როცა ჭუჭყის სუნი დაჰკრავს…

50 ქალი 50 წიგნი ელენე დარიანი ლიტერატურა

…ადამიანი გაითქვიფა კოლექტივში.
წინათ ადამიანი, როგორც პიროვნება, ძლიერი იყო. ის იყო ბელადი. ის ჰქმნიდა ეპოქას.
ეხლა ეპოქა ჰქმნის პიროვნებას.
დრო ჰქმნის ბელადებს.
მე კი მინდა რომ თვით დროც შევაჩერო.
იყოს ერთგვარი ანტრაქტი ჟამთა აღრიცხვაში.
შეუძლებელია.

გაუთხოვარი ქალის ბედი იგივეა, რაც დაუბეჭდავი ლექსისო, ამბობდა მარიამ ტყემალაძე, იგივე მარიჯანი.  საბჭოთა საქართველოს პოეტი, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქალბატონი. ამას რატომ ვიხსენებ, ბოლოს მიხვდებით.

ახლა მარიჯანზე არ ვსაუბრობ. მინდა, მისი ცხოვრების ერთი საინტერესო მომენტის შესახებ დავწერო.

მარიჯანის შემოქმედებაში ერთ-ერთი ყვეალაზე პოპულარული ლექსია “განჯა”, რომელიც 1922 წელს გამოქვეყნდა. ლექსს თავისი ადრესატი ჰყავდა – ელენე დარიანი.

ელენე ბაქრაძე ( დარიანული ლექსების სავარაუდო ავტორი) კი საკუთარ დღიურში ასეთ ჩანაწერს აკეთებს:

“ჩემმა ძმამ “სოფლის ცხოვრება” გამოუწერა ჩემს დას. მე სულისშემხუთავი ოთახიდან გამოვედი და ამ გაზეთს ვკითხულობ. სიმპატიური გაზეთია. სოფელს მრავალ ფურცელს აწვდის ჩვენი საზოგადო ცხოვრების ისტორიულ და დღევანდელ ვითარებიდან. აუღელვებელი სტრიქონებით აგონებს ხალხს, ჩვენს პატიოსნად მოქმედ ადამიანებს. როცა ვკითხულობ დღევანდელ გაზეთში მაყვალა ბარათაშვილზე, მაყვალა მრევლიშვილსა და მარიჯანზე… მიხარია, რომ აფასებენ მათ, არ ივიწყებენ.
წარმომდგენია ახლაგაზრდა, ლიტერატურით გატაცებული, წყნარი, თავმდაბალი გოგონა როგორ დადის, როგორ შესცქერის სახეში ამ სხვადასხვა ნიჭის მქონე ქალებს და აღტაცებით იწერს მათ შესახებ.

მარიკა ბარათაშვილი საინტერესო მოღვაწეა ქართულ ლიტერატურაში, როგორც ქალი, საინტერესო ბიოგრაფიის მქონე. მაყვალა მრევიშვილს ნაკლებად ვიცნობ… მარიჯანი, ჩემმი კარგი მარიჯანი, მას ხელი შეუწყო ბევრმა რამემ და სათანადო ნიჭმაც… მე უბედური, აღზრდილი მეტად დახევწილ პოეზიაზე, ძნელია სხვაც ვიგრძნო, გარდა ანა კალანდაძისა…
არა, “სოფლის ცხოვრება” რასაკვირველია, ავსებს ფურცლებს ჩვენი ლიტერატურის ისტორიისას, გენიოსიდან გენიოსამდე. ზრუნავს მათ არდავიწყებაზე”.

გამოდის, რომ მარიჯანი პატივს სცემს ელენე დარიანს. მიუხედავად იმისა, რომ ცისფერყანწელებთან საკმაოდ ახლო ურთიერთობა ჰქონდა, შესაძლებელია, არ სცოდნოდა, ვინ იდგა ამ ფსევდონიმის უკან. მეორეს მხრივ, ელენე ბაქრაძის დღიურიდან ირკვევა, რომ ელენე და მარიჯანი დიდი ხნის ნაცნობები არიან. და, აი, რა ხდება

“ლექსს თუ ჭუჭყის სუნი დაჰკრავს, ჩემთვის მიუღებელია” – მარიჯანი

1956 წელს მარიჯანის ლექსების კრებული გამოიცა. ერთი ეგზემპლარი ელენე ბაქრაძის არქივში ინახება, რომელსაც ასეთი მინაწერი აქვს:

“ჩემო კარგო! ნუ მიჯავრდები… მე იმედი მაქვს, რომ ჩემი ლექსებით გამოვისყიდი ჩემს დანაშაულს, თუმცა, არც დამნაშავედ ვგრძნობ ჩემს თავს.
იმ საღამოს, დარბაზში რომ დაგინახეთ, ჩემი ოთხი თანაკლასელი, ე.ი. ისინი, ვისაც ახსოვთ ჩემი ბავშვობა, კინაღამ ავტირდი! ეს იყო ბავშვობის და სიყრმის გაცოცხლება… და ესეც ხომ ძვირფასია ჩემთვის, მაშ, რაღად მემდური, რა დაგვრჩენია ამქვეყნად, გარდა პოეზიისა! შენი მარიჯანი,
ელის, ჩემი პოეზიის და ჩემი ახალგაზრდობის თანამგზავრს დიდი სიყვარულით მარიჯანისგან. 1957, 28. I…”

პროფესორ გიორგი ჯავახიშვილის აზრით, ერთ-ერთ წვეულებაზე მარიჯანი და ელენე ბაქრაძე ერთად იმყოფებოდნენ. ამ დროს მარიჯანი უკვე ცნობილი პოეტია, პოპულარული და აღიარებული, რასაც ვერ ვიტყვით ელენე ბაქრაძეზე. მარიჯანმა ელენეს თავი არ გაუყადრა ან ვერ იცნო.. ან არ იცოდა, რომ ელენე დარიანი, იმ დროის ყველაზე პოპულარული პოეტესა, მისი ყოფილი “თანაკლასელი” იყო. ფაქტია, რომ სამწუხარო გაუგებრობა მოხდა…

მაგრამ ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო… მარიჯანი 1880 წელს თბილისში დაიბადა. 1908 წელს თბილისის ქალთა სასწავლებელი დაამთავრა და 1918 წლიდან თბილისის უნივერსიტეტის სიბრძნის მეტყველების ფაკულტეტზე სწავლობდა. ელენე კი  1897 წელს თბილისში დაიბადა. ორი თვის იყო, ერედვში რომ წაიყვანეს. 1904-05 წლები შიო მღვიმის მონასტერში გაატარა, 1906-07 წლებში  დარკვეთში, სარეკში და ნაჩერქეზევში იყო. 1907 -1916 წლები განჯაში გაატარა, 1916-17 წლები კი – რუსეთში. 1917 წელს საქართველოში (თბილისში) დაბრუნდა და თბილისის უნივერსიტეტის ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტი 1928 წელს დაამთავრა, ანუ მათი ბავშვობის წლები და საცხოვრებელი ადგილები ერთმანეთს არ ემთხვევა. შეუძლებელია. სხვა თუ არაფერი, მარიჯანი ელენეზე 17 წლითაა უფროსი!

შეიძლება, “თანაკლასელებში” თანაკურსელები იგულისხმებოდეს. ასე შეიძლება – მარიჯანი 1918 წელს ირიცხება, ელენე 1917 წელს საქართველოში ბრუნდება და 1918 წლიდან სტუდენტია, მაგრამ…

არც ერთი არ იყო იმ ასაკში, რომ, თუნდაც 30 წლის შემდეგ, იმ პერიოდისთვის ‘ბავშვობისა და სიყრმის გაცოცხლების” წოდება  ადექვატურად ჟღერდეს, მაგრამ რა ვიცით.. ასეა თუ ისე, წიგნს ელენემ ასეთი ლექსი მიაწერა:

წერილი მარიჯანს

მინდა დღეს გითხრა გულის ნადები
თუმც ჩავიფერფლე დიდი ხანია,
მაგრამ მე მჯერა. ისევ ვართ დები
გვწვავს ძველებურად ჩვენ პოეზია.

შენთვის საჩუქრად არ მაქვს დაირი
არც ოქროს გედი მომიწვევია
მხოლოდ მე მახსოვს შენი დარდები
ჩემთვის წყლულები შეგიხვევია.

მე სხვანაირი მეწვია ბედი
ის არ იკლებდა ჩემით გართობას
თბილთანაგრძნობით აღარ მოხვედი
არ შემოგჩივლე მეც მარტოობა.

დღეს ჩვენი ხალხი გვათბობს გვირგვინით
წელთა გუგუნი შუბლზე განათებს,
იყავ დღეგრძელი, ჩემს გულისტკივილს
სულ სხვა თაობა გაასამართლებს.

და ბოლოს… 1917 წლის 2 იანვარს ტიციან ტაბიძე ვალერიან გაფრინდაშვილს მოსკოვიდან წერილს უგზავნის (წერილი საქართველოს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში ინახება) , სადაც ერთი წინადადება ამ ისტორიას უკავშირდება:

“…მარიჯანი ვინ ეშმაკია ან განჯას რად წერს? იქნებ გაიგო, მე მაინტერესებს ძალიან…”

პ.ს. შეგახსენებთ, რომ პროექტი “50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ” გრძელდება. არაფერი მოხდება, სიაში ოსკარ უაილდის დეგენერატობების (ამაზე სხვა დროს! )  ნაცვლად, თუნდაც მარიჯანი თუ მოხვდება.

Post a Comment

Your email address will not be published.