ზევით ცა…
ცაში თვალი…
თვალში მზერა არნახული…
მზერაში სიტყვა, რომელიც არ მესმის…
ქვევით მძიმე, ცოცხალი მიწა –
ბევრი მძიმე და ცოცხალი ამბით…
ცასა და მიწას ჰყოფს საიდუმლო –
ყველას რომ სწამს და არავინ რომ არ იცის…
ირგვლივ ხის ჩარჩო…
და ჰკიდია ლურსმანზე ცა
რომელშიც არის თვალი…
თვალი –
რომელშიც არის მზერა…
მზერა –
რომელშიც არის სიტყვა
სიტყვა –
რომელიც არ მესმის…
მიწა ამბით… და
გამყოფი საიდუმლო –
ყველას რომ სწამს და არავინ რომ არ იცის.
და ეს ყველაფერი ამშვენებს ჩარჩოს –
ჩარჩოს, რომელიც ჰკიდია ლურსმანზე…
ცა თვალით,
თვალი მზერით,
მზერა სიტყვით,
მიწა ამბით,
საიდუმლო რწმენით, –
ჩარჩოზე მორგებული და
ლურსმანზე დაკიდებული, –
ჩვეული ხიბლით მასულდგმულებდა.
ერთხელაც, შეირყა მიწა. გაფითრებული კედელი უცაბედად გაშიშვლდა და არაფერი არ შერჩა, მხოლოდ ლურსმანი, მუნჯად რომ ეჭირა არნახული მზერა, საიდუმლო, ყველას რომ სწამს და არავინ რომ იცის და სიტყვა, რომელიც არ მესმის.