მადლობა ევას, ჩვენს პირველ დედას, იმიტომ, რომ ვაშლი შეჭამა.
მადლობა ადამს, იმიტომ, რომ მონაწილეობდა.
განსაკუთრებული მადლობა ევას.
მადლობა ბებიაჩემს, ესპერანსას, იმიტომ, რომ დედაჩემი გააჩინა.
მადლობა იგნასიოს, იმიტომ, რომ მონაწილეობდა.
განსაკუთრებული მადლობა ბებიას.
მადლობა დედაჩემს, იმიტომ, რომ გამაჩინა.
მადლობა დავითს, იმიტომ, რომ მონაწილეობდა.
განსაკუთრებული მადლობა დედას.
მადლობა დედაჩემს, იმიტომ, რომ ჩემი და გააჩინა.
მადლობა სერგეის, იმიტომ, რომ მონაწილეობდა.
განსაკუთრებული მადლობა დედას.
მადლობა ჩემს ლიტერატურის მასწავლებელს. ერთხელ, როცა ავად ვიყავი, ქათმის ბულიონი მომიტანა. ხანდახან მურაბაც მოჰქონდა კლასში. ჩვენ ვჭამდით მურაბას და ძალიან ბედნიერები ვიყავით. როცა თემას ვწერდი, ის ყოველთვის ხუთიანს მიწერდა, როცა არ ვწერდი – ორიანს.
მადლობა სერგეის ჩემი პირველი ტექსტების რედაქტირებისა და გამოცემისთვის.
განსაკუთრებული მადლობა ლიტერატურის მასწავლებელს მურაბისათვის.
მადლობა ჩემს ცოლებს, იმიტომ, რომ იყვნენ.
მადლობა ჩემს გოგონებს, იმიტომ, რომ იყვნენ და არიან.
განსაკუთრებული მადლობა ჩემს გოგონებს.
მადლობა ყველა ქალს, შვილიშვილსა და ბებიას, ახალგაზრდას და მოხუცს, ლამაზსა და ულამაზოს.
მადლობა მამაკაცებს.
განსაკუთრებული მადლობა მამაკაცებს მონაწილეობისთვის.
კიდევ ერთხელ მადლობა დედას.
ალბათ ბევრს გაგახსენდათ რუბენ გალიეგო და “თეთრით შავზე”
თუ არა, მაშინ გეტყვით, რომ რუბენ გალიეგო 1968 წელს მოსკოვში დაიბდა.
მისი ბესტსელერი “შავით თეთრზე” მის ბავშვობაზეა, სასტიკესა და საშინელზე, მაგრამ მაინც ბავშვობაზე. თურმე, იმისთვის, რომ პატარამ სიყვარული შეინარჩუნოს, გაიზარდოს და დაკაცდეს, სულ ცოტა რამ სჭირდება – სალის ნაჭერი, ძეხვიანი ბუტერბროდი, ფინიკი, ლურჯი ცა, რამდენიმე კეთილი წიგნი და თბილი სიტყვა.
მაგრამ ეს ბავშვი ინვალიდობის მქონეა. ვერ დადის და დედაზე ოცნებობს, რომელიც, როგორც მერე გაიგო, “შავტრაკა ჩათლახია”, რომელმაც მიაგდო.
ანუ, წიგნში ის ორი საკითხია, რომელზეც ამ პოსტში მინდა ვისაუბრო:
ბავშვთა სახლი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონდე პირები.
რატომ?
რამდენიმე დღის წინ ფორუმ.გე-ზე გაიხსნა თემა საინტერესო გამოკითხვით:
“თქვენი აზრით, ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელ ვარიანტს უნდა მიენიჭოს სახელმწიფოსა და კერძო პირთა/კომპანიათა მიერ მეტი ყურადღება?
შეგიძლიათ თქვენი ვარიანტიც შემოგვთავაზოთ.
