„…შენ გახსოვს, ელლი, ის დალოცვილი საღამო, საღამო ჩემი პირველი ჩამოსვლისა შენთან, საჩხერეში? ჩვენი თვალები პირველად შეხვდნენ მას შემდეგ, რაც პირველი ამბორით შევიცანით ერთმანეთი.
მე შეგახსენებ: წყნარ საღამოს მე ჩამოვედი შენთან ახალი ტრფობის ეშხით სრულიად მთვრალი. ჩვენ მარტონი დავრჩით აივანზე. ერთმანეთს თვალებში ვუცქერდით და ვგრძნობდით, სახე გვიფითრდებოდა, ხმა გვიკანკალებდა, გულები გვეთოშებოდა და სიტყვებს სრულიად ვერ ვაბამდით თავს. შენი შეხებისას ჟრჟოლამ დამირბინა მთელს სხეულში და შენშიც იგივე მოხდა…

… როგორი მწუხარება სუფევს ჩემს ირგვლივ! ვტირი მე და ჩემთან ერთად გოდებს მთელი მშვენიერი სამყარო…

… დათიკო გაემგზავრა  ორშაბათს, დავშორდით თვალცრემლიანნი… მე მარტო ვარ! … გაემგზავრა ჩემგან შორს და დიდი ხნით… მე მისგან ველოდი წერილს, მაგრამ არ ჩანს. იქნებ ხვალ უნდა მან მე დამამშვიდოს. ზოგჯერ მეჩვენებოდა, რომ დათიკოს  აღარ ვუყვარვარ, მაგრამ განშორების ჟამს ჩვენს თვალებში გაჩნდა ცხელი ცრემლები, რომელშიც აისახა ჩვენი მარადიული ერთობა…

შენი ქმრის წერილის თაობაზ მინდა მოგელაპარაკო პირადად.
მინდოდა ჩამოვსულიყავი საჩხერეში, მაგრამ გამოგიტყდები, უკვე აღარ შემიძლია შეხვედრა შენთან იქ, სადაც ჩვენს განმარტოებას ხელს შეუშლიან…

ორშაბათი, 2 სექტემბერი, 1915, საღამოს მწუხარი“

„მე მინდა, გესაუბრო იმ გიშრისთვალება გოგონაზე, რომელთანაც რამდენიმე წუთი გავატარე შუაღამის მატარებლის კუპეში.
ელლი, ელლი!
მეგონა, ისე შერწყმული ვიყავი შენ სულიერ გრძნობებთან, რომ ჩემი გაგება ყოველთვის შეგეძლო. შენს თავს ვფიცავ, სილამაზით გატაცება შემიძლია მხოლოდ ისე, როგორც ვარდით უცხო ბაღში, იმ ვარდით, რომელიც ჩემთვის არ გაფურჩქვნილა. და თუ მე ახლა მიყვარს ყველა ყვავილი, თითოეულ მათგანში ვპოულობ იმ ყვავილის ნაწილს, რომელიც გაიშალა ჩემს გულში შენთვის, ჩემო პრინცესა!
ჩემი გატაცება იმ გოგონათი აიხსნება იმით, რომ მისი წყალობით დაგინახე შენ. შენ კი არ შემიძლია დაგინახო მხოლოდ ლამაზი არსების მეშვეობით.
იმ ღამით ვგრძნობდი, რომ ჩემს თანამგზავრს ჩემი შეხება სურდა, მე კი, არა.
ეს ვარდი ხომ ჩემთვის არ ჰყვაოდა“

(წერილები რუსულიდან  თარგმნა  პოეტმა ლეილა ბაბადიშ-ბაგრატიონმა)

სრულად

ამ წერილების ავტორი პაოლო იაშვილია, ადრესატი – ელენე ბაქრაძე. ელენე ბაქრაძე ცისფერყანწელთა საიდუმლო, მეცამტე წევრად  და  დარიანული ლექსების ავტორად მოიაზრება. იმ ლექსებისა, რომლებიც საზოგადოებამ პორნოგრაფიულად ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში შერაცხა და ძალიან დიდხანს პაოლო იაშვილის ხელმოწერით ქვეყნდებოდა. უფრო კონკრეტულად კი ნეტგაზეთზე მიწერია: დააკლიკეთ!

ლიტერატურულ წრეებში დიდი ალიაქოთი გასული საუკუნის მიწურულს დაიწყო, როცა პროფესორმა გიორგი ჯავახიშვილმა პატარძეულში, გიორგი ლეონიძის სახლ-მუზეუმში ელენე ბაქრაძის პირად არქივს მიაკვლია. მასალების გასაჯაროებას სკანდალური გამოხმაურება მოჰყვა. იმდროინდელმა კრიტიკოსებმა ქართველი ერის შეურაცხყოფად მიიჩნიეს პოეტი ქალის არსებობა, რომელიც ქალურ ვნებებს აშიშვლებს და სასიყვარულო სცენებს თამამად გადმოსცემს.

მეორეს მხრივ, მათთვის უხერხულობას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ქალური ვნებებით პაოლო იაშვილი გვესაუბრება. უფრო მეტიც, იმ პერიოდში რამდენიმე მეტისმეტად ‘გულახდილი’ მეცნიერიც გამოჩნდა, ვინც პაოლოს დარიანობას მის პარიზულ მოღვაწეობას უკავშირებდა და დასძენდა, რომ პაოლო, საფრანგეთში ყოფნისას, ადგილობრივ ტრანსვესტიტებს დაუახლოვდა და ‘არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე’ ადამიანებთან ( ძირითადად მხატვრებთან და პოეტებთან) მეგობრობდა. იქიდან ჩამოსულმა კი ლიტერატურულ მისტიფიკაციას მიმართა და შექმნა ელენე დარიანის ფსევდონიმი, რომლითაც ქალურ ვნებებს აშიშვლებდა. როგორც ამბობენ, პაოლოს სურდა, იმ პერიოდში გაბატონებული სატრფიალო პოეზია ახალი, თანამედროვე ლექსებით შეეცვალა და ელენე დარიანის მითის გამოგონება სკანდალურიბისთვის დასჭირდა. მე კი მგონია, რომ პაოლოს რომ ეთქვა, ეს ლექსები მე დავწერეო, გაცილებით სკანდალური იქნებოდა. მისი შემოქმედების დამფასებლები ამ ნაბიჯსაც “გაუგებდნენ” და მიზანსაც უფრო ადვილად მიაღწევდა.

მოკლედ, რას გაიგებ. კვლევაა საჭირო. უამრავი არქივია გადასამოწმებელი, მაგრამ ამის გამკეთებელი არავინაა. ამას თავისი ობიექტური მიზეზებიც აქვს. ალბათ ასე 10-15 წელიწადში ყველა ყველაფერს ხმამაღლა იტყვის. მანამდე კი მინდა,  წინა პოსტში წარმოდგენილ  7 ქალბატონს, მერვე, ელენე დარიანი მივამატო. რა მნიშვნელობა აქვს, ვინაა. მთავარია, რომ მასზე სკანდალური ქართველი პოეტი არ გყავს და ალბათ არც გვეყოლება.

ჩვენ შეგვიძლია, ქართული ლიტერატურის ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანი მომენტის უშუალო მონაწილეები გავხდეთ. ელენეს ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი პაოლოს ლექსების კრებულის პირველი გამოცემაა. ეს იყო 1956 წელს ( ამ დროს პაოლო დიდი ხნის გარდაცვლილია). მის პირველ კრებულში დარიანული ლექსებიც შევიდა და ავტორად პირველად დაეწერა პაოლო იაშვილი.

პროექტში “50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, საამ ცოცხალი ხარ” ელენე დარიანის პოეზია ბევრ ხმას თუ მოაგროვებს და მისი ლექსებიც ციკლი ცალკე გამოცემად გამოვა, გაფიქრებაც კი მზარავს, ამას რა შეიძლება მოჰყვეს. რა ვიცი, თუ არ დაგეზარებათ, ხმის მიცემა ამ ლინკიდან შეგიძლიათ.

ხო, მართლა.. ამ კვირაში კონსტანტინე გამსახურდიას “დიდოსტატის მარჯვენა” გამოვიდა. როგორც ელენეს ჩანაწერებიდან ირკევა, კონსტანტინეს და ელენე ბაქრაძეს დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებდათ. მის არქივში დაცულ ერთ-ერთ წერილში კონსტანტინე იმ ნეგარიურ დამოკიდებულებაზე საუბრობს, რომელსაც იმ პერიოდში საქართველოში აწყდებოდა. ( რამდენად საფუძვლიანად, ეს სხვა საკითხია). ესეც წერილი:

” ძვირფასო ელენე, რასაკვირველია, მე არ შემიძლია ისეთი მშვენიერი ბარათის დაწერა, როგორიც შენ მომწერე. შენ პოეტი ხარ და იცი, როცა ადამიანი ბევრს განიცდის, გამოხატვა არ შეუძლია. თანაც მე ავად ვარ. ფიზიკურად, სულიერად დაშლილი. ეს წელი ჩემთვის იყო ყველაზე კოშმარული, ჩემს ცხოვრებაში ბევრჯერ გავედი საზღვარგარეთ და სიკვდილის გემო შევიგრძენი… ჯერაც საავადმყოფოში ვარ. რამდენჯერმე მოწმე გავხდი საშინელი გაორებისა. ასეთი მდგომარეობა ჩემი წარმოსახვით აღვწერე ჩემს მოთხრობაში “ტაბუ”. მოსკოვში მე გადავიტანე ძლიერი სულისშემხუთველი შემთხვევები.

მე ვაგრძელებ შემოქმედებით მუშაობას, მაგრამ სიკვდილი სანატრელი გამიხდა. ეს მარტო ფრაზა არაა, – ზუსტად ამას განვიცდი… მინდოდა საქართველოდან სრულიად წასვლა, სრულიად დაუმსახურებლად, იმდენ სიძულვილს ვგრძნობდი, რომ მე ვიყავი მოწამლული და გადაწამლული. მე ასეთმა ცხოვრებამ მიწია, როგორც მაჩაბელს და ბარათაშვილს, შეიძლება უარესმაც.

მე მიკვირს, როცა ახალ რომანზე მწერ – არა მგონია, როდესმე დავუბრუნდე ქართულ ლიტერატურას. საერთოდ არა ღირს, როცა ხალხი გპასუხობს ყველაზე დიდი სიძულვილით.

სოლევეცკი გუმბათზე შლის თავის ნაბადს. მარჯვენა მხარეს არ შემიძლია წოლა, ტკივილები გულში, რევმატიზმი სახსრებში… გახსოვს, მე მარჯვენა ხელზე ვმკურნალობდი თბილისში… აქაური ნესტისგან შეიძლება, წამერთვას ხელი – ყოველდღიური თავის ტკივილები…

ჩვენ ვცხოვრობთ ერთად, ზოგჯერ მწუხრობისას ვიკრიბებით და ვმღერით, თანაც თანამემამულეთა გარდა, ვერავის ვხვდები, საინტერესო ხალხი არ არის. წავიკითხე ალექსანდრე ფირმანი, მომეწონა.

ველოდები შენს სონეტებს. მხოლოდ, თუ შეიძლება, მიეცი კარგი სათაურები, მე ვფიქრობ, შენ ისეთი გამბედავი ხარ, რომ დამფუძნებელი იქნები ქალური ლირიკისა… ვნახოთ…”

13 .11. 26.

ბოლოს მაინც შეგახსენებთ, რომ ამაზე დაკლიკება დაგავიწყდათ.

Post a Comment

Your email address will not be published.