დღეს ესპანეთში ვიყავი

JAZZ Weekend

დიახ, დღეს ესპანეთში ვიყავი. ჩემი დიდი პარიზული ოცნების შესახებ გეცოდინებათ. აი, მის მეზობელზე კი არასდროს მიფიქრია. თურმე, სულ ტყუილად. გავიცანი ტიპური ლათინოამერიკელი ახალგაზრდა ქალბატონი, რომელიც თავის სასიყვარულო ისტორიას ისეთი მხატვრულად და იმდენად გატაცებით ყვებოდა, სმენად ვიქეცი. ლამაზი და შარმიანი დიასახლისი უცნობ მამაკაცზე ყოფილა შეყვარებული. მისი ოცნების პრინცი ყოველ საღამოს, სამსახურიდან შინ მიმავალი, პროდუქტებს სწორედ ამ ქალბატონის არც თუ  ისე კეთილმოწყობილ დახლთან ყიდულობდა. დახლი, რა თქმა უნდა, მისივე სახლის ეზოშია, რომელიც არ გააჩნია. შეყვარებული მანდილოსანი სწორედ ამ დროს იწყებს თავის მოწესრიგებას და თავქუდმოგლეჯილი გარბის, რომ მისი ხილვის შესაძლებლობის არც ერთი წამი ხელიდან არ გაუშვას.. შემდეგ ყველაფერი სტანდარტულადაა – ქალი პენელოპა კრუზის ღიმილით და უხეში და უჟმური მამაკაცის მენტორული, მხოლოდ საქმიანი ტონი. თურმე, წელიწადზე მეტია, სურათი არ იცვლება, მაგრამ მთხრობელი ისეთი მხიარულად და ლაღად ყვება, ვერც კი გაიფიქრებ, რომ სევდიან ამბავს გიამბობს.

სამწუხაროდ, ჩემი მოგზაურობა მხოლოდ რამდენიმე წუთს გაგრძელდა, მქუხარე აპლოდისმენტებმა დარბაზში დამაბრუნა. დიახ, მე ისევ ჯაზ-ფესტივალზე ვარ და სცენიდან დიანა რივზი გვესაუბრება. მღერის. სიმღერას ტექსტი არ აქვს. შესაბამისად, ვერასდროს გავიგებ, დიანა ნამდვილად  ამ ამბავს ყვებოდა თუ არა, იქნებ განწყობაც სხვა იყო, მაგრამ ალბათ სწორედ აქაა ჯაზის მიმზიდველობის გასაღები – თავისუფლება. თავისუფლება განწყობაში, შინაარსსა და აღქმაში. ამ ქალბატონმა მომხიბლა. მომხიბლა თავისი პროფესიონალიზმით და კომუნიკაბელურობით, დარბაზთან მისი დამოკიდებულებით. ყოველ წამს ვგრძნობდი, რომ მხოლოდ მოვალეობის გამო კი არა, საკუთარი და მსმენელის სიამოვნებისთვის მღეროდა. დარბაზიც აიყოლია, ამღერა და სცენაც ასევე, მხიარულად და სიყვარულით დატოვა. ეს ნიჭია, მართლა : ) არ შეიძლება არ აღინიშნოს  Romero Lubambo და Russell Malone, არაჩვეულებრივი გიტარისტები. მათ გარეშე თბილისიდან ფეხს ვერსად გავადგამდი. ))

რივზი The Jazz Crusaders-მა ჩაანაცვლა. შეფასებისას ობიექტური ვერ ვიქნები. მათზე ფიქრში ღამეები მაქვს ნათევი. მოლოდინმა გაამართლა. მართალია, ჯოს თვალებში ვერაფრით ჩავხედე, მაგრამ სცენიდან გასვლამდე მსმენელის წინაშე ქედი რომ მოიხარა, მივხვდი, არ ვცდებოდი. ეს ის ჯო იყო, ჩემს ფიქრებში რომ ვხატავდი.

ასე დასრულდა თბილისის ჯაზ-ფესტივალის მეორე დღე. დღე, რომელსაც ყველაზე მეტად ველოდებოდი და მეორე დღე, რომელიც დიდხანს მემახსოვრება.

Post a Comment

Your email address will not be published.