“წითელი ბაირაღები”
ამ სახლში ჯავახიშვილები ცხოვრობდნენ. მათი თანაცხოვრება ოჯახური იდილიის მაგალითად შეიძლება ჩაითვალოს. მწერალი, მიხეილ ჯავახიშვილი, მოსიყვარულე მეუღლე და მამა, სტუმრებს ყოველთვის სიხარულით ხვდებოდა. მათთან ქართული ინტელიგენციის წარმომადგენლები ხშირად იკრიბებოდნენ. პრეფერანსს თამაშობდნენ, საუბრობნენ ხელოვნებაზე, სხვა საჭირბოროტო საკითხებზე, მხიარულობნენ; პიანინოს მიუსხდებოდნენ, ამღერდებოდნენ. საღამოობით კი რუსთაველის გამზირზე სეირნობნენ. შეზარხოშებული ილო მოსაშვილი მიხეილს ხშირად ეუბნებოდა, მიხო, უშენოდ ღმერთმა ერთი დღეც არ მაცოცხლოსო. მათ წრეში განსაკუთრებულ ყურადღებას გრიგოლ რობაქიძის რუსი მეუღლე, ლენა იქცევდა. თვალისმომჭრელად ლამაზი, დახვეწილი და ელეგანტური, ყოველთვის სასურველი სტუმარი გახლდათ. ჯავახიშვილებთან სიახლოვე ყველასთვის პატივი იყო. ახლა კი, ამ ოჯახში ცოდვის ბრალი ტრიალებდა. კარის გასაღებად ლუბა ჯავახიშვილი გაემართა, მომხიბლავი ქალბატონი, რომელიც თავისი ჰუმანურობით და დახვეწილი ჩაცმა-დახურვით ქალაქში ცნობილი იყო. ის და მისი ქალიშვილები ტანსაცმელს სახელგანთქმულ საშა მკერავთან იკერავდნენ. ყოველი ახალი შენაძენი პირველად ოჯახის უფროსს უნდა შეეფასებინა. როგორი დაკავებულიც არ უნდა ყოფილიყო, კალამს გვერდით გადადებდა, სათვალეს გაიკეთებდა და საყურებლად მოემზადებოდა. შემდეგ ჩაახველებდა, მის წინ მოტრიალე საყვარელ მანდილოსნებს, ხუმრობის ხასიათზე მოსული, ღიმილიანი სახით შეჰყურებდა და ქათინაურებით ანებივრებდა. კარგი გემოვნება ჰქონდა, ყველაფერი სადა და ელეგანტური მოსწონდა. ზაფხულობით ტილოს თეთრ პიჯაკს, ზამთარში კი მუქი ფერის ტანსაცმელს ატარებდა. ჰალსტუხს მხოლოდ სახლში, ოჯახის წევრებთან იხსნიდა. ეტიკეტი ყოველთვის ყველაფერში დაცული უნდა ყოფილიყო. ქალბატონმა ლუბამ კარი უხალისოდ გააღო და იკივლა…
მიხეილ ჯავახიშვილს მოღვაწეობა იმ პერიოდში მოუხდა, როცა რეჟიმის წინააღმდეგ კალმით გამოსვლაც დანაშაული იყო. მიუხედავად იმისა, რომ სიცოცხლეშივე ხალხის უსაყვარლესი მწერალი გახდა, მისი ცხოვრების გზა ია-ვარდით არასდროს ყოფილა მოფენილი. ცილისწამება, შური, ინტრიგები, უნდობლობა, გაუგებრობა, ბოროტება – მისი ცხოვრების თანამდევი გახდა. სამწერლო ასპარეზზე გამოსვლისას პოლიტიკამ გაიტაცა, რამაც, საბოლოოდ 1937 წლის სისხლიანი მოვლენების ეპიცენტრში აღმოაჩინა. 1904 – 1907 წლებში ფედერალისტთა პარტიაში ირიცხებოდა, 1921 წლიდან კი სოციალ-დემოკრატებს შეუერთდა, თუმცა მალევე პარტიის ლიკვიდაცია მოხდა და მისი ყველა წევრი, მიხეილ ჯავახიშვილის ჩათვლით, დააპატიმრეს. მწერალი ორთაჭალის ციხეში აღმოჩნდა. ციხის გვერდით გაშენებულ ბაღში პატარა სახლი იყო ჩადგმული. ბაღი მაღლობზე იყო და ციხეს საკნების მხრიდან გადაჰყურებდა. მიხეილს მეუღლემ შეატყობინა, რომ სურსათის შეტანისთანავე ბაღში გადაეხედა. ისიც გამხდარი და ფერმკრთალი, ღიმილიანი სახით ფანჯარას მიადგებოდა, აცრემლებულ ცოლ-შვილს ხელს დაუქნევდა და მეოთხე სართულიდან ნაწყვეტ-ნაწყვეტ ფრანგულად ელაპარაკებოდა.
პატიმარი ჯავახიშვილი დიდხანს იყო უარზე და გამომძიებლის მიერ შეთხზულ ოქმს ხელს არ აწერდა. მეუღლესთან ბოლო ვიზიტის შემდეგ, საკანში დაბრუნებულს, ქალის საშინელი კივილი შემოესმა, კარს გაგიჟებული მივარდა და დაინახა, როგორ მიათრევდა რამდენიმე კაცი ქალბატონს, რომელსაც ისეთივე კაბა ეცვა, როგორიც მის მეუღლეს. იფიქრა, რომ მისი ცოლი დაკითხვაზე შეჰყავდათ და აწამებდნენ. კარს მუშტები დაუშინა, მისულ ზედამხედველებს თვითონ სთხოვა და ჩვენებას ხელი მოაწერა. მაშინ ვერ მიხვდა, რომ ყველაფერი მხოლოდ დადგმული სპექტაკლი იყო. განაჩენი მკაცრი აღმოჩნდა, მას დახვრეტა მიუსაჯეს. ჯავახიშვილი სიკვდილმისჯილთა საკანში გადაიყვანეს, საიდანაც პატიმრები განაჩენის სისრულეში მოსაყვანად ღამის სამ-ოთხ საათზე გაჰყავდათ. ამ ამბებს ინტელიგენციის სუკეთესო ნაწილი შეეწირა. მწერალი, აღსარულის მოლოდინში, ღამეებს თეთრად ათენებდა, განთიადს ფეხზე ეგებებოდა და უხაროდა, რომ კიდევ ერთი დღე იცოცხლა. თავისი ტანსაცმელი და ცოტაოდენი ბარგი, რაც საკანში გააჩნდა, ბოხჩაში შეკრული, წინასწარ გაამზადა და ზედამხედველებს სთხოვა, სიკვდილის შემდეგ, მისი ცოლისთვის გადაეცათ. იმ ღამეს, როცა განაჩენი უნდა აღესრულებინათ, ბოხჩა ფანჯრის რაფაზე შემოდო, იმ გზას გახედა, უკანასკნელად ცოლ-შვილი რომ დაინახა, მოლოდინში, ფიქრებში წასულმა თავი ბოხჩაზე ჩამოდო და როცა მზის სხივებმა გამოაღვიძეს, მის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა. 1923 წლის 3 აგვისტოს, ელბაქიძის დაღმართზე, საკუთარი სახლის ზღურბლთან, ლუბა ჯავახიშვილი ხან ტიროდა, ხან – იცინოდა, მის წინ ხომ მიხეილი იდგა – ბოხჩით ხელში.
როგორც გაირკვა, მიხეილ ჯავახიშვილის სიკვდილით დასჯის ამბავს ქართული საზოგადოება აუღელვებია. პავლე ინგოროყვა, ნიკოლოზ ყიფშიძე და კიდევ რამდენიმე გამოჩენილი პიროვნება სერგო ორჯონიკიძეს მიხეილ ჯავახიშვილის შეწყალების თხოვნით ეწვია. მან მისი ,,ბუნებიდან გამომდინარე”, შეიბრალა და რეზოლუცია მაშინვე გააუქმებინა. მწერალი ექვსთვიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს. ცამეტი წლის შემდეგ, საქართველოს გასაბჭოების მეთხუთმეტე წლისთავთან დაკავშირებით, კრემლში, მიხეილს შრომის წითელი დროშის ორდენით რომ აჯილდოვებდნენ, ხელი ჩამოართვა მთავრობის ყველა წევრს, სერგო ორჯონიკიძესთან კი მცირე ხნით შეჩერდა და უთხრა: – მე თუ დღეს ცოცხალი ვარ, თუ მწერალი გავხდი და ეს ჯილდო დავიმსახურე, თქვენ უნდა გიმადლოდეთ! ნიკოლოზ ყიფშიძეს მისთვის 1923 წლის ამბები რომ არ გაეხსენებინა, ორჯონიკიძე ვერასოდეს მიხვდებოდა, თუ რატომ უხდიდნენ მადლობას. ეს ამბავი დიდი ხნის დავიწყებული ჰქონდა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ ჯავახიშვილმა პარტიულ საქმიანობას თავი დაანება და ლიტერატურულ ცხოვრებაში ჩაება.
მკითხველს მისი შემოქმედება მოსწონდა და მალევე ძალიან პოპულარული გახდა, თუმცა ჯავახიშვილის ნაწარმოებები ტენდენციური, არაობიექტური, პარტიული ლოზუნგებით გაჟღენთილი, ტრადიციების უარმყოფელი და უფროსი თაობის მწერლებისადმი დაუნდობელი კრიტიკის ქვეშ აღმოჩნდა. ამ ხალხს ძალაუფლება ხელისუფლებამ და პარტიამ მისცა. ისინი ანადგურებდნენ ყველაფერს, რაც მათი იდეოლოგიისათვის მიუღებელი იყო. პარტიულ მანდატს ეფარებოდნენ და მთავრობის მიმართ ერთგულებას თავიანთი საჯარო გამოსვლებით ამტკიცებდნენ. კულტურითა და სწავლა-განათლებით ნაქებ ძველი თაობის მწერლებს თავს ესხმოდნენ, შეურაცხყოფდნენ.
მიხეილ ჯავახიშვილი კი ქედს არავის წინაშე იხრიდა, დიპლომატიური მიდგომა აკლდა, გამომწვევადაც კი იქცეოდა. ხასიათის სიმტკიცის მიუხედავად, სუსტი და გამხდარი იყო. ბეჭებში ოდნავ მოხრილი დადიოდა, ხელჯოხით. სათვალეს ატარებდა. ყურადღებას დახვეწილი, ინტელიგენტური მანერებით იპყრობდა. დარბაისლური, ბოხი ხმით ლაპარაკობდა. დიდი სიმპატიით სარგებლობდა ქალთა საზოგადოებაში, მასაც უყვარდა ლამაზი ქალები, მათთვის ქათინაურებს არასდროს იშურებდა. მისი ყოველი ახალი ნამუშევარი საზოგადოების მითქმა – მოთქმის ობიექტი ხდებოდა. სექსი და ინტიმური დეტალები, რომლებიც მის შემოქმედებაში გამოჩნდა, გახდა საბაბი, რომ მწერლისთვის უხამსის და უზნეოს იარლიყი მიეწებებინათ. განსაკუთრებით მწავე რეცენზიები “ჯაყოს ხიზნებზე” დაიწერა. იმდროინდელი კრიტიკოსის, ს. ჭანტურაშვილის, რეცენზიაში ვკითხულობთ: “და ჩვენ ვეკითხებით მიხეილ ჯავახიშვილს, ნუთუ ის სერიოზულად ფიქრობს, რომ ქალის გრძნობებისთვის საკმარისია მამაკაცის ფიზიკური ღონე და სადისტური “დაბუნება” ისეთი ნადირის მიერ, რომელიც არა თუ სულიერად, არამედ გარეგნულადაც არ გავს ადამიანს, აქვს თუ არა ჯავახიშვილს წარმოდგენილი, რომ ქალის სქესობრივი წყურვილი, იგივე დედობრივი ინსტინქტია, რომელიც ამაღლებს და აკეთილშობილებს ქალის ბუნებას და არ აგდებს მას იმ წუმპეში, რომელშიც სცურავენ მისი გმირები. ჯავახიშვილი კი თავის რომანში სადისტური მიდრეკილებებით ეწაფება ამ მომენტებს და სქესობრივ აქტებს სთვლის უმთავრეს მამოძრავებელ ძალად მისი და ქალის ცხოვრებაში”. როგორც ჩანს, არც მკითხველი იყო ამ ყველაფრისთვის მომზადებული. კონსტანტინე ჭიჭინაძე სწერდა ჯავახიშვილს, ერთი ლამაზი ქალიშვილი, რომელსაც ძალიან უყვარს სხვების გასაგონად ხმამაღლა კითხვა, გითვლის: ჩემო ბატონო, თქვენი მოთხრობების კითხვა მიტაცებს მეტად, მაგრამ ბევრი გასაწითლებელი მომენტები გვხვდება შიგო.
პროლეტარულ მწერალთა პლენუმზე ჯავახიშვილის პოლიტიკური შეხედულებების განხილვა დაიწყო. ტონის მიმცემი ბენიტო ბუაჩიძე გახლდათ: – “ჯავახიშვილმა დაბეჭდა “დამპატიჟე”, რომელიც სრული გამომხატველია ყოველგვარი ავთვისებისა და წარმოადგენს ერთგვარ დამახინჯებას საბჭოთა საქართველოს სინამდვილისა. აქ გამოყვანილია, ვითომ არსებობდეს ერთგვარი კადრი პროლეტარიატისა, რომელიც უსინდისოდ ყვლეფს სოფელს და თუ დღემდე სოფელს ყვლეფდა მებატონე, დღეს მას ყვლეფს ბოგანო პროლეტარიატი. აი, ეს არის საგრძნობი. ეს ყველაზე საგრძნობლად ახასიათებს მწერლის პორნოგრაფიულობას და ცხოვრებიდან დაცილებას. ჯაყოს შემდეგ ჯავახიშვილი წერს აშკარად პორნოგრაფიულ ნაწარმოებებს: “მუსუსა”, “ოქროს კბილი”, “პატარა დედაკაცი”. ჯავახიშვილზე იმიტომ ვლაპარაკობ ასე, რომ სამწუხაროდ მას ერთ-ერთი დიდი ადგილი უჭირავს ჩვენს მწერალთა შორის და მის განწყობილებას და ტენდენციებს საშიში ხასიათი აქვს.” მან ქართულ ლიტერატურაში ბურჟუაზიული და თანამგზავრული ფენები გამოყო. ჯავახიშვილისგან მტრის ხატი იქმნებოდა. ტიციან ტაბიძემ და კონსტანტინე გამსახურდიამ მისი დაცვისთვის პლენუმის მონაწილეთა რისხვა დაიმსახურეს.
მიზანში ამოიღეს გრიგოლ რობაქიძეც, რომელიც მიხეილ ჯავახიშვილთან მეგობრობდა, იმის მიუხედავად, რომ ჯავახიშვილი მის შემოქმედებას, განსაკუთრებით კი მის ქართულს, მუდმივად აკრიტიკებდა. გრიგოლი ჯავახიშვილების მახლობლად, პატარა ორსართულიან სახლში ცხოვრობდა, რომელიც მწვანეში იყო ჩაფლული. ეს იყო ევროპული სტილით ნაგები პატარა კოტეჯი. თვითონ გრიგოლი ნამდვილი ინტელიგენტი გახლდათ და გარეგნობითაც ევროპელს წააგავდა. საშუალოზე მაღალი, ელეგანტური, ევროპულ ყაიდაზე, მუდმივად მოდურად ჩაცმული, ქართველი მწერლებისგან გამოირჩეოდა. 1930 წელს გერმანიაში წავიდა, სადაც შეიტყო, რომ დაბრუნების შემთხვევაში ბერია მის დაპატიმრებას აპირებდა. იქ დარჩა და მაშინ დამთავრდა ჯავახიშვილების და რობაქიძეების მეგობრობაც. მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის სხდომაზე მისი საქციელი სასტიკად დაგმეს. მიხეილმა მასთან მიმოწერა შეწყვიტა.
მწერალი ყოველ დილით ადრიანად იღვიძებდა, აივანზე გასული, თუ ბერიას დაინახავდა, მაშინვე ოთახში ბრუნდებოდა, ხასიათი უფუჭდებოდა. ბერიას სახლი მიხეილ ჯავახიშვილის მეზობლად იდგა, მათი აივნები ერთმანეთს უყურებდა. ერთხელ, თეატრში, ანტრაქტის დროს, ნინა ბერია მიხეილთან მივიდა, მოიკითხა და უსაყვედურა: -ბატონო მიხეილ, რა არის, რომ ჩვენ არ გვკადრულობთ, ერთხელ არ გვესტუმრებით, ერთმანეთთან კი ასე ახლოს ვცხოვრობთ. ჩვენ თქვენი დიდი პატივისმცემლები ვართ და გვწყინს, რომ თქვენ განზე დგახართ და არა გვკადრულობთ. ლავრენტი პავლოვიჩი ღამე სამუშაოდან დაღლილი რომ მოდის, მე მას სამ-ოთხ საათამდე თქვენს არსენას ვუკითხავ ხოლმე. ძალიან მოსწონს თქვენი რომანი. გთხოვთ, ერთხელ მაინც მობრძანდით ჩვენთან. ლუბამ მეუღლეს მისვლა ურჩია, მაგრამ მიხეილმა მოკლედ მოუჭრა: ‘”რა ვქნა, მე მაგათ გუნდრუკს ვერ ვუკმევ, არ შემიძლიან!”
საერთოდ, ბერიას ქართულ ინტელიგენციასთან ახლო და მეგობრული ურთიერთობა სურდა. ხვდებოდა, რომ ჯავახიშვილს შეეძლო მისი კრემლისკენ წინსვლა შეეფერხებინა და მასთან დაახლოებას უშედეგოდ ცდილობდა. ყველას იშორებდა, ვინც მისი წარსულის შესახებ რაღაც იცოდა, ჯავახიშვილიც მიზანში ამოიღო, მის ყოველ ნაბიჯს აკვირდებოდა. მათ შორის ურთიერთობა ნელ-ნელა დაიძაბა.
1836 წელს მწერალმა “ქალის ტვირთის” დაბეჭდვა დაიწყო. ვ. ერმილოვმა ურჩია, რჩევებისთვის ამიერკავკასიის ბოლშევიკების ისტორიის კარგი მცოდნისთვის, ლავრენტი ბერიასთვის მიემართა. მიხეილმა ამის გაკეთება საჭიროდ არ ჩათვალა, რამაც ბერიას გულისწყრომა გამოიწვია და მწერალს უსაყვედურა. ამ ამბიდან მალევე, ბერიამ საკუთარი ინიციატივით განკარგულება გასცა, რომ თბილისში მეტეხის ეკლესია დაენგრიათ. ამ ფაქტმა ქართული ინტელიგენცია აღაშფოთა. მიხეილ ჯავახიშვილმა, რამდენიმე მწერალთან ერთად, ბერია აიძულა, მის მიერვე მიღებული რეზოლუცია გაეუქმებინა. ბერია ჯავახიშვილს დაემუქრა, რომ მას ამ საქციელს არასდროს აპატიებდა. მათი ურთიერთობა კიდევ უფრო დაძაბა ენის სიწმინდის საკითხებთან დაკავშირებულმა გაუგებრობამ. ბერიამ სამეცნიერო ცენტრების იგნორირების ფონზე ქართული მეტყველებიდან ერთ-ერთი ასო გააუქმებინა. ჯავახიშვილმა მომხდარის შესახებ სტალინს აცნობა. მალევე, საქართველოს აკადემიის ფილიალმა სტალინის პასუხი მიიღო, რომელიც მიხეილ ჯავახიშვილის ფორმულირების სიმართლეს ადასტურებდა და მისი აზრის სისწორეს იზიარებდა. შეურაცხყოფილმა ბერიამ ჯავახიშვილი თავისთან დაიბარა და განრისხებულმა ჰკითხა, თუ რატომ ჩართო საქმეში სტალინი და ყველაფერი პირადად მასთან არ გაარკვია. ჯავახიშვილმა აუხსნა, რომ მისგან საქმის სამართლიან გადაწყვეტას არ მოელოდა.
1937 წლის ივნისში, საქართველოს კომპარტიის ყრილობაზე მოხსენებით ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი ლავრენტი ბერია გამოვიდა და თავის სიტყვაში ჯავახიშვილიც მოიხსენია. საქმე ცუდ მიმართულებას იღებდა. გაიმართა პრეზიდიუმის სხდომა, ჯავახიშვილს თავისი “ცოდვები” უნდა მოენანიებინა, წარსული დაეგმო და “შეცდომები” საჯაროდ ეღიარებინა. ბრალდებები საგანგებოდ იყო შეთხზული. მწერლები მგლების ხროვას ჰგავდნენ, რომელთა სამსჯავროზეც მსხვერპლად შესაწირი ადამიანი იდგა. მიხეილს ანტისაბჭოთა ქმედებებში ადანაუშაულებდნენ. ბრალი დასდეს, რომ მწერლები, რომლებიც მასთან სახლში იკრიბებოდნენ, შეთქმულებისთვის ემზადებოდნენ და რეჟიმის წინააღმდეგ ფარულად იბრძოდნენ. ჯავახიშვილი თავის მართლებას არ აპირებდა.
პაოლო იაშვილი ბერიამ თავისთან დაიბარა, იქიდან წამოსულმა პოეტმა სახლში გაიარა, თოფი აიღო, ცოლს დაუბარა სანადიროდ მივდივარო და მწერალთა კავშირს მიაშურა, სადაც კვლავ ბერიას მიერ ნახსენები “მოღალატე მწერლების” საკითხი განიხილებოდა, მიხეილ ჯავახიშვილს გვერით მიუჯდა. – რა იყო, რა გითხრა ბერიამ? – გამოელაპარაკა ჯავახიშვილი. – საიმისო არაფერი… მალე დაგიმტკიცებთ, რომ არც ისე ცუდი კაცი ვარ, თქვენ რომ გგონიათ. – ჩაილაპარაკა და დარბაზიდან გავიდა. ცოტა ხნის შემდეგ, თოფის გასროლის ხმა გაისმა. კრება აიშალა და შეშინებული ხალხი ზემოთა სართულისკენ გაიქცა. დერეფანში, იატაკზე პაოლო იაშვილი სისხლში ამოსვრილი იწვა. თავი მოიკლა. სამარისებურ სიჩუმეში დემეტრაძის ხმა გაისმა: -ისეთი არაფერი მომხდარა, წავიდეთ, კრება გავაგრძელოთ! ყველა დაემორჩილა. დარბაზში ჩავიდნენ და სხდომა განახლდა, თითქოს ჩიტი მომკვდარიყოს. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ბერიას მისთვის ჯავახიშვილის და ტიციან ტაბიძის წინააღმდეგ ცრუ ბრალდების დაწერა უთხოვია. დიდი ხანი არ იყო გასული, რომ მიხეილის ძმა ფიდო, ტიციან ტაბიძე და კიდევ რამდენიმე მწერალი დააკავეს.
დადგა აგვისტო. თბილისის ცხელ ამინდებს ჯავახიშვილებმა თავი ქვიშხეთში შეაფარეს, სადაც მწერლები ყოველ ზაფხულს ერთად მიდიოდნენ და მხიარულობდნენ, გვიან ღამემდე ნარდს თამაშობდნენ, ხეივანში დასეირნობდნენ, ლიტერატურულ საკითხებზე კამათობდნენ. ქეთო ჯაფარიძე, იმ დროისათვის ყველაზე პოპულარული მომღერალი, არაჩვეუებრივი სიმღერებით ანებივრებდათ. იმართებოდა საღამოები, რომლებშიც მწერლები და მწერალთა სახლის დამსვენებლები მონაწილეობდნენ. ახლა კი, ღამით, მიხეილ ჯავახიშვილი უფროს ქალიშვილთან ერთად, სახლის წინ ბაღში იჯდა, სევდიანი ცას გაჰყურებდა და დანა პირს არ უხსნიდა. – მამა, რა ხდება ჩვენს ირგვლივ, ამ ამბებზე შენ რას ფიქრობ? – ვერაფერს გეტყვი, მე თვითონ აღარაფერი გამეგება რა.- უპასუხა და ციდან მოწყვეტილ ვარსკვლავს თვალი გაყოლა… ცუდად ენიშნა. მეორე დილით, 1937 წლის 14 აგვისტოს, მძინარე ჯავახიშვილს თავს ორი ჩეკისტი დაადგა. “თქვენ დაპატიმრებული ხართ!” მწერალი უჩვეულო სიმშვიდით წამოდგა. პანიკაში ჩავარდნილ ქალიშვილს მწერალთა კავშირის მიერ ნაჩუქარი სოჭის სანატორიუმის საგზური გადასცა და სთხოვა, უკან დაებრუნებინა. სომეხმა ჩეკისტმა გარედან დაიძახა: “Отберите у этого негодяя орден!” წინააღმდეგობა არ გაუწევია… მას შემდეგ მიხეილ ჯავახიშვილის შესახებ არავინ არაფერი იცოდა.
17 აგვისტოს მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის სხდომაზე მკაცრად დაგმეს ჯავახიშვილის პიროვნება, მწერლები კავშირის რიგებიდან მის გარიცხვას და ფიზიკურ განადგურებას მოითხოვნენ. ტაბუ დაედო მის შემოქმედებას, მისი წიგნები საჯაროდ დაწვეს. აიკრძალა ჯავახიშვილის ხსენებაც კი. ქონება დააყადაღეს. ქალაქში ამაზრზენი ჭორები გაავრცელეს. ”ხალხის მტრის” შვილები სასწავლებლებიდან გარიცხეს. ოჯახის წევრები საშინელი რეპრესიების ქვეშ აღმოჩნდნენ, ბინა ჩამოართვეს, მხოლოდ ყოფილ სასადილო ოთახში ცხოვრების ნება დართეს. მათთან ურთიერთობას ძველი და ახლო მეგობრებიც გაურბოდნენ… უამრავი დამცირების და შეურაცხყოფის ატანა უწევდათ… ქალბატონ ლუბას პურის რიგში დგომისას უცხო ქალბატონმა გადაულაპარაკა, მიხეილ ჯავახიშვილი დაუჭერიათ, ნატახტარის წყალსადენის მოწამვლა სდომებიაო. მას შემდეგ სახლიდან აღარ გასულა.
შინსახკომელებმა ქონების აღრიცხვა დაიწყეს. რამდენიმედღიანი მუშაობის შემდეგ, მათი წასვლის დრო რომ მოახლოვდა, უკრაინელმა ჩეკისტმა ქეთევანი გვერდით ჩუმად გაიხმო, ბოდიში მოუხადა შეწუხებისთვის და სთხოვა, სამახსოვროდ მამამისის რომელიმე წიგნი ეჩუქებინა. ქეთევანი აქვითინდა და “არსენა მარაბდელი” გაუწოდა. ეს იყო უზომოდ გაბედული ნაბიჯი, შეიძლება ითქვას – თავზეხელაღებული საქციელიც. წლები გადიოდა, თერთმეტი ქვეყნის ჯაშუშობაში “მხილებული” მწერლის ოჯახს იშვიათად თუ ვინმე გაიხსენებდა.
ერთ საღამოს, მოულოდნელად, ჯავახიშვილების ოთახის კარი გაიღო და გერონტი ქიქოძე, გოგლა ლეონიძე და ლეო ქიაჩელი შევიდნენ. უხმოდ, როგორც პანაშვიდძე, სკამებზე ჩამოსხდნენ. თვალებზე ცრემლები მოადგათ, ქალებიც აქვითინდნენ. შემდეგ ადგნენ და ხმის ამოუღებლად ოთახიდან გავიდნენ. უდანაშაულო მწერლის ოჯახს ბევრი უთანაგრძნობდა, მაგრამ შორიდან… ისე, რომ ვერავის გაეგო.
მიხეილ ჯავახიშვილის ბედის შესახებ კი ისევ არავინ არაფერი იცოდა. ლუბამ ტანსაცმლის მალულად კერვა დაიწყო, თუმცა მეზობელმა, ვინმე ბეთანელმა, ფინგანს შეატყობინა და 12 000 მანეთით დააჯარიმეს. ხუთწევრიანი ოჯახის რჩენა მიზერული ხელფასით უფროს ქალიშვილს, ქეთევანს უწევდა. ჩვიდმეტი წელი გავიდა.
1954 წელს ჯავახიშვილებთან ტიციანის მეუღლე ნინო ტაბიძე მხიარული შეძახილებით, ხმაურით შევარდა, წითელი ყელსახვევი მოიხსნა, ჰაერში ააფრიალა და დაიყვირა: -გილოცავთ, ბერია აღარ არის ამქვეყნად! და მოჭარბებული ემოციების გამო გული წაუვიდა. შემდეგ ქუჩაში გაცვივდნენ, ძველებურად ამაყები, თავაწეულები, ტიროდნენ და იცინოდნენ. ქეთევანს მამის დაბრუნების იმედი გაუჩნდა.
ბერიას გარდაცვალებიდან მალევე, დღის წესრიგში მიხეილის, ტიციანის და პაოლოს რეაბილიტაციის საკითხი დადგა. საქართველოს მწერალთა მეოთხე ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა ვასილ მჟავანაძე. მისი თქმით, საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა გამოარკვია, რომ “კაცისმკვლელთა საზიზღარი ბანდის ინტრიგების და ტერორის მსხვერპლნი გახდნენ ქართული მხატვრული სიტყვის შესანიშნავი ოსტატები, ცილი დასწამეს და შეურაცხყვეს პატიოსანი ადამიანები: მიხეილ ჯავახიშვილი, ტიციან ტაბიძე და პაოლო იაშვილი. მე მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ სათანადო ორგანოების გადაწყვეტილებით ეს პირები რეაბილიტირებულნი არიან.” მჟავანაძის მოხსენების დამთავრებისთანავე ტაშის ძლიერი ხმა გაისმა. ხალხი ტალღასავით წამოიმართა, ყველა ფეხზე ადგა, ზოგი ტიროდა, ზოგი – იცინოდა, ერთმანეთს ულოცავდნენ. მამაკაცებიც კი ტიროდნენ. ქეთევან და რუსუდან ჯავახიშვილებიც წამოდგნენ, ოღონდ თავს ძალას ატანდნენ, რომ არ წაქცეულიყვნენ. “მსხვერპლნი გახდნენ” _ ეს ორი სიტყვა მათთვის უსასტიკესი განაჩენი იყო. მეორედ განიცადეს მამის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი. სამუდამოდ მოესპოთ ის იმედი, რომლითაც ჩვიდმეტი წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ. მიხვდნენ, რომ მამა დიდი ხნის გარდაცვლილი იყო.
მიხეილის მეგობრებიდან მის შვილებთან შეხვედრას თავი ილო მოსაშვილმა და კიდევ რამდენიმე მწერალმა აარიდა. მჟავანაძის სიტყვებმა თავზარი დასცათ. მათ დიდი ცოდვა მიუძღვოდათ ჯავახიშვილის წინაშე და მიხვდნენ, განკითხვის დღე ახლოვდებოდა. ილოს საკუთარი სიტყვები გაახსენდა ”მიხო, უშენოდ ღმერთმა ერთი დღეც არ მაცოცხლოსო”, თვალწინ გაურბინა იმ წუთებმაც, როცა ბერიასგან მიხეილის ლიკვიდაციის გეგმას ისმენდა. რეაბილიტაციის გამოცხადებიდან ორ კვირაში ილო მოსაშვილი საკუთარ სახლში მთვრალი, მარტოდმარტო გარდაიცვალა.
თურმე ხალხს ჯავახიშვილის შემოქმედება დასაწვავად და გასანადგურებლად არ გაუმეტებია. ზოგმა სოფელში გაგზავნა მისი წიგნები და იქ სხვენზე გადამალა; ზოგმა ძველ ბუხარში, რომელსაც აღარ ანთებდნენ, წლების მანძილზე შეინახა, ახლა იქიდან ჩამოიღო, მურიანი ქაღალდი მოაშორა და თაროზე შემოდო; ზოგმა თურმე მიწაში ჩამარხა, ზოგმაც _ ქვევრებში; ზოგმა კარადაში ლენინის ტომები რომ ეწყო, ყდა შემოაცალა, შიგ არსენა მარაბდელი ჩადო და ისევ თავის ადგილას დააბრუნა. გამომცემლობებს მითითება ჰქონდათ, მისი წიგნები ეზოებში გამოეტანათ და საჯაროდ დაეწვათ, შემდეგ ნაკუწებს სკოლის მოსწავლეები აგროვებდნენ და ჩუმად კითხულობდნენ. ნოდარ დუმბაძემ გაიხსენა: “ჩემმა დამ ღუმელში დასაწვავად გადაგდებული წიგნებიდან რამდენიმე მოიპარა და ღამ-ღამობით ჩუმად კითხულობდა, შემდეგ კი მალავდა. იმ დამალულ წიგნებს ვიპარავდი და სახლის სხვენზე ვკითხულობდი. ჩემი და თორმეტი წლის იყო მაშინ, მე კი ცხა წლისა. ასეთ ასაკში შეიძლება ადრეც კი იყო დიდებული რომანებისა და მოთხრობების კითხვა, მაგრამ მაშინ ასაკს ვინ დაგიდევდა… ჯავახიშვილი შიშით, პარვით, ალიყურით, წყევლით და კრულვით შეძენილი მწერალია ჩემთვის, ამიტომ მიყვარს იგი ასერიგად, ამიტომ განვიცდი მას დღემდე ყმაწვილივით, ამიტომ მიმაჩნია თავი მის შეგირდად, რითაც უსაზღვროდ ვამაყობ და ვიამაყებ ყოველთვის”.
გაბოროტებული ბერია თურმე თვითონ აწამებდა ჯავახიშვილს. როგორც სოლისტი, ტკბებოდა მისი წამებით. ღონემიხდილთან და წაქცეულთან მისულა, მუცელზე ფეხით შესდგომია, მისივე ნათქვამი სიტყვები “ჩეკისტი გვადგას თავზეო” გაუხსენებია და უთქვამს, აი ახლა გადგას თავზე ჩეკისტიო. მისი სხეული ფეხით ჩაუწიხლავს.
ის 1937 წლის 30 სექტემბერს დახვრიტეს.