მეოცე საუკუნის დასაწყისი. უკრაინა. ულამაზესი ანა ანტონ პეტრენკოზე ქორწინდება. სიყვარულით გათხოვდა. ჯვრისწერის ცერემონიამაც ლამაზად ჩაიარა. მეორე დილით გათხოვილი ქალის ამპლუაში გაიღვიძა. როლი არ ეუცხოვა, ესიამოვნა კიდეც. ჯერ კიდევ აჟიტირებული იყო და სამზარეულოში ხალისიანი შევიდა, უნდოდა, მეუღლისთვის საუზმე მიერთმია.
კარზე ვიღაცამ დააკაკუნა. ახალმა დიასახლისმა ჩათვალა, მეგობრები გვეწვივნენო და მათ დასახვედრად მომღიმარი გაემართა, მაგრამ ზღურბლთან ახალგაზრდა ქალი დახვა – ბავშვით ხელში. უცნობი სტუმრის სილამაზემ ანა მომენტალურად მოხიბლა და კეთილგანწყობილმა შინ თავაზიანად შეიპატიჟა. უცნობმა, უარის ნიშნად, თავი გააქნია:
-ბავშვს მამას ნუ წაართემვთ! უთხრა და გაბრუნდა. მას შემდეგ ანას ქმარი თითქმის აღარ უნახავს. წმინდა პანტელეიმონის ხსენების დღეს ვაჟი შეეძინა, პანტელეიმონი დაარქვა და მის აღზრდას მარტო შეუდგა. 1931 წლამდე მრავალ ფათერაკს და გაჭირვებას გადაეყარნენ. ანამ გადაწყვიტა, საცხოვრებლად საქართველოში გადასულიყო. 1931 წელს დედა-შვილი ჯერ ბათუმში, შემდეგ კი თბილისში, შალვა და ელენე ქართველიშვილების ოჯახში დაბინავდა. მათი თანაცხოვრება ხელოვნების ყოველდღიური ზეიმი იყო. პანტელეიმონს შემოქმედებითი მუშაობისთვის პირობები შეექმნა. ქართველიშვილების ოჯახში დაიბადა უამრავი ლექსი, პოემა… ფრანგულიდან რუსულად ითარგმნა ბოდლერი, ვერლენი, რემბო, ქართულიდან რუსულად კი ბესიკი, საიათნოვა, გალაკტიონი და ა.შ. მოგეხსენებათ, შალვას და ელენეს ოჯახი ქართველი მწერლების მუდმივი თავშეყრის ადგილს წარმოადგენდა. დაიბადა „ვეფხისტყაოსნის“ თარგმის იდეაც. ინიციატორი სწორედ უცხოელი სტუმარი იყო. საქმეში შალვა, ელენე და კონსტანტინე ჭიჭინაძე ჩაერთვნენ. საბოლოოდ, 1935 წელს, მწერალთა კავშირის საღამოზე, პანტელეიმონის თარგმანმა აღფრთვანება გამოიწვია.
მანამდე თბილისში ხმა გავარდა, რომ „უკრაინელმა მზეჭაბუკმა“ ვეფხისტყაოსანი თარგმნა. კომენტარი სტალინმაც გააკეთა: „До сих пор я знал хороший перевод Петренко“.
პანტელეიმონი ციდან მოვლენილ უფლისწულს ჰგავდა. ყველას უყვარდა, ყველა პატივს სცემდა. მის ნიჭიერებას კი ყველა აღტაცებაში მოჰყავდა. მან მოხატა შალვას და ელენეს საძინებელი, ქართული ზღაპრების სიუჟეტებით დაამშვენა ელენეს დის, ვერიკო ბაქრაძის ოთახი. ცისფერყანწელთა პორტრეტებით კი ვალერიან გაფრინდაშვილის სამუშაო ოთახი შეამკო.
1838 წლიდან პეტრენკოსეული „ვეფხისტყაოსნის“ გამოქვეყნება დაიწყო, მაგრამ…
გალაკტიონის ჩანაწერი უბის წიგნაკში:
„8.VI.1936. დილით. მე გვერდი მინდოდა ამეარა პატარაიძისათვის, მაგრამ მან თვითონ გამაჩერა მიხაილოვის პროსპექტზე. იქ, სადაც ავტობუსები ჩერდებიან და ახალ შენობას აგებენ…
– გამარჯობა, გალაკტიონ! გაიგე საწყალი პეტრენკოს ამბავი?
სახეზე გულწრფელი მწუხარება ჰქონდა, ლაპარაკობდა ნამდვილი აღელვებით. ეს აღელვება მეც უეცრად გადამედო.
-არა, არაფერი ვიცი, რა მოხდა?
-დაიღუპა საწყალი, ცოცხალი აღარ არის.
– რას ამბობ? -ძლივსძლივობით ვთქვი, ისე გამაშეშა ამ ამბავმა – მიამბე, რა იყო, რა მოხდა!
– გუშინწინ, ღამით, ჩელუსკინელების ხიდიდან გადავარდნილა მტკვარში. ყოფილა ღამის ხუთი საათი. ის და მისი ერთი ახალგაზრდა მეგობართაგანი მიდიოდნენ ჩელუსკინელების ხიდზედ. უეცრად პეტრენკომ მოაჯირს გადააბიჯა. მე ჩავავლე ხელი, მაგრამ ბოლოს ძალ-ღონე გამომეცალა და იგი მტკვარში გადავარდაო. ეს იყო გათენებისას, ხუთ საათზე.“
ეს იყო 2 წლით ადრე..
დაგვღუპა ვიღაცამო, ამბობს გალაკტიონი და მიანიშნებს, რომ ეჭვი ეპარება, პანტელეიმონს თავი მოეკლა. ასეა თუ ისე, „უკრაინელი მზეჭაბუკი“ მის მიერ ნათარგმნ „ვეფხისტყაოსანს“ ვერ მოესწრო. 28 წლის ასაკში დაიღუპა. საქართველოში ცხოვრების 5 წლის მანძილზე კი იმდენი გააკეთა, არ შეიძლება, მისი სახელი ისტორიამ ისე დაივიწყოს, ქართული გუგლი მის შესახებ არაფერს გვეუბნებოდეს.
მარტოდარჩენილი ანა 2 წლის შემდეგ გარდაიცვალა.
შეიძლება ძალიან მცირე, მაგრამ თავისი წვლილი ალბათ პეტრენკომაც შეიტანა იმაში, რომ დღესაც „ვეფხისტყაოსანი“ შეუცვლელი სამაგიდო წიგნია ქართველებისთვის. ამას მოწმობს ის ფაქტიც, რომ ბიბლუსის მიერ წამოწყებულ პროექტში „50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ“, „ვეფხისტყაოსანი“ ჯერჯერობით ერთადერთი ქართული ნაწარმოებია, რომელიც სიაში მოხვდა და გამოიცა. თუმცა, გამოკითხვა ჯერ არ დასრულებულა, ხმის მიცემა ისევ შეგიძლიათ.