იყო და არა იყო რა, იყო ერთი მეძავი, სახელად მარია.
მოიცადეთ! „იყო და არა იყო რა“ კარგი დასაწყისია ზღაპრისათვის, მეძავის ამბავი კი უთუოდ ზრდასრული ადამიანებისათვის არის განკუთვნილი. როგორ შეიძლება, პოსტი ასეთი აღმაშფოთებელი წინააღმდეგობით იწყებოდეს? მაგრამ, ვინაიდან, ყოველი ჩვენგანი ცალი ფეხით ჯადოსნურ ზღაპარშია, მეორეთი კი — უფსკრულის პირას, მოდი, მაინც გავაგრძელოთ ისე, როგორც დავიწყეთ. მაშ, ასე:
იყო და არა იყო რა, იყო ერთი მეძავი, სახელად მარია, რომელიც მეძავი არ იყო.
როგორც ყველა, ისიც სუფთა და უმწიკვლო დაიბადა და სანამ პატარა იყო, ოცნებობდა, რომ შეხვდებოდა თავისი ოცნების მამაკაცს (ლამაზს, მდიდარსა და ჭკვიანს), გაჰყვებოდა მას ცოლად (თეთრ კაბაში გამოწყობილი), გააჩენდა ორ შვილს (რომლებიც გაიზრდებოდნენ და სახელს გაითქვამდნენ) და იცხოვრებდა კარგ სახლში (საიდანაც ზღვა გამოჩნდებოდა). მამამისი მეტალურგიულ ქარხანაში მუშაობდა. დედის მთავარი მოტივაცია კი შვილებისთვის “პატივსაცემი” პროფესიების შერჩევა იყო. სწორედ ამიტომ, სტომატოლოგი, ფსიქოლოგი, ინჟინერი და სარეკლამო სააგენტოს თანამშრომელი ძმების შემდეგ, მარია იურისტი უნდა გამხდარიყო.
სან ლუისში, ბრაზილიის მშობლიურ ქალაქში, კი იყო რამდენიმე კინოთეატრი, რესტორანი, გასართობი ცენტრი და ბანკები მილიონერებისთვის, მაგრამ მარიას სხვა რამ უნდოდა – ელოდა, როდის დადგებოდა დღე და მოულოდნელად გამოჩნდებოდა მშვენიერი პრინცი, რომელიც უგონოდ შეიყვარებდა და მსოფლიოს დასაპყრობად წაიყვანდა.
მანამდე კი, სანამ პრინცი გამოჩნდებოდა, მარიას მხოლოდ ოცნება შეეძლო. პირველად თერთმეტი წლისას შეუყვარდა — სკოლისაკენ მიმავალს. ახალი სასწავლო წლის პირველსავე დღეს მარიამ შეამჩნია, რომ თანამგზავრი გამოუჩნდა — მასთან ერთად სკოლაში იმავე განრიგით მეზობლის ბიჭი დადიოდა. ერთმანეთისათვის სიტყვაც კი არ უთქვამთ, მაგრამ მარიამ შენიშნა, რომ ყველაზე მეტად ის წუთები მოსწონდა, როცა გრძელ გზაზე, მტვერსა და თაკარა მზეში, მწყურვალი მისდევდა სწრაფი ნაბიჯით მიმავალ ბიჭს.
ასე გრძელდებოდა რამდენიმე თვის მანძილზე. მარია, რომელსაც სწავლა ჭირივით ეჯავრებოდა და გიტარის და პიანინოს გარდა, გართობის საშუალებად სხვას არაფერს აღიარებდა, გონებაში აჩქარებდა დროს, რომ რაც შეიძლება სწრაფად გასულიყო დღე, გათენებულიყო დილა და სკოლაში წასულიყო. ამხანაგებისაგან განსხვავებით, შაბათ-კვირა საერთოდ შესძულდა. იტანჯებოდა და ბრაზობდა იმის გამო, ეს უსასრულო დღეები სიყვარულის მხოლოდ ათ წუთს რომ ანიჭებდა, ათასობით საათს კი — თავის შეყვარებულზე საფიქრელად და იმაზე საოცნებოდ, რა კარგი იქნებოდა, რომ ერთმანეთს დალაპარაკებოდნენ.
და აი, ასრულდა!
ერთ მშვენიერ დილას ბიჭი მასთან მივიდა და ჰკითხა, ზედმეტი კალამი ხომ არ გაქვსო. მარიამ პასუხი არ გასცა, ისეთი სახე მიიღო, თითქოს ეწყინა ასეთი უტიფარი გამოხდომა და ფეხს აუჩქარა. არადა, დაინახა თუ არა, რომ ბიჭი უახლოვდებოდა, სუნთქვა შეეკრა, — ვაითუ, მიხვდეს, რა ძლიერ უყვარს!
