ერთი მომაკვდინებელი სტერეოტიპის შესახებ და ფილმი, მხოლოდ ჩემს ბლოგზე

Medicine სტერეოტიპები შშმ

მადლობა ევას, ჩვენს პირველ დედას, იმიტომ, რომ ვაშლი შეჭამა.
მადლობა ადამს, იმიტომ, რომ მონაწილეობდა.

განსაკუთრებული მადლობა ევას.

მადლობა ბებიაჩემს, ესპერანსას, იმიტომ, რომ დედაჩემი გააჩინა.
მადლობა იგნასიოს, იმიტომ, რომ მონაწილეობდა.
განსაკუთრებული მადლობა ბებიას.

მადლობა დედაჩემს, იმიტომ, რომ გამაჩინა.
მადლობა დავითს, იმიტომ, რომ მონაწილეობდა.
განსაკუთრებული მადლობა დედას.

მადლობა დედაჩემს, იმიტომ, რომ ჩემი და გააჩინა.
მადლობა სერგეის, იმიტომ, რომ მონაწილეობდა.
განსაკუთრებული მადლობა დედას.

მადლობა ჩემს ლიტერატურის მასწავლებელს. ერთხელ, როცა ავად ვიყავი, ქათმის ბულიონი მომიტანა. ხანდახან მურაბაც მოჰქონდა კლასში. ჩვენ ვჭამდით მურაბას და ძალიან ბედნიერები ვიყავით. როცა თემას ვწერდი, ის ყოველთვის ხუთიანს მიწერდა, როცა არ ვწერდი – ორიანს.

მადლობა სერგეის ჩემი პირველი ტექსტების რედაქტირებისა და გამოცემისთვის.
განსაკუთრებული მადლობა ლიტერატურის მასწავლებელს მურაბისათვის.

მადლობა ჩემს ცოლებს, იმიტომ, რომ იყვნენ.
მადლობა ჩემს გოგონებს, იმიტომ, რომ იყვნენ და არიან.
განსაკუთრებული მადლობა ჩემს გოგონებს.
მადლობა ყველა ქალს, შვილიშვილსა და ბებიას, ახალგაზრდას და მოხუცს, ლამაზსა და ულამაზოს.
მადლობა მამაკაცებს.
განსაკუთრებული მადლობა მამაკაცებს მონაწილეობისთვის.

კიდევ ერთხელ მადლობა დედას.

ალბათ ბევრს გაგახსენდათ რუბენ გალიეგო და “თეთრით შავზე”
თუ არა, მაშინ გეტყვით, რომ რუბენ გალიეგო 1968 წელს მოსკოვში დაიბდა.
მისი ბესტსელერი “შავით თეთრზე” მის ბავშვობაზეა, სასტიკესა და საშინელზე, მაგრამ მაინც ბავშვობაზე. თურმე, იმისთვის, რომ პატარამ სიყვარული შეინარჩუნოს, გაიზარდოს და დაკაცდეს, სულ ცოტა რამ სჭირდება – სალის ნაჭერი, ძეხვიანი ბუტერბროდი, ფინიკი, ლურჯი ცა, რამდენიმე კეთილი წიგნი და თბილი სიტყვა.

მაგრამ ეს ბავშვი ინვალიდობის მქონეა. ვერ დადის და დედაზე ოცნებობს, რომელიც, როგორც მერე გაიგო, “შავტრაკა ჩათლახია”, რომელმაც მიაგდო.

ანუ, წიგნში ის ორი საკითხია, რომელზეც ამ პოსტში მინდა ვისაუბრო:
ბავშვთა სახლი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონდე პირები.
რატომ?
რამდენიმე დღის წინ ფორუმ.გე-ზე გაიხსნა თემა საინტერესო გამოკითხვით:

“თქვენი აზრით, ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელ ვარიანტს უნდა მიენიჭოს სახელმწიფოსა და კერძო პირთა/კომპანიათა მიერ მეტი ყურადღება?
შეგიძლიათ თქვენი ვარიანტიც შემოგვთავაზოთ.

რამდენად დაინტერესებულები ხართ თქვენ ქველმოქმედებაში და საინტერესოა, თუ მიიღებდით მონაწილეობას საქველმოქმედო საქმიანობაში, თუ ოფიციალურად გაიმართება სპეციალური წვეულება, სადაც მონაწილეობას მიიღებენ არა მხოლოდ ბიზნესმენები, არამედ ნებისმიერ მსურველი და საშუალოდ, რა თანხას დახარჯავდით კონკრეტულ შემთხვევაში? “

მართლაც რომ, საინტერესოა..
მისასალმებელიც, მაგრამ ახლა შედეგებს შევხედოთ:

საინტერესო შედეგია, მაგრამ, გაცილებით საინტერესო “უნარ-შეზღუდულია”
რეალური პრობლემაც სულ სხვაა..
ფორუმზე ბევრიც ვიბრძოლე, მაგრამ ვისაც რისი გაგონება სურს, ის დასკვნა გამოიტანა ჩემი ნათქვამიდან.
საკითხს ორი მხრიდან შეიძლება შევხედოთ.
1.დახმარება გაჭირვებულს სჭირდება
2.თუ მიიღებს დახმარებას, მაშინ უნდა მისცე.

ის, რომ ვიღაც ეტლით დადის, არ გვაძლევს უფლებას, ვეცეთ და დავეხმაროთ.
მე რომ მოღრეცილი ცხვირი მაქვს, ვინმე რომ მოვიდეს და მითხრას, ფული შევაგროვეთ, აიღე და კუზანოვს მიაკითხეო, აი, ხომ ვთხლიშავ მუშტს იმ ლამაზ და მოსკუპულ ცხვირზე?!
ხოდა ესეც ასეა…
მავანი რომ ვერ დადის ან ბავშვთა სახლში ცხოვრობს, არ გვაძლევს უფლებას,  გავთავხედდეთ და შევიცოდოთ.
თუ რეალური დახმარება გვინდა, ეს გავაანალიზოთ და სხვებსაც მივუთითოთ. სწორედ ამ სტერეოტიოების ბრალია, დღეს რომ თანაბარი უფლებებით არ ვსარგებლობთ.
მთავარი პრობლემა რეაბილიცია და აბიტაციაა.
პლუს პანდუსები, ტრანსპორტი.
მხოლოდ ამის შემდეგაა შესაძლებელი დასაქმების პრობლემის მოგვარება, სოციალური დაცვის უზრუნველყოფა. შშმ პირთა ჩართულობა საზოგადოებრივ, კულტურულ პროცესებში და ა.შ.
დიდი დაბრკოლებაა მონაცემთა საერთო ბაზის არარსებობაც..
მაგრამ, შორს წავედი, მე ჩვენს ტვინებთან მაქვს საქმე..

ერთ-ერთ აუზზე ერთ-ერთმა მშობელმა ბავშვი ცურვიდან იმიტომ გამოიყვანა, რომ იქ მისი შვილის თანატოლი ბავშვიც მივიდა – ეტლით. არ განვავრცობ, დასკვნა თავად გამოიტანეთ – ასე მოაზროვნე ბევრია, ანუ აბსოლუტური ბალასტი.
და მთავარი:
არასდროს თქვათ უნარშეზღუდული! შეზღუდული შესაძლებლობის მქონე უმჯობესია. მე არ მომიგონია. ეს ტერმინი კომპეტენტური ადამიანების შემუშავებულია.
რა კავშირშია ფორუმის გამოკითხვა ეს ერთმანეთთა? იმ თემაში არავის გამოუხატავს პროტესტი “უნარშეზღუდულთან” დაკავშირებით. ანუ, ინფორმაციის სერიოზული დეფიციტია.
დახმარება კარგია.
მაგრამ ამ კარგსაც ორი მხარე აქვს.
ერთი ისაა, რომ ასეთი სახის დამხმარება შეიძლება ზოგისთვის შეურაცხმყოფელი იყოს. ერთჯერადად საჩუქრების მიატანას იმდენივე მინუსი აქვს, რამდენიც პლუსი.
დავუშვათ, ყველას გაუხარდა და სიამოვნებით მიიღო ჩვენი საჩუქრები.
აქ მეორე პრობლემა ჩნდება. ესაა გაზარმაცება. ბავშვთა სახლის აღსაზრდელი (და არა მარტო ის) შეიძლება მიეჩვიოს მზამზარეულს.

გმირი ვარ. გმირობა ადვილია. თუ ხელ-ფეხი არ გაქვს, ან გმირი ხარ, ან მკვდარი. თუ მშობლები არ გყავს, ხელ-ფეხის იმედად უნდა იყო და გმირობა შეძლო. მაგრამ, თუ არც ხელი გაქვს, არც ფეხი და ამქვეყნად ობლად დარჩენაც მოახერხე – მორჩა. სიცოცხლის ბოლომდე გმირობისთვის ხარ განწირული. ან უნდა დაიღუპო. გმირი ვარ. მე, უბრალოდ, სხვა გზა არ მაქვს.

გვეუბნება ბატონი გალიეგო.

“პატარა ბიჭი ვარ. ღამეა. ზამთარი. ტუალეტში მინდა. ძიძას დავუძახებდი, მაგრამ შორსაა,  მაინც ვერ გაიგონებს.
სხვა გზა არა მაქვს, უნდა გავფორთხდე ტუალეტამდე.
ჯერ საწოლიდან უნდა ჩამოვიდე. როგორ? მე თვითონ მოვიფიქრე. საწოლის კიდისკენ ვიწევი, პირაღმა ვბრუნდები და სხეულს ძირს ვისვრი. დაცემა. ტკივილი.

კარებისკენ მივფორთხავ, თავით ვაღებ კარს და გარეთ გავდივარ. გარეთ – ასე თუ ისე თბილი ოთახიდან – სიცივესა და სიბნელეში.
ღამით დერეფანში ყველა კარი ღიაა. ცივა, ძალიან ცივა. ტიტველი ვარ.
დიდხანს მივფორთხავ. როცა ძიძების ოთახს ვაღწევ, ვცდილობ გავაგონო. თავით ვუკაკუნებ კარებზე. არავინ მპასუხობს. მერე ვეძახი. ისევ არავინ. ალბათ, ჩუმად ვიძახი.
სანამ ტუალეტამდე მივაღწევ სულ ვიყინები.
ტუალეტშიც ღიაა ფანჯარა. რაფაზე თოვლია.
ქოთანთან მივფორთხავ. ვისვენებ. აუცილებლად მჭირდება დასვენება, უკან დაბრუნება რომ შევიძლო. სანამ ვისვენებ, შარდი ქოთანში ყინულის თხელი ფენით იფარება.

უკან ვბრუნდები. კბილებით ვითრევ საბანს, როგორღაც ვეხვევი შიგ და ვცდილობ დავიძინო.”

დავეხმაროთ, რომ დახმარება არ სჭირდებოდეთ.
ძალიან ბევრის თქმა მინდა, მაგრამ ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი სჯობიაო.
ამიტომ, პირველად, ჩემს ბლოგზე, გთავაზობთ ფილმს “როგორ ინგრევა კედელი”
რეჟისორი გიორგი გვიშიანი;
პროდიუსერი რატი იონათამიშვილი;
ოპერატორი ლევან თეთრაძე;
ფილმის გმირები – ნიკა დონჯაშვილი, სალომე გარუჩავა და ლუკა.

ფილმში ასახულია შვიდი ადამიანის წარმატების ისტორია, რომლებმაც, მიუხედავად იმ დაბრკოლებებისა, რომელსაც ცხოვრების მანძილზე აწყდებოდნენ, შესძლეს თვითრეალიზაცია და ირგვლივ იმ სტერეოტიპებისა და ცრუწარმოდგენების ნგრევა, რომელიც არსებობს ინვალიდობის მიმართ საზოგადოებაში.
მაშ ასე, უყურეთ და შთაბეჭდილებები გაგვიზიარეთ 🙂

დააკლიკე და ნახე

15 Comments

  1. Agasfer April 30, 2010 11:59 am

    ყველაფერში გეთანხმები, ჩორვენ.
    ფილმს თუ უყურე? :)პატარაა, ოცწუთიანი.

  2. ნან April 30, 2010 12:09 pm

    ბათუმში 16 წლის მოზარდს სახელმწიფო ეტლს სჩუქნიდა რაღაც პროგრამის ფარგლებში. დაურეკეს წინასწარ და უთხრეს მოვალთ და ტელევიზიას მოვიყვანთ, მოემზადეთო. ბავშვმა არ მინდა ტელევიზიაო, მაშინ არ მოგცემთო და ბიჭმა საერთოდ უარი თქვა ეტლზე საბოლოოდ. ეს ამბავი გამახსენდა ეხლა.

    კარგი პოსტი იყო. ჩორვენმა ჩემი სათქმელი თქვა და აღარ განვმეორდები. ფილს გადმოვწერ.

  3. Agasfer April 30, 2010 12:32 pm

    ნანა, მესმის მაგ ბავშვის 🙂
    ნან, გადმოსაწერი ლინკი ავიღე და მაივიდეოზე ავტვირთე, მეგონა, უფრო კონფორტული იქნებოდა. თუ გინდათ, ისევ დავდებ.

  4. როდრიგო April 30, 2010 2:02 pm

    გეთანხმები აღასპერ. ადამიანს არ უნდა აგრძნობინო მისი უუნარობა რაღაც ქმედებაში და მიიღო ისეთი როგორიც არის. ევროსპორტზე არაერთხელ მიყურებია ინვალიდების შეჯიბრი (საერთოდ ქვედა კიდურები არ გააჩნდათ) და თავიდან პირდაღებული უყურებდი, მერე ნელ-ნელა შევეჩვიე და ქუჩაში, რომ შემხვდეს არ გავიკვირვებ. ასევე დისქავერზე იყო ერთ კაცზე, რომელსაც ბავშვობიდან არ ჰქონდა ფეხები და ქუჩაში ხელებით დადიოდა, ისეთი უცნაური იყო.

    მოკლედ საზოგადოებაში ხშირად უნდა გამოჩნდნენ, ჩვენც უნდა შეუწყოთ ხელი და თავადაც არ ჩაიკეტნონ . ფილმს რატომღაც არ მიხსნის, მერე ვცდი.

  5. piccolina April 30, 2010 5:01 pm

    პრობლემა რა არის იცი ზურ? ეგ უნარ-შეზღუდულები უკვე მიჩვეულები არიან საზოგადოებისგან ეგეთ დამოკიდებულებას და მშვენივრად მანიპულირებენ კიდევაც. ანუ ხალხი ვერ ხვდება, რომ ინვალიდებს შეცოდება კი არა, ნორმალური ადამიანებივით მოპყრობა სჭირდებათ. ამაში კიდევ იგულისხმება არა მარტო პირობების შექმნა (ლილიანამ რაც თქვა) არამედ ისე მოქცევა, როგორს ნებისმიერ სხვას ექცევიან.

  6. ნანა April 30, 2010 6:28 pm

    piccolina, მანიპულირებენ იმიტომ, რომ ხელი ეწყობათ ამაში. თუნდაც კანონი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დაცვის შესახებ, თავისთავად უკვე ყოფთ მათ დანარჩენი საზოგადოებისგან და მოვექცეთ ისე, როგორც სხვა დანარჩენს, უკვე შეუძლებელია, აღარ გამოვა. ,,ჩვენნიარს” ნამდვილად არ უნდა ჭირდებოდეს ,,ჩვენნაირობის” დამტკიცება.

    მიუხედავად იმისა, რომ ასე ვფიქრობ, ეს უფრო უტოპიურია, ჯერჯერობით მაინც. ,,ჩვენნაირი” პირობები რომ ქონდეს ადამიანს, უნდა შეეძლოს ყველა იმ საშუალებაზე ხელმისაწვდომობის შესაძლებლობა, რაც მას განსხვავებულობის შეგრძნებას მოუსპობს. ეს კი ნამდვილად არ არის ასე. ამიტომ ამ ეტაპზე მაინც საჭიროა შშმ პირებთან დაკავშირებით განსხვავებული, თუნდაც კანონმდებლობის არსებობა, მაგრამ არა საზოგადოებრივი აზრის.

  7. Agasfer April 30, 2010 7:56 pm

    როდრიგო,განათლების სამინისტრომ მიიღო ახალი კანონპროექტი. სამწლიანი სამოქმედო გეგმა. დიდი პრეზენტაციაც იყო რედისონში. ვიყავი და ბლოგზეც დავწერე.
    და, ამ პროგრამის მიხედვით, საინვალიდო სპორტის განვითარებაცაა გათვალისწინებული. ვნახოთ. იმედია, ასე იქნება 🙂

    პიკო, ეგ პრობლემაა და ისევ საზოგადოების დამოკიდებულებიდან მოდის, როგორც თქვი.
    პიკო, ნანა და დანარჩენებო, ერთი დიდი კონფერენციის გაკეთებას ვაპირებ ივნისის ბოლოს და ყველას დაგპატიჟებთ, როგორც მივხვდი, გაინტერესებთ 🙂

  8. Dia April 30, 2010 8:19 pm

    ახლახანს საკრებულოში გვქონდა საუბარი სოციალური დახმარების პრიგრამებზე. და მანდ ითქვა ასეთი ფრაზა: დახმარება უნდა მოხდეს არა იმის მიხედვით ვინ შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა, ვინ მრავალშვილიანი დედაა თუ ვინ ა.შ… არამედ, იმის მიხედვით, ვისაც რეალურად სჭირდებაო და აპირებენ ბოლომდე ამ კუთხით მიაწვნენ კანონმდებლობის შემდგომ ცვლილებას. ანუ, ისე მსჯელობენ, როგორც ჩენ.

    რაც შეეხება ურთიერთობას, მართალია 100%ით. ყველა დახმარების საჭიროების მქონე ადამიანს ისე უნდა მივუდგეთ, როგორც ნებისმიერ სხვას. ის თანაგრძნობაც კი ხშირად გამაღიზიანებელია!

  9. Agasfer April 30, 2010 9:34 pm

    ჩორვენ :))
    შშმ იცი რამდენი ადამიანია მსოფლიოში? ძალიან ბევრი 🙂
    ზუსტ რიცხვს არ დავწერ, არ შემეშალოს, მაგრამ თანასწორი შესაძლებლობების პირობებში რამხელა ცვლილების მოხდენა შეუძლიათ სამყაროში, ადვილი მისახვედრია, მაშინ, როცა ეგვიპტური ცივილიზაცია სულ რამდენიმე ათეულმა ათასმა კაცმა შექმნა.
    დიანა, 🙂

  10. Tomushka April 30, 2010 10:42 pm

    მარტო ჩვენთან არაა მასე, ასე გონია რომ მთელ საბჭითა კავშირში ამსეა. ასე მგონია რომ ეს ნაცია უბრალოდ აგებული იყო იმაზე რომ მხოლოდ ”ჯანმრთელი” გამოეჩინა და ყველა დანარცენი მეორეხარისხოვანი იყო. ახლა რომ ვიხსენებ სადაც ვყოფილვარ პოსტ სოვეტიკებში თითქმის ყველგან იგივე პრობლემაა ინფრასტრუქტრის მხრივ.

    ეს კატეგორია კი ისეთია რომელსაც ერთჯერადი ადხმარება არაფრად წარადგება. მასიური და უფრო ძლიერი რეფორმებია გასატარებელი როგორც მიკრო ისე მაკრო ინფრასტრუქტურის მხრივ. არ ვიცი, როდესმე გაკეთდება კი რამე? არადა რა ადვილია სულ მცირედიტ მაინც რომ დაიწყონ.

  11. Anonymous May 1, 2010 11:18 am

    მეც არაერთხელ მინახავს შეზღუდული უნარის მქონე ადამიანები და შემცოდებია, ახლა ამის გამო ძალიან მრცხვენია. უამრავი ადამიანია ვისაც არ აქვს ურთიერთობა ამ ხალხთან და რაც კიდევ უფრო ცუდია,არასწორად არიან ინფორმირებულნი.

    კარგი იქნებოდა ეს ფილმი დიდ ეკრანზე ეჩვენებინათ, ისევე როგორც ატარებენ კონცერტებსა ა.შ. რაც მეტი ადამინაი ნახავს მით უფრო შეიცვლება საზოგადოების ხედვა. აქედან თუ დავიწყებთ, შემდეგ უფრო ადვილი იქნება იმ პირობების შექმნა რაც მათ რეალურად გაუადვილებს ცხოვრებას.

    დიდი მადლობა პოსტისთვის :))

  12. diasworld May 1, 2010 1:25 pm

    9 მაისს ზუსტად მაგ საკითხთან დაკავშირებით იმართება ეთნოგრაფიულში ახალგაზრდული ფესტივალი. ნახე ჩემთან. 🙂

  13. Katieé.Ge May 2, 2010 10:57 am

    მეც მაინტერესებს ეს საკითხები და აუცილებლად დაწერეთ თუ რაიმე ღონისძიება/კონფერენცია ა.შ. გაიმართება. სიამოვნებით შემოგიერთდებით.

    ჩორვენ, ძალიან კარგად გიწერია შენც, მაგრამ ძალიან ძნელია ამ საზოგადოების დამოკიდებულების შეცვლა. მე საკუთარ ოჯახშიც კი ვერ შევძელი ეგ, ვერც შეზღუდულშესაძლებლობებიანთა და ვერც რომელიმე უმცირესობათა მიმართ დამოკიდებულება ვერ შევაცვლევინე საკუთარი ოჯახის წევრებსაც კი. მაინც ეცოდებათ (შშმ-ები) და მაინც ვერ იტანენ (გარკვეული ტიპის უმცირესობებს)

    რაც შეეხება იმას, რომ განსაკუთრებული მიდგომა სახ. მხრიდან არ ჭირდებათ და არც კანონი, ვერაფრით ვერ დაგეთანხმებით. მაგ ლოგიკით ქალის, ბავშვის, უმცირესობების უფლებებიც არ უნდა იყოს გამოყოფილი ცალკე, მაგრამ ფაქტია რომ არის, რადგან უკეთესი ალტერნატივა მათი, როგორც vulnerable ჯგუფების უფლებების უზრუნველსაყოფად ვერ მოიფიქრეს მსოფლიოში.

  14. Agasfer May 2, 2010 9:13 pm

    Katieé, იგივე შემიძლია ვთქვა ჩემს ოჯახზეც.
    კონფერენციებზე აუცილებლად პერსონალურად დაგპატიჟებ 🙂
    და უფლებების ცალკე გამოყოფა საჭიროა პრობლემის გადასაჭრელად. პრობელმა არის და ვერსად გავექცევით. ცალკე გამოყოფა იდეაში ცუდია, მაგრამ ხელსაყრელი პირობების შექმნა მხოლოდ ასეა შესაძლებელი, აქცენტირებით. როცა არანაირი კანონი და პროფილური ორგანიზაცია აღარ იარსებებს, ჩემნაირები მაშინ შეხედავენ ყველას, როგორც თანასწორს 😀 (აქ სხვადასხვა სახის უმცირეობის მიმართ უკუნეთი დამოკიდებულების მქონდე ადამიანები იგულისხმება 😀 😀 😀 )

    დიანა, მივესალმები, გამიხარდა და ძალიან მინდა დასწრება, მაგრამ :(( მხოლოდ 6-ს სემდეგ ვარ ადამიანი. 🙁

  15. nina May 7, 2010 10:40 pm

    xooo, namdvilad kargia, rom damxarebis survili gvakvs, magram isic tvalnatlivia, rom "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე" adamianebi ar arian "chveulebrivi" adamianebi. iseve rogorc me ar var neil armstrong-i, miuxedavad imisa rom simaglis saertod ar meshinia. martalia, jer unda vagiarot rom problema arsebobs, mere gavaanalizot rashia problema konkretulad da mere ukve ramenairad movagvarot, tore ase dacerit kvela magrebi da ketilebi vart.
    kagri posti iko dzalian (nu, axla visiamovne metki rogor vtkva, magram… interesting!)

Post a Comment

Your email address will not be published.