კოჯრის ტყის სიზმრები

JAZZ Weekend ლიტერატურა

"ჯაზი და ლიტერატურა" - ზურაბ ქარუმიძე , გიორგი კეკელიძე, მალხაზ ხარბედია

თბილისში ჯაზის საღამოები დაიწყო.  ერთმანეთისგან სრულიად დამოუკიდებლად, თუმცა, როცა Frontline Georgia-ში მივდიოდი, ვფიქრობდი, ჯაზის მოყვარულებს რამდენი სურპრიზი ელოდებათ-მეთქი. მთლად ასეც არ ყოფილა, მაგრამ ამაზე მოგვიანებით.

14 მარტს Frontline Georgia-მ, lib.ge ჯგუფთან ერთად, დისკუსიების ციკლი “ჯაზი და ლიტერატურა” დაიწყო. არ გავკადნიერდები და ჩემი ბლოგის ჩანაწერებს ლიტერატურად არ შევრაცხავ, მაგრამ პირველი, რამაც ჩემი ინტერესი გამოიწვია, სწორედ ჯაზის გადმოცემის (ფურცელზე) ხერხები იყო. ავად თუ კარგად,  ზოგჯერ მეც ვწერ ხოლმე.  ვისაც  არ უცდია, ვერასდროს მიხვდება, რაზე საუბრობდა მწერალი ზურაბ ქარუმიძე, მართლაც რომ, არაფერია იმაზე ძნელი,  მოახდინო ‘შთაბეჭდილებათა ამ  ნაკადის ესთეტიკური ტოტალიზაცია, მათი მოქცევა და დაკავშირება’. მუსიკის სიტყვებით გადმოცემა რთულია, მისი შინაარსის – უფრო მეტად და ჯაზის – განსაკუთრებით. ჯაზში მეტისმეტად  ბევრი იმპროვიზაცია, თავისუფლება და “ფიქრია”. შენეულ აღქმას კი ვინ გაიზიარებს და რამდენად სწორად ან გასაგებად გადმოსცემ, ძნელი სათქმელია.

გაიხსენეს თომას მანის “მუსიკალური” ‘ჯადოსნური მთა’ და  ფიცჯერალდის ესეებიც.  თუმცა,  ჩემთვის ყველაზე საინტერესო ჯაზის განვითარების სხვადასხვა ეტაპების ქართველი მსმენელის ცნობიერებასა და გამოვნებაზე გავლენა იყო. ანუ სვინგიდან ჰიპ-ჰიპამდე და ჯო ზავინული და ქართული ხმები.

როგორც ყველაფერი, ჯაზიც ‘მოდერნიზდება’,  პოსტმოდერნისტული ჯაზის ერთ-ერთ ფუძემდებლად ჯო ზავინული მოიაზრება,  რომელმაც ე.წ. ეთნოფიუჟენის და ფოლკლორის შერწყმა მოახერხა და დღეს მის საქმეს ჯგუფი “სინდიკატი” აგრძელებს, რომელიც 2010 წლის თბილისის ჯაზ-ფესტივალზე ჩემი ფავორიტი გახდა.  აი, საქართველოში ეს ვერაფრით მოხერხდა. ანუ ქართული ფოლკლორი ჯაზში ვერ სინთეზირდა. ერთ-ერთმა სტუმარმა ეს ჩვენი ფოლკლორის სირთულით ახსნა და მაგალითად ქართული ხმების შესრულება მოიყვანა  – ჯო ზავუნულთან ერთად. ამ კონცერტს არ დავსწრებივარ, მაგრამ ფრონტლაინში შეკრებილი აუდიტორიის ემოციებით თუ ვიმსჯელებთ, მსუბუქად რომ  ვთქვათ, არც ისე კარგი გამოსულა.

თუმცა, თავის მხრივ, ქართული ფოლკლორი ისეთ მაგალიტებს ინახავს, როგორიც გურული “ჩვენ მშვიდობაა”