მთელი დღე გაკვეთილებს გული ვერ დაუდო, იტანჯებოდა, რომ ასე სულელურად მოიქცა, და ამავე დროს უხაროდა, რომ ბიჭმა, როგორც იქნა, შენიშნა. კალამი მხოლოდ საბაბი იყო საუბრის დასაწყებად. მან ხომ საკუთარი თვალით დაინახა, რომ ბიჭს კალამი ჯიბეში ედო. ამ და ყველა მომდევნო ღამეს მარია გეგმებს აწყობდა, რა ეპასუხა ბიჭისათვის სხვა დროს, რომ შეცდომა აღარ დაეშვა და სათავე დაედო ისტორიისათვის, რომელსაც დასასრული არ ექნებოდა.
მაგრამ სხვა შემთხვევა აღარ მიეცა, თუმცა ისინი უწინდებურად ერთი გზით დადიოდნენ სკოლაში. მარია ხან წინ უსწრებდა მარჯვენა ხელში ჩაბღუჯული კალმით, ხან უკან ჩამორჩებოდა, მაგრამ ბიჭს აღარაფერი უთქვამს. იმედი თითქმის გადაეწურა. თუმცა, ერთხელ, მორიგი “თვალთვალისას” ყური მოჰკრა – მისი ბიჭი ვიკენდებზე რიოში უნდა წასულიყო. ბოლომდე ვერ მიხვდა, იქ რა უნდა ეკეთებინა, მხოლოდ Bossa Nova დაამახსოვრდა. ბილეთი შეიძინა და სახლიდან გაპარვის გეგმა შეიმუშავა. გრძნობდა, წინ საინტერესო თავგადასავალი ელოდა.
შაბათი გათენდა. მარიას ღამე გაეთენებინა. ვერაფრით დაიძინა, უჩვეულოდ იყო აღელვებული. შინიდან ისე გავიდა, მშობლებს არ შეუნიშნავთ. წერილი დატოვა. 1 საათში მატარებელში იყო. მთელი დღე იმგზავრა. რიოში ჩასულმა უკვე ინანა, ვნებებს ასე სულელურად რომ აჰყვა. გზა მაინც განაგრძო. დანიშნულების ადგილამდე მისვლას კიდევ რამდენიმე საათი მოანდომაა. იქ მისულს კი აღარც დაღლილობა, აღარც მშობლების შესაძლო რისხვა და აღარც შეყვარებული ახსოვდა. კუსტარულად დამზადებული სცენიდან Chega De Saudade ისმოდა. ეს ის პერიოდია, როცა კოპაკაბანას ზღვისპირა უბნებში ახალი მუსიკა, ბრაზილიური სამბას ახალებური ვერსია Bossa Nova იბადებოდა. Bossa Nova ლათინური ჯაზის გავლენით, ბრაზილიური საბმას ფესვებიდან წამოსული, კომპლექსური მუსიკაა, ჰარმონიული, ნაკლებად პერკუსიული. მარია თავის ბოხჩაზე ჩამოჯდა, შიშველი ფეხები ქვიშაში წაყო და სმენად იქცა. ძალიან დასევდიანდა. მიხვდა, მას მუსიკაზე მეტად არავინ და არაფერი უყვარდა.
სან-ლუისში დაბრუნებულმა, უკვე იცოდა, რომ მუსიკოსი გახდებოდა. ეს მამის სურვილიც იყო. გული არც დედას ატკინა. სწავლა იურიდიულ კოლეჯში განაგრძო, თუმცა, პარალელურად, სან-პაულოს და რიოს კლუბებში მღეროდა. ასე გრძელდებოდა 70-იან წლამდე. მარია საცხოვრებლად საფრანგეთში გადავიდა. მარიასეული Bossa Nova (ახალი სტილი) ევროპელი მსმენელისთვის საინტერესო აღმოჩნდა. მალევე ამერიკელი გიტარისტის, ჩარლი ბიორდის, ყურადღება მიიპყრო და ახალი ალბომი ჩაწერა. ამ დროს მარიას ყველაფერი ჰქონდა, რაზეც ბავშვობაში არ ოცნებობდა – დიდება, ხალხის სიყვარული და თავისი საქმე. მისი სინგლი “Come with me” მსოფლიო ჰიტი, მარია კი გრემის ლაურეატიც გახდა. დღეს ბრაზილიური ჯაზის ლეგენდაა – მუსიკოსი, ვოკალისტი – სამბას, ბოსსას და ლათინური ჯაზის მოტივებზე.
მარია თავის ოცდამეექვსე ალბომს „Intimidade“, ასე ახასიათებს: „ამ შემთხვევაში „სიახლოვეში“ („Intimidade“ – ითარგმნება „სიახლოვე“) არ ვგულისხმობ სექსს. ეს სიყვარულის შემადგენელი ნაწილია. ადამიანები აღარ არიან ისეთი რომანტიკულები, როგორც ჩემს ბავშვობაში… ჩვენ პატივისცემის ტრადიციებს ვკარგავთ. ახლა ყველაფერი სექსის ირგვლივ ტრიალებს – მუსიკა, ფილმები, ტელემაუწყებლობა. ამ ქაოსში მსურს სიახლოვის მომხიბვლელობა შეგახსენოთ“. ამბობს მარია.
ტანია მარია 17 მარტს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზს ეწვევა! ( დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ეს ბმული )