ერთ ჩვეულებრივ, პოლიტიკურად ნეიტრალურ დღეს, კომისარიატში დამიბარეს. გავიქეცი და გამოვიქეცი. საღამოს ლექციაზე უნდა მივსულიყავი. განსაკუთრებული არაფერი. მოვდიოდი და ვფიქრობდი, რომ ჯარი რომ ნებაყოფლობითი არაა, მარაზმია და მეტი არაფერი, რომ ჩემგან რა ჯარისკაცი უნდა გამოვიდეს? რამდენიმე ადგილას ვმუშაობ, ვსწავლობ, მილიონი გეგმა და ათასი საქმე მაქვს. ვიცნობ ადამიანებს, ვისთვისაც ეს მოწოდებაა. უყვართ, უნდათ და სხვანაირად ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ…
ამასობაში ჩამობნელდა. მშრალ ხიდზე შევდექი… ზუსტად არ ვიცი რომელ სოფელს ვუახლოვდებოდი, თუმცა თბილისამდე დიდი გზა აღარ იქნებოდა, როცა “საჭე ვერ დავიმორჩილე”. ეს ფრაზა ყოველთვის მესმოდა და მხოლოდ ახლა მივხვდი რას ნიშნავდა ან რა ხდება, როცა “ვერ იმორჩილებ”. რა ხდება და მანქანა თავის ნებაზე დადის წინ და უკან, შენ კი არაფრის გაკეთება არ შეგიძლია. შემხვედრი მიმართულებით მოძრავ მანქანას დავეჯახე, დავამუხრუჭე და დავბზრიალდი. ბოლო რაც მახსოვს, ისაა, რომ ხიდის ბეტონის ბორდიურს შევასკდი და დავინახე უფსკრული, რომლისკენაც მივფრინავდი… ესაა წამები, რომელსაც ალბათ ვერასდროს დაივიწყებ. მით უმეტეს მაშინ, როცა გვერდით ყველაზე ახლობელი ადამიანი, შენი და გიზის და მასზე პასუხისმგებლობა შენ გეკისრება. ესაა წამები, როცა უნებლიეთ გაგეფიქრება, რა შეიძლება იმის იქით იყოს..
თვითმხილველთა გადმოცემით, მანქანა ბზრიალით დაეშვა 15 მეტრის სიღრმის ხევში და 30 მეტრის სიგრძეზე ფრენის შემდეგ დაეცა.
მესმის, არალოგიკურია, როცა ამას მთავარი მოქმედი გმირი წერს. პირველი, რაც მოგროვებული ადამიანებისგან მოვისმინე, იყო შემდეგი:
“სულ ასე გევლოთ!”
ვიფიქრე, მწყევლიდნენ და ცოტა გავბრაზდი. მერე გავარკვიე, რომ მოსახლეობის გაოცებას მხოლოდ ის იწვევდა, რომ პირველები ვიყავით, ვინც უვნებლად გადავრჩით. უფრო სწორად, საერთოდ გადავრჩით. თურმე, ამ ადგილას, ავარიები პრაქტიკულად ყოველ კვირას ხდება და შედეგები ერთმანეთზე საზარელია.
გადარჩენის მიზეზი კი ერთადერთია – ხევში ჩავარდნილი მანქანა ბორბლებზე დაეცა და ხტუნაობით დაეშვა მანამ, სანამ ხეს არ დაეჯახა და შეჩერდა. გახეთქილი საბურავი გამოვცვალე და გზა გავაგრძელე. ლექციას კი ვეღარ ჩამოსწარი, მაგრამ ვინღა ჩიოდა…
პ.ს. “ნელა იარე, ბიჭო!” და მსგავსები არ მიიღება, ცხოვრებაში მაქსიმუმ 140 კ/მ სთ. სიჩქარით, ისიც რამდენჯერმე მივლია.