თვითმკვლელობა და სიმღერები

ლიტერატურა სექსიზმი ფემინიზმი

ბოძს ქვებს ყველა მხრიდან უშენდნენ. უმეტესობა მიზნში ხვდებოდა. ქალი არ ყვიროდა, მაგრამ ცოტა ხანში ბრბოს აღტაცების ძახილი აღმოხდა. ერთ-ერთ ძლიერ მამაკაცს შედარებით დიდი ზომის, მძიმე და წახნაგოვანი ქვა მოეძებნა. ჯერ კარგა ხანს იღებდა მიზანში ქალის მისუსტებულ სხეულს, შემდეგ კი ქვა მთელი ძალით გასტყორცნა და მუცელში გაარტყა. გრძელი ჩადრიდან სისხლმა იჩქეფა და იმ დღის ნაშუადღევი წითლად შეღება. ასე სწორედ ამან აღაფრთოვანა ბრბო. იმავე ზომის მეორე ქვა ქალს მხარში ესროლეს… ამან კი უფრო მეტი სისხლი და აპლოდისმენტები გამოიწვია.

ჯეიმს ა. მიშენერი “ქარავანი”

ეს ისტორია  სალიქას ამბავს ძალიან ჰგავს. მის შესახებ ცნობილი ნორვეგიელი ჟურნალისტი ქალი, ოსნე საიეშტადი წერს წიგნში “ქაბულელი წიგნებით მოვაჭრე”. ერთხელ ავღანელ სალიქას ანონიმური წერილი მიუვიდა, სადაც ინგლისური ასოებით I Love You  ეწერა და გულებით იყო გაფორმებული. მისი და ფარული თაყვანისმცემლის ურთიერთობა რამდენიმე თვე გაგრძელდა. სალიქას შეუყვარდა. შეხვედრაც გადაწყვიტეს. გოგონა სატრფოს ტაქსში ჩაუჯდა და პარკში წავიდნენ. ორი დანაშაულისთვის (ტაქსში ჩაჯდომა / პარკში ბიჭთან ერთად მისლა) სალიქა ოჯახმა სამაგალითოდ დასაჯა. საბოლოოდ რა ბედი ეწია, უცნობია, თუმცა, თუ ჯამილას ისტორიას გავიხსენებთ, რომელიც ძმებმა  ბალიშით მოგუდეს, დაღუპვის მიზეზად კი ვენტილატორის ზონარში მომხდარი მოკლე ჩართვა დაასახელეს, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ნაკლები არც სალიქას დაემართებოდა. “ქალი კაცს ტაქსში რომ ჩაუჯდება, ის უარესსაც გააკეთებს” – ეს ქართული ხუმრობა არ გეგონოთ, ავღანური სიბრძნეა.

ალექსანდრიაში, მონტაზას სანაპიროზე, დიდი პარკია – კეთილმოწყობილი. რამდენიმე წლის წინ იქ ჩემს არაბ მეგობრებთან ერთად ვსეირნობდი და მაშინ დავსვი შეკითხვა, რა მოხდებოდა, სკამზე წყვილები რომ ჩამომსხდარიყვენ და კოცნაობა დაეწყოთ. თურმე, ყველაფერი ჩაცმულობაზეა დამოკიდებული. გოგო ჩადრს თუ ატარებს და ბიჭს

