2010 წ. 11 დეკემბერი.  23 საათი.  თბილისი. ჩემი სახლი. მამაჩემის დაბადების დღე. მამაჩემი არა, მაგრამ სახლში ჩემი 10 – მდე მეგობარია, რამდენიმე ლეპტოპი, ყაყანი, სიგარეტის კვამლი, აურზაური და უცებ შუქი ჩაქრა.

ელექტრო ენერგიის შეწყვეტიდან 15 წუთში ფიროსმანს რომ დავენახეთ, ალბათ ბედნიერებისგან ძალიან ბევრს იტირებდა. მისი ოცნება ჩვენ განვახორციელეთ, სანთლის შუქზე ჩაის ვსვამდით და ფრიად მაღალ  მატერიებზე ვსაუბრობდით. ამჯერად არც პოლიტიკური მდგომარეობა მიმოგვიხილია, არც  ქართული მედიის საოცრებებზე გვისაუბრია. ყველაფერის თავი და თავი  ჩვენი წრის ერთი მანდილოსანი გახდა, რომელმაც სანთლის შუქზე წითელი პომადის წასმა და თვალების ჩახატვა გადაწყვიტა და თურმე, არც თუ უსაფუძვლოდ. პროცესში ალბათ 90-იანი წლების უკუნეთი ღამეები,  უკუნეთზე მისი ბავშვობა გაახსენდა და დასძინა:

–  „ტრაგიკული ბავშვობა მქონდა. არ ვიცი, ვერ ვხვდები დედაჩემს რამ აიძულა ეთქვა, ეს წიგნი წაიკითხეო  და პატარა, 7 წლის ბავშვისთვის, თქვენ წარმოიდგინეთ და… „უსახლკარო“  შემოეჩეჩებინა. სქელი ყდა ჰქონდა, გაცრეცილი,  მაგრამ თხელი იყო და ვფიქრობ, ამის გამო შეარჩია. მთავარი გმირი ჩემი ასაკის პატარა ბიჭი იყო, უსახლკარო, ობოლი, ძაღლი ჰყავდა  და ღამე რომ არ გაყინულიყო, მას ეხუტებოდა,  მისი ბეწვები ათბობდა. ზეთიან პურს ჭამდა, მოკლედ, ყველაზე უბედური იყო.  ერთ მშვენიერ ღამესაც, ზამთარში, ძალიან რომ შესცივდა, ამ ძაღლს ჩაეხუტა და დაიძინა. რომ გაიღვიძა, აღმოაჩინა, რომ მკვდარ ძაღლს ეხუტებოდა, ძილში მომკვდარიყო.

ეს წიგნი კარადაზე იდო. ხშირად მივდიოდი, ვუყურებდი და გულამოსკვნილი ვტიროდი, თავს ვაკლავდი! ღმერთო ჩემო, ეს აუცილებლად იქნებოდა ჩემი პირველი და უკანასკნელი წიგნი, რომ არა მაყვალა მასწავლებლის მიერ მოწყობილი კონკურსი სწრაფად კითხვაში.  მეორე წიგნის წაკითხვაც გადავწყვიტე, რომ მევარჯიშა და რა ერქვა? ‘პატარა მაწანწალა’!  მეორე ტრაგედია. საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ყველა წიგნი აუცილებლად უბედურებაზე უნდა ყოფილიყო და მეც, კონკურსზე გასვლამდე, ქრონიკულად უნდა მეტირა. ავდექი და ახლა ‘უფლისწული და მათხოვარი’  წავიკითხე მხოლოდ იმიტომ, რომ სათაურში ‘მათხოვარი’ ერია.“

