არასასურველი პასუხის მოსმენის შიშით არდასმული შეკითხვების შესახებ გეცოდინებათ. ახლა ერთი პასუხის შესახებ მინდა დავწერო. პასუხი პოსტის სათაურშია. მართალია, 25 წლის ადამიანისგან მსგავსი ტექსტების მოსმენა ცოტა უხერხულია, ამიტომ თავიდან დავიწყებ.
იმ ბავშვების კატეგორას განვეკუთვნები, დაბადებიდან ვუნდერკინდად რომ არიან შერაცხულები. “3 წლისამ ვეფხისტყაოსანი ზეპირად იცოდა”, “სკოლაში რომ შევიდა, მხატვრულ ლიტერატურას კითხულობდა” და ა.შ. სინამდვილეში, კი არანაირი გამართლება აქვს 2-3-4-5 წლის ბავშვს ლექსები, პოემები, წერა-კითხვა და მათემატიკა ასწავლო. მართალია, ჩემთვის არავის უსწავლებია და მხოლოდ უფროსი ძმის წამხედურობით დავისწავლე, მაგრამ ხუთოსნის წოდება დამსახურებულად დავიმსახურე. პრობლემის სათავე სწორედ ამ წოდებაშია, რომელიც სინამდვილეში დადებითი აკადემიური მოსწრების აღმნიშვნელი სიტყვა კი არა, სოციალური სტატუსია.
ის, რომ პასუხისმგებლობა გამაჩნდა და ცოტა გონებაც მიჭრიდა, რა თქმა უნდა, არ გამორიცხავს, ცელქი ვყოფილიყავი – რამე დამეშავებინა, შატალოზე წავსულიყავი, საკლასო ოთახში ფეხბურთი მეთამაშა და ა.შ., მაგრამ ეს ჩემთვის არ შეიძლებოდა, “არ მეკადრებოდა”, რაკი ხუთოსანი ვიყავი, ხუთოსნისთვის შესაფერისი ქცევაც უნდა მქონოდა და არა 6- წლის ბავშვისა, რომელსაც ჯერ კიდევ ძალიან უნდა თამაში და გართობა. სკოლა სწორედ ასე დავამთავრე. ახლა უკვე დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ “ხუთოსნობა” სკოლასთან ერთად არ სრულდება. გადაჭარბებული მოლოდინები ჭაობივითაა _ რაც მეტს მოძრაობ, უფრო ეფლობი. სწორედ ამიტომ, ჯერ კიდევ ტინეიჯერმა, ზურგზე უზარმაზარი პასუხისმგებლობა წამოვიკიდე და დღემდე ასე გრძელდება. ეს ყველაფერი იმდენად შეუმჩნეველი და ზედაპირულია, გააზრების საშუალება მანამ არ გეძლევა, სანამ შენი ბიოლოგიური ასაკი და შენი ასაკობრივი იდენტობა ერთმანეთთან წინააღმდეგობაში არ მოვა.
ამ ბოლო დროს ჩემს სიახლოვეს ერთი 17 თუ 18 წლის ახალგაზდა გამოჩნდა. განსაკუთრებული არაფერი – მეგობრის მეგობარია. მისი გაცნობის დღიდან ვამტკიცებ, რომ საშინლად ტუტუცი ადამიანია. მის მიმართ ჩემმა აგრესიამ იმდენად შემაწუხა, გადავწყვიტე, დამოკიდებულება როგორმე შემეცვალა და დაკვირვება დავწყე – რა მაღიზიანებდა, რა არ მომწონდა მასში და აღმოვაჩინე, რომ ეს მე ვარ ბოღმა და შურიანი, თორემ ის სიცოცხლითსავსე ახალგაზრდაა და სწორედ ეს მაცოფებს. სანამ ჩემი ხუთოსნობა ძალას იკრებდა, გამომრჩა პერიოდი, როცა შემეძლო მასსავით თავზეხელაღებული ვყოფილიყავი. მეკეთებინა ყველაფერი, რასაც თანამედროვე ნორმალური ახალგაზრდები აკეთებენ, მეცხოვრა ისე, როგორც გარდატეხის ასაკგამოვლილ იმ ბიჭს შეეფერება, საკუთარი როლის ძიებაში ყველაფერს რომ მიედ-მოედება. ხან სისულელეებს სჩადის, ხანაც “კარგად იქცევა”. ესაა ჩემს შეკითხვაზე პასუხი და ამ პასუხის მომსმენა არ მინდოდ ყველაზე მეტად. თურმე ასეა – რაც მეტს აკეთებ, მეტი პასუხისმგებლობა გაქვს. პასუხისმგებლობას კი უბედურების მეტი არაფერი მოაქვს.
რა ვიცი, რა ვიცი…