წუხელ ერთ არაჩვეულებრივ ფილმს ვუყურე. იმდენაც აღვფრთოვანდი, მთელი ღამე აღარ დამეძინა. ვფიქრობდი გოგონაზე, რომელმაც ცხოვრების საკმაოდ რთული გზა განვლო, დღეს კი მსოფლიოში ცნობილი მეცნიერია. გადავწყვიტე, ფილმი თქვენთვისაც გამეზიარებინა. წერა დავიწყე. თითქმის რვა ფურცელი გავავსე, შემდეგ კი შევწყვიტე. საუბარია ტემპლ გრანდინზე, ცხოველთა ქცევის შემსწავლელი მეცნიერების დოქტორზე, კოლორადოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორზე.

ტემპლ გრანდინს აუტიზმის დიაგნოზი 1950 წელს, სამი წლის ასაკში დაუსვეს, მაგრამ მე კონკიას ისტორიის მოყოლას არ ვაპირებ.

ტემპლი, ისევე, როგორც აუტიზმის მქონე მილიონობით ბავშვი, ტერმინებით: “ჩამორჩენილი”, ჩლუნგი”, “ჩაკეტილი”, “უცნაური” და  ა.შ. ხშირად შეუფასებიათ. თუმცა, აუტიზმთან დაკავშირებული აურზაური უფრო იმ სტიგმასთანაა დაკავშირებული, რომელიც საზოგადოებაში არსებობს, მისი სპეციფიკური ხასიათი კი მეორე პლანზე ინაცვლებს. უმრავლესობას უმცირესობა პრაქტიკულად არასდროს უყვარს. ნემისმიერი სახის განსხვავებულობა ( ხშირ შემთხვევაში, ჩემთვის, განსაკუთრებულობა) კი სწორედ უმცირესობათა რიგებში ერთიანდება, ქცევის უცნაურობით ხასიათდება და იწყება მისი დისკრიმინაცია. ზოგჯერ – დისკრედიტაციაც.

ნებისმიერი ჩვენგანის გარშემო მოიძებნება თუნდაც ერთი ადამიანი, რომელსაც პანიკურად ეშინია  მეორედ მოსვლის, კატების, “იეროველების”, სიკვდილის, სტეპლერების მიმართ არაადეკვატური შიშიც მინახავს. როგორც წესი, ასეთი ფობიების საფუძვლიანობა საკამათოა,  აი, სტიგმა კი მართლაც საშიშია. სტიგმა, იგივე “სირცხივილის დამღა”, ავითარებს ისეთ იერარქიას, რომელიც განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა იყოს დანაწილებული ძალაუფლება და რესურსები, ამართლებს სოციალურ უსამართლობას, აერთიანებს/ქმნის საზოგადოებრივ ჯგუფებს და დევნის სხვებს. ვითომ არაფერი? როგორ არა. დამცირება გაცილებით ნაკლებად მტანჯველია, ვიდრე მისი მოლოდინი. ეს მოლოდინი ბევრისთვის მთელი ცხოვრება შეიძლება გაგრძელდეს.

სტიგმას დისკრიმინაცია ყოველთვის მოჰყვება. დისკრიმინაცია ქმედებაა, რომელიც სტიგმას ეფუძნება. მაგალითად, თუ აუტიზმის მქონდე ბავშვი სკოლამ არ მიიღო, ესაა დისკრიმინაციის მაგალითი, რომელიც არის შედეგი სტიგმისა და უკავშირდება დაავადებას/მდგომარეობას.

სტიგმა განკურნებადია. ის საზოგადოების ინფორმირებულობის, განათლების დონესთანაა დაკავშირებული და იცვლება როგორც დაავადების, ასევე ინდივიდის, პიროვნების ცნობადობის უკუპროპორციულად. სწორედ ამიტომ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ, აუტიზმი ჯანმრთელობის გლობალურ პრობლემად დაასახელა და ვითარების  გაუმჯობესების ყველაზე ეფექტურ მექანიზმად აუტიზმის შესახებ ცოდნის ამაღლება მიიჩნია. 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდის მსოფლიო დღედ  გამოცხადდა.

