ტრიკლოზანის შემცველი ჰიგიენური საშუალებების გარშემო ატეხილი სკანდალის პირველი ტალღის შესახებ უკვე დავწერე. მაშინ ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, რომ საქმე ასე შორს წავიდოდა. თურმე, ყველაფერი წინ იყო. “მოამბეს”-ს შემდეგ, ანალოგიური ნიუსი გაჟღერდა “ქრონიკაში” და გაზეთ “ვერსიაში”, შემდეგ კი ბეჭდური მედიის დიდი ნაწილი მოიცვა.
დამაფიქრებებელია, რომ, როგორც წესი, ყველა ნიუსის ტექსტი ანალოგიურია. “მოამბეში” გასული სიუჟეტის ბეჭდური ვერსია ჯერ ქართულ ფორუმებზე, შემდეგ კი პრესაში გავრცელდა. რამდენიმე დღეში, იგივე ტექსტით (თაბახის ფურცლებზე ამოპრინტერებული) “ხელდამშვენებული” ახალგაზრდების ნახვა თბილისის სხვადასხვა სუპერმარკეტებთანაც შეგეძლოთ.
ყველაზე საინტერესო კი მაშინ დაიწყო, როცა ფეისბუქში Jandacva Tbilisi-ს და Tbilisi Ad-ის პროფილები გამოჩნდა. ისინი, ჯანდაცვის სამინისტროს სახელით, განცხადებას ავრცელებენ და მოსახლეობას “აფრთხილებენ”, რომ უარი თქვან ტრიკლოზანის და ტრიკლოკარბონის ( რომელიც არ არსებობს, ალბათ ტრიკლოკარბანი იგულისხმება) შემცველ “საქონელზე” და თავიდან აიცლონ “განსაკუთრებით მძიმე დაავადებები”.
იმაზე აღარ შევჩერდები, რომ დანაშაულის ტოლფასია, უთხრა ხალხს (რომლის აბსოლუტური უმრავლესობაც სწორედ Safeguard-ის, PROTEX-ის, Camay-ს, Blend a med-ის, Aquafresh-ის, Colgate Total-ის და ა.შ მომხმარებელია) რომ “განსაკუთრებით მძიმე დაავადებები” განუვითარდებათ, თუ უკვე არ აქვთ, რა თქმა უნდა. სახეზე ვიღაცის ინტერესებს “შეწირული” ქართული მოსახლეობის ფსიქიკური ჯანმრთელობა გვაქვს.
რა თქმა უნდა, საზოგადოების რაღაც ნაწილი ქართულ მედიას (და რუსულ ტაბლოიდებს) არ ენდო და ინფორმაცია გადაამოწმა. მათ, ვინც FDA-ს ( Food and Drug Administration) დასკვნა და კომენტარი იხილეს, გაუჩნდათ საბუძლიანი ეჭვი, რომ ეს ყველაფერი წინასწარ მოფიქრებული და კარგად ორგანიზებული კამპანიის შემადგენელი ნაწილია. სოციალურ ქსელებზე პირველი იერიში PSP-სა და ავერსზე მიიტანეს. PSP – ზე ალბათ იმიტომ, რომ “ნიუსები” სენსოდინს და კორსოდილს უსაფრთხო პროდუქებად ასახელებდა. PSP კი მათი დისტრიბუტორია. თუმცა, სენსოდინი და კორსოდილი, პაროდონტაქსთან და აკვაფრეშთან ერთად, GlaxoSmithKline-ის წარმოებაა, რომელთანაც PSP თანამშრომლობს. აკვაფრეში კი, მოგეხსენებათ, თავდასხმის ერთ-ერთი ობიექტია.
ლოგიკურია, რომ Procter & Gamble-ის ( Blend a Med-ის მწარმოებელი), GlaxoSmithKline-ის ( აკვაფრეში) და Colgate-Palmolive-ის ( ქოლგეით ტოტალი, პროტექსი, პალმოლივი) გზიდან ჩამოშორება საქართველოში კიდევ ერთ პოპულარულ კბილის პასტას, Lacalut-ს ყველაზე მეტად აწყობდა. მისი დისტრიბუტორი სწორედ ავერსია. ესაა მიზეზი, რის გამოც, ხსენებულ “საინფორმაციო რეკეტს”, ავერსს არც თუ ისე იშვიათად უკავშირებენ ხოლმე, მაგრამ ავერსი ტრიკლოზანის შემცველ ბევრ საშუალებას გვთავაზობს ( მაგალითად “აურობინი”).
მოკლედ, აჯობებდა, ეს კომპანიები არც ახლა მეხსენებინა, მაგრამ მათი დადანაშაულება უსამართლოა და მინდოდა, ხაზი გამესვა. საქმე იმაზე გაცილებით ცუდადაა, ვიდრე წარმოგვიდგენია. “დამნაშავე” ჩვენთვის ცნობილ ბრენდებში არ უნდა ვეძებოთ.
UPDATED:
მესამე “ბრალდებული” – ბერტა. ახალი ბრენდი, რომლის ქარხნების მშენებლობაც საქართველოში ახლა მიმდინარეობს. ამბობენ, მავანი პოლიტიკოსისააო. ნეტავ, მართალია? 🙄
პ.ს. თავიდან მინდოდა, ჯანდაცვის სამინისტროსთვის ღია წერილით მიემართა, მაგრამ შემდეგ მივხვდი, აზრი არ ჰქონდა. აჯობებს, სიმართლე ჩვენ ვიცოდეთ, მომხმარებლებმა. ვიცოდეთ, რომ გულს განგებ გვიხეთქვენ, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ჯიბის გასასქელებლად.