რამდენად დაინტერესებულები ხართ თქვენ ქველმოქმედებაში და საინტერესოა, თუ მიიღებდით მონაწილეობას საქველმოქმედო საქმიანობაში, თუ ოფიციალურად გაიმართება სპეციალური წვეულება, სადაც მონაწილეობას მიიღებენ არა მხოლოდ ბიზნესმენები, არამედ ნებისმიერ მსურველი და საშუალოდ, რა თანხას დახარჯავდით კონკრეტულ შემთხვევაში? “
მართლაც რომ, საინტერესოა..
მისასალმებელიც, მაგრამ ახლა შედეგებს შევხედოთ:
საინტერესო შედეგია, მაგრამ, გაცილებით საინტერესო “უნარ-შეზღუდულია”
რეალური პრობლემაც სულ სხვაა..
ფორუმზე ბევრიც ვიბრძოლე, მაგრამ ვისაც რისი გაგონება სურს, ის დასკვნა გამოიტანა ჩემი ნათქვამიდან.
საკითხს ორი მხრიდან შეიძლება შევხედოთ.
1.დახმარება გაჭირვებულს სჭირდება
2.თუ მიიღებს დახმარებას, მაშინ უნდა მისცე.
ის, რომ ვიღაც ეტლით დადის, არ გვაძლევს უფლებას, ვეცეთ და დავეხმაროთ.
მე რომ მოღრეცილი ცხვირი მაქვს, ვინმე რომ მოვიდეს და მითხრას, ფული შევაგროვეთ, აიღე და კუზანოვს მიაკითხეო, აი, ხომ ვთხლიშავ მუშტს იმ ლამაზ და მოსკუპულ ცხვირზე?!
ხოდა ესეც ასეა…
მავანი რომ ვერ დადის ან ბავშვთა სახლში ცხოვრობს, არ გვაძლევს უფლებას, გავთავხედდეთ და შევიცოდოთ.
თუ რეალური დახმარება გვინდა, ეს გავაანალიზოთ და სხვებსაც მივუთითოთ. სწორედ ამ სტერეოტიოების ბრალია, დღეს რომ თანაბარი უფლებებით არ ვსარგებლობთ.
მთავარი პრობლემა რეაბილიცია და აბიტაციაა.
პლუს პანდუსები, ტრანსპორტი.
მხოლოდ ამის შემდეგაა შესაძლებელი დასაქმების პრობლემის მოგვარება, სოციალური დაცვის უზრუნველყოფა. შშმ პირთა ჩართულობა საზოგადოებრივ, კულტურულ პროცესებში და ა.შ.
დიდი დაბრკოლებაა მონაცემთა საერთო ბაზის არარსებობაც..
მაგრამ, შორს წავედი, მე ჩვენს ტვინებთან მაქვს საქმე..
ერთ-ერთ აუზზე ერთ-ერთმა მშობელმა ბავშვი ცურვიდან იმიტომ გამოიყვანა, რომ იქ მისი შვილის თანატოლი ბავშვიც მივიდა – ეტლით. არ განვავრცობ, დასკვნა თავად გამოიტანეთ – ასე მოაზროვნე ბევრია, ანუ აბსოლუტური ბალასტი.
და მთავარი:
არასდროს თქვათ უნარშეზღუდული! შეზღუდული შესაძლებლობის მქონე უმჯობესია. მე არ მომიგონია. ეს ტერმინი კომპეტენტური ადამიანების შემუშავებულია.
რა კავშირშია ფორუმის გამოკითხვა ეს ერთმანეთთა? იმ თემაში არავის გამოუხატავს პროტესტი “უნარშეზღუდულთან” დაკავშირებით. ანუ, ინფორმაციის სერიოზული დეფიციტია.
დახმარება კარგია.
მაგრამ ამ კარგსაც ორი მხარე აქვს.
ერთი ისაა, რომ ასეთი სახის დამხმარება შეიძლება ზოგისთვის შეურაცხმყოფელი იყოს. ერთჯერადად საჩუქრების მიატანას იმდენივე მინუსი აქვს, რამდენიც პლუსი.