ბოლო წლებში ვითარება შეიცვალა.  ახლა ბევრმა ადამიანმა იცის, რომ აუტიზმის მქონე ადამიანი შიზოიდი არაა, მაგრამ მედალს ორი მხარე აქვს. ზემოთხსენებული არაჩვეულებრივი ქალბატონის შესახებ ბევრს საუბრობენ. HBO-მ ფილმის გადაიღო. სწორედ ის ფილმი, ღამე რომ გამათენებინა. მართლა არაჩვეულებრივია, მაგრამ სულ უფრო ხშირად მესმის აუტიზმის  მქონე ბავშვების მიმართ გადაჭარბებული პოზიტიური მოლოდინების შესახებ. ფილმები, სტატიები, პუბლიკაციები… ხშირად მოგვითხრონებ უნიკალური შესაძლებლობების მქონე ადამიანებზე, გენიოსებზე ან, უბრალოდ, ცნობილ ადამიანებზე… ყოველ მეორე ვებ-გვერდზე გადააწყდებით სიას, რომელიც იუწყება, რომ ბილ გეითსი, ვან გოგი, აინშტაინი, ვირჯინია ვულფი, ვუდი ალენი, ბობ დილანი, ისააკ ნიუტონი, სტივენ სპილბერგი და სხვები აუტიზმის მქონენი იყვნენ/არიან.  ასეა თუ ისე, ჩამოყალიბდა სტერეოტიპი, რომ ასეთ ბავშვებს განსაკუთრებული შესაძლებლობები აქვთ. სინამდვილეში, ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან, ზოგიერთი მათგანი შეიძლება გენიოსიც იყოს, რატომაც არა. მთვარია, თითოეულ ბავშვს საშუალება ჰქონდეს, თავისი ძლიერი მხარეები წარმოაჩინოს და არსებული რესურსები მაქსიმალურად გამოიყენოს. აი, ძაღლის თავიც სწორედ აქაა დამარხული. არსებული სტიგმა, აუტიზმის მქონე ბავშვებს, სერვისებს უზღუდავს. გმირობაა, როცა ასეთ საზოგადოებაში რეალიზებას მოახერხებ.

ჩემი გმირი ტემპლის დედა, ეუსტასია კატლერია, რომელსაც ექიმებმა განუცხადეს, რომ ტემპლი შოზოფრენიის იმ ფორმით იყო დაავადებული, რომელიც მხოლოდ ბავშვებში ვლინდება, ის ვერ განვითარდებოდა, არასდროს ილაპარაკებდა და გონებრივი განვითარებაც შეფერხებული ექნებოდა. რა მთავარია, ამაში თავადვე დაადანაშაულეს. მაშინ მეცნიერთა ნაწილი იზიარებდა ვარაუდს, რომ აუტიზმი მშობლების მზრუნველობამოკლებულ, უსიყვარულოდ აღზრდილ ბავშვებს უვითარდებოდათ. ეუსტასია პასუხმა არ დააკმაყოფილა, არც მოსალოდნელმა შედეგებმა: მეტყველების თერაპევეტი იქირავა, შვილი ჯერ სკოლაში, შემდეგ ფრანკლინ პირსის კოლეჯში შეიყვანა.  საჭირო განათლება მისცა და ინფორმაციული ვაკუუმის პირობებში, შეძლო, მისთვის ის გარემო შეექმნა, რაც ტემპლს საშუალებას მისცემდა, თავისი შესაძლებლობები წარმოეჩინა. შედეგმაც არ დააყოვნა და ტემპლის პირველი პუბლიკაციები მსოფლიოს გავლენიან გამოცემებში ჯერ კიდევ მისი სტუდენტობის დროს გამოჩნდა. როგორც გითხარით, დღეს ერთ-ერთი ცნობილი მეცნიერია. როგორც თავად ამბობს, ამაში თავისი აუტიზმიც ეხმარება. ტეპლი ჟურნალ თაიმის მეოცე საუკუნის სახელოვანი გმირების ჩამონათვალშიც მოხვდა. ასე რომ, დავეხმაროთ საკუთარ თავებს, რომ სხვებს ჩვენი დახმარება აღარ სჭირდებოდეთ!

ეუსტაცია და ტემპლი ჩემი “პროექტის” “50 ქალი, რომელსაც უნდა იცნობდე” მეათე ადგილს იკავებენ ))

ესეც ფილმის გადმოსაწერი ლინკი. არ დაგეზაროთ!

Post a Comment

Your email address will not be published.