30 ოქტომბერს თბილისის მეცამეტე ჯაზ-ფესტივალი სურპრიზებით დასრულდა. პირველი სურპრიზი ჯგუფ White Elephant-ის ‘ნანგრევებზე აღმოცენებული’, ბენდი L’image იყო. L’image უმაღლესი კლასის პროფესიონალების ის გაერთიანებაა, რომელიც არასტაბილური მდგომარეობით და საქმიანობით გამოირჩევა. ადვილი შესაძლებელია, ჩვენ, წლევანდელი ფესტივალის მონაწილეები, ის იღბლიანი გამონაკლისები ვართ, ვინც ბენდს ცოცხალი შესრულებით უკანასკენლად მოუსმინა. ძმები ბლუზების მოლოდინში, სცენაზე მათ გამოჩენას დიდი ოვაციებით არ შევმხვდარვარ, მაგრამ, თურმე სულ ტყუილად.
ვფიქრობ, რომ ვიბრაფონისტ მაიკ მაინერის ფრანგული შარმის დამსახურებაა L’image-ის მუსიკის სისადავე დაა ელეგანტურობა. ეს არის გარემო, რომელიც კომფორტს მიქმნის. მაიკ მაინერი, ყველა შემსრულებელს შორის, თავისი გალანტურობით გამოირჩეოდა. მის სოლოებზე მთელი დარბაზი ისუსებოდა. მაგრამ ერთია ჩემი სიმპატიები და… ესპანურმა ტემპერამენტმა თავისი ქნა – გიტარისტი დევიდ სპინოზა მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა. გასაკვირიც არაფერია. წარმოშობით ესპანელი მუსიკოსი, თავის დროზე, პოლ მაკარტნისთან, ჯონ ლენონთან და ჯეიმს ტეილორთან თანამშრომლობდა. სპინოზას სოლოებიც არაჩვეულებრივი იყო. სოლოებზე აქცენტს იმიტომ ვაკეთებ, რომ მთლიანობაში ბენდის მუსიკა იმდენად ჰარმონიულია, რომელიმე მათგანის გამოყოფა და დახასიათება პრაქტიკულად შეუძლებელია. თავისი შესაძლებლობების დემონსტრირებას კი ხანმოკლე, მაგრამ ეფექტური სოლოებით ცდილობდნენ. ანალოგიური შეიძლება ითქვას ტონი ლევინზეც თავისი Chapman Stick-ით, უცნაური საკრავით, რომელსაც თავისი, გრძელი და საინტერესო ისტორია აქვს. შეიძლება ითქვას, რომ ის გიტარის ევოლუციის შედეგია, რომელიც 70-იან წლებში შეიქმნა და დღემდე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. მის პოპულარიზაციაში ტონი ლევინს დიდი წვლილი აქვს შეტანილი. ფაქტობრივად, ის Chapman Stick-ის ისტორიის ნაწილია. აი, დრამერ Dr. Steve Gadd-ის გრაციოზულობა კი მის მუსიკაზეც აისახებოდა. ერთია, რომ ისე იყო ინსტუმენტებში ‘ჩაფლული’, ფოტოს გადაღებაც ვერ მოვახერხე.
ასეთი რომანტიკული ატმოსფერო წლევანდელ ფესტივალზე არ ყოფილა. საათნახევარზე მეტი ისე გავიდა, ვერ შევნიშნე. ცოტა გული დამწყდა.
და ბოლოს…
THE ORIGINAL BLUES BROTHERS BAND
ბენდის წევრების სცენაზე გამოჩენისთანავე ჩემ გვერდით მდგომი გოგონას სახეზე უცნაური ცვლილებები შევნიშნე. ჯერ წარბები აეზიდა, შემდეგ ნიკაპი აუთამაშდა და ისე გულამოსკვნილი ატირდა, მისი მეგობრის მრისხანე მზერამღა გამომაფხიზლა, თორემ მის დასამშვიდებლად დასახული სპონტანური გეგმის შესრულებას ის ისაა ვიწყებდი. მეც ვითომ არაფერი, გამოვიძურწე და შორიდან ფოტო გადავუღე. სინდისს რა ვუთხარი, თორემ მაგ ფოტოს დადება ათასი წინანადების დაწერას კი აჯობებდა.
გოგონა არ შემცდარა. არც პარიზის Royal Olympic Theatre-ს ხელმძღვანელები შემცდნენ გასული საუკუნის 80-იან წლებში, როცა, ძმები ბლუზების სამდღიანი არანორმალური ანშლაგების გამო, თეატრის დარბაზიდან სკამების დემონტაჟი განახორციელეს. დიდ საკონცერტო დარბაზში სრულ იდილიას ხელს სწორედ სკამები, საცეკვაოდ ძალიან პატარა მოედანი და აკადემიური გარემო უშლიდა. მსმენელის უმეტესობა აბსოლუტურ ექსტაზში ჯონი როშის სცენაზე გამოსვლისთანავე აღმოჩნდა, “Rock N’ Roll Doctor-ს” ტყუილად არ ეძახიან. როში ბოლომდე დაიხარჯა. სურპრიზები სურპრიზებს, იმპრივიაზიები იმპროციზაციებს ემატებოდა და ემოციებმაც პიკს მიაღწია. დაირღვა რეგლამენტი, ეტიკეტი, დაცვის მიერ ფოტოაპარატებმომარჯვებული აჟიტირებული მსმნელების გაკონტროლება შეუძლებელი გახდა. არც სცენის სიახლოვეს ცეკვის აკრძალვას ჰქონდა აზრი. დარბაზს მხოლოდ ძმები ბლუზები მართავდნენ. სცენიდან წამოსულ ენერგიას მსმნენელიც ადეკვატურად იღებდა. ჯონი როშმა დარბაზშიც არაერთხელ გადაინაცვლა, სიმღერ-სიმღერით ბავშვებთან ფოტოებიც გადაიღო და თავისი საქმეც ხუთიანზე შეასრულა. ბენდის წევრების ქართველი მსმენელისადმი ჭეშმარიტად უშუალო დამოკიდებულება არა მხოლოდ იგრძნობოდა… ისინი ჩვენთან მთელი კონცერტის მანძილზე ურთიერთობდნენ. მსოფლიო ჰიტების შესრულებისას მღელვარება მატულობდა, ასე ვიმღერეთ “Everybody”, ყველამ ერთად და კომპლექსების გარეშე. დარბაზი აიყოლია ბობი ჰარდენმაც. ჩემი (და, დარწმუნებული ვარ, არა მხოლოდ ჩემი) უდიდესი სიმპატია დაიმსახურა Steve Cropper-მა, რომელიც იუბილარი აღმოჩნდა. სცენაზე შამპანიური შემოიტანეს და ქართულ “გაუმარჯოსს” კოლექტიური Happy Birthday მოჰყვა. სხვათა შორის, ფილმიც იუბილარია, 30 წლის შესრულდა ))
მიუხედავად იმისა, რომ კონცერტი დაგეგმილზე ბევრად მეტხანს გარძელდა, დასრულებისას უდიდესი დანაკლისის შეგრძნება გამიჩნდა.
დიდი მადლობა Eastern Promotion-ს და ლევანს : )
დეკემბერში “ისთერნ ფრომოუშენი” მორიგ სურპრიზს ამზადებს. თბილისში მარკუს მილერის ბენდის წევრები ჩამოვლენ, მაგრამ ამაზე სხვა დროს…