დავუშვათ, ყველას გაუხარდა და სიამოვნებით მიიღო ჩვენი საჩუქრები.
აქ მეორე პრობლემა ჩნდება. ესაა გაზარმაცება. ბავშვთა სახლის აღსაზრდელი (და არა მარტო ის) შეიძლება მიეჩვიოს მზამზარეულს.
გმირი ვარ. გმირობა ადვილია. თუ ხელ-ფეხი არ გაქვს, ან გმირი ხარ, ან მკვდარი. თუ მშობლები არ გყავს, ხელ-ფეხის იმედად უნდა იყო და გმირობა შეძლო. მაგრამ, თუ არც ხელი გაქვს, არც ფეხი და ამქვეყნად ობლად დარჩენაც მოახერხე – მორჩა. სიცოცხლის ბოლომდე გმირობისთვის ხარ განწირული. ან უნდა დაიღუპო. გმირი ვარ. მე, უბრალოდ, სხვა გზა არ მაქვს.
გვეუბნება ბატონი გალიეგო.
“პატარა ბიჭი ვარ. ღამეა. ზამთარი. ტუალეტში მინდა. ძიძას დავუძახებდი, მაგრამ შორსაა, მაინც ვერ გაიგონებს.
სხვა გზა არა მაქვს, უნდა გავფორთხდე ტუალეტამდე.
ჯერ საწოლიდან უნდა ჩამოვიდე. როგორ? მე თვითონ მოვიფიქრე. საწოლის კიდისკენ ვიწევი, პირაღმა ვბრუნდები და სხეულს ძირს ვისვრი. დაცემა. ტკივილი.
კარებისკენ მივფორთხავ, თავით ვაღებ კარს და გარეთ გავდივარ. გარეთ – ასე თუ ისე თბილი ოთახიდან – სიცივესა და სიბნელეში.
ღამით დერეფანში ყველა კარი ღიაა. ცივა, ძალიან ცივა. ტიტველი ვარ.
დიდხანს მივფორთხავ. როცა ძიძების ოთახს ვაღწევ, ვცდილობ გავაგონო. თავით ვუკაკუნებ კარებზე. არავინ მპასუხობს. მერე ვეძახი. ისევ არავინ. ალბათ, ჩუმად ვიძახი.
სანამ ტუალეტამდე მივაღწევ სულ ვიყინები.
ტუალეტშიც ღიაა ფანჯარა. რაფაზე თოვლია.
ქოთანთან მივფორთხავ. ვისვენებ. აუცილებლად მჭირდება დასვენება, უკან დაბრუნება რომ შევიძლო. სანამ ვისვენებ, შარდი ქოთანში ყინულის თხელი ფენით იფარება.
უკან ვბრუნდები. კბილებით ვითრევ საბანს, როგორღაც ვეხვევი შიგ და ვცდილობ დავიძინო.”
დავეხმაროთ, რომ დახმარება არ სჭირდებოდეთ.
ძალიან ბევრის თქმა მინდა, მაგრამ ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი სჯობიაო.
ამიტომ, პირველად, ჩემს ბლოგზე, გთავაზობთ ფილმს “როგორ ინგრევა კედელი”
რეჟისორი გიორგი გვიშიანი;
პროდიუსერი რატი იონათამიშვილი;
ოპერატორი ლევან თეთრაძე;
ფილმის გმირები – ნიკა დონჯაშვილი, სალომე გარუჩავა და ლუკა.
ფილმში ასახულია შვიდი ადამიანის წარმატების ისტორია, რომლებმაც, მიუხედავად იმ დაბრკოლებებისა, რომელსაც ცხოვრების მანძილზე აწყდებოდნენ, შესძლეს თვითრეალიზაცია და ირგვლივ იმ სტერეოტიპებისა და ცრუწარმოდგენების ნგრევა, რომელიც არსებობს ინვალიდობის მიმართ საზოგადოებაში.
მაშ ასე, უყურეთ და შთაბეჭდილებები გაგვიზიარეთ 🙂