რა თქმა უნდა, დაიბადა შეკითხვა, “მოკვდა” თუ არა ჯაზი. ეს აზრი  ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან მუსირებს. ეს ის პერიოდია,  ბითლზმა ამერიკაში რომ შეაღწია. თუმცა, მანამ, სანამ ისეთი შემსრულებლები იარსებებენ, როგორიც ჯეისონ მორანია, ჯაზს არაფერი ემუქრება, ალბათ. განსჯის თემაა ჯაზი და საბჭოთა კავშირიც. ჯაზი პოპულარობით საბჭოთა ქვეყნებშიც სარგებლობდა.  უსმენდნენ, უყვარდათ და წერდნენ. ან არ უყვარდათ და ისე წერდნენ (ტოლსტოი). არც სტალინს ეყვარებოდა, სავარაუდოდ, თუმცა არ კრძალავდა, მისთვის ჯაზი პროპაგანდის საშუალება იყო, რომელსაც ახალგაზრდებში იყენებდა.  1947 წელს კი, როცა  ჩერჩილმა  საბჭოთა კავშირი ბოროტების იმპერიად გამოაცხადა, სტალინმა ჯაზი აკრძალა.  მაგრამ, აღსანიშნავია, რომ 1978 წელს საბჭოთა კავშირში პირველი ჯაზ-ფესტივალი ჩატარდა, ფესტივალს თბილისმა უმასპინძლა. ქართული ჯაზის ისტორია კი  სათავეს მეოცე საუკუნის დასაყისიდან იღებს, როცა ჯანო ბაგრატიონმა პირველი ჯაზ-ორკესტრი ჩამოაყალიბა.

გიული ჩოხელი

გიული ჩოხელი

მალევე ასპარეზზე გიული ჩოხელი გამოჩნდა, პირველი და ყველაზე წარმატებული ქართველი “ჯაზ-ვუმენი”.  მან  ჩეხოსლოვაკიის ჯაზ-ორკესტრთან  ერთად რამდენიმე ფირფიტა ჩაწერა და სოპოტის ფესტივალის  პირველი ქართველი გამარჯვებული გახდა. 50-60-იან წლებიდან ჯაზის საღამოები კლუბებსა და კინოთეატრ ამირანში იმართებოდა. შემდეგ უკვე გაბისკირია და “რერო” გამოჩნდნენ. ქართველი ჯაზმენებს  კი სხვადასხვა დროს   ErroLL Garner-ს და Oscar Peterson -ის და Bill Evans-ის მუსიკის გავლენა ეტყობოდათ.

დისკუსიის დასასრულს მივხვდი, რომ ხსენებულ შემსრულებლებს ქართველი ჯაზმენების კი არა, ქართველი სმენელის  გემოვნებაზეც დიდი გავლენა მოუხდენია.  შეკრებილი აუდიტორია საკმაოდ კრიტიკული და მომთხოვნი იყო, რასაც ვერ ვიტყვი 17 მარტს ტანია მარიას კონცერტზე მისულ რამდენიმე ასეულ მსმენელზე. სიმართლე გითხრათ, ფრონტლაინში გამართული დისკუსიის შემდეგ, ტანია მარიას კონცერტზე საკმაოდ ნეგატიური განწყობით წავედი, თან თავს ვიიმედებდი, ბევრს რომ არაფერს მოველი, უფრო მომეწონება-მეთქი. სცენაზე მისი გამოსვლა ემოციური იყო, ხალხიც თითქოს ააცეკვა, მაგრამ საქვეყნოდ ცნობილი “besame mucho” იმდენად მომაბეზრებელი იყო, ტექსტს რომ არ დავკვირვებოდი, ვერაფრით ვიცნობდი. იმპოვიზაციაც იყო და იმპროვიზაციაც. მე, როგორც “დილეტანტი მსმმენელი”, ობიექტურ კრიტიკოსად ვერ გამოვდგები, ცხადია,  მაგრამ ტომას ელიოტს დაუწუნია შექსპირის “ჰამლეტის” მუსიკალური განცდის კორელატი და მე თუ ვერაფერი გავიგე, რა გასაკვირია.

აი,  “ბედნიერმა ხალხმა” კი ძალიან მასიამოვნა. ბრაზილიური განწყობა იგრძნობოდა, ოღონდ არა ისეთი, ყველას რომ წარმოგვიდგენია. არც ვნება იყო და არც ცეცხლოვანი პლაჟები. ” ხალხი ბედნიერია” ეს ბედნიერი ადამიანების ჰარმონიაა სევდიანი ადამიანებისთვის. ალბათ ჩემს ემოციებს დაემთხვა.

