სამეფო ანალოსტანელი II

Uncategorized

დედა

დედა

არა, Ernest Thompson Seton ან ჩემი ბლოგი არაფერ შუაშია. ეს სხვა ისტორიაა, სხვა ამბავი. ისე, სათაური შემთხვევით არ შემირჩევია. ალბათ გახსოვთ ერნესტ ტომპსონის სამეფო ანალოსტანელი – კატა, რომელიც ქუჩაში, ბინძურ ურნებში იზრდებოდა, ცბიერმა ვაჭარმა რომ დაიჭირა, გამოკვება, გაალამაზა, ანალოსტანის სამეფო ჯიშად გაასაღა და ძვირად გაყიდა. კატა სიმდიდრესა და ფუფუნებაში იზრდებოდა – მეფური ცხოვრებით, მაგრამ ღამ-ღამობით უკანა კარიდან იპარებოდა და აყროლებულ ქილებს და თევზის კონსერვებს შეექცეოდა.

რამდენიმე დღეა, ჩემ თვალწინ ახალი ზღაპარი იწერება. ჩემი გმირების ცხოვრება სამეფო დიდებისგან ჯერ შორსაა, მაგრამ…

ყველაფერი რამდენიმე დღის წინ დაიწყო, როცა სამსახურში მისულს, მობილურ კლინიკაში უცნაური სტუმარი დამხვდა – ახალგაზრდა კატა შემოპარულიყო, 4 ახალშობილი მოეყვანა და ცარიელ ყუთში დაბინავებულიყო. დაცვამ განგაში ატეხა – გადავყაროთ, დავხოცოთო! მე და ჩემმა მეგობარმა ხმალი ვიშიშვლეთ და დაცვის თანამშრომლებს განზრახვაზე ხელი ავაღებინეთ. შესაშური სტუმართმოყვარეობა გამოვიჩინეთ, დედა-შვილები მოვათბუნეთ, მოვეფერეთ, დავამშვიდეთ და დავაპურეთ.

დედა ჭრელია, ვეფხვივით, ლამაზი. ოთხიდან სამი შვილი მამას ჰგავს – კუპრივით შავები, ელეგანტურები. ერთი კი მართლაც უცნაური სილამაზით გამოირჩევა. კატების მიმართ ყველაზე ანტიპატიურად განწყობილი ადამიანის გულსაც მოიგებს. თითქოს ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ შუა დღის შემდეგ დედას მოშივდა. ისედაც გამხდარს და გაძვალტყავებულს შვილებმა ენერგია სულ გამოაცალეს. ყუთიდან ამოძვრა და გარემოს შესწავლა დაიწყო, თავი დახარა, მიწას გაეკრა. უცნობი სახეების  დანახვა არ ესიამოვნა. რამდენიმე ადამიანმა მოულოდნელობისგან არაადეკვატური რეაქცია გამოამჟღავნა. შემდეგ მოეფერნენ, მოესიყვარულნენ. კატამაც შეიფერა. კუდი აპრიხა და შენობიდან გავიდა.

მოსაღამოვდა. ხალხიც მომრავლდა. დედა გზის მოპირდაპირე მხარეს ჩამოჯდა და კლინიკის შესასვლელს შორიდან რამდენიმე საათის განმავლობაში აკვირდებოდა. შემოსვლა ვერაფრით გაბედა. ყუთი ავიღე და გავუტანე. გაუხარდა, აკრუტუნდა, შვილებს მიუწვა, პატარა ძუძუები შვილებს მიუშვირა და თვალები დახუჭა. სრული ნდობა გამომიცხადა. თითქოს მცველად დამტოვა. ასე ვიდექით შუა ქუჩაში. მე არე-მარე მოვათვალიერე, მათთვის უსაფრთხო და შესაფერისი ადგილი ვერ მოვნახე. ამინდი ირეოდა, ქარიც ამოვარდა. ვიფიქრე გაწვიმდებოდა, მე კი კლინიკაში ვიყავი დასაბრუნებელი. ყუთი ნაგვის ურნებთან მივიტანე, უკან შევმალე, ურნა კედელთან მივაგორე, რომ ძაღლი ვერ შეტეულიყო.

აქ ცხოვრობს მერი, ბუნკერების ბოლოში. ფოტოზე განგებ არ გამოვაჩინე.

აქ ცხოვრობს მერი, ბუნკერების ბოლოში. ფოტოზე განგებ არ გამოვაჩინე.

რამდენიმე საათი გავიდა. პაციენტები მომრავლდნენ. გავერთე, მაგრამ ყუთზე თვალი მაინც მეჭირა. უცებ ვეღარ დავინახე, გული შემიქანდა. ნაგვის მანქანა იყო მოსული. მეეზოვეები ბუნკერებს ცლიდნენ. თავქუდმოგლეჯილი გავიქეცი. კართან დედა-კატაც ამედევნა. ერთ-ერთ მეეზოვეს წინ დავუდექი. არაფერი მითქვამს, არც ის ვიცი, სახეზე რა მეწერა. უფრო იმას ვცდილობდი, მის მზერაში, მანერებსა და ჟესტებში რამე ისეთი აღმომეჩინა, რომელიც მაფიქრებინებდა, რომ ეს ადამიანი ოთხ უმწეო არსებას სასიკვდილოდ არ გაიმეტებდა. მიმიხვდა. ხელით მანიშნა, იქით გადავსვიო. კნუტები მანქანის წინ დამხვდნენ, ცოტა მოშორებით. ხმამაღლა კნაოდნენ. ალბათ ძალიან შეშინდნენ. დედა ფეხებში მებლანდებოდა. თითქოს ჩემ გარეშე გადაწყვეტილების მიღება არ უნდოდა. ყუთში ჩავსვი და უკან დავბრუნდი. ჩემი სამუშაო დრო იწურებოდა. მალე ყველაფერი დაიკეტება. საგონებელში ჩავვარდი.  არ ვიცოდი, მათი დაცვა როგორ მომეხერხებინა. ჩემი გასაჭირი გიორგის გავუზიარე.

გიორგი შუახნის მამაკაცია. იქვე, თვითნაკეთ ჯიხურში მუშაობს. არყებს ყიდის_უფრო მეტს თავად სვამს. მითხრა, ყოველ დღე ასეა, დილით რომელიმე მაღაზიაში გოგოები კივილს ატეხავენ და კნუტებს გარეთ გამოყრიან ხოლმე, დედა კი ისევ გადამალავს, შემდეგ სხვა მხრიდან ისმის კივილი, დედა მოვარდება, შვილებს პირს დასტაცებს, თვალს მიაფარებს, ისევ გადამალავს და ასე უსასრულოდ… ყოველ წელს ასე ხდებაო.  ამ კატას მეორედ უმშობიარია. პირველი მშობიარობა არც ისე ბედნიერად დასრულდა. რამდენიმე დღის ნაშიერები მაწანწალა ძაღლებმა ნაფლეთებად უქციეს. ახალგაზრდა დედა თურმე დიდხანს დასტიროდა შვილებს, ისე ტიროდა, მეც ავქვითინდიო, გიორგიმ მითხრა. მოკლედ, პირი შევკარით, ახალი “ბუნაგი” მოვუწყეთ და მელოგინე დედა არყის ჯიხურში დავაბინავეთ. თითქოს დავმშვიდდი.

მეორე დღეს სამსახურში შესაშური პუნქტუალურობით გამოვცხადდი. პირდაპირ გიორგისთან მივიჭერი და დახლის ქვეშ შევიხედე. ყუთი არ იყო. ტვინში უამრავი ვერსია გადავამუშავე – ყველა ერთმანეთზე უარესი. მითხრა, დილით რომ მოვედი, აღარ დამხვდნენო. ისე “დავიგრუზე”, დანა პირს არ მიხსნიდა. თითქოს ამაზე დიდი ტრაგედია არაფერი შეიძლებოდა მომხდარიყო. გადავწყვიტე, ხალხი გამომეკითხა. უმარვლესობამ მოსიარულე გიჟად შემრაცხა. ზოგმა პასუხიც არ მაღირსა. ისევ ბუნკერებს მივაშურე. დედა იქ ტრიალებდა. მოვეფერე, ძირს გაგორდა, ჩემი დანახვა გაუხარდა, მე – უფრო მეტად. კუთხეში მოხუცი ქალბატონი იჯდა – დაგლეჯილი ფეხსაცმელი გვერდით შემოედო. მისი მაქმანებიანი “კოლგოტი” რომ დავინახე, ცოტა გამეცინა. არა, დაცინვით არა –  კეთილგანწყობით.

ქალბატონი მერი აქ მუშაობს. პარკებს აგროვებს აგერ უკვე 20 წელია. ბუნკერებთან ყუთებით ქოხი აქვს მოწყობილი. საღამოს მისი ყუთები მეეზოვეებს მიაქვთ. მერი კი ყოველ დილით ხელახლა აშენებს. რა მაზარებს, ბებერი ხომ არა ვარო! ბუნკერები ორი დალუქული შენობის შეერთების, კვეთის ადგილზეა. კუთხეში ნაპრალია, რომელშიც მერის ნივთები ინახება – სავარცხელი, “კოლგოტი”, ვარდისფერი პომადა და ბუნკერიდან აღებული მაწვნის ნარჩენი. მერი პრანჭიაა, ძალიან პრანჭია. მერე, რა, რომ მოხუცდა, მერე, რა, რომ 20 წელია, მის ცხოვრებაში არაფერი შეცვლილა. ბედს არ უჩივის. მის წუწუნს ვერასდროს გაიგონებთ! ოჯახი არ ჰყავს. თავის სიყვარულს ბუნებას უზიარებს. წერეთლის პარკში ორი ლეკვი ჰყავს – ობლები, დედას მიუტოვებია. მერიმ ბუნაგი გაუკეთა და თავის საჭმელს ყოველ დღე უნაწილებს. ახლა ახალი შვილები ჰყავს.  ოთხი ფუმფულა შვილი, როგორც თავად ამბობს. სანტეს მაწონს თითზე ისვამს და კნუტებს ალოკინებს – დედას რძე არ აქვს, ბავშვებს შიათო, ამბობს. დიახ, კნუტები მერიმ შეიფარა. ახალ, უფრო კომფორტულ ყუთში გადაიყვანა და თავის ქოხში დააბინავა. თვითონ იქვე ზის, კართან – უადარაჯებს, რომ მეეზოვეებმა შემთხვევით ნაგავს არ გააყოლონ.

საიდანღაც ლიტრანახევრიანი ბანკა ამოაძვრინა. თავისი დანაზოგით ხორცი იყიდია, მოუხარშავს, დაუქუცმაცებია და დედა-კატას მოუტანა. ხორცი ძუძუებში რძეს ჩაუყენებსო, მითხრა. ამ ქალბატონის სულიერებამ გამაოგნა. თავად გაძვალტყავებულს, ლუკმა პური რომ ენატრება, ხორცი ისე შეუნელებია, რომ კატას მოეწონოს, ბოლომდე არ მოუხარშავს, ველურია, სისხლის გემო ეყვარებაო.

მე და მერი კნუტების ბედ-იღბალზე დიდხანს ვსაუბრობდით. ჭრელო ( ზემოთხსენებულ ლამაზმან კნუტს სწორედ ასე უწოდებს ) ყუთიდან ამოიყვანა და მითხრა, ზოლებს დააკვირდი, იღბლიანია, კატის ზოლები მისტიკური ნიშნების მატარებელია, ყველა რაღაც ინფორმაციას ინახავს, ეს კნუტი რომელ სახლშიც შევა, იღბალს, სიხარულსა და ბედნიერებას შეიტანსო.

იდუმალი ნიშნების ამოცნობა მერის დიდი ხნის წინ უსწავლია. თურმე ნებისმიერი კატის ზოლებით მისი პატრონების შესახებ დიდი ინფორმაციის მიღება შეუძლია, შეუძლია გაიგოს, პატრონები ბედნიერები არიან თუ არა, უყვართ თუ არა ერთმანეთი, ატარებენ თუ არა რომელიმე მძიმე დაავადებას და ა.შ.

მაგრამ ზოლები კატის მომავალსაც წინასწარმეტყველებს, თურმე. ნუ იტყვით და… ჩვენი ჭრელო, ახალშობოლობისას სიკვდილს თუ გადაურჩება, სამეფო დიდება ელის. იქნებ მეორე ‘ანალოსტანელი’ იბადება. ვნახოთ.

Post a Comment

Your email address will not be published.