ივანე მაჩაბლის სამი სამკუთხედი

ელენე დარიანი ლიტერატურა

1890 წელი. გაზაფხული. ანერვიულებული ლიზა ოთახში ბოლთას სცემს. შეიძლება ვანო მოვიდეს. როგორც ყოველთვის, ალბათ ახლაც ხალისიანი, მხიარული შეძახილებით შემოვა… მაგრამ უწინდებურად ვეღარაფერი იქნება. ერთია სიყვარული და მეორე პასუხისმგებლობა ახალგაზრდა კაცისა, რომელიც ცხოვრებას ახლა იწყებს, თავისუფლება კი მისთვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია. არა, შვილი ნამდვილად არ ენდომება. ოჯახი მეტისმეტად მძიმე ტვირთია. მეორე მხარეს ნათესავები –  ნამდვილად არავინ აპატიებს… ფიქრებშიგაწამებულმა ვერც კი შენიშნა, როგორ გათენდა. ფანჯარასთან მივიდა – უკაცრიელმა სიჩუმემ კიდევ უფრო დაამწუხრა.

ვანო კი მოსვლას არ აპირებდა –  მეგობართან გამართულ წვეულებაზე შემორჩა – აზარტმა შეიყოლია. იმ დღეს ანასტასია ბაგრატიონ-დავითაშვილს და პოლკოვნიკ არჯევანიძეს ერთმანეთს ურიგებდნენ. ანასტასიას მკვდრის ფერი დასდებოდა. უკმაყოფილებას ვერაფრით ფარავდა. ულამაზეს ქალიშვილს ანგარებიანი ქორწინების პერსპექტივა არ ხიბლავდა.

ანასტასია ბაგრატიონ-დავითაშვილი

პოლკოვნიკი შთაბეჭდილების მოხდენას დიდხანს ცდილობდა, თუმცა ყოველი ქმედება ტასოს ხასიათზე სულ უფრო უარყოფითად აისახებოდა. ვანომ რამდენიმე ჭიქა დალია და გათამამებულმა მწუხარე საპატარძლოს განწყობის ამაღლება სცადა. ჩინებულად გამოუვიდა. მალე სურათი რადიკალურად შეიცვალა – სუფრა აიშალა და სათავადაზნაურო ბალზე კი, პოლკოვნიკი სასიძოს ნაცვლად, ვანო მაჩაბელი წავიდა.

” – დილაზე ლიზასთან მივიდა მისი მეგობარი ქალი და აღშფოთებულმა უამბო, ვანოს წუხელ ბაგრატიონების ქალი უთხოვიაო. ლიზას ჯერ სისხლი მოაწვა სახეზე, მერე გაფითრდა და რისხვა გამოეხატა.  ვანო მოვარდა,  ჩაუვარდა მუხლებში, სცადა აეხსნა, რომ დალეული იყო, რომ ეპატიებინა მისთვის. ისე ემუდარებოდა, მე ტირილი დავიწყე, მაგრამ ლიზამ კარისაკენ უჩვენა გზა… ” გვიამბობს თვითმხილველი…  როცა ვანომ ლიზას ფეხმძიმობის შესახებ შეიტყო, გაგიჟდა, სთხოვდა, მუცელი მოეშალა, ფულიც  გაუგზავნა, მაგრამ “ლიზამ ცხვირპირში მიახალა გადმომცემსო…”

ლიზა მამამისმა სახლიდან გამოაგდო, სამსახურიდან დაითხოვეს. თელავში გადასახლდა…

მალე ყორჩიბარ-რუსიშვილების უბანში ვაჟი დედისეული გვარით დაიბადა… მოძღვარმა პირჯვარი სამჯერ გადაიწერა, დამარცვლით წარმოთქვა მისი სახელი, გვარი და მამის სახელი, შემდეგ კი დააყოლა, ღმერთისთვის საწყენს თუ ვაკეთებ, მეპატიოს, რამეთუ, რასა ვიქმ, არ ვიციო… იმ დღეს მამამისი ბაგრატიონ-დავითიშვილების ქალიშვილ ტასოს ირთავდა ცოლად…

ივანე (ვანო) მაჩაბელი

ამასობაში ვანო ქართული ინტელიგენციის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, სასწავლებლად პეტერბურგში გაემგზავრა. იქ გაიცნო აკაკი წერეთელი და ილია ჭავჭავაძე. მიუხედავად დიდი ასაკობრივი სხვაობისა, დამეგობრდნენ. ვანო ილიას ყველა წამოწყებას მხარს უჭერდა. მალე სათავადაზნაურო ბანკის ხელმძღვანელი და გაზეთ “დროების” რედაქტორი გახდა. სავარაუდოდ, სწორედ ამ ორმა ფაქტმა გამოიწვია მისი და ილიას დაპირისპირება. ილიას, ორივე შემთხვევაში, სხვა კანდიდატი ჰყავდა. ასეა თუ ისე, ერთი მსოფმხეველობის, აზროვნების და მისწრაფებების მქონდე ორი ადამიანი ორ დაპირისპირებულ ბანაკს ჩაუდგა სათავეში.

მარო არაჩვეულებრივი მეუღლე გამოდგა – უზომოდ განათლებული და ულამაზესი, კარგი მეოჯახე. მაგრამ ნელ-ნელა ვანოს ცხოვრებამ სხვა მიმართულება მიიღო. დაკარგა სამსახური, გაღატაკდა, მძიმედ დაავადდა. ძლივს გადარჩა. ქალაქში ჭორი გავრცელდა, ვანოს საუკეთესო მეგობარი, აკაკი წერეთელი ანასტასია მაჩაბელს გაუმიჯნურდაო.

-“მე შენ მიყვარდი არა ამქვეყნიური მიმდევრობით. გეტრფოდი სრულის ჩემის არსებით, შენ იყავ ჩემი ზეჩამგონებელი, ჩემი აღმგზნებელი პოეზიასა და სიცოცხლეში უშენოდ ქვეყანა ვეღარ წარმომედგინა, დიდხანს ვიმარხავდი საიდუმლოდ, როგორც წმინდა ლოცვას იმ გრძნობას ჩემს გულში, მაგრამ არა რაი არს საიდუმლო, რომელი არა გაცხადდესო. ბოლოს მაინც ძალაუნებურად იჩინა თავი, ანკი რად უნდა დაფარულიყო მისთანა წმინდათა წმინდა. ქვეყნის უმეტესობა ანუ ბრბო საქვეყნო გრძნობებს ვერ ასცილდება და ჩემს აღმამფრენ ტრფიალებას ის როგორღა შეიგრძნებდა? ვერ შეიგნო და ბევრი უსამართლობა გამოვსცადე თვით შენ მახლობელთაგანაც კი. მაგრამ ავიტანე, რადგანაც ერთი შენი თანაგრძნობითი შემოხედვა, მეგობრული ღიმილი და ტკბილი სიტყვა მკურნავდა. მაგრამ ეს სოფელი განა დიდხანს ვისმე გაახარებს?..”

სწერდა აკაკი ტასოს “სიკდილის წინეთ აღსარებაში”.

ილია ჭავჭავაძე და ივანე მაჩაბელი. პეტერბურგი

1898 წლის 26 მაისი  ალბათ ყველაზე იდუმალებით მოცული დღეა ქართული ლიტერატურის ისტორიაში. იმ დღეს მაჩაბელებთან სტუმრად აკაკი წერეთელი იმყოფებოდა. სუფრა სამი ადამიანისთვის იყო გაშლილი. მხიარულობდნენ, იცონოდნენ, მაგრამ ვანო მალე დაიღალა, ჯერ კიდევ ავად იყო, აკაკის მოუბოდიშა და დასაძინებლად წავიდა. 10 ხდებოდა. ტასომ სტუმარი მოასვენა და თავის საძინებელში შევიდა. ” სიზმრებმა არ მოასვენეს, ბორგავდა, წრიალებდა, მაგრამ ძილს მაინც ვერ წაართვა თავი. ზაფხულის მზის პირველი სხივი რომ მოხვდა ფანჯარას, მაშინღა გამოფხიზლდა. თავი უსკდებოდა. კოშმარულ სიზმრებს ერთიანად მოეთენთა. ბავშვის საწოლს დახედა და გონებააფორიაქებულს ახლაღა გაახსენდა, რომ ბავშვები სოფელში ჰყავდა გაგზავნილი. ადგა და ფანჯარასთან მივიდა, ეზოში გადაიხედა. ეზოში სიწყნარე იყო, მხოლოდ ქუჩიდან მოისმოდა კანტიკუნტი ხმაური…” ვანოსთან გავიდა, მაგრამ ლოგინი ცარიელი დახვდა. მისი ნივთები ხელუხლებელი იყო, არც ფული წაეღო, არც საათი.. თითქოს აორთქლდა.

ვანო მაჩაბელი გაუჩინარდა. დღემდე არავინ იცის რა ბედი ეწია. ბევრი ბრალს აკაკის სდებს, ბევრი ტასოსაც ადანაშაულებს. იმასაც ამბობენ, ილიასთან კონფლიქტს შეეწირაო, იმასაც – თავი მოიკლა, მტკვარში გადახტაო. უბედური შემთხვევების შესახებაც საუბრობენ –  სახლის გვერდით საკირეში ჩავარდა და დაიწვაო. მაგრამ ფაქტი ფაქტია, ვერც მისი ცხედარი იპოვეს და ვერც ვერავითარი ნივთმტკიცება, რის საფუძველზეც ვინმეს დადანაშაულებაც გამართლებული იქნებოდა.  ჩვენებებიდან ირკვევა, რომ გამთენიისას, 4 საათზე, აივნიდან ვიღაცას ესაუბრა, ვარაუდობენ, რომ ის ლევ ტოლსტოის უფროსი ვაჟი, სერგეი,  უნდა ყოფილიყო, რომელიც დუხაბორებს მფარველობდა, ძებნაში მყოფ მოამბოხეებს, რომლებიც ბათუმის პორტიდან აღწერის გარეშე, სამი გემით გაიპარნენ. შესაძლებელია, ვანოც მათთან ერთად ყოფილიყო. ამ სამიდან ერთი გემი ზღვაში ჩაიძირა… არავინ იცის, რა მოხდა სინამდვილეში, მაგრამ კიდევ ერთი ვერსია რომ განვიხილოთ, მისი ცხოვრება და ეს პოსტი თავდაყირა უნდა დავაყენოთ…

მაკო საფაროვა

როგორც ამბობენ, ვანოს არც ლიზა და არც ტასო  ჰყვარებია. მისი ცხოვრების სიყვარული მაკო საფაროვა იყო, ქართული თეატრის ვარსკვლავი. ვანო მისით ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში დაავადდა, მაგრამ ძმამ, ვასომ, ცოლად არ მოაყვანინა. მაკო ილიას და აკაკის მიერ განახლებულ ქართულ პროფესიულ თეატრში მოღვაწეობდა. “ერთ დღეს ვასო აბაშიძემ მაკოს წინადადება შესთავაზა ოჯახის შექმნაზე, ქალმა იუარა, ხუმრობა ეგონა… ამასობაში გასტროლებიც დაიწყო. დასი გორში გაემგზავრა და რამოდენიმე წარმოდგენა უჩვენა. უჩვეულოდ ცხელი ამინდი იდგა. თეატრის მუშაკები გარეთ გამოვიდნენ. ვასო მაკოს აედევნა და კვლავ სთხოვა ხელი. ქალი მას ცივად შეხვდა. ვასო გამოემშვიდობა და მტკვრისკენ გაემართა. მაკომ იფიქრა, თავს დაიხრჩობსო, ამიტომ გაეკიდა და უთხრა, რომ ცოლად გაჰყვებოდა” (დ. ჩხეიძე – მაკო საფაროვა-აბაშიძე, თბილისი, 1963 წ.).

ერთ-ერთი ვერსიით, ივანეს და მაკოს ურთიერთობა მაინც გრძელდებოდა – წლების შემდეგ. იმ ღამეს  ვანო სწორედ მაკოსთან უნდა ყოფილიყო – მეზობლად ცხოვრობდა. მის ბინაში იყო ილია ზურაბიშვილიც, მაკოზე შეყვარებული კიდევ ერთი ადამიანი. ძნელი სათქმელია, იქ რა მოხდა. ილიას ანდერძი და პირადი ჩანაწერები აღარ არსებობს. ფაქტია – ივანე მაჩაბელი, ცნობილი ქართველი მწერალი, პუბლიცისტი, მთარგმნელი და საზოგადო მოღვაწე, სიყვარულმა იმსხვერპლა ან მას გაექცა.

მის ცხოვრებაში , სამი სასიყვარულო სამკუთხედი იყო – ვანო, ლიზა და ტასო; ვანო, ტასო და აკაკი; ვანო, მაკო და ილია… ბოლოს ყველა თითქოს გაერთიანდა…

მაგრამ… ამ ცოტა ხნის წინ,  როცა ერთ-ერთ ლიტერატურათმცოდნესთან ვანოს და ლიზას სიყვარულის ამბავი ვახსენე, გაოცებულმა შემომხედა –  ჩვენ  მაგ თემაზე ხმამაღლა არ ვსაუბრობთო.  რა ვიცი, იქნებ მეც არაფერი უნდა მეთქვა, მაგრამ, ვფიქრობ, ეს ის შემთხვევაა, როცა გაჩუმება უფრო დიდი დანაშაულია. ვანოს ცხოვრების იდუმალი დასასრული ბევრი ადამიმიანის  ბიოგრაფიას შავ ლაქად დააჩნდა. სიმართლის გარკვევა  დაგვეხმარება, ბრალმდებლის/დამბრალებლის როლიდან გამოვიდეთ.

პ.ს. გასულ  კვირას “ჰამლეტის” ახალი წიგნი გამოვიდა პროექტ “50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ” ფარგლებში – ვანო მაჩაბელისეული თარგმანით.

Post a Comment

Your email address will not be published.