ლამასის კელტური ფესტივალის წინა დღეები ყოველთვის სიხარულით, აღტაცებებებითა და სასიამოვნო მოლოდინებითაა სავსე, ყოველ შემთხვევაში, მერი სლესორისთვის ასე იყო. არა იმიტომ, რომ თავად ფესტივალისგან მოელოდა რამე განსაკუთრებულს, არა, უბრალოდ, ამ დროს, მამამისი და ძიძა სავაჭროდ მიდიოდნენ. სახლი კი პატარა მერის განკარგულებაში რჩებოდა. თან, არც მეტი, არც ნაკლები – შობამდე.
მერი ერთი ჩვეულებრივი, საშუალო შეძლების შოტლანდიური ოჯახის ერთადერთი ქალიშვილი იყო. ჰყავდათ ძროხა, თხა, რამდენიმე ცხვარი და შინაური ფრინველი. ჰქონდათ სახნავ-სათესი მიწებიც.
უმამოდ დარჩენილი ოჯახის ყოველდღიურობა ძალიან სახალისო და მხიარული აქტივობებისგან შედგებოდა. სისხამ დილით, დედასთან ერთად, მაქმანებიან კაბას იცვამდა და შინიდან გადიოდა. მათი სახლი მთის ფერდობზე, საკმაოდ უცნაურ და მიუდგომელ ადგილას მდებარეობდა. ციცაბო ფერდობს როგორც კი ჩაივაკებდნენ, მთის ძირას, ვიწრო ტაფობზე, მათი გზები იყრებოდა. დედა ძია ბლეირთან მიდიოდა ხორბლის დასაფქვავად, მერი კი ძია გრეგორს სტუმრობდა. ყოველთვის, როცა ერთმანეთს შორდებოდნენ, მერი ჩერდებოდა და დედას მანამ უყურებდა, სანამ თვალს არ მიეფარებოდა. ასე იყო იმ დღესაც, რომლის შესახებაც ახლა უნდა მოგიყვეთ. ეს დღე განსაკუთრებული იყო, რადგან მერის განსაკუთრებული შეგრძნება დაეუფლა – დედასთან გამომშვიდობებისას ჩაფიქრდა და მოეჩვენა, რომ ერთმანეთთან უხილავი სიმები აკავშირებდათ. ეს სიმები, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივი სიმები არ იყო, ისინი მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან გაიბმებოდა და ვერაფერი გაწყვეტდა.
ძია გრეგორთან ჩვეულებრივი საზაფხულო ციებ-ცხელება დაუხვდა – ფერდობებს ამუშავებდნენ, თევზაობდნენ, კურდღლებზე ნადირობდნენ, კენკრასა და მარწყვს კრეფდნენ, თივის ზვინებს დგამდნენ და მხიარულობდნენ.
მოსაღამოვდა. მერი მასპინძლებს გამოემშვიდობა და შინისკენ წავდა. დედა აივანზე, სარწეველა სავარძელში მშვიდად იჯდა. მუხლებზე ჭრელი, დალიანდაგებული საბანი ეფარა და ჩინდაკარგული თვალებით აღმოსავლეთს გასცქეროდა, საქონელი ბოსელში იყო დაბინავებული. მერის ეუცნაურა, რომ დედამ ცხელი რძე არ დაახვედრა.
-დედა, რამდენი დღე დარჩა შობამდე? მოჩვენებითი აღტაცებით ჰკითხა მერიმ, კალთაში ჩაუხტა და სარწეველა გააქანა.
დედას პასუხი არ გაუცია, სახე მიაბრუნა და მერიმ შენიშნა, რომ ტიროდა..
-ნუ ღელავ, დედა, მამას არაფერი მოუვა, უვნებელი დაგვიბრუნდება. შესაძლოა წელს ადრეც კი ჩამოვიდეს, წმინდა მელინის დღესასწაულამდე. (ეს დღესასწაული თორმეტ დეკემბერსაა).
მაგრამ ყველაფერი იმაზე გაცილებით ცუდად იყო, ვიდრე მერი ვარაუდობდა. სახლის მეორე სართულზე საკუთარი მამა გადაეყარა – გალეშილი მთვრალი. მამა ხშირად სვამდა და აგრესიული ქცევებით გამოირჩეოდა, ოღონდ მერის დაბადებამდე. მას შემდეგ წვეთიც არ დაულევია.. ცუდი ნიშანი იყო.
