ცოტა რამ ვიცით იმ ლამაზი ადამიანების ფარულ ურთიერთობებზე, რომლებმაც იციან, რომ ლამაზები არიან; და საერთოდ არაფერი – ლამაზი ბიჭების ურთიერთობაზე, რომლებიც მეგობრებს ჰგვანან, სინამდვილეში კი, შეიძლება, ერთმანეთი სძულდეთ კიდეც. როცა ერთმანეთს უღიმიან, ამ ღიმილში გაუთვითცნობიერებელ სინაზეს გულისხმობენ.
ჩვენი მთავარი პერსონაჟი დივინია. გასული საუკუნის პარიზელი. მის სუნამოს მძაფრი სუნი ჰქონდა, ვულგარული. თუმცა, კარგი და დახვეწეილი გემოვნებით გამოირჩეოდა, ხოლო მისი ლტოლვა სიბინძურისა და ვულგარულობისკენ ცხოვრების წესად იყო ქცეული. ამას თავისი მიზეზიც ჰქონდა. თავად ლამაზს, წარმოსადეგს, არისტოკრატული სიფერმკრთალე რომ დაჰკრავდა, ვულგარულობასთან პირველი და ყველაზე დიდი სიყვარული აკავშირებდა. ყველაზე დიდი ვნება სწორედ შავტუხა მაწანწალას მიმართ განიცადა. მაშინაც კი, როცა ტუჩებით იყვნენ შეწებებულები, ბოშურ სიმღერებს მღეროდა, როცა დივინის მთელი სხეულით ნებდებოდა, მაშინ ისწავლა ვულგარული ქსოვილების მშვენიერების დაფასება, ისეთების, როგორიცაა აბრეშუმი და „ყოველგვარი ორქრომკერდი“, რომელიც, პრინციპში, ძალიან უხდებათ დივინისნაირ ‘უსირცხვილო’ არსებებს.
დივინმა ზეციური ცხოვრება 20 წლის ასაკში დაიწყო, ხმელთაშუა ზღვაზე კრუიზში იმოგზაურა, მერე უფრო შორსაც, ზონდის კუნძულებზე. თეთრი იახტით დაუსრულებლად მოგზაურობდა საყვარელთან, ერთ ახალგაზრდა ამერიკელთან ერთად, რომელიც მორცხვად ამაყობდა თავისი სიმდიდრით. როცა იახტამ ვენეციაში ჩაუშვა ღუზა, დივინით რომელიღაც კინორეჟისორი მოიხიბლა – რამდენიმე თვეს იცხოვრეს ნახევრად დანგრეული ციხესიმაგრის უზარმაზარ დარბაზებში.
მერე ვენა – მოორქროვილი, მდიდრული სასტუმრო, უზარმაზარი არწვის ფრთებქვეშ რომ იყო მოქცეული… ინგლისელი ლორდის მკლავებში ფარდებიან და ბალნადინიან საწოლში გატარებული ღამეები. გასეირნებები მძიმე ლიმუზინით, პარიზში დაბრუნება და იქაური დაქალები; ვიზიტი რენესანსის სტილის ნატიფ სასახლეში და გი დე რონიურანის საზოგადოებაში ტრიალი; დივინი სასახლის მფლობელია; ის 27 წლის გახდა! მას მინიონი უყვარდა, თუ სძულდა? ალბათ უფრო სძულდა და ამიტომ უყვარდა.
ჯერ ბავშვი იყო, როცა 18 წლის ალბერტო შეუყვარდა. ალბერტო მის თვალში სიმამაცის და მამაკაცურობის სიმბოლოს წარმოადგენდა, უცნაური ჰობი ჰქონდა – შხამიან გველებს იჭერდა. ერთხელ დივინს ტირიფის წნელით დაწნული, თავდახურული და ღვედით შეკრული პატარა კალათა უჩვენა. შიგ სამი კოხტა და გაბოროტებული გველი იკლაკნებოდა.
– ვხსნი!
– ოო, არა, არა, არ გახსნათ! დივინს მუდამ რაღაც დაუძლეველი ზიზღი ჰქონდა ქვეწარმავლების მიმართ.
– შეგიძლია, ხელი დაადო, არაფერს გიზამენ.
დივინი არ განძრეულა, თითქოს მოჩვენებას ან ციურ ანგელოზს შეხედაო, შიშისგან დამუნჯებულმა, უარყოფის ნიშნად, თავის გაქნევაც ვერ მოახერხა, თან გულისრევამაც წამოუარა.
-ხელი შეახე! უთხრა და თვითონ მიიტანა ბავშვის ხელი ქერცლიან და გაყინულ სხეულთან, მაგრამ დივინმა მუშტი შეკრა, მხოლოდ თითების სახსრები შეახო გველს, სიცივემ გააოცა. იგი მის სხეულში შევიდა და ზიარებაც შედგა. ალბერტომ მეორე გველი ამოიყვანა და შიშველ ხელზე დაუსვა. მკლავზე შემოეხვია, ერთიანად ჩაიკლაკნა. ალბერტო გრძნობდა, როგორ აღეგზნო ბავშვი, როგორ იმძლავრა მასში ემოციამ, რის გამოც დაიძაბა და ათრთოლდა. გველების დახმარებით, მათ შორის ფარული მეგობრობა იშვა. და მაინც, დივინი გველებს არ შეხებია, არც შეხებია გრძნობათა ორგანოებით, თითის წვერების იმ პატარა ბორცვებით, რომელთა მეშვეობითაც ბრმები კითხულობენ. ალბერტომ მუშტი გაუხნა და გველის პირქუშ, გაყინულ სხეულზე ჩამოასმევინა. ეს უკვე აღმოჩენა გახლდათ. ამასობაში ალბერტოს ხელს ბავშვის ხელი ეჭირა. მათი სხეულები კი ერთმანეთს არ შორდებოდა. დივინი სტიქიაშია. ის საკუთარ თავთან მარტო აღარასდროს იქნება. დღეიდან, ორივე, მათი დახვეწილი გემოვნების მიუხედავად, იძულებული იქნება, უყვარდეს ის, რაც სძულს. მათი სიწმინდე ასე ვლინდება, რადგან ამაში არის რაღაცა თვითუარყოფისა.
დივინმა ცხოვრება დაიწყო, ცხოვრება, რომელაც შემდეგი ფრაზები, სიტყვები და განმარტებები ახლდა: სინაზე… სიმთვრალე… ვარდების ბაღი… ვილა… მარმარილოს საფეხურები… სატრფო… თვალ-მარგალიტი… სიყვარული… გვირგვინი… მშვენიერი უცნობი ქალი… მაღალი წრის მანდილოსანი… ყვავილებით მოფენილი… საღამოს ფერი… ნატიფი და ვარდისფერი… მოკლედ, მკაცრი ფუფუნების სიტყვებია, რომლებსაც რეალობასთან საერთო პრაქტიკულად არაფერი აქვს. დროა, საიდუმლოც გავამჟღავნოთ – დივინი მეძავია, ვულგარული მეძავი, ქურდი, თაღლითი და _ მამაკაცი. მაგრამ ჟან ჟენეს წიგნში „ნორტ-დამ-დე-ფლერი“ მისი მამრობითი სქესის აღმნიშვნელ ვერც ერთ სიტყვას შეხვდებით. ახლანდელი გაგებით, ალბათ ტრანსვესტიტი უფრო ეთქმის.
წიგნი, რომელიც გამომცემლობა „დიოგენემ“ 2010 წელს გამოსცა, ჟან ჟენეს პირველი რომანია, რომელიც პატიმრობაში, 1942 წელს, ფრენსის ციხეში დაიწერა. ავტობიოგრაფიულ რომანში პარიზელ მარგინალთა ყოფა-ცხოვრება ისეა გადმოცემული, ძნელია, არ აღშფოთდე. „ფალოცენტრიზმი“. ფრანგული ფალოცენტრიზმი, რომელიც წიგნის პირელი აბზაციდან იწყება და უკანასკნელ წინადადებებშიც არ მთავრდება.
16 წლის მოზარდის თვალით დანახული პარიზული ვნებები… ჩემთვის არც ისე საინტერესო აღმოჩნდა. ალბათ იმიტომ, რომ წიგნის მთავარი პერსონაჟის ორ მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ ეტაპს შუაში მოვექეცი. ვერ გავუგე – 16 და 30 წელი. 16- გარდატეხის ასაკი, პირველი სიყვარული და „ზიარება“. ეს, ალბათ, ყველაზე აუტანელი, გაუტანელი და, ამავე დროს, ყველაზე ლამაზი ასაკია. თითოეული ჩვენგანი, სწორედ მაშინ იბადება, როგორც პიროვნება. აი, 30 წელი კი დივინისთვის საბედისწერო აღმოჩნდა.
ქალივით ლამაზმა და ამ სილამაზით გაამპარტავნებულმა, ასაკის მატება ტრაგედიად მიიღო, მისი ბავშვური იერი, ქალური სიკეკლუცე და სიცელქე ნაოჭებთან შესაბამისობაში ვეღარ მოვიდა. დაკარგა ყვალა და ყველაფერი, ელიტური მეძავიდან ჩამშვებ, გამყიდველ ნაძირალად იქცა, რამაც სიმარტოვემდე, შემდეგ კი მარტოსულობამდე მიიყვანა. საკუთარი სხეული შეიზიზღა, მისი კანის არისტოკრატული სითეთრე მკვდრის ფერად მოინათლა, მისი ნაზი კანი კი – მორბილებულ ქსოვილად. მაგრამ გამოჩნდა ნოტრ-დამ-დე-ფლერი, ახალგაზრდა მკვლელი, ‘რეინკარნირებული დივინი’, რომელმაც ყველაფერი რადიკალურად შეცვალა. დივინს ნოტრ-დამი შეუყვარდა. უფრო სწორად, სძულდა, სძულდა მისი სილამაზის და ახალგაზრდობის გამო.
30 წლის ასაკში დივინმა ფერსცვალება დაიწყო: აქამდე მხოლოდ მამაკაცები უყვარდა – მასზე ძლიერები, ცოტა უფროსები და დაკუნთულები. გამოჩნდა ნოტრ-დამი, ყვავილივით სუსტი და რაღაც ახალი, საკუთარი ძლიერების შეგრძნება გაუჩნდა. იგრძნო, რომ უფრო ვაჟკაცური ხდებოდა, ქვისგან გამოთლილს ემსგავსებოდა. იმედმა უფრო გაბედული და მამაცი გახადა. უსტვენდა, ჯიბეებში ხელებს იწყობდა. დედაკაციდან მამაკაცად ქცევის მეტამორფოზის დასასრულებლად, მამაკაცის მამაკაცთან მეგობრობაც შეთხზა. ნორტ-დამმა კი დივინის ‘ხვადი’, მისი შავკანიანი საყვარელი არჩია. მეტოქე ‘პედარასტზე’ ( (ც) ჟ. ჟენე) შურისძიებით, დივინმა წმინდა სებასტიანის მოწამებრივ სასწაულებსაც აჯობა. დივინი პირველმა ნაოჭმა მოკლა. პოემად იქცა, მხოლოდ მისთვის დაწერილ პოემად და მიუწვდომელია იმათთვის, ვისაც მისი გასაღები არ აქვს.
ჟან ჟენს ჰქონდა. საკუთარ ოცნებებთან მარტოდ დარჩენილი, თავისი თავიდან დივინს ქმნიდა, ოცნებებისგან – მის საყვარლებს: ნორტ-დამს, ალბერტოს, მინიონს, გაბრიელს, ბიჭებს, რომლებმაც სტვენა იციან და ჯიბეებში ხელებს იწყობენ. ბნელი დილეგის მარტოსული ვნებები მისი შემოქმედების განმსაზღვრელი გახდა. მთელი ცხოვრების მანძილზე უამრავი ციხე შემოიარა.
ყველა გმირი წმინდანის შარავანდედს ატარებს, დიდი ადგილი უკავია სამღვდელოებას და ჰომოსექსუალურ პრაქტიკას ქრისტიანულ ეკლესიაში, თუმცა, თითოეული მათგანი უფრო ატმოსფეროს ქმნის და 40-იანი წლების პარიზის პორტრეტს გვიხატავს.
წიგნში ვერ ნახავთ მდედრობიტი სქესის პერსონაჟებს და, მიუხედავად იმისა, რომ ყველა გმირი მოძალადეა, თავად ძალადობა კი ვნებისაღმძვრელი, ობიექტი ყოველთვის სექს-დომინანტია. სექსუალური აქტი წარმოდგენილია როგორც რაღაც ღვთაებრივი კავშირი, ჟენესეული ტრანსვესტიტები კი უზენაესი არსებები, რომლებიც იმ სამყაროს განაგებენნ, სადაც ცხოვრობენ. აქ ისინი არიან მეფეები, დედოფლები, ღმერთები, პრინცები და პრინცესები. მათი ნება უმთავრესია – ფალოსის კულტი და თაყვანისცემა, მეტი არც არაფერი, საინტერესო.
მხიარული ტრასვესტიტებით და ვულგარული ბიჟუტერიით სავსე – ასე იხსენებს და ახასიათებს XX საუკუნის 40-იანი წლების ფრანგი მწერალი, პოეტი, დრამატურგი, დივინი, ჰომოფობი და არაპოლიტკორექტული ავტორი ჩემს უსაყვარლეს ქალაქს. ასეთი მოსაწყენი და ერთფეროვანი წიგნი არასდროს წამიკითხავს.
მე კი შეგახსენებთ, რომ პროექტი “50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ” გრძელდება. ეჭვი მაქვს, LGBT თემატიკის წიგნი მანდ ვერ გაჭაჭანდება, მაგრამ ვისაც მოგწონთ, ხმა მიეცით. იქნებ უკეთესად ნათარგმნიც გამოვიდეს.