ჩემი ბრაზილიური ფიქრები Mais Que Nada-ს დაწყებისთანავე დასრულდა. ქართველი მსმენელისთვის სხვადასხვა მიზეზით ცნობილი ამ ჰიტის შესრულებისას დარბაზის ნაწილი ადგილზე აცეკვდა, ბოლოს კი ერთიანად ამღერდა. ჰიტებს შედარებით ახალი სიმღერები მოჰყვებოდა, იცვლებოდა  ემოციები, განწყობა, ხასიათი და ფიქრები. ჩემი დიდი სიმპატია კი  პერკუსიონისტმა დაიმსახურა.  რიტმის კარგი შეგრძნება, საინტერესო საშემსრულებლო მანერა  და  ისეთი მუხტი ჰქონდა, მაყურებელს რამდენიმე წუთში გადასდო.

საერთო ჯამში, არ ვიცი რა გამოვიდა. ბევრი უკმაყოფილო  შეფასება მოვისმინე. ნაწილი მომღერალს ადანაშაულებდა,  ზოგი შერჩეულ რეპერტუარს უწუნებდა, ზოგიც დარბაზს აბრალებდა, არაადეკვატური მსმენელი შესაბამისად ვერ რეაგირებდაო. კმაყოფილი და ბედნიერი სახეებიც შევნიშნე. სწორედ ამას ველოდი. ვიცოდი, აზრთა სხვადასხვაობას რომ გამოიწვევდა. ამაშინ განსაკუთრებული არაფერია.

მაგრამ ეს ყველაფერი არაა.

Sound of New Orleans

22 მარტს თბილისს ერთ-ერთი ყველაზე განსხვავებული შემსრულებელი ეწვევა. ზაიდეკოს (Zydeco) გენიალური  წარმომადგენელი ნიუ ორლეანიდან. ამერიკის ცეცხლოვან აკორდეონად შერაცხული დვეინ დოპსი თბილისის ივენთ ჰოლში დაუკრავს.

ზაიდეკო ბლუზის მიმდინარეობაა, რომელსაც საფუძველი ლუიზინაში, გასული საუკუნის 50-იან წლებში ჩაეყარა. ის ფრანგული ხალხური მუსიკის და აფრიკის და კარიბის რეგიონის რიტმების, “კრეოლების” მელოდიების სინთეზია. ზაიდეკოს მეფედ Clinfton Chenier ითვლება, დვეინ დოპსს კი “მეფის შვილს” უწოდებენ. შეიძლება იმიტომაც, რომ მამამისი, სერ ალტონ რუბინი (იგივე როკინ დოპსი) სამეფო გვირგვინზე სამართლიან პრეტენზიას აცხადებდა.

დვეინ დოპსის შესრულების განსხვავებული მანერა და სტილი, გულგრილს არავის ტოვებს. ვეჭვობ,  ქართველი სმენელის გულსაც ადვილად მოიგებს. ბოლო 2 წლის განმავლობაში 50-მდე საერთაშორისო კონფერენციის საპატიო სტუმარიც, სწორედ ამ მიზეზით გახდა.

(მეტი ინფორმაციისთვის, იხილეთ ეს ბმული )

ჯაზის ცხოვრება

ზურაბ ქარუმიძის “ჯაზის ცხოვრება” ერთ-ერთი  საუკეთესო ქართული  “მუსიკალური” ნაწარმოებებია, რომელიც დღემდე შექმნილა. არ წამიკითხავს, მაგრამ ავტორის მიერ ამოკიტხული ციტატების მოსმენა ამის თქმის უფლებას მაძლევს.

“ჯაზის ცხოვრება” ეს არ არის უბრალოდ მშრალი  ფაქტებით სავსე კრებული. ეს ცოცხალი ინტერესითა და მუსიკის სიყვარულით სავსე წიგნია, რომელიც ჯაზის საშუალებით მთელს მეოცე საუკუნესაც გაგატარებთ, თავისი მღელვარებით და ხელოვნებით.

©muzame.ge

ეს წიგნი ჯაზის ისტორიას მოგითხრობთ – წარმოშობიდან დღემდე; ასევე, იმ ხალხის ამბავს, ვინც ამ დიდებულ მუსიკას ქმნიდა და ქმნის – ლეგენდარული ბადი ბოლდენიდან უინტონ მარსალისამდე.
ლუი არმსტრონგს უთქვამს: “ის, ვინც მეკითხება რა არის ჯაზი, ვერასოდეს გაიგებს, მართლა რა არის ჯაზი!”

იკითხეთ “ჯაზის ცხოვრება” და ნუღარ იკითხავთ “რა არის ჯაზი?

მე კი შეგახსენებთ, რომ პროექტი “50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ“, გრძელდება და ქართველი ავტორების ნაკლებობას განიცდის  ))

Post a Comment

Your email address will not be published.