გუშინ ქეთო ბებია გარდაიცვალა. ამ, ერთი შეხედვით უმნიშვნელო ფაქტს, განსაკუთრებული დატვირთვა მიეცა. რაღაცნაირად ბავშვობას გამოვემშვიდობე. ჩემი ბავშვობა კი პირველ რიგში, სიღნაღს უკავშირდება. იქ ჩემი დიდი ბებია ნინა ცხოვრობდა. უცნაური ცხოვრება ჰქონდა. ვის ოჯახში გაიზარდა, არც ვიცით, მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ 1905 წელს დაიბადა. ( 2006-ში გადრაიცვალა) რა გვარი იყო მანამ არავინ იცოდა, სანამ საპატრიარქომ სიღნაღის გრეგორიანული ეკლესიის არქივი არ გახსნა და იქ რაღაც იდუმალი საბუთები არ აღმოაჩინა, საიდანაც გაირკვა, რომ ჭელიძე ყოფილა, რაჭველი მცხობელის მეცამეტე ქალიშვილი, რომელიც გააშვილეს. წერა-კითხვის უცოდინარი ქალი 12 წლის ასაკში გაათხოვეს. სამი გოგო გააჩინა. მეოთხე – გიორგი იყო, რომელიც მეორე მსოფლიო ომში დაიღუპა. ჩემი მოგონებები სწორედ გიორგის უკავშირდება. გიორგის, რომელიც არასდროს მენახა. სამაგიეროდ, მისი პორტრეტი ყველა ოთახის ყველა კედელზე ეკიდა. სიღნაღში ოდესმე თუ ყოფილხართ, გეცოდინებათ, რომ სასაფლაო ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ადგილია მთელ ქალაქში. ქალაქის ცენტრიდან მორიგ თავდაღმართს რომ დაუყვები, ისეთი ვიწრო ხეობა იწყება, ორი მანქანა გვერდს ვერ აუვლის, არადა სიგრძე შთამბეჭდავი აქვს. აქეთ-იქით საფლავებია. იქვე დასაწყისში გიორგის საფლავია. სადაც წერია: „მეორე მსოფლიო ომის გმირი. მისი ნეშტი დღესაც ბუდაპეშტის მიწის საკუთრებაა“. ეს უწი-პუწი წინადადება ვინ დაწერა, არ ვიცი, სამაგიეროდ, ბავშვობიდან ამ ქალაქის მიმართ რაღაც იდუმალი წარმოდგენები ჩამომიყალიბდა.
ამბავი, რომელიც ახლა უნდა მოგიყვეთ, ჩემი და გიორგის შეხვედრაზეა. ეს ის დროა, როცა სტუდენტი ვიყავი, ცხოვრება მიხაროდა და ძარღვებში პარტიოტული,( უფრო მეტად კი თავქარიანი) სისხლი მიდუღდა. მოკლედ, 18 წლის ვიყავი, პირველად ქვეყნის საზღვრებს რომ გავცდი და ალბათ უკვე მიხვდით, რომ ბუდაპეშტს მივაშურე. არ ვიცი, ამდენი სითავხედე საიდან მქონდა, ან როგორ გავბედე, მაგრამ ამხელა ქალაქში სრულიად მარტო ჩავედი. სტუდენტური გაცვლითი პროგრამით სამელვეის უნივერსიტეტის სტომატოლოგიურ კლინიკაში პრაქტიკული კურსი უნდა გამევლო. წასვლამდე ყურმოკვრით გავიგე, რომ საერთო საცხოვრებელში ვიცხოვრებდი. სიტყვა „საერთო“არ მომეწონა, მაგრამ არ შევიმჩნიე.
სანამ მითითებულ მისამართზე მივიდოდი, ერთი სიცოცხლე გავათავე. ჩემი წარმოდგენით, „საერთო საცხოვრებელი“ ის იყო, სადაც დერეფნებში სარეცხია გაფენილი და ყველგან მჩხავანა ბავშვები ყრია, მაგრამ… როცა მივედი, ურდულს წავეთოთხმეტე და რაღაც ელექტრომოწყობილობა ახმაურდა. აღმოჩნდა, რომ კარტის ფორმის თეთრი პლასტმასი უნდა მქონოდა, რომელიც გასაღების ფუნქციას ასრულებდა. დაცვამ გადმომცა. კი მივხვდი, რომ შიგნით სარეცხი არ დამხვდებოდა, მაგრამ თუ არც მჩხავანა ბავშვების კოლექცია იქნებოდა მიმოფანტული, ვერაფრით ვიფიქრებდი. კარი გავაღე და ჩემთვის აბსოლუტურად უცხო გარემოში აღმოვჩნდი – უამრავი ახალგაზრდა იყო შეკრებული. ყველა კუთხეში რაღაც ხდებოდა. აქ იყო მაგიდის ტენისი, კომპიუტერები, პუფები, ბილიარდის მაგიდა, უზარმაზარი მუსიკალური ცენტრი. მიკროფონები და პატარა სცენაც. ამ წამიდან ახალი თავგადასავლები დაიწყო.
დაცვამ ოთახამდე მიმაცილა, გასაღები გადმომცა და დამიბრა, ორი დღე მარტო იქნები, შემდეგ იაპონიიდან ერთი მკურნალი ჩამოვა, ერთად იცხოვრებთო. კარგი-მეთქი.
მეორე დღესვე ყველამ შემატყო, რომ, ცოტა არ იყოს და მორცხვი ვიყავი, ამიტომ საერთო მაგიდასთან თითქმის ძალით მიმათრიეს და ყავა დამალევინეს. უფრო სწორად კაპუჩინო, რომელიც ჩამოსასხმელ აპარატებში იყო და ძალიან იაფი ღირდა. ( ჰოსტელის პლუსი სწორედ ესაა, ყველაფერი იაფი და ხელმისაწვდომია) პირველ დღეებში ბუდაპეშტში მარტო დავხეტიალობდი. მთელი ქალაქი მოვიარე. მერე ჰოსტელის ბინადრებს გავუშინაურდი. ყველაფერი სამზარეულოდან დაიწყო, რა თქმა უნდა. სამზარეულო და სააბაზანო საერთო იყო, ასე რომ, კონტაქტი გარდაუვალ აუცილებლობას წარმოადგენდა. ჩემსავით თვითმარქვია მზარეულებს ჯერ კვერცხის შეწვაში ვეხმარებოდი, მერე დიდი შემართებით ვყებოდი ქართული სამზარეულოს სასწაულებზე. გადავწყვიტეთ, მეორე დღეს ბუნებაში წავსულიყავით და „მცვადი“ შეგვეწვა. ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ ჰოსტელში დაბინავებული დაახლოვებით 100-ვე ახალგაზრდა სხვადასხვა ქვეყნის სამედიცინო უნივერსიტეტებიდან იყვენენ და მათ შორის მხოლოდ მე ვიყავი სტომატოლოგი. სამაგიეროდ, იმ ღამეს, როცა ჩემი იაპონელი უნდა ჩამოსულიყო, ბუდაპეშტის მახლობლად, ბალატონის ტბაზე სტუდენტ სტომატოლოგთა საერთაშორისო ასოციაციის ყოველწლიური კონგრესის გახსნაზე წავედი. დილით ადრიანად ავიბარგე. ვიცოდი, რომ ზუსტად 10 საათსა და 22 წუთზე მატარებელი სადაც გაჩერდებოდა, იქ უნდა ჩამოვსულიყავი.
ჩემი პირველი კულტურული შოკი სწორედ ეს იყო. მატარებელი ყოველ 5-10 წუთში აჩერებდა. შემდეგ საოცარი სისწრაფთ მიქროდა. 11-ის 22 წუთზე გაჩერდა. გავოგნდი. ჩამოვხტი. თეთრი მერსედესი მელოდებოდა. გადავჯექი და წავედი. დღის ბოლოს International Party მოეწყო. ყველა ქვეყანამ თავისი კულტურის ნაწილი წარმოადგინა. ჩემი სვანური ქუდი კოლინზის შორტებთან ცოტა არაადეკვატურად კი მოჩანდა, მაგრამ არაუშავს.
წესი ასეთია: თითოეული ჩვენგანი ყველა ქვეყნის მაგიდასთან უნდა მისულიყო და საჭმელიც და სასმელიც აუცილებლად გაესინჯა. მეც დავიწყე… ბოლოს სამხრეთ კორეის მაგიდა მახსოვს. პატარა რვაფეხები ჰქონდათ, ჭკუა გადამეკეტა, ისე მომეწონა. თითო რვაფეხას თითო სათითესტოლა სასმელს ვაყოლებდი (ესეც წესის შესაბამისად). სამი თუ ოთხი ყლუპის მერე გვარიანად შევთვერი. ამის შემდეგ უკვე ფათრეთებით მახსოვს, ჩინელებთან ერთად ნინძას პოზებში სურათებს როგორ ვიღებდი ( მეც ეგ მიკვირს, რაც იფიქრეთ) და ბოლოს ჩემი ჰოსტელის, ჩემი ნომრის კარი… გამომაფხიზლა იმის გააზრებამ, რომ ბუდაპეშტში დაბრუნებულს, ნომრის გასაღები ტბაზე დამრჩა! აღარ ვიცოდი, რა მექნა… ქუჩაში გავედი და ბაღში წამოვწექი. (იქ ეს არავის უკვირს, ბუდაპეშტი ბომჟების ქალაქია). მერე შემეშინდა, ფული არ დამეკარგა და ისევ ჰოსტელში დავბრუნდი. მობილურიც დამიჯდა.. ან ვის შევაწუხებდი იმ შუა ღამეს… დაცვას მეორე გასაღები არ აღმოაჩნდა (უფრო სწორად, მეოთხე. მე სამი მქონდა) და მკურნალების ხელმღვანელ დენიელთან გამაგზავნა 57-ე ნომერში. დერეფანში მივდიოდი და მძიმე როკის ხმა თანდათან მიახლოვდებოდა. საუბედუროდ, ეს ხმები მისი ნომრიდან გამოდიოდა. რამდენი ვიყვირე, ვაბრახუნე და ვიხრიალე, ვერ აგიხსნით… შიგნით ისეთი გართობა მიდიოდა, ჩემთვის არავის ეცალა. ბოლოს გამოაღო და კინაღამ გავიქეცი… დანიელი კარგად ჩაპუტკუნებული ტიპი იყო , გრძელ თმას და წვერს ატარებდა. ნანახი კი მყავდა, მაგრამ თმაგაწეწილი და საცვლების ამარა ასეთი საშიში ჰაბუსტისის თუ იქნებოდა, ვერ წარმოვიდგენდი. ვიწამე, რომ ადამიანის წინაპარი ნამდვილად მაიმუნი იყო და ისევ ქუჩას მივაშურე. სკამზე ცოტა გამოვიძინე, (თან ცალი თვალი სულ მეხილა!)
ამ დროს რას ვხედავ… ჩემი ჰოსტელის ბინადრები შინ ბრუნდებიან! ან ამხელა ჯარი ერთად სად იყო წათრეული-მეთქი, გავიფიქრე. როგორც წესი, პრაქტიკების შემდეგ, საცხოვრებელშივე ერთობოდნენ ხოლმე. თურმე ის იაპონელი ჩამოსულა. მე რომ ვერ მიპოვეს, ქალაქის დასათვალიერებლად გაიყვანეს, სანამ ახალ ნომერს მოუმზადებნენ. სანერვიულო აღარაფერი მქონდა, იქ ჩემი უამრავი მეგობარი იყო, ნომრის გაზიარება ბევრმა შემომთავაზა. მერე რა, რომ 6 ხდებოდა და 1 საათში უკვე ვიღვიძებდით… და აი, პოზიტივიც – ნომერში არავინ შემომისახლეს. ეს ღამე ჩემს ცხოვრებაში ყველაზე კოშმარული იყო. ნამდვილად. საკეტი მეორე დღეს, შუა დღესღა შეცვალეს და გემრიელი ჯარიმაც ავირტყი.
იმის მიუხედავად, რომ ბუდაპეშტზე ბევრია სათქმელი… ჩემი ჰოსტელური ცხოვრება მაინც ყველაზე დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. ერთად ვცხოვრობდით რუსები, ამერიკელები, არაბები, ჩინელები, იაპონელები, უკრაინელები, ინგლისელები, გერმანელები, ფრანგები… დილით ერთი მაგიდას ტანგა ტრუსების ამარა რომ მოუჯდებოდა, მეორე ჩადრით იჯდა… ერთს რომ შავი მანიკური ესვა, მეორე კოპლებიანი კაბით და ვარდისფერი
პომადით დაფარფატებდა… თითოეული ჩვენგანი განსხვავებული მენტალობის, ტრადიციების და თავისებურებების მატარებელ ქვეყნებს წარმოვადგენდით, მხოლოდ ერთი რამ გვაერთიანებდა – პროფესია და… ახალგაზრდობა. ყველა ჩვენგანი თავგადასავლების საძიებლად იყო ჩამოსული. ეს იყო ერთჯერადი ურთიერთობები. ჩვენ ერთმანეთი გვჭირდებოდა – ყოველგვარი ვალდებულებების გარეშე. არ იყო პოლიტიკა და რელიგია. ყველაზე საინტერესო იცით რა არის? ქართველმა და რუსებმა ერთმანეთის წარმომავლობა რომ გავარკვიეთ, რაღაც უცნაური „შინაურობის“ განცდა გაჩნდა. იქ სომხები ან აზერბაიჯანელები რომ ყოფილიყვნენ, არ ვიცი როგორ იქნებოდა, მაგრამ, ფაქტია, რომ დიმიტრისთან დღემდე ვმეგობრობ. პოლიტიკაზე კი არასდროს გვისაუბრია.
ორჰან ფამუქი ამბობდა, მორალი ისაა, თავს ისე არ გრძნობდე, როგორც საკუთარ სახლშიო… დაბერდა? არა. ეს არჩევანია, უბრალოდ, ‘მორალი’ ცუდი სიტყვაა.
მაგრამ რა დროს ფამუქია, აქვე, ბათუმში პირველი BoomBully Beach Hostel გახსნილა )))