Afghan Women Protest Marital Rape Law; Men Spit and Stone Them

აკოცებს, პოლიცია პასუხისგებაში აუცილებლად მისცემს. თუ არ ატარებს – არა. პასუხი არ მომეწონა, მაგრამ ჩემთვის აბსოლუტურად გასაგები იყო. ესაა ქვეყანა, რომელსაც ძველი ცივილიზაციის ნიშან-წყალი არ აქვს შერჩენილი. თითქოს ორი სხვადასხვა რასა ცხოვრობს. ძველ ეგვიპტესთან საერთო არც ერთ მათგანს აქვს, ცხადია. ესაა სოციალური ფენები – მდიდრები და ღარიბები… ერთმანეთს კი არაფრით ჰგვანან.  მდიდრები ნაკლებად მორწუნეები არიან, მათთან გელფრენდ-ბოიფრენდის ინსტიტუტი მიღებულია, კარგი განათლებაც აქვთ და დასავლურ ფასეულობებს ეტრფიან (ოღონდ არა ა.შ.შ-ს). ქალები ჩადრს არასდროს ატარებენ, სასმელსაც ეტანებიან და  გამომწვევადაც იცვამენ. ანალოგიურად მამამაკაცები. მაგრამ, ერთია  –   სხვის დასანახად არასდროს გააკეთებენ ისეთ რაღაცას, რაც შეიძლება მორწმუნე ეგვიპტელისთვის შეურაცხმყოფელი ან გამაღიზიანებელი იყოს. ქუჩაში თუ იქნებიან, მათთან ერთად ილოცებენ, საათობით დაემხობიან, მაშინ, როცა სახლში ამას ალბათ არასდროს იზამდნენ.

და მთავარი – ე.წ. მდიდართა ფენაში გენდერული ან რელიგიური დისკრიმინაციის ნიშნები ნაკლებად ვლინდება. პირიქით. ერთხელ, როცა მორიგ მართლმადიდებლურ ეკლესიას ჩავუარეთ, მითხრეს: ზურა, ხომ ხედავ, ლენა როგორ გვიყვარს (მართლმადიდებელი არაბი), ყველას უყვარს, მამამისი ჩვენი ქალაქის ძალიან პატივსაცემი ადამიანია. თქვენს ქვეყანაში მუსლიმებს ასე ექცევიანო? რომ ჩამოვალ და პასპორტში ჰუსეინს წაიკითხავენ, დასაკითხად არ გამიყვანენო? ვიფიცე, არა-მეთქი. ცხვირი ალბათ მაშინ დამიგრძელდა.

გამიხარდა, როცა რევოლუცია დაიწყო. ნახევარი საუკუნის შემდეგ  ეგვიპტის მოსახლეობა ისევ გაერთიანდა. ღარიბები შიმშილმა, მდიდრები კი ფრთების გაშლის სურვილმა ქუჩაში გამოიყვანა. მაგრამ ქრისტიანული ეკლესიების დარბევის შესახებ რომ შევიტყე, გავოცდი.  მანდ სხვა ამბავია! )

კიდევ ერთი თემა – მრავალცოლიანობა. ეგვიპტელი ახალგაზრდებისთვის ეს ფენომენი აღარ არსებობს. “გოიმობაა”. მაგრამ შევეშვათ ეგვიპტეს. მათ ეშველებათ აი, დანარჩენზე რა მოგახსენთ…

მაგალითად ავღანეთში, ახალგაზრდა გოგოები დღესაც გაცვლა-გაყიდვის ობიექტები არიან. ამას ქორწინება ჰქვია. ქორწინება კი ორ ოჯახს შორის გაფორმებული კონტრაქტია. ქორწინების ბედი კონტრაქტის ავკარგიანობაზეა დამოკიდებული. ტრადიციულად ასე იყო. იქ ქალი, როგორც ადამიანი, არ განიხილება. ავღანელი ქალების ისტორიული ბუნება ზეპირსიტყვიერებამ შემოინახა. ქალები პროტესტს თვითმკვლელობით ან სიმღერით გამოხატავენო, წერდა ავღანელი პოეტი საიდ ბაჰულონ მაჯრუჰი. პოეტი, რომელმაც ეს ნიმუშები შეკრიბა, შემდეგ კი (1998 წელს) ადგილობრივმა ფუნდამენტალისტებმა მოკლეს.

ამ ლექსების გაზიარება, როგორც წესი, მინდვრებისკენ მიმავალ გზებზე ხდება. ლექსები ვნებიანია, სიყვარულზე, მიჯნურზე.  სატრფიალო პოეზიის გმირები რაინდები არიან, იდეალური სატრფოები. ამ ყველაფერს ქმართან საერთო არაფერი აქვს. ასეთ ლექსებს ლანდაიები ჰქვია (ლანდაი – მოკლე).

