შესავალი
ქათამი წმინდა ფრინველია
ქვესათაურში გამოტანილი იდეის ჭეშმარიტების დაბადებიდან მჯეროდა. შეუძლებელია იმის აღწერა, რა თბილი და არაადეკვატური გრძნობები გამაჩნია ამ ფინველის მიმართ. ჯერ კიდევ ერთი ციდა ვიყავი, ვაშლის ხის ძირას, მუხლებზე ვარიებს რომ ვისვამდი და ლექსებს ვუკითხავდი. ზოგჯერ ვმღეროდით – “დაუკარიით, რომ ძველ ხანჯალს ელდა ეეცეს…” მაგრამ, ამის პარალელურად, არსებობს სამი ისტორია – სამი შემზარავი ამბავი. თუ რატომ გიყვებით, ბოლოს გაიგებთ.
ისტორია I
საქათმეში შეპარული… მხეცი
ზამთარია. მე სულ პატარა ვარ. სკოლის ასაკისთვის ჯერ არ მიმიღწევია, თუმცა ჭკუა უკვე მომეკითხება და ქათმების მიმართ გაჩენილი თბილი გრძნობების გამოხატვაც შემიძლია. ერთ დღეს, ოჯახის რომელიღაც წევრმა სასოფლო-სამეურნეო იარაღები მოგვიტანა. ენა არ მიბრუნდება, ვთქვა, საბავშვო იყო-მეთქი, რადგან ნამდვილისგან მხოლოდ მისი ზომა გამოარჩევდა, ანუ, ეს იყო პატარა ზომის, ხისტარიანი და ლითონისპირიანი ბარები, თოხები, ლაფატკები და ა.შ. მე და ჩემი ძმა სიხარულით ცას ვეწიეთ. სათამაშო გეგმაც დავსახეთ და გზას გავუდექით… სად მივედით? საქათმეში. რა გავაკეთეთ? ამ იარაღებით ყველა ქათამი სადისტური წამებით ჩავკალით! ავკუწეთ და იმ ტაშტში ჩავყარეთ, საიდანაც წყალს სვამდნენ. სახლში დაბრუნებულებმა განვაცხადეთ, რომ ყველა ქათამი ტრაგიკულად გარდაიცვალა – დაიხრჩვნენ!
ისტორია II
მესაფლავე
შედარებით დიდი ვარ, მგონი სკოლაშიც დავდიოდი. საქართველო ისევ ბნელი და უკუნეთია. ამჯერად ქათმები ყველგან დარბიან, მათ შორის, ჩვენი სახლის ეზოშიც. ჯერ ვეთამაშებოდი, ბუდეებს ვუწყობდი, შემდეგ კი გენიალური იდეა მომივიდა. ორმო ამოვთხარე, ერთი საყვარელი თეთრი ჩრიხვი ჩავსვი, გვერდით ჩემი დის წითელი ჩანთა მივუდე, ხორბალი ჩავუყარე, ზემოდან ფიცარი დავაფარე, მიწა მივაყარე და წამოვედი…
დავმარხე!
ისტორია III
დაკარგული 27 სილა
მე და ჩემი და თითქმის ტოლები ვიყავით, საერთო ინტერესებიც გაგვაჩნდა, შესაბამისად, ბავშვობიდან ვმეგობრობდით. არა, კი ვხოცავდით ერთმანეთს, მაგრამ მაინც. ამჯერად თელავში ვარ. ზაფხულია. ტყის პირას ვსეირნობ, რაღაც არაჩვეულებრივი ამინდი იყო, თან სიჩუმე. ამიტომ, გადავწყვიტე, აღმოჩენები გამეკეთებინა და სახლიდან ისეთ მანძილზე წავსულიყავი, ჯერ რომ არ მქონდა გაბედილი. ახლანდელი გადასახედიდან შორი სულაც არაა, თუმცა, მაშინ მომეჩვენა, რომ მთელი დღე მივდიოდი. მოკლედ, ჩვენს ქუჩაზე, 200-300 მეტრის დაშორებიტ უნივერსიტეტია, მის წინ კი ცისფერი ჯიხური, ე.წ. “ბუტკა” იყო გახსნილი. მივედი, კევის ფასი ვიკითხე. 5 კაპიკიო. ეს 5 დავიმახსოვრე და წამოვედი. სახლში რომ დავბრუნდი, მხოლოდ დეიდაჩემი დამხვდა. მეორე სართულზე, საძინებლების კუთხეში პატარა მაგიდასთან იჯდა და ტელეფონზე საუბრობდა. მე დედაჩემის ოთახში შევედი, მისი საფულე გავხსენი, ყველანაირი თანხა ამოვიღე, რომელსაც ხუთიანი ეწერა, მათ შორის ერთ-ერთი ამოვარჩიე და ისევ ჯიხურს მივაშურე. გამყიდველის გაოგნებული სახე ახლაც მახსოვს, ეს ლაწირაკი ამხელა თანხით რომ დამინახა.. ფული მივეცი, კევი გამოვართვი, პლუს რამდენიმე შოკოლადიც გამომატანა და წამოვედი. შინ დაბრუნებულს სულ სხვა სურათი დამხვდა: დედაჩემი დაკარგულ “დიდ თანხას” ეძიებდა და ნერვიულობისგან სახეზე ალმური ასდიოდა. შემეშინდა. ახლობლების გარემოცვაში შევერიე, დედაჩემს მივუახლოვდი და ვთქვი:
– ნინომ აიღო!
ეს ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა დედაჩემმა თავისი შვილი სცემა. იმ მომენტში მართლა მერჩივნა, თითოეული ხელის გული მე მომხვედროდა, მაგრამ უკვე გვიანი იყო..
ესაა ის ისტორიები, რომლებიც ხშირად მახსენდება, უფრო ხშირად მესიზმრება და კიდევ უფრო ხშირად ვყვები. არ მასვენებს!
მაგრამ, ყველაზე საინტერესო იცით რა არის? ვერც ერთი ის ადამიანი, რომელიც ამ ამბებთანაა დაკავშირებული, მსგავსს ვერაფერს იხსნებს. ფსიქიატრს მივაკითხო თუ თქვენ მირჩევთ რამეს?