ამ დღიდან კიდევ ცხრა წელი გავიდა. თითოეული დღე ნასვამი მამის ჩხუბით, დედის ტირილით და მერის მიტყეპით სრულდებოდა. მერიმ დაიფიცა, რომ აუცილებლად მოძებნიდა თავისნაირ ადამიანებს და აუცილებლად დაეხმარებოდა, თუმცა სად და როგორ, ვერ გადაეწყვიტა მანამ, სანამ სოფლის კათოლიკურ ეკლესიაში საგანგაშო ინფორმაცია არ დაახვედრეს: ლივინგსტონი ჯუნგლებში დაკარგულა! ან მხეცმა შეჭამა ან ბარბაროსებმაო! მათგან ალბათ ძალიან ცოტამ იცოდა, რომ ლივინგსტონი ცნობილი ქრისტიანი მისიონერი იყო, რომელმაც მთელი ცხოვრება აფრიკელი ხალხის კეთილდღეობას შესწირა. მისი გაუჩინარების ამბავმა მართლაც შესძრა ქრიტიანული სამყარო, თუმცა, მთავარი ისაა, რომ მერიმ იცოდა, რაც უნდა ეკეთებინა…
რამდენიმე წლიწადში მერი დასავლეთ აფრიკაში, კალაბარში გაემგზავრა. შუა ღამე იყო, როცა დანიშნულების ადგილს მიაღწიეს. მერის ქრისტიანული მისიონერული ფონდის წარმომადგენელი ახლდა, რომელიც უკან დაუყოვნებლივ უნდა გაბრუნებულიყო. მერი გაოცებული იყო ირგვლივ გამეფებული სიჩუმით, დეკემბრის შუა რიცხვებში არსაც ისმოდა ქარის ზუზუნი, ურმების ჭრიალი ან სიცოცხლის რამენაირი გამოძახილი. მოულოდნელად ზანზალაკების შორეული ხმა შემოესმა. უფრო დაფრთხა, ვიდრე გაუხარდა. ნათელი იყო, ხმა კალაბარიდან მოდიოდა. რაც უფრო უახლოვდებოდნენ, ხმების ცისარტყელა სულ უფრო მრავლდებოდა, უფრო საზარელი, დამთრგუნველი და სასოწარკვეთილი ნოტები ემატებოდა. კალაბარში ტომის კეთილი სულების ტრადიციული რიტუალი ტარდებოდა. სტუმრებისთვის ყურადღება არავის მიუქცევა, საცხოვრებელი ადგილი მიუჩინეს და ზეიმი ისე მოამთავრეს, მერის არავინ გამოლაპარაკებია. ამასობაში გათენდა. ისე გათენდა, როგორც შემდეგი ხუთი თვის განმავლობაში თენდებოდა -აბსოლუტურ გაურკვევლობასა და იმედგაცრუებაში. მერის ვერაფერი გაეგო და ვერაფრით ხვდებოდა, რა ხდებოდა, რა უნდა ეკეთებინა.
ერთ დილას ძალიან ადრე გაეღვიძა. ძილის შებრუნება ვერაფრით მოახერხა და გარეთ გავიდა… კალაბარის მაცხოვრებლებს სოფლის მეურნეობა გადასარევად ჰქონდათ განვითარებული. ნუ, მათ პირობაზე გადასარევად, თორემ ტომშიც ყოველი მესამე ადამიანი ყოველდღიურად მშიერი რჩებოდა. მერი სეირნობდა, მიმოფანტულ პირუტყვს ათვალიერებდა, როცა, მოულოდნელად, შემზარავ სურათს წააწყდა: მისი სახლიდან საკმაოდ მოშორებით, გამხმარი ბუჩქის ძირას მომაკვდავი ახალშობილი ეგდო, მწერებს მისი სხეული ალაგ-ალაგ ამოეფატრათ. კიმი მერის პირველი შვილი გახდა. მაშ შემდეგ დასახლების მიმდებარე ტერიტორიებზე სეირნობას მოუხშრა და ერთი წლის თავზე ხუთი ბავშვის უნებლიე მშობელი შეიქმნა. თუმცა, კალაბარი მისი ადგილი არ იყო, იქ მერი არავის სჭირდებოდა. ორგანიზაციის სათავო ოფისს კვარტლის ანგარიში გადაუგზავნა და მოითხოვა აფრიკის სამხრეთ-აღმოსავლეთით გადაეყვანათ. დანიშნულ დღეს მერი 6 საათი ელოდა დამხმარეებს, თუმცა მოსვლას არავინ აპირებდა… ხუთივე ბავშვს ხელი ჩაჰკიდა რამდენიმე დღის განვამლობაში, ოკოიონგის ტომის დასახლებმადე, ფეხით იარა.
ოკოიონგის ტომის ბინადრები, კალაბარის მაცხოვრებლებისგან განსხვავებით, გაცილებით უკეთესი ფიზიკური ფორმით და შედარებით ღია ფერის კანით გამოირჩეოდნენ, რამაც, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მერიზე, თუმცა, მან ჯერ არაფერი იცოდა მათი ტრადიციების შესახებ…
მერის პატივსაცემად, მეორე საღამოს ტომის სადღესასწაულო ბალი გაიმართა. საზეიმო განწყობა დილიდან იგრძნობოდა. მამაკაცები იხატებოდნენ, ბავშვები ჟივილ-ხივილით დარბოდნენ და უფროსებს საღებავების შეზავებაში ეხმარებოდნენ, ქალები პრაქტიკულად არ ჩანდნენ. მოსაღამოვდა. დასახლების ცენტრში გიგანტური კოცონი დაანთეს და ხელნაკეთ ინსტრუმენტებზე ნაციონალური სიმღერების შესრულება ტომის უხუცესებმა დაიწყეს. მერი ვერ ხვდებოდა, რა ხდებოდა, მათი ენა არ იცოდა, ოკოიონგელები კი მხოლოდ საკუთარ დიალექტზე მეყველებდნენ. ცეკვა და სიმღერა დიდხანს არ გაგრძელებულა. წრე შეიკრა და იდუმალი სიჩუმე ჩამოწვა. ბალის მონაწილეები თავდახრილები იდგენენ და თითქოს რაღაცას ელოდებოდნენ. მერიც მათ ქცევებს იმეორებდა. რამდენიმე წუთში თეთრადსახეშეღებილი ორი მამაკაცი გამოჩნდა. უცნაური, რომბისებური ფორმის საკრავებმა ზარის წკრიალის ხმა გამოსცეს. მერი შეშინდა. ხმა მართლად თავზარდამცემი იყო. წრე გააფართოვეს და მთავარმა გმირებმა ერთმანეთის შეთვალიერება, ნელი სვლით პატარა წრეების გაკეთება დაიწყეს… ერთ-ერთმა მათგანმა, რომელსაც ყურები ხის საყურეებით მხრებამდე ჰქონდა დაგრძელებული, იყვირა და მოწინააღმდეგეს შეუტია. ხელჩართული ბრძოლა გაიმართა. აჟიტირებული მაყურებლები ყიჟინით ამხნევებნენ. მერის თავზარი დაეცა.. თუმცა, სანამ რაიმეს მოიმოქმედებდა, სასაცილოყურებიანი მამაკაცის მოჭრილი თავი მოწინააღმდეგის გულშემატკივრებს, მხიარული შეძახილებით, კოცონისკენ მიჰქონდათ – თან ცაში აბურთავებდნენ…
მერის მეტი არაფერი ახსოვს. იმდენად შესზარა სანახაობამ, გონება დაკარგა. ცნობიერება მხოლოდ მეორე დილას დაუბრუნდა. სასწრაფოდ მოამზადა მოხსენებითი ბარათი და ორგანიზაციის წარმომადგენლობას შოტლანდიაში გადაუგზავნა. წერილში მერი მისიონერული სახლის დაფუძნების, ქრისტიანული მოძღვრების გავრცელების აუცილებლობისა და სურსათით მომარაგების მნიშვნელობაზე საუბრობდა. რამდენიმე თვეში მისიონერული სახლი მართლაც აშენდა. მერიმ ტომის განათლებას და საბაზისო უნარების გამომუშავების ხელშეწყობას მიჰყო ხელი. მთავარი, რაც ყველაზე დიდ პრობლემად მიაჩნდა, გენდერული უთანასწორობა იყო. კი, სწორედ გენდერული უთანასწორობა. ტომის წევრებისთვის სურსათი ფუფუნებას წარმოადგენდა, ნანადირევი თუ მოწეული მოსავალი კი შემდეგნაირად ნაწილდებოდა: პირველები ტომის ბელადები მიირთმევდნენ, შემდეგ ტომის უხუცები, მათ ტომის სხვა მამაკაცები მოსდევდნენ. მორჩენილ საჭმელს ბავშვები შეექცეოდნენ. თუ რამე დარჩებოდა, ქალებს ამის შემდეგ ჰქონდათ უფლება, ეჭამათ. ის, ვინც ყველაზე ჯანმრთელი იყო, ბევრსაც მიირთმევდა, რადგან შეეძლო, აბეზარი ბავშვებისგან საკვები გამოეთავისუფლებინა. რჩებოდნენ მოხუცი ქალები (რომლებიც მერის ჯერ არ ენახა) და ფეხმძიმეები, რომლებსაც კვების განსაკუთრებული რაციონი სჭირდებოდათ და ამის ნაცვლად, ფაქტობრივად შიმშილობდნენ, რის გამოც ორსულთა უმეტესობა ბოლო თვეებში, ბავშვის გაჩენამდე იღუპებოდა. იქნებ ესეც იყო იმის მიზეზი, რომ მერიმ ტომის კიდევ ერთი საზარელი ტრადიცია, მათთან თანაცხოვრების თითქმის ორი წლის თავზე იხილა…
ამ ორი წლის განმავლობაში მერიმ ჰუმანიტარული დერეფნის გაკეთება მოახერხა. სურსათი ნიგერიის მეზობელი ქვეყნებიდან, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების დახმარებით შემოდიოდა. თუმცა, შიმშილობის პრობლემა ამით ვერ მოგვარდა. მერიმ მისიონერთა გუნდი შემოიკრიბა და სოფლის მეურნეობის განვითარებას მოჰკიდა ხელი. ტომის ბინადრებს მიწის დამუშავება და მოსავლის მოყვანა ასწავლა. თუმცა, ნიადაგი, კლიმატი და მზარდი მოთხოვნილება საჭიროებებს ვერ აკმაყოფილებდა. მით უმეტეს, რომ თესლით და ნერგებით სისტემატური მომარაგების გარეშე, მეურნეობა ვერ განვითარდებოდა.
ორი წლის თავზე მერი ამაყობდა, რომ გენდერული დისკრიმინაციის ტრადიციამ ტომში რღვევა დაიწყო. ყველა შესაძლებლობების შესაბამისად მუშაობდა და მიღებული სარჩოს გადანაწილების ველური მეთოდები ბუნებრივად აღარ იყო საჭირო.
ამასობაში მერიმ ადგილობრივების ენა გადასარევად აითვისა, მეგობრებიც გაიჩინა და თანამებრძოლებიც. განსაკუთრებით ემიოლას და ოლოლადეს დაუმეგობრდა. ემიოლა 19 წლის იყო, თუმცა, უკვე რამდენიმე შვილი ჰყავდა. ოლოლადე 18-ს. ემიოლა მერის მიმართ განსაკუთრებულ სიყვარულს ამჟღავნებდა. ახლაც ბავშვს ელოდებოდა. მერი თავს დასტიალებდა, გვერდიდან არ შორდებოდა, კერძებსაც თავად უმზადებდა. ტომის ექიმბაში ვარაუდობდა, რომ რამდენიმე დღეში ბავშვი დაიბადებოდა. მერის საექთნო კურსები ჰქონდა გავლილი და უნდოდა, მშობიარობაში თავად დახმარებოდა. ოლოლადეს ბავშვები უყვარდა. თავისი არ ჰყავდა, მაგრამ მერის შვილების და ტომის წევრების ბავშვების აღზრდაში ეხმარებოდა.
გაზაფხულის ერთ ჩვეულებრივ დღეს მორიგი ჰუმანიტარული ტვირთი ჩამოვიდა. მერიმ ბავშვები შემოიკრიბა, მათი კითხვებით თავბრუდახვეული, სტუმრების დასახვედრად გაემართა. ტვირთი გადმოზიდეს და შინისკენ მიმავალ ბილიკს დაადგენენ. ვისაც რამდენის ზიდვა შეეძლო, იმდენი მოჰქონდა. ბარგს ერთმანეთს ჰკიდებნენ და შემდეგ ზურგიდან აწვებოდნენ.
– დაწყნარდით ბავშვებო, ყველაფერი ჩამოგვიტანეს. ერთი ეს ჯოჯოხეთური მთა ავიაროთ. ყველაფერი აქაა: ხილაბანდიც, ყუთიც, წიგნებიცა და კიდევ სხვა ათასი რამ: ქინძისთავები, ნემსები, ხილი და ბოსტნეული, ბურღულეული, საჩუქრები, მაგრამ ჯერ ცოტა მაცალეთ და შემდეგ ერთად დავათვალიეროთ – იხვეწებოდა მერი, თუმცა მომცროფუთებაკიდებული ბავშვები ხტუნვა-ხტუნვით გარს უვლიდნენ და დაკითხვას განაგრძობდნენ.
ტომს რომ მიუახოვდნენ, მერის ისეთი სიმღერა შემოესმა, რომელიც აქამდე არასდროს მოესმინა.. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ქალები მღეროდნენ. ნაზი და დამაფიქრებელი მელოდია დეიდა სანდრას, გაზაფხულის ხმებს აგონებდა. შოტლანდიური თბილი ქარებისა და თოვლის დნობის ხმას. ყინულის ლოლოებიდან ჩამოვარდნილი წვეთების წანწკარსა და ჩიტების მოძახილს, როდესც თავიანთ გულისწორს უხმობენ ხოლმე.
ქვიშის მთის ფერდობს გადასცდნენ და მერი გამოერკვა… ემიოლა ხელნაკეთ საკაცეზე იყო წამოწოლილი, მკერდზე ტყუპი ახალშობილები ჰყავდა მიწვენილი, ქალები სიმღერით მიაცილებდნენ… თავს ყველაზე ასაკოვანი, ბრმა ქალბატონი ედგა, რომელიც თავს გამხმარ და დაშაშრულ-დანაოჭებულ ხელებს შუბლზე ნაზად უსვამდა.
მერიმ სახლთან მიირბინა, ბარგი დაყარა და ქალებს გაეკიდა. ის ის იყო წამოეწია, რომ… ქალები გამომშრალი ხევის პირას შეჩერდნენ, საკაცე ზემოთ ასწიეს და დედა და შვილები ხრამში გადაყარეს.
ტყუპი ბავშვები ბოროტი სულის ჩასახლების ნიშანი ყოფილა…
ემიოლას ტრაგედია მერიზე ძალიან იმოქმედა. იმ დღიდან ტომის ბელადების და უხუცესების გადარწმუნებას ამაოდ ცდილობდა… მხოლოდ ერთი წლის შემდეგ მიღწიეს შეთანხმებას: ქალებს აღარ დახოცავდნენ, ბავშვებს კი მერის მიაშვილებდნენ. რამდენიმე წელიწადში მერი 25 ბავშვის დედა იყო. საძინებელში 26 ლოგინი ედგა. თითოზე თითო თოკი იყო გამობმული. როცა რომელიმე ტირილს იწყებდა, მერი თავისი ლოგინიდან შესაბამისი ლოგინის თოკის ბოლოს ექაჩებოდა და არწევდა… ასე გავიდა 39 წელი.
მერი მსოლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქალის სტატუსით სარგებლობდა. მოახერხა, აფრიკულ ტომებში სიღატაკის თითქმის უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც შემცირება. ბოლოს სარწყავი არხების დაპროექტება დაიწყო. ერთი შეხედვით, ყველაფერი რიგზე იყო, მაგრამ სამხრეთ აფრიკაში სამოქალაქო არეულობა, რასობრივ და ეთნიკურ ნიადგაზე დაპირისპირებები გაძლიერდა. ტომები, რომელსაც მერი მეთვალყურეობდა, უკონტროლო გახდა, ბევრ მათგანს საცხოვრებელი ადგილის შეცვლა მოუწია, განადგურდა სასოფლო-სამეურნეო წერტილები, რესურსები ჩამოერთვათ. მერის თვალწინ ნადგურდებობა საკვების წარმოება. ექმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ასეთი აფრიკა ვიღაცას სჭირდებოდა…
ოლოლადე მესამე ბავშვს ელოდებოდა, როცა ოკოიონგის ტომში შიმშილობა დაიწყო. ტომი იძულებული გახდა, აყრილიყო და ქვეყნის ჩრდილოეთით გადასახლებულიყო, რადგან სამხრეთული ტომები სულ უფრო ავიწყოვებდნენ. შეტაკებებისას კი წლების განმავლობაში ნაშენი მეურნეობა ნადგურდებოდა. ოლოლადემ პატარა, დღენაკლული გოგონა გააჩინა. სიგამხდრისგან დაუძლურებულს მშობიარობა ისე გაუჭირდა, მერიმ იფიქრა, ვერ გადარჩებაო… პატარას მერი დაარქვეს. თუმცა, მთავარი საცოდაობა ამის შემდეგ დაიწყო. ოლოლადეს გამოფიტული სხეულიდან, დაჩუტული ძუძუებიდან ლოყებჩაცვენილი პატარა რძის გამოწოვას ვერ ახერხებდა. მერის გული უკვდებოდა… მის გულთან ერთად მოკვდა ოლოლადეც და პატარა მერიც…
მერის პროექტები, იდეები, მიზნები და მიღწეული შედეგები ისტორიის საკუთრებაში გადადიოდა.. პროცესი იმდენად შეუქცევადი იყო, მერიმ რადიკალური ზომების გატარება გადაწყვიტა. სათავო ოფისთან შეთანხმებით საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მობილიზება დაწყო და დედამიწის მოსახლეობის სურსათის მიწოდების სტატისტიკა დაადგინეს. გაირკვა, რომ აფრიკის მთელ ტერიტორიაზე მხოოდ 430 000 აკრი მიწა იყო მეურნეობისთვის გამოსადეგი და ისიც ნადგურდებოდა.. ყოველწიურად მილიონობით ხუთწლამდე ასაკის ბავშვი იღუპებოდა მხოლოდ შიმშილით. გაიწერა აფრიკა-აზიის გადარჩენის გეგმაც, მაგრამ ფურცლებთან ერთად, მერი სადღაც გაუჩინრდა. სიმები გაწყდა. ამბობდნენ, აფრიკის ჯუნგლებში ან მხეცებმა შეჭამეს ანაც ბარბაროსებმაო…
მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, მდგომარეობა კი პრაქტიკულად უცვლელია. შიმშილი XXI საუკუნის პრობლემაა. 2050 წლისთვის დედამიწის მოსახლეობა 9 მილიარდს გადააჭარბებს. მოსახლეობის მატება, ძირითადად, აფრიკის, აზიის და ოკეანეთისა და ლათინური ამერიკის ქვეყნების ხარჯზე მოხდება, ანუ ქვეყნების, სადაც შიმშილით ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი იხოცება. მსოფლიო ეპიდემიოლოგიურ მონაცემებს არ ჩამორჩება საქართველოც. ქართველი ექსპერტების შეფასებით, ქვეყანაში ყოველი მეექვსე ადამიანი შიმშილობის ზღვარზეა. მათი მდგომარეობა კი განსაკუთრებით დამძიმდა მას შემდეგ, რაც მკვეთრად იმატა სურსათის, მგზავრობის ფასებმა. გაიზარდა კომუნალური და სხვა გადასახადები. ექსპერტების შეფასებით, დედამიწას გააჩნია საკმარისი ბიოპოტენციალი იმისათვის, რომ 35 მილირდი ადამიანი გამოკვებოს, საქართველოს ბიოპოტენციალის გათვალისწინებით, 10-12 მილიონი ადამიანის გამოკვებაა შესაძლებელი, მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოება პასუხისმგებლობით მოეკიდება სოფლის მეურნეობის გადარჩენის/განვითარების საკითხს, წინააღმდეგ შეთხვევაში, კატასტროფა გარდაუვალია. ამის ნათელი მაგალითია კახეთის რეგიონიც, სადაც ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლის მთავარ წყაროს სწორედ მიწათმოქმედება წარმოადგენდა, გამართული იყო ქარსაფარი და სარწყავი სისტემები. გლეხები ერთ ჰექტარ მიწაზე დათესილი ხორბლიდან 3-4-5 ტონა მოსავალს იღებდნენ. ბოლო წლებში მსგავსი სურათი აღარავის უნახავს – გაიჩეხა და განადგურდა ქარსაფარი ზოლები, სარწყავი სისტემები აღარ არსებობს. კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) შეფასებით, დგომარეობა საგანგაშოა. სახნავ-სათეზი მიწების, ბაღ-ბოსტნების, ვენახების და საძოვრების პროდუქტიულობა გაუდაბნოების პროცესის ზრდის პირდაპირპროპორციულად მცირდება. შექმნილი სიტუაციის გამო, 2011 წელს საქართველოში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საერთაშორისო ორგანიზაციის, ოქსფამის შვილობილი კომპანია „გროუ“ შემოვიდა, რომელიც უკვე 70 წელზე მეტია, სურსათის კრიზისზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით რეაგირებს. წარმატებები ვუსურვოთ =)
პოსტს საფუძვლად უდევს ნამდვილი ამბავი;
გამოყენებული მასალები:
“საშობაო საჩუქრები” – ჯოან აიკენი
შიმშილობის აჩრდილი მსოფლიოში და საქართველოში – ეკა ბაქრაძე