“ო, ღმერთო ჩემო, შენ კვლავ მიგზავნი კუნაპეტ ღამეს!
მე კი დავღონდი, მთელი სხეულით, სულით ვცახცახებ,
რადგან საძულველ სარეცლისკენ უნდა გავწიო
და ეს მადარდებს!”

ლექსებში ხშირად ამბოხია. ჩანს, რომ ქალები მზად არიან, თავი დაკარგონ! სიყვარულის გამო საკუთარი სიცოცხლე გასწირონ, თუნდაც წუთიერი ბედნიერებისთვის… გრძნობები გამოამჟღავნონ, გაგიჟდნენ, თუნდაც უკანასკენლად… იციან, რომ ამას არავინ აპატიებს.

***

“მომეცი ხელი, საყვარელო, გადავიმალოთ მწიფე ყანაში,
ერთხელ ერთმანეთს მოვეალერსოთ,  მერე კი დაგვცენ გულში ლახვარი!”

“შემომეხვიე, გულში ჩამიკარ, მომხვიე მკლავი!
ხავერდოვანი ბარძაყების სინაზით დატკბი!
ჩემი ბაგენი შენ გეკუთვნის, ნუ გეშინია!
და შაქარივით დაეწაფე! მიდი, შენია!”

ლექსებში ზოგი ქალი ღმერთს ევედრება, რომ მეორე ცხოვრებაში ქვად მოავლინოს, ქალობას ქვად ყოფნა ურჩევნიათ. მოკლედ, ჟანრი მრავალფეროვანია. შეიძლება ქართულ მუხამბაზურ პოეზიას შევადაროთ. ეს ლექსი ქალბატონმა ლელა გაფრინდაშვილა გამოაქვეყნა ცოტა ხნის წინ:

“ნუ დამძრახავთ, ტოლებო, თავი მომძულებია.
აბანოში გამყიდეს, მე არც კი გამგებია,
თურმე ეხლა გავიგე ქვეყნის კანონებია.
ჯეელი ვარ, იღვივის გული ნაკვერჩხალსავით,
სისხლი მიდუღს ძარღვებში ადუღებულ წყალსავით,
თვალები მაქვს _ მაყვალი, ტუჩები _ მარჯანსავით,
ლოყები მაქვს წითელი _ გაშლილ წითელ ვარდსავით.
მე ჯავარზე ეხლა ვარ, ნორჩი და მოჩიტული.
ქმრად მყავს რაღაც აპუხტი _ ძალა გამოფიტული,
მე პაპად მეფერება, ბებერია, სნეული,
ღმერთო, შენ ამოსწყვიტე, ვინც შემრთო ეს წყეული.”

ასაკით უფროსი ქმრების პრობლემა ავღანეთში ისევ აქტუალურია. იმედია, არ მეჩვენება, რომ ჩვენთან სურათი რადიკალურადაა შეცვლილი. თუმცა…

“პატარა ომარს ერთი კალაშნიკოვი აქვს  – სამი მჭიდით. ერთ მჭიდში ოცი ტყვია დევს. იგი ტყვიების ორი მესამედით ოც ურჯულოს კლავს. რამდენი მოკლული ურჯულ მოდის თითო ტყვიაზე?”

ეს კომუნისტების გავლენის მშვენიერი  მაგალითია (ამ შემთხვევაში ავღანეთის განათლების სისტემაზე). სხვათა შორის, ავღანეთში კომუნისტების გავლენის ზრდის პროპორციულად, ქაბულელი ქალების კაბის სიგრძე მოკლდებოდა.ზოგი ჭირი მარგებელი კია, მაგრამ ეს შირმა იყო. სინამდვილეში კომინუზმი თალიბების იდეოლოგიისგან დიდად არაფრით განსხვავდებოდა. ქალთა უფლებების მოჩვენებითი ზრდა მხოლოდ სისტემის ნაწილი იყო. უბრალოდ, ქალი, როგორც მამაკაცის კერძო საკუთრება, უნდა გაუქმებულიყო. (ამ თემაზე – წითელი ზონა)

ახლახან The Daily Beast-მა ლიბიის ლიდერის, მუამარ კადაფის, “მწვანე წიგნიდან” 10 ციტატა ამოიღო და გაავრცელა.  თალიბების მიმართვა გამახსენდა. 1996 წელს ქაბული თალიბებმა რომ დაიკავეს, რადიო “შარიათმა”  ყველა ავღანელისთვის სავალდებულო “ქცევის კოდექსის” 16 პუნქტი გაახმოვანა.

