სირენის სიმღერა

50 წიგნი ლიტერატურა

რვეულიდან “ლალი და ზურმუხტი”

“ეშმაკის მათრახი”. 1916წ

ზღვა ირხევა,-
ნაკეც-ნაკეც ათამაშებს ზვირთთა ნავებს
ზეგაწოლილს ჩემს მაგარ ტანს არხევს, არწევს, აქანავებს

მზე ტანს იბანს,-
ცხელი თითით აგზნებს, მიშლის თმის დალალებს,
ტალღის ნელი პეშვით მკოცნის, უხვად მაყრის სისხლის ლალებს.

ვერთვი თვლემას,-
ნელინელ თვალს ენისლება სიზმარეთი
აღარ მახსოვს თუ ვინა ვარ, ზღვის თვალი თუ მზის ნაკვეთი

ტანს მეხვევა
ვაჟი ვიღაც, ლაღი, შმაგი, უხვი, ვრცელი;
ტკბილი ვნებით იკეცება ჩვენი ქაფის სარეცელი.

თვალსა ვახელ,-
ეს რა არის? თითქოს გვერდით არვინ სჩანდეს!
და ვით შეშლილს მეწურება დაბრუნება იმა ლანდის.

ტალღა ტალღის
შლის ნაფერტალს, ზვირთნი ჰქმნიან ახალ ნავებს,
და ხალასი ზღვა მარადის ჩემს ტანს ზანტად აქანავებს.
გრიგოლ რობაქიძე

გრიგოლ რობაქიძის პოეზიის მოყვარულებს შეგიძლიათ, პროექტში “50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ“, ხმა მის რომელიმე ნაწარმოებს ან კრებულს მისცეთ.

Post a Comment

Your email address will not be published.