მის სევდიან ისტორიაზე ბევრი ვიხალისეთ და თემის გავრცობა გადავწყვიტეთ. ერთმანეთში წიგნების/ფილმების  გმირების ძებნა დავიწყეთ. მე ვინ აღმოვჩნდი, არ გავამხელ, აი,  წითელპომადიანი  გოგოს პერსონაჟი კი ვერაფრით შევარჩიეთ, თითქოს ბევრია, თან არც ერთი. რატომ? ისევ დიალოგებს მივყვეთ. დისკუსიაში მონაწილე ერთ-ერთი მეგობარი ჯიუტად ამტკიცებს, რომ ის პატია „სამი მეგობრიდან“, რადგან სწორედ ასე მოიქცეოდა, მის ადგილას რომ ყოფილიყო. თავისი ავადმყოფობის შესახებ არასდროს იტყოდა და საყვარელ ადამიანს ამით დისკომფორტს არ შეუქმნიდა.  წითელპომადიანი ვერაფრით იხსენებს, რომელია ეს პერსონჟი, სამაგიეროდ, კარგად ახსოვს ერთი ფრაზა ამ წიგნიდან „ადამიანის სიცოცხლე ძალიან ხანგრძლივია ერთი სიყვარულისთვის“, ისიც ახსოვს, როგორ მთავრდება პაულო კოელიოს „რიო-პედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი“ (სათაური გვეუბნება, რომ ამ წიგნს აუცილებლად წაიკითხავდა) „არ დაივიწყო, სიყვარული მარადიულია, მხოლოდ შეყვარებულები იცვლებიან“… დედოფალი მარგო შევთავაზე, მაგრამ მიპასუხა, მე ალბათ ის პერსონაჟი ვარ, კეთილი რომაა და ყველა მამაკაცი უყვარსო. კი ვიცი ამას რაც ჰქვია, მაგრამ, ამ დროს, ე.წ. პატი დიდი შემართებით ცდილობდა წითელპომადიანზე უბედური გამოჩენილიყო, რადგან  პირველად „შვლის ნუკრის ნაამბობი“ წაუკითხავს.

დისკუსიამ აუდიო წიგნებამდე მიგვიყვანა. ვაღიარებ,  დროს ჩამოვრჩი. თურმე, ჩემი მეგობრების უმეტესობა დიდი ხანია უპირატესობას  ე.წ. „აუდიობუქებს“ ანიჭებს. მათი მტკიცებით, გაცილებით კომფორტულია, დროის ეკონომიის შესაძლებლობასაც იძლევა, თვალებს ნაკლებ ზიანს აყენებს, წიგნის მტვრისაგან ალერგიის გამოწვევის ალბათობა ხომ  საერთოდ აღარ არსებობს და სხვა თუ არაფერი, ‘კითხვა’ საჭესთან ჯდომისას ან  სამზარეულოში საქმიანობისასაცაა შესაძლებელი. პრობლემა მხოლოდ მთხრობელია, თურმე ვერ იტანენ, როცა სხვადასხვა პერსონაჟებს სხვადასხვა „ხმები“ ახმოვანებენ.  აჯობებს, ერთი კითხულობდეს და ფანტაზიას მეტი გასაქანი ჰქონდესო.

-პირველი წიგნი, რომელიც ბებიამ წამიკითხა, „მგლის ბილიკი“ იყო – წითელპომადიანს ალბათ თხრობაზე გაახსენდა. აქ უკვე შევშფოთდი.

სასტიკი ბებიების თემა სხვა მეგობარმა გააგრძელა. თურმე, 4 წლის იყო, როცა მოსიყვარულე ბებია ერთ-ერთ ძალიან საინტერესო მოთხრობას უკითხავდა, მაგრამ ყველაზე საინტერესო მომენტში წიგნი დახურა, გვერდზე გადადო, გაგრძელება თუ გაინტერესებს, კითხვა ისწავლე და  გაიგებო, უთხრა და თავის საქმეს მიუბრუნდა.  ისწავლა, წაიკითხა,  საბავშო წიგნებიდან ფანტასტიკაზე,  შემდეგ  რომანებზე, კლასიკოსებზე გადავიდა.  ახლა ისევ „ფენტეზის“ მიუბრუნდა. გავარკვიეთ,  რომ დღეს „ფენტეზი“ ყველაზე პოპულარული და მოდურია.

შევთანხმდით იმაზე, რომ შარლოტა ბრონტეს „ჯეინ ეარი“ ახლა რომ წაგვეკითხა, აუცილებლად დაგვებადებოდა შეკითხვა, მისტერ როჩესტერის ავადმყოფი ცოლის მდგომარეობამ  საზოგადოებაში ვნებათაღელვა რატომ არ გამოიწვია. შეიძლება განვიხილოთ როგორც ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ერთი ჩვეულებრივი მაგალითი, მაგრამ ფაქტის აღქმა ინდივიდუალურია ასაკის, ინტერესების, პროფესიის და მისწრაფებების გათვალისწინებით. პრინციპში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა თემა ლიტერატურაში არც ისე პოპულარულია, გასხვავებით ეთნიკური უმცირესობებისგან. თუნდაც ჯ.კ. როულინგი, რომელმაც ჰერმიონ გრეინჯერის სახით, ერთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და დადებითი გმირი შექმნა ლიტერატურის ისტორიაში. იქით ყბადაღებული უელბეკი და მისი რასიზმი. მაგრამ ეს რა შუაშიაო, იფიქრებთ. იმ შუაში, რომ  ერთი ჩემი მეგობრის აზრით, მწერალს ძალიან დიდი როლი აკისრია საზოგადოების განვითარებაში. ადამიანამდე ბევრად ადვილად მიდის მხატვრულ ნაწარმოებში ასახული პრობლემა, თუნდაც მედიისგან განსხვავებით.  დღევანდელ საქართველოში რეალური პრობლემების მხატვრული ხერხებით გადმოცემის ნაკლებობაა. მწერალი მაშინ ხდება მისაღები და საინტერესო, როცა აღწერს იმას, რაც მისთვისაც მთავარი პრობლემაა. სწორედ ამით თუ აიხსნება ის, რომ ჩემი მეგობრებისთვის ავტორიტეტები, ისევ ძველი, ზოგჯერ რამდენიმე საუკუნის წინანდელი ავტორები არიან.

ნუ, ლიტერატურაში კერპთაყვანისმცემლობა ცალკე პრობლემაა. მთავარი, ძიების პროცესი ქართველ მკითხველში ფაქტობრივად არ არსებობს – ლანგრით მირთმეული აღიარებული ავტორი ‘უფრო გემრიელია’. თუნდაც პოეზიაში გალაკტიონი. რა თქმა უნდა, ალბათ არის კიდეც, მაგრამ  ჩემთვის შეიძლება ასე  სულაც არ იყოს. და ამის გაგონებისას გაოცებული სახე არ უნდა გქონდეს. ლიტერატურაში ავტორიტეტები არ უნდა არსებობდნენ, რადგან  ნებისმიერ დროს შეიძლება გამოჩნდეს ახალი ავტორი, რომელიც ახალ მეფედ მოგვევლინება. ამას მკითხველი თავისი ინტერესების, შეხედულებების და გემოვნების მიხედვით უნდა წყვეტდეს, ინდივიდუალურად. ვინ იყო გალაკტიონამდე პოეზიის მეფე? პასუხის ძებნისას ის გამახსენდა,  ვახტანგ  ჯავახაძე თავისივე შექმნილი „მეფის“ ჩრდილში როგორ დაიკარგა  როგორც პოეტი. არადა ჩემი მეფე ნიკო სამადაშვილია.  ისე, დღეს პოეზია ძველებურად პოპულარული აღარაა, ასე მგონია. ალბათ  საზოგადოება შეიცვალა, სხვა საჭიროებებია. დღეს თითქმის შეუძლებელია, იყო პოეტი.

თემას დავუბრუნდეთ… თითქმის სასწაულია,  ჩემი მეგობრები,  წიგნებთან პირველი, (არც თუ ტკბილადმოსაგონარი)კონტაქტის გათვალისწინებით, მათთან დღემდე რომ „ურთიერთობენ“.  ასე არ შეიძლება.  ბავშვის აღზრდისას, პირველ რიგში, მხედველობაში მათი ინტერესები და შეხედულებები უნდა მივიღოოთ. აუცილებელია, ყველა ბავშვი იყოს ინდივიდი, რომ იყოს საზოგადოების სრულუფლებიანი წევრი. მშობლის მთავარი საზრუნავი  ბავშვის ინდივიდუალური საჭიროებების, ინტერესების განვითარება უნდა იყოს. ამიტომ,  კარგად უნდა იცნობდენ  საკუთარ შვილებს. წიგნის შერჩევისას ბავშვს  არჩევანის საშუალება უნდა ჰქონდეს.  წიგნი, რომლებიც ბავშვმა აუცილებლად უნდა წაიკითხოს, უნდა იყოს მისი არჩევანი და არა ვალდებულება, მითითება, ბრძანება ან იძულება. ბავშვის ინტერესებისგან განსხვავებული შინაარსის წიგნების წაკითხვა, შეიძლება იმის მიზეზი გახდეს, რომ მან წიგნებთან ურთიერთობა დიდხანს არ გააგრძელოს.

ასეთი დასკვნა გამოვიტანეთ და შუქიც მოვიდა.

Post a Comment

Your email address will not be published.