1. ქალებს შალიფად ჩაცმა ეკრძალებათ.

მძღოლებს უფლება არ აქვთ, თავდაუბურავი ქალი ავტობუსში აუშვან. ყველას, ვინც ასე მოიქცევა, დააპატიმრებენ. ქუჩაში შემჩნეული თავისუფლად ჩაცმული ქალის ქმარი დაისჯება და  მათი სახლი გაიჩხრიკება.

2. იკრძალება მუსიკა.

მაღაზიებში, სასტუმროებში, ყველანაირ ტრასპორტსა და რიქშებში. იკრძალება კასეტების რეალიზაციაც.

3. იკრძალება წვერის გაპარსვა.

ყველა მამაკაცს, რომელიც წვერს გაიპარსავს ან შეიკრეჭს, დააპატიმრებენ და ციხეში მანამ დარჩება, სანამ წვერი მუშტის სიგრძეზე არ მოეზრდება.

4. კანონი ლოცვის შესახებ.

ლოცვის რეჟიმებს “წესრიგის დამყარებისა და ცოდვათა დაძლევის სამინისტრო” ადგენს.  ლოცვის დაწყებამდე 15 წუთით ადრე და მას შემდეგ, მკაცრად იკრძალება ნემისმიერი სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება. ლოცვა ყველას ევალება. ვინც არ დაემორჩილება – დააპატიმრებენ.

5. იკრძალება მტრედების მოშენება და ფრინველთა პაექრობების მოწყობა.

ჰუმანური იდეები არაფერ შუაშია. დამნაშავე ფრინველების გაჟლეტით ისჯება.

6 – 7.  კანონი ნარკოტიკების და  ფრანის აკრძალვის შესახებ.

8. იკრძალება სურათები.

ყველას, ვისაც სადმე სურათს ან პლაკატს აღმოუჩენენ, დაისჯება.

9. იკრძალება აზარტული თამაშები

10. იკრძალება ევროპული ვარცხნილობა.

ყველა გრძელთმიან მამაკაცს სამინისტრო პასუხისგებაში მისცემს.

სხვა პუნქტების შესაბამისად, ქორწლებში ცეკვა და სიმღერა, დოლზე დაკვრა ნემისმიერ დროსა და ადგილას, მკითხაობა, მდინარის პირას რეცხვა და ვალის პროცენტის აღებაა აკრძალული.

და ბოლოს… მკერავებს ქალის ტანსაცმლის კერვა ეკრძალებათ.

აღსანიშნავია, რომ 16-დან ქალები მხოლოდ 3 პუნქტში არიან მოხსენიებულები. კანონები მამაკაცებისთვისაა. ქალი რომ არაფერს უნდა აკეთებდეს, ისედაც ცხადია. მათთვის სპეციალური დამატებაა, რომელიც ასე იწყება:

“გეკრძალებათ შინიდან გასვლა”…

ალაჰ აკბარ!

მოკლედ, მოგიწოდებთ, გააქტიურდეთ და ყველა ბესტ სელერს კი არა, ხმა ისეთ წიგნებს მისცეთ, რომელიც რეალურ, თანამედროვე პრობლემებზეა. იმაზე, რაც ჩვენს ყურის ძირში ხდება. “ქაბულელი წიგნებით მოვაჭრე” ის წიგნია, რომელიც ჩემს 50-ეულში აუცილებლად იქნება. კიდევ კარგი, ანკეტა ჯერ არ შემივსია : )

პ.ს. ლექსები ჩემეული ინტერპრეტაციითაა. თუ რამეა, წინასწარ ბოდიში ))

რეკომენდებული პოსტი: ეგვიპტე

The Daily Mail-ს ცნობით, ამ ქალბატონის დასჯის მიზეზი შარვალია. ვიდეოზე ჩანს, რომ ქალს კაბის ქვეშ შარვალი აცვია.

Post a Comment

Your email address will not be published.