– ალიო… დიახ? აა, ხო, მაიკო, არა მიშავს, შენ როგორ ხარ? რაააა? რას ლაპარაკობ?! როდის? ხო, მოდი, დაგელოდები…
გამარჯობა. ეს დადეჩემია – ყველაზე აფექტური ადამიანი. მისი რეაქციას ვუყურებ და თვალწინ ჩემმა ბავშვობამ გამირბინა. ეზო, სადაც ახლა ვდგავარ, ისევ ისეთია. მართლა არაფერი შეცვლილა. აქ გაიზარდა ჩემი და, კაკაწად წოდებული ნინო. გამახსენდა ყველა ის სისაძაგლე, რაც მის მიმართ ჩამიდენია. მერე ირეალურ სამყაროში გადავედი და იმის დაჯერება დავიწყე, რომ ბოლო დროს იმდენი ვემუქრე, განგებამ თავისთავად აუხდინა-მეთქი. რაღაც მომენტში, გამოგლოვაც დავიწყე და დედაჩემმა დასძინა:
– ქეთო მომკვდარა!
ჰო, დედაჩემი ხშირად არაადეკვატურია. 24 წლის მანძილზე ვერ ვისწავლე, რომ მის შეცხადებებს არ უნდა ვენდო. ქეთო ჩვენი მეზობელია. სიმართლე გითხრათ, მეგონა, ასე 5-6 წლის წინ გარდაიცვალა-მეთქი, მაგრამ მაინც შემეცოდა. სხვათა შორის, ერთადერთი დადებითი პერსონაჟია, რომელიც ჩემი ბავშვობიდან მახსენდება. კარგი მეზობლებით ვერასდროს დავიკვეხნიდი. ერთადერთი ქეთო იყო, ვისთანაც ვკონტაქტობდი – ქეთო ბებია. მომწონდა იმიტომ, რომ სულ იღიმოდა, თან მის ეზოში სხვა და სხვა ხილეული მეგულებოდა. ბებიაჩემის ასაკის ადამიანებისგან ისიც გამოარჩევდა, რომ არც ერთი ნაოჭი ჰქონდა და ვერაფრით ვხვდებოდი, რატომ უნდა მეწოდებინა ბებია და არა დეიდა. ბაზარში წასვლისას ჩამომივლიდა და გამოყოლებდა ხოლმე. იცოდა, ამით ძალიან გამახარებდა. თვითონ პროდუქტებს იყიდიდა და ბაზრის გვერდით, ცხოველების და ფრინველების სექციაში გადავდიოდით. აი, მაშინ იწყებოდა დიდი დღესასწაული – ვათვალიერებდი კურდღლებს, ქათმებს, ინდაურებს, იხვებს, ბატებს, გოჭებს. მთელი გულით მინდოდა, ყველა მათგანი სახლში წამომეყვანა. ოო… რა ბედნიერი ვიქნებოდი, თქვენ არ იცით. შემდეგ სახლში ვბრუნდებოდით, ქეთო ბებიას სახლში. მე ბაღში გავდიოდი, რასაც მინდოდა ვკრეფდი და ვჭამდი. მის ეზოში ყველაფრის უფლება მქონდა.
ასე გრძელდებოდა რამდენიმე წლის განმავლობაში, მაგრამ მოულოდნელად ყველაფერი შეიცვალა.
რომელიღაც წლის გაზაფხული იყო. სახლში ვიჯექი. რაც წასაკითხი მქონდა – წავიკითხე. არც ეზოში ხდებოდა რამე საინტერესო და არც სახლში. გადავწყვიტე, ქეთო ბებიასთან წავსულიყავი და ყვითელი მეფის გვირგვინი წამომეღო. (მეფის გვირგვინი ყვავილია, ცისკენ აზიდული სტაფილოსფერი ფოთლები აქვს) ჩვენთანაც იყო დარგული, მაგრამ მე ის მომწონდა. მივედი. ბევრი ვეძახე, მაგრამ ვერაფრით გავაგონე. იქვე საყვავილეზე ჩამოვჯექი. იქნებ ჯერ არ სცალია-მეთქი. ალბათ ნახევარი საათი ველოდე, მერე ბაღში გავედი და… რას ვხედავ! სკივრი! სწორედ ისეთი, სათავგადასავლო წიგნებში რომ წამიკითხავს! ნუ, ოქროსფერი არ იყო, მაგრამ განა არ შეიძლება, დიდძალი განძი რუხი ფერის სკივრშიც ინახებოდეს? თითქოს მომაჯადოვა… სკივრი ბაღში გაკეთებულ და გაუქმებულ ჭაზე იყო შემოდებული. ეს იყო გრანდიოზული სანახაობა! არა, არ იფიქროთ, რომ ოქრო-ვერცხლით იყო მოჭედილი ან ზომებით ვამართლებ ასეთ შეფასებას. არა. ეს ჩემთვის იყო უდიდესი აღმოჩენა. თურმე არ ვიცოდი, მაგრამ მთელი ცხოვრება ამაზე ვოცნებობდი.
ავიღე და წამოვიღე! თავის მართლებას აზრი არ აქვს. დღემდე უამრავი ვერსია გადავამუშავე. ბევრნაირად შევხედე ჩემს საქციელს, შესაძლო ვერსიებიც განვიხილე. შემიძლია გითხრათ, რომ სახლში არავინ იყო, თორემ ვითხოვდი და ისე წამოვიღებდი-მეთქი, მაგრამ არა. მოვიპარე. ნამდვილად ასე იყო.
სახლში რომ მივედი, თავს უბედნიერეს ადამიანად ვგრძნობდი. ჩემი ტურბოს კევის მანქანებიანი ნაკლეიკების კოლექცია გადმოვიღე, სკივრში მოვათავზე და დავმალე. იმ წუთიდან ის სკივრი ნამდვილი განძის კუნძული გახდა. ამ ნაკლეიკებზე ძვირფასი ამქვეყნად არაფერი მეგულებოდა.
დაღამდა… თენდებოდა… მე კი ისევ ლოგინში ვწრიალებდი და სინდისის ქენჯნა არ მაძინებდა. არ ვიცი, შეუძლებელია იმის აღწერა, რაც პირველ ღამეს განვიცადე. მეორედ იგივეს ვერ გადავიტან, ნამდვილად ვიცი. გული თითქოს მიცივდებოდა. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ სამყარო თეთრდებოდა, მერე ნელ-ნელა მუქი ტონები ეპარებოდა, დედამიწის ჰორიზონტი მოჩანდა, სადაც მე ვიდექი და გული მქონდა გაშავებული. აი, ასეთი წარმოდგენები მკლავდა და მინელებდა.
დედაჩემმა მილიონი ვერსია გადაამუშავა, ხან შებრუნებულ ფილტვების ანთებას დააბრალა, რომელიც „ჩუმად მიმდინარეობდა“, ხან დაქვეითებულ იმუნიტეტს.. ფაქტი კი ის იყო, რომ საკუთარი საქციელის მრცხვენოდა და იმდენად განვიცდიდი, რომ ჩავლოგინდი – პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. ასე გრძელდებოდა რამდენიმე წელი.
ერთხელ ქეთო ბებია გამომეცხადა, ზურა, როგორ არ გრცხვენია, ჩემი ზარდახშა რატომ მოიპარე, მაშინ ტუალეტში ვიყავი ( იქვე იყო, ბაღში) და გიყურებდიო. ისტერიკა დამემართა, მინდოდა, მოვმკვდარიყავი, თავბრუ დამეხვა და გამომეღვიძა. იმ დღიდან ღამეული კოშმარების ახალი სერია დაიწყო.. მე ეზოში შევდივარ, სკივრს ვიღებ, ქეთო ბებია კი ტუალეტის ხის კარიდან მაკვირდება, თან თავს აქეთ-იქით იქნევს – იმედგაცრუების ნიშნად.
უკვე საკმაოდ დიდი ვიყავი. მეძინა. უცებ გამომეღვიძა და სკივრი გამახსენდა… ერთიანად გავიოფლე, ძალიან ცუდად გავხდი. მთავარი „დამნაშავე“ კი იქვე, თავთან, კარადაში ინახებოდა. ამდენი წლის განმავლობაში ერთხელაც არ შემიხედავს. გადმოვიღე, კიდევ უფრო პატარა მეჩვენა. ნაკლეიკები ამოვიღე და ეზოში ჩავედი. ისეთი სუსხი იყო, არ მესიამოვნა. ფეხშიშველი დავტანტალებდი, საცვლების ამარა. ჭიშკარს მივუახლოვდი და ქურდული მზერით არე-მარე მოვათვალიერე. რაკი სულიერის ჭაჭანება არ იყო, კარი ჩუმად გამოვაღე და გზის მეორე მხარეს სწრაფად გადავირბინე. იქით ტროტუარების ზემოდან კაკლის ხის ტოტები იყო დაშვებული და უფრო დიდი შანსი იყო, არავის შევემჩნიე. ან ვის უნდ დავენახე, გონდაკარგული ალკოჰოლიკის გარდა, იმ დროს ქუჩაში არავინ დადიოდა.
ასე კედელ-კედელ, მალვა-მალვით მივედი ქეთო ბებიას სახლის ღობესთან, სკივრი ხელუკუღმა ავისროლე და თავქუდმოგლეჯილი გამოვიქეცი. მას შემდეგ არც ის ჭიშკარი შემიხსნია, არც იმ ტოტების ქვეშ გამივლია. ქეთო ბებია და ეს ამბავი კი დღესღა გამახსენდა. სამძიმარზე წასვლას ვაპირებ, მაინტერესებს, ნაოჭები თუ გაუჩნდა.