ლეგენდის მიღმა

JAZZ Weekend

Emile Parisien

ჯო ზავინული ჯაზის ის ლეგენდაა, რომელიც ისტორიას დარჩება როგორც დიდი ნოვატორი. სწორედ მან ჩამოაყალიბა ჯგუფი THE SYNDICATE და ბენდის წევრები შესრულების მანერის ორიგინალურობის  მიხედვით აარჩია. ჯო ზავინული 2007 წელს გარდაიცვალა. ჯგუფმა მოღვაწეობა გააგრძელა და მათმა ახალმა ალბომმა “ჯო ზავინული 75” გასულ წელს უმაღლესი მუსიკალური ჯილდო “გრემიც” დაიმსახურა. The Syndicate თბილისის ჯაზ-ფესტივალს ალბომის პრომოუშენისთვის დაგეგმილი მსოფლიო ტურნეს ფარგლებში ეწვია.

ჩემი აზრით, The Syndicate წლევანდელი ფესტივალის ყველაზე სანახაობრივი და დასამახსოვრებელი მონაწილე იყო. არც კი შემიმჩნევია, რომ Alegre Corrêa სცენაზე არ იდგა. :))) სამაგიეროდ Emile Parisien-ის მაგალითზე მივხვდი, რას ეძებდა ჯო ზავინული. უნიჭიერესი, უზომოდ პლასტიკური, ემოციური და ექსცენტრიული. ნამდვილი ვირტუოზი!

Emile Parisien

შეუდარებელი იყო Paco Sery.  Jorge Bezerra-მ კი დარბაზი ისე აიყოლია, ისე შეკრა და “აათუხთუხა”, პირი კეთილგანწყობილი ღიმილისგან კინაღამ გამეხა. დაუვიწყარი შთაბეჭდილებები დამიტოვა მეორე პერკუსიონისტმა Aziz Sahmaoui-მაც.  საერთო ჯამში, თანამედროვე ჯაზი, აფრიკული მოტივები და ის ენერგია, რომელიც ბენდის თითოეული წევრისგან მოდიოდა, უზომოდ საინტერესო სინთეზს და წლევანდელი ფესტივალის ერთ-ერთ საუკეთესო ნომრებს ქმნიდა.

მინდა გაგიზიაროთ  ვიდეო, რომელიც ბრატისლავაშია გადაღებული, თუმცა,  ამას მხოლოდ რამდენიმე ნახვის შემდეგ მივხვდი. Paco Sery-მ თბილისშიც სწორედ ეს კომპოზიცია შემოგვთავაზა. სამწუხაროდ, რა თქმა უნდა, ამ ვიდეოდან ის ენერგია და განწყობა არ მოდის.

Georgia On My Mind

სინდიკატის შემდეგ, რეი ჩარლზის უკვდავი სიმღერით, სცენა რეიჩელ ფერელმა დაიკავა და ქართველი მსნენელის კეთილგანყობაც მომენტალურად მოიპოვა. ბევრს კეკლუცობდა. ეკეკლუცებოდა ბენდის წევრებს და მსმენელს. პატარა გოგოსავით, ბავშვივით კისკისებდა, გადამდებად. სწორედ ეს ბავშვური სილაღე და სიყვარული  გასდევდა მთელ კონცერტს. ამ ქალბატონს რომ გამაოგნებელი ვოკალი აქვს, ცნობილი ფაქტია. ჩემთვის სურპრიზი იყო იმის აღმოჩენა, თუ რამდენი თაყვანისმცემელი ჰყოლია საქართველოში. მსმენელთა უმრავლესობამ მისი ჰიტები ზეპირად იცოდა. პრაქტიკულად მთელი დარბაზი მღეროდა. განსაკუთრებული ინტიმი შემოიტანა სიმღერით I Know U Love Me და დიდ საკონცერტო დარბაზში კლუბური ატმოსფერო შეიქმნა. რეიჩელ ფერელის და მსმენელის ფლირტი დაგეგმილზე ბევრად დიდხანს გაგრძელდა. ოვაციებმა დამატებით ორი კომპოზიცია შეასრულებინა. მაგრამ,  თუ ვიტყვი, რომ მისმა ‘ჰორიზონტალური სურვილების ვერტიკალურმა გამოხატულებამ’ ყველაზე მეტად მომხიბლა, ჩემი დამოკიდებულებაც ნათელი გახდება. განწყობის, ხასიათის და გემოვნების საკითხია.

Post a Comment

Your email address will not be published.