ვიცოდი, რომ ყველაფერი ასე დამთავრდებოდა.
უბრალოდ, მეტისმეტად იდეალურად მიდიოდა ყველაფერი. არადა გული ცუდს თითქოს არ გვიგრძნობდა. სულ ტყუილია, მეექვსე გრძნობასა და ამისთანებზე რომ ყვებიან ხოლმე. ზურამ კი მითხრა, ცხელი შოკოლადი დავლიოთო, მაგრამ ისეთი არაჩვეულებრივი საღამო იყო, კაფეში ჯდომისა და ვერლენის პოეზიაზე საუბრის პერსპექტივამ არ მომხიბლა. ფული ბევრი აღარ გვქონდა დარჩენილი (ან კი რა დაგვრჩებოდა ბოლო დღეებში გატარებული დროის მერე), მაგრამ, ხალხში როგორც ამბობენ ხოლმე, წერას ვყავდი აყვანილი. ვუთხარი, ზურა, აბა კარგად დაფიქრდი, არც ბალზაკის ასაკში ვართ და არც სნობი აბორიგენები, პარიზის დახუთულ კაფეებში რომ ვფლანგოთ ახალგაზრდობის საუკეთესო წლები (აქ ცოტა გავაბუქე, მაგრამ რა გინდა, გაჭრა), ავიღოთ კრუასანები, ბაგეტი, ბოთლი ღვინო და ლუქსემბურგის ბაღში დავსხდეთ, მერე კი სიტე დავლაშქროთ, თუ გაგვიმართლა, იქნებ რომელიმე სახლის სახურავზეც აღმოვჩნდეთ მეთქი.
სახურავზე არა, ნიკოლასთან კი აღმოვჩნდით, გულწასულები და გაბრუებულები. საერთოდ, ნიკოლა დიუვოშელი კარგი ბიჭია. ეგ რომ არა, წასული იქნებოდა ჩვენი საქმე. დავურეკეთ თუ არა, მაშინვე მოვიდა და თავისთან წაგვიყვანა. მაგან თუ არა, აბა ვინ იცის, რა ცუდია ასეთ მდგომარეობაში ყოფნა. ერთხელ თავადაც ვერ მოზომა და პოლიციაში მოხვდა შეყვარებულთან, სარასთან ერთად.
არადა, ღვთაებრივი ღვინო იყო, ჟოლოს, მაყვლის და ცოტა ვანილის არომატებით, ისეთი კაბერნე სოვინიონი ცხოვრებაში არ გაგვისინჯავს. თავიდან ყველაფერი კარგად დაიწყო. ბაგეტი თბილი იყო, ჩვენ ბედნიერები, რომ გალების ქვეყანაში ვიყავით, სკამზე ვისხედით, ფეხებს ვაქნევდით და კაბერნეს არომატს ვისუნთქავდით. თან თბილისურ ცხოვრებას ვიხსენებდით, ქართული ყოფის სოციალურ ასპექტებზე ვმსჯელობდით. ამ სიტყვაზე გამახსენდა, ზურამ ამ გაზაფხულზე ერთ საინტერესო კონფერენციაზე დამპატიჟა, ბოლოს კი სერტიფიკატით დამაჯილდოვა, სადაც წერია, რომ დიდად ვარ გათვითცნობიერებული სქესის ევოლუციასა და სოციალურ და ბიომოლეკულურ თუ რაღაცნაირ ასპექტებში. ძალიან საინტერესო კონფერენცია იყო, თუ არ დაესწარით, გულწრფელად ვწუხვარ თქვენს გამო. სახალისოც იყო, რადგან ანონსი ისეთი დამაინტრიგებელი იყო სექსზე მინიშნებებით, რომ ბევრი მოკლე კაბისა და დაცქვეტილი ყურის თუ თვალის სიმრავლე გამოიწვია დარბაზში. მოკლედ, ამ ამბებს ვიხსენებდით და ლაზღანდარობაში მთლიანი ბოთლი ისე გამოვცალეთ, არც გაგვიგია.
ასე დაიწყო ჩვენი hangover. როგორ დამთავრდა, ამის მოსაყოლად ხალისი არ მყოფნის. ზურას პარიზული ვოიაჟი კი ასე დაიწყო:ამასწინათ მომწერა, ბლოგზე მეწვიე სტუმარი ბლოგერის სტატუსითო, მე შემრცხვა, ამდენი ხანია საფრანგეთში ვარ, ერთხელ არ დამიპატიჟებია ჩემი ფრანკოფილი აღასპერი-მეთქი. რომ ჩამოვიდა, მთელი კვირა პარიზში ბრმებივით დავდიოდით, რადგან კარგად არც მე ვიცნობ ამ ქალაქს, სამხრეთ საფრანგეთში ხეტიალს გადავაყოლე ეს თვეები. მაგრამ არ გაგვჭირვებია, რადგან როცა გიყვარს, ყველაფერი იოლი ხდება. ჩვენ საფრანგეთი გვიყვარდა. არ არის აუცილებელი თქვენც ფრანკოფილი იყოთ, რომ ეს გაიგოთ. პარიზზე გადაღებული ეს შორთი გაცილებით უკეთ მიგახვედრებთ, რას ნიშნავს, გიყვარდეს უნახავად:
Voila!
De Paris, avec l’amour (from Paris with love)