დღე პირველი

JAZZ

Gary Bartz

Gary Bartz

თბილისის ჯაზ-ფესტივალი დაიწყო და მეც, როგორც ფესტივალის ერთ-ერთი ბლოგერი, დანიშნულ დროს დანიშნულ ადგილას გამოვცხადდი.

განწყობა  – არაჩვეულებრივი;

მოლოდინი – არნახული და არგაგონილი;

და, აი, სცენაზეა მაქქოი თაინერი თავის ბენდთან ერთად. მაქქოი  წლევანდელი ფესტივალის ერთ-ერთი მარკაა. მისი დანახვისას გაურკვეველი მოწიწება გამიჩნდა, პატივისცემა. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მისი მუსიკაც ასეთი იყო, ლირიკული და არც ისე ცეცხლოვანი. თუმცა, პირველივე აკორდებიდან გიმორჩილებს და სხვა განზომილებაში გადაჰყავხარ, ოცნებებში… ეს ნამდვილად.

აი, საქსაფონისტი გარი ბარტცი კი  ჩემი სრული ფავორიტია! არა იმიტომ, რომ ბენდის წევრებზე მეტად ნიჭიერია ან ვერბალური ლტოლვა მაქვს საქსაფონის მიმართ, არა,  ამ ადამიანის გარეგნობა, ხასიათი, პროფესია, შესრულების მანერა და ჟესტიკულაცია საოცრად საინტერესო, ოდიოზურ ფიგურას ქმნის. მისგან იმხელა პოზიტივი მოდიოდა, ისე ურთიერთობდა მაყურებელთან, რომ ალბათ არავის გაუკვირდება, თუ ვიტყვი, რომ ბატონი გარი პირველი დღის საუკეთესო წარმოდგენა იყო.

ერიკ კამაუ-გრავატი – დასარტყამი ინსტრუმენტები, ვფიცავ, ეს კაცი ჯადოქარია! არ ვაჭარბებ!!! გამაოგნა ეს თვითგამოცხადებული (და, შესაბამისად მრავლისმნმახველი) ბებერი.

სმენადაქვეითებული რომ ვყოფილიყავი, ამ ყველაფრის მოყოლას მაინც შევძლებდი. წინ მეჯდა ახალგაზრდა წყვილი – შავკანიანი მამაკაცი და ქართველი გოგონა. კონცერტის მანძილზე  ამ გოგოს თვალები და მიმიკური კუნთები იმდენად ზუსტად გადმოსცემდა სცენის ემოციებს, რომ გავოგნდი. არასდროს არავინ მინახავს  ასეთი შთაბეჭდილების ქვეშ და საერთოდაც, მგონი პირველად ვნახე ნამდვილად ბედნიერი ადამიანი : ) მღეროდა, იცინოდა, ტიროდა.. რაც მთავარია, უხმოდ და შუმჩნევლად. ))

მაქქოი და მისი ბენდი აპლოდისმენტებით გავაცილეთ და სიმართლე გითხრათ, კრისტიან სკოტის კვინტეტის მიმართ დიდი მოლოდინები აღარ მქონდა. უცებ გამახსენდა, წუხელ ნეტგაზეთის პოსტის წერაში როგორ შემომათენდა, დილით გამოცდაზე როგორ გავიქეცი და ისიც, რომ მთელი დღე ნერწყვის გარდა არაფერი მქონდა გადაყლაპული და თვალი კარისკენ გამექცა. თითქოს ყველაფერი მივიღე, მაგრამ…

თურმე, მხოლოდ სახელები და მარკები ბევრს არაფერს ნიშნავს. სცენაზე ჯაზის ახალი თაობა, მუსიკით მოწამლული ახალგაზრდები იდგნენ. ამ შემთხვევაში ბენდის თითოეული წევრის დახასიათება ძალიან გამიჭირდება. ბენდი რაღაც ერთიანი, ერთსულოვანი იყო. მივხვდი, ყველაფერი ახლა იწყებოდა. შეუძლებელია აღწერო, რაც დარბაზში ხდებოდა. ლეპტოპი, პასტა და ბლოკნოტი მივაგდე და ემოციები ჩემთვის გადავინახე. ერთი ვიცი, ვინც ამას დააკლდა, ძალიან, ძალიან უნდა ნანობდეს!

ეს იყო უზარმაზარი ემოციები და დიდი მოგზაურობა ჯაზის სამყაროში – საინტერესო თაგადასავლებით, ლირიკული განწყობილებიდან ცეცხლოვან ემოციებში. ეს იყო ფანტასტიკა! ეს დღე კიდევ ძალიან დიდხანს მემახსოვრება. დღე, როცა სამყაროზე იმაზე მეტი გავიგე, ვიდრე წარმომედგინა.

პ.ს. ფოტოს ავტორი – ნასტასია

პ.პ.ს. ასე ვთქვათ, ცხელ გულზეა დაწერილი, მაპატიეთ, მეტისმეტად ემოციური თუ გამომივიდა :/

Post a Comment

Your email address will not be published.