(ელენე დარიანის ჯერ დაუბეჭდავი ლექსი)
ვნებით აღგზნებულ ტანში მივლის მე ჟრუანტელი,
ტკბილ მოლოდინს ჟრუანტელი ნარნარით მივლის,
და ისე ველი ვიღაც ვაჟსა, ვით ალს კანდელი,
ვით მწვანე ყანა, ნაწვიმარი, მხურვალე ივლისს.
ვგრძნობ, მეპარება ფეხშიშველი, უშარიშუროთ,
და მხოლოდ სუნთქვა ვნებიანი სწვდება ჩემ ყურებს…
ვფიცავ, ამ ტანის ერთი ნაკვეთიც არ დავიშურო,
ოდეს იმ ვაჟის ცხელი კოცნა სულს გამიხურებს.
მოვიდა კიდეც… გავირინდე… ჩამომხევს სამოსს…
მივტრიალდები და ჩამიხვევს ისეთი ხვევნით,
რომ ერთის ნაცვლათ მომაგონებს ვაჟკაცსა სამოცს…
მაგრამ – ვაიმე! – როგორ ამწვა ტიტველ ზურგს ქვევით?!
პირქვე დავეცი… რას ველოდი და რა მარგუნა?
თხილის წნელს მირტყამს რბილ ადგილზე ვიღაც თაგუნა…
მირტყამს და ჰყვირის: “დანარჩენნი სად არიანო?
ფუჰ შენს ნამუსსა, შე ბედშავო, შე… დარიანო!”
ეს ლექსი 1916 წელს ჟურნალ “ეშმაკის მათრახში” დაიბეჭდა. მკვლევართა ნაწილი მას ელენე დარიანის ლექსების ციკლის მეთხუთმეტე ლექსად მიიჩნევს, მეორე ნაწილი კი თვლის, რომ ესაა პაროდია და მისი ავტორი შალვა შარაძეა, რადგან “თაგუნია” მისი ფსევდონიმი იყო. ეს ხალხი ასევე თვლის, რომ დარიანული ლექსების ავტორი პაოლო იაშვილია და ლექსი შალვამ პაოლოს მიუძღვნა, “დანარჩენებში” კი სხვა ცისფერყანწელები იგულისხმებიან. რა საინტერესოა 🙂