, ჭილაძე და ერთი-ორი კაცი კონვულსიებივით იყვნენ :დ

მაგრამ მე სულ სხვა რამ მაინტერესებს :) აი ამ 50 ქალს რ. Pრინციპით არჩევ?

Reply

Agasfer January 31, 2012 at 10:29 am

ნუ, მასეც შეიძლება :დ

50 ქალს რაც შეეხება, პრინციპი არ არსებობს :დ ვისაც ვთვლი, რომ საინტერესო ბიოგრაფია აქვს, მათ ვირჩევ :დ

Reply

Leave a Comment

Previous post:

Next post: