მეორედ მოსვლის ნიშანი

ლიტერატურა ძუძუები

იმაზე ვფიქრობდი, რა დამეწერა ზურასთან სტუმრად ყოფნისას, როდესაც ნახევარმა ფეისბუქ საქართველომ უელბეკის გაუჩინარების შესახებ სტატია გაუზიარა თანაკედლელებს. თორმეტ სექტემბერს იგი ამსტერდამში უნდა ყოფილიყო, მაგრამ თურმე, ოთხი დღის განმავლობაში არ გამოჩენილა და აქამდე უშედეგოდ ეძებენ. ეს ყველაფერი შეიძლება, უბრალოდ მისი რაიმე ახირება იყოს, მაგრამ ამ მოვლენას მედიამ უკვე დაუკავშირა უელბეკის მიერ შემქნილი რამდენიმე მთავარი გმირის გადაწყვეტილება, სამყაროზე იმედგაცრუებულები, გაემიჯნონ მას და სადღაც, ბნელ კუნჭულებში გაუჩინარდნენ.

თუმცა, იმედი დავიტოვოთ, რომ იგი ცოცხალი და საღსალამათია, უბრალოდ, სადღაც ამსტერდამში, ქუჩაში კიბეზე ფეხი დაუცურდა და უგონოდ დაეცა. შემდეგ, რომელიღაც კეთილშობილმა მეძავმა თავისთან შეიფარა და ოთხი დღის განმავლობაში მეხსიერებადაკარგული მიშელი ცდილობს გაიხსენოს ვინაა, მასზე შეყვარებულ მეძავს კი მისი გაშვება არ უნდა და ყველანაირად ცდილობს  ამ საქმეში ხელი შეუშალოს. შეიძლება, მან ალტერნატიული მიშელ უელბეკიც კი შექმნა და მის ახლადდაფორმატებულ ტვინს შთააგონა, რომ, მაგალითად, მიშელს ჰქვია ნათანი და ის ბრიუგელი მხატვარია, რომელიც პატარა ქალაქიდან ბედის საძიებლად ბობოქარ ამსტერდამში გამოიქცა და აქ, მის ოცნების ქალს, ჩვენს ძვირფას მეძავს შეხვდა.

ახლა ჩვენს მეძავს, რომელსაც სავარაუდოდ, ანჟელიკა ერქმევა, მიშელის ნახევრადგამელოტებული თავი საკუთარ მკერდზე მოუთავსებია და ნაზად აცეცებს მარჯვენა ხელს მის თმაში. ალბათ, დილით გაზეთი რომ იყიდა, ის გვერდი, სადაც მიშელის გაუჩინარებაზე ეწერა, მაშინვე გადააგდო და ჩაისთან ერთად ასე, მთავარამბავმოკლებული მიართვა. ინტერნეტს პირველ დღესვე გათიშავდა, შემდეგ საკაბელო კომპანიაში გადარეკავდა და მხოლოდ სპორტულ და ამინდის არხებს დაატოვებინებდა თავის ტელევიზორში.

თუ ეს ყველაფერი სიმართლეა, მაშინ მინდა მივმართო ამ სავარაუდოდ, სავსემკერდიან ქალს: ქალბატონო ბოზო, დიდის მოკრძალებით გთხოვთ, გაათავისუფლოთ თქვენი ბორცვების ტყვეობიდან ბატონი უელბეკი, რადგან ბევრს უკვე ჰგონია, რომ ეს ყველაფერი მეორედ მოსვლის ნიშანია.

პ.ს. მართალია, ჩემი პოსტი ზურას პოსტების საშუალო ზომას ვერ აკმაყოფილებს, მაგრამ იმედია ამ პოსტ კრიპტუმით, ცოტათი მივუახლოვდებით სტანდარტებს 😀

პ.პ.ს. ჩვენც შემოგვიარეთ, უცხოები არ ვართ, ამ უბნელები ვართ http://prodigycow.wordpress.com

პ.პ.პ.ს. მე კი ( ზურა ) შეგახსნებეთ, რომ პროექტი “50 წიგნი, რომელიც უნდა წიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ” გრძელდება. ამ ბმულზე იმ 30 წიგნის სია შეგიძლიათ ნახოთ, რომელიც უკვე ცნობილია. უელბეკი მათ შორის არაა. ასე რომ, თუ გულშემატივრობთ, უბრალოდ, ხმა მიეცით.

Post a Comment

